Facebook Twitter

№ას-1072-1025-2014 12 იანვარი, 2015 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ც-ას წარმომადგენელ დ. ღ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინებაზე, გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ნ. ც-ას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ა) განსახილველ საქმესთან კავშირის დადასტურება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმების იურიდიული ინტერესის მითითება; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.

განჩინების პასუხად ნ. ც-ას წარმომადგენელმა დ. ღ-ემ ხარვეზის შევსების ვადის 3 დღით გაგრძელება ითხოვა და მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მარწმუნებელთან დაკავშირება ვერ შეძლო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების ვადა 3 დღით გაგრძელდა.

განჩინების პასუხად ნ. ც-ას წარმომადგენელმა დ. ღ-ემ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ერთ-ერთ თანამესაკუთრეს - ნ. ჩ-ას მიეკუთვნა უფრო მეტი წილი, რაც ამ განჩინების გაუქმების იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

იმისათვის, რომ ხარვეზის შევსებულად იქნეს მიჩნეული, კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად უნდა შეასრულოს ხარვეზის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრული მოქმედებები.

მოცემულ შემთხვევაში ნ. ც-ას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, ბაჟის გადახდასთან ერთად, დაევალა განსახილველ საქმესთან კავშირის დადასტურება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმების იურიდიული ინტერესის მითითება. ხარვეზის განჩინებაში აღნიშნულია, რომ არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაში და არც იმავე სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის გასაჩივრებულ განჩინებაში ნ. ც-ა მხარედ მითითებული არ არის. ნ. ც-ას უფლებამონაცვლეების მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ნ. ც-ა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული, შესაბამისად, გაუგებარია, მისი შემხებლობა განსახილველ საქმესთან.

ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაში მხარე ზოგადად მიუთითებს, რომ ნ. ჩ-ას იმაზე მეტი წილი მიეკუთვნა, ვიდრე ეკუთვნოდა, მაგრამ კვლავ არ აღნიშნავს, გასაჩივრებული განჩინება უშუალოდ მის კანონიერ ინტერესებს რა მიზეზით ლახავს (არის თუ არა ქონების თანამესაკუთრე, ან თავდაპირველი მხარის უფლებამონაცვლე და ა.შ).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

ვინაიდან დღეისათვის ხარვეზი სრულად არ არის გამოსწორებული, ხოლო მხარე ვადის გაგრძელებას არ ითხოვს, ნ. ც-ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს. საკასაციო სასამართლო იმ ფაქტსაც აღნიშნავს, რომ ამ კერძო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა ერთხელ უკვე გაგრძელდა, მხარის წარმომადგენელს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან ერთად, ამ საქმესთან ნ. ც-ას შემხებლობა უნდა დაედასტურებინა. შესაბამის გარემოებებზე მითითება კი, არ არის დაკავშირებული ფინანსურ ტვირთთან ან სხვა რაიმე სირთულესთან.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ც-ას წარმომადგენელ დ. ღ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ნ. ც-ას დაუბრუნდეს დ. ღ-ის მიერ 29/12/2014 წლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვ. როინიშვილი