№ას-1118-1065-2014 12 იანვარი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „თ-ა“(მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ-ო ..“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - გ. ს-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „თ-ამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ლ-ო..-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის საქონლის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად 183605,87 ლარისა და 72931,13 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით შპს „თ-ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შპს „თ-ას“ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა დაევალა.
2014 წლის 25 აგვისტოს განცხადებით აპელანტმა ხარვეზის შევსების ვადის 10 სექტემბრამდე გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით შპს „თ-ას“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თავისი ინიციატივით გააგრძელოს ხარვეზის შევსების ვადა. აპელანტმა ხარვეზის შევსების ვადის 10 სექტემბრამდე გაგრძელება მოითხოვა. ვინაიდან 10 სექტემბრისთვის პალატა კუთვნილ შვებულებაში იმყოფებოდა, საპროცესო ვადის გაგრძელებაზე ვერ იმსჯელებდა. აპელანტმა ხარვეზი არც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ და არც მის მიერ მოთხოვნილ ვადაში არ გამოასწორა.
აღნიშნული განჩინება შპს „თ-ას“ წარმომადგენელმა გ. ს-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, აპელანტი ელოდებოდა, რომ სასამართლო საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებაზე იმსჯელებდა. მხარეს თუნდაც 10 სექტემბრამდე შეევსო ხარვეზი, ვადის გაგრძელების გარეშე სააპელაციო სასამართლო საჩივარს წარმოებაში ვერ მიიღებდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „თ-ას“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შპს „თ-ას“ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა დაევალა. განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2014 წლის 14 აგვისტოს ჩაბარდა, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა (დასვენების დღის გათვალისწინებით) 25 აგვისტოს ამოიწურა.
აპელანტმა ხარვეზის შევსების ვადის 10 სექტემბრამდე გაგრძელება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ვადა 10 სექტემბრის შემდგომ პერიოდზე გაეგრძელებინა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა თავად განსაზღვრა ის ზუსტი თარიღი, რომლის დადგომამდეც ხარვეზის შევსებას აპირებდა, მაგრამ არც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და არც მის მიერ მითითებულ პერიოდში, ხარვეზის არ გამოუსწორებია.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ თუნდაც ხარვეზი შეევსო, საპროცესო ვადის გაგრძელების გარეშე, სააპელაციო სასამართლო საჩივარს წარმოებაში ვერ მიიღებდა, საკასაციო სასამართლო პასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში, კუთვნილი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს მომხსენებელი მოსამართლე აპელანტის განცხადებებს ვადის გაგრძელებისა და ხარვეზის შევსების თაობაზე ერთობლივად შეაფასებდა და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-65 მუხლების გამოყენებით, სააპელაციო საჩივარს წარმოებაში მიიღებდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, 10 სექტემბრის შემდგომ ვადის გაგრძელების უფლებამოსილება კი, სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „თ-ას“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „თ-ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე