№ას-1105-1054-2014 16 იანვარი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ლ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ. ლ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.10.2013წ. გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ. ლ-ეს ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა:
ა) 2010 წლის 19 თებერვლის სესხის ხელშეკრულებდან გამომდინარე ძირი თანხის 2320 აშშ დოლარის გადახდა.
ბ) 2010 წლის 1 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 20000 აშშ დოლარის გადახდა.
გ) 2010 წლის 15 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 47000 აშშ დოლარის გადახდა.
დ) 2010 წლის 10 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 20000 აშშ დოლარის გადახდა.
ე) 2010 წლის 22 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის20000 აშშ დოლარის გადახდა.
ვ) 2010 წლის 21 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 63000 აშშ დოლარის გადახდა.
ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ. ლ-ეს ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა:
ა) 2010 წლის 19 თებერვლის სესხის ხელშეკრულებდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა დარჩენილი ძირითადი თანხის 2320 აშშ დოლარის 0.01 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2010 წლის 19 თებერვლიდან 2013 წლის 01 თებერვლამდე.
ბ) 2010 წლის 1 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა დარჩენილი ძირითადი თანხის 20000 აშშ დოლარის 0.01 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2010 წლის 01 მარტიდან 203 წლის 01 თებერვლამდე.
გ) 2010 წლის 15 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა დარჩენილი ძირითადი თანხის 47000 აშშ დოლარის 0.01 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2010 წლის 15 აპრილიდან 2013 წლის 01 თებერვლამდე.
დ) 2010 წლის 10 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა დარჩენილი ძირითადი თანხის 20000 აშშ დოლარის 0.01 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2010 წლის 10 მაისიდან 01 თებერვლამდე.
ე) 2010 წლის 22 ივლისის სესხის ხელშეკურელბიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა დარჩენილი ძირითადი თანხის 20000 აშშ დოლარის 0.01 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2010 წლის 22 ივლისიდან 2013 წლის 01 თებერვლამდე.
ვ) 2010 წლის 21 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ირგასამტეხლოს გადახდა დარჩენილი ძირითადი თანხის 63000 აშშ დოლარის 0.01 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2010 წლის 21 დეკემბრიდან 2013 წლის 01 თებერვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.10.2013წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ლ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.12.2013წ. განჩინებით აპელანტს განჩინების ჩაბარებიდა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.01.2014წ. და 29.01.2014წ. განჩინებებით აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განჩინება ნ. ლ-ეს რამდენჯერმე გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ ძირითად მისამართზე (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ს.ფ.134; გზავნილი, ს.ფ.170, 175, 178, 181, 184). შეტყობინების ბარათებით დასტურდება, რომ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა შემდეგი მიზეზებით: ადრესატი სახლში არ იყო; ადრესატი საქართველოში არ იმყოფებოდა; სახლში მყოფმა ნათესავმა უარი განაცხადა ჩაბარებაზე. ბოლო შეტყობინების ბარათით - ადრესატი სახლში არ იყო და ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს გზავნილი ჩაბარდა 26.04.2014 წელს (კურიერის მისამართზე გამოცხადების თარიღიდან) და მას ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ლ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, თავად განჩინებიდან ირკვევა, რომ მას ხარვეზის განჩინება არ ჩაბარებია და როგორ უნდა გამოესწორებინა. ნ. ლ-ეს საცხოვრებელი მისამართი არ შეუცვლია, უბრალოდ, კურიერის ვიზიტისას სახლში არ იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 404-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ საქმე კერძო საჩივრის ფარგლებში განიხილა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.12.2013წ. განჩინებით აპელანტს განჩინების ჩაბარებიდა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.
ხარვეზის შევსების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა და, საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.01.2014წ. და 29.01.2014წ. განჩინებებით აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით, ხოლო, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით , სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ნ. ლ-ეს სააპელაციო საჩივარში მითითებული ჰქონდა მხოლოდ ძირითადი მისამართი - თბილისი, დ. გ-ის ქ. N.., ბ.. სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება ამ მისამართზე ხუთჯერ გაიგზავნა და დაბრუნდა შემდეგი მითითებებით: „სახლში არ იყო“, „ადრესატს ვესაუბრე, იმყოფება ყაზახეთში“, „სახლში არ იყო, სახლში მყოფმა ქალბატონმა უარი თქვა ჩაბარებაზე“, „კარი არ გამიღო, ისე მიპასუხა ნათსევმა, რომ ადრესატი საქართველოში არ იმყოფება,“ „სახლში არ იყო.“
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნორმის მიზნებისათვის იგულისხმება მისამართის არა მხოლოდ მუდმივი, არამედ დროებითი ცვლილება, გამგზავრება, ფაქტობრივი ადგილსამყოფელის შეცვლა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გზავნილს მხარის წინა მისამართზე ვერავინ ჩაიბარებს. მოცემულ შემთხვევაში, ნათელია, რომ საქმის წარმოებისას ნ. ლ-ემ გარკვეული პერიოდით მისამართი შეიცვალა, რადგანაც იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. ამ გარემოებას კერძო საჩივრის ავტორიც არ უარყოფს. გარდა ამისა, თუნდაც მისამართი არ შეეცვალა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, თუ გზავნილი ადრესატს ვერ ბარდება, სამართლო ვალდებულია, დამატებით ერთხელ გაუგზავნოს და შეუძლია, ჩაბარებულად მიიჩნიოს ფოსტის ან სასამართლო კურიერის მისამართზე მეორედ გამოცხადების მომენტიდან. ამ შემთხვევაში, ხარვეზის განჩინება მხარეს არა ორჯერ, არამედ ხუთჯერ გაეგზავნა და მაინც ვერ ჩაბარდა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ვადა 26.04.2014 წლიდან მართებულად აითვალა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე