Facebook Twitter

№ას-1103-1052-2014 29 იანვარი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „კ-ი“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - რ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ა. მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი –ხელშეკრულების მოშლა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. მ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს „კ-ის“ მიმართ 2008 წლის 2 მაისის საგარანტიო ხელშეკრულების გაუქმებისა და მოპასუხისათვის 19300 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოიშალა მასა და შპს „კ-ს“ შორის 2008 წლის 2 მაისს გაფორმებული საგარანტიო ხელშეკრულება. შპს „კ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 19300 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, შპს „კ-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით უწყება შპს „კ-ის“ დირექტორ გ. დ-ეს ჩაბარდა. სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების არსებობის თაობაზე მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია.

აღნიშნული განჩინება შპს „კ-მა“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მტკიცებით, უწყება გ. დ-ეს არ ჩაბარებია, რასაც მისი მოხსენებითი ბარათი ადასტურებს. გაუგებარია, სასამართლოსათვის გ. დ-ის შესახებ საიდან გახდა ცნობილი, რადგანაც ყველა დოკუმენტსა და საჩივარს ხელს აწერს შპს „კ-ის“ დირექტორი ზ. ც-ე და წარმომადგენელი რ. ც-ე. ყველა საჩივარში მათი სახელი, გვარები, ტელეფონის ნომრები და მისამართებია აღნიშნული. კურიერს შეეძლო, უწყება შპს „კ-ის“ ოფისში ჩაებარებინა. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. მხარეს შეუძლია, მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე იშუამდგომლოს და არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „კ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმა არასწორად განმარტა, ვინაიდან მხარეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შუამდგომლობის დაყენების უფლება არ ჰქონდა. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ, მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოპასუხეს შეუძლია, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელი განუხილველად დარჩება. აპელანტის გამოუცხადებლობისას იგივე პრინციპი მოქმედებს. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა, რაც თავისთავად ცხადყოფს, რომ იგი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას არ მოითხოვდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მომწესრიგებელი ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ აპელანტს უწყება არ ჩაბარებია და სხდომის თაობაზე გაფრთხილებული არ იყო.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ უწყება გაეგზავნა როგორს შპს „კ-ის“ დირექტორ გ. დ-ეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, ისე აპელანტის წარმომადგენელ რ. ც-ეს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ბათუმი, პ-ის ქ. N... რ. ც-ეს გზავნილი არ ჩაბარდა და დაუბრუნდა სასამართლოს მითითებით, რომ ადრესატს ამ მისამართზე არავინ იცნობს (ს.ფ 234). საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათის თანახმად, უწყება გ. დ-ეს პირადად ჩაბარდა 2014 წლის 19 ივლისს (ს.ფ. 231). კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმის დამდასტურებელი მტკიცებულება, რომ ეს შეტყობინების ბარათი გაყალბებულია და ხელმოწერა გ. დ-ეს არ ეკუთვნის. მხოლოდ სიტყვიერ მითითებას იმის შესახებ, რომ უწყება მას არ მიუღია, საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გ. დ-ე შპს „კ-ის“ დირექტორია, რომელიც წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობს, ამდენად, საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია კერძო საჩივრის ავტორების აღშფოთება იმ ფაქტის გამო, რომ სააპელაციო სასამართლომ უწყება გ. დ-ეს ჩააბარა, მით უმეტეს, რომ მისი მისამართი (ბათუმი, ს-ის ..) თავად სააპელაციო საჩივარშია მითითებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი, დასაბუთებულია და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე