საქმე №ას-1212-1154-2014 20 იანვარი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ნ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ჯ-ი, ლ. კ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ნ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ჯ-ისა და ლ. კ-ის მიმართ ზ. ნ-სა და ლ. კ-ს შორის 2013 წლის 8 ივლისს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების არსებობის აღიარების შესახებ 2013 წლის 24 ივნისს გაცემული ხელწერილის ბათილად ცნობის, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის, პირგასამტეხლოს შემცირებისა და ლ. კ-სათვის ზიანის – 375 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2012 წლის 6 აგვისტოს ზ. ნ-სა და თ. ჯ-ს შორის გაფორმდა 7500 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულება თვეში 4%-ის დარიცხვით. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2 %-ის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი ქ.თბილისში, ჭ-ის პირველი ჩიხის №7-ში მდებარე უძრავი ქონება. ფაქტობრივად, ზ. ნ-ის ნაცვლად, სესხი მიიღო მისმა ახლობელმა – მ. კ-ამ და თანხაც მას უნდა გაესტუმრებინა. მ.კ-ამ ვალდებულება სრულად არ შეასრულა.
ზ. ნ-ის მითითებით, 2013 წლის 24 ივნისს მოპასუხეებმა მუქარითა და იძულებით შეადგენინეს მას ხელწერილი, რომლითაც მოსარჩელემ აღიარა ძირითადი ვალდებულებისა და 7 თვის პროცენტის გადახდის ვალდებულება 2013 წლის 6 ივლისამდე.
2013 წლის 8 ივლისს მოპასუხეებმა კვლავ ნოტარიუსთან დაიბარეს მოსარჩელე და, თ.ჯ-ისათვის 7 თვის პროცენტის გადახდის მიზნით, გააფორმებინეს ლ. კ-ისაგან 2100 აშშ დოლარის ოდენობით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რათა თ.ჯ-ს არ მოეხდინა ზემოაღნიშნული გარიგების იძულებითი აღსრულება. მოპასუხემ კი, მაინც შეთანხმებულზე ადრე მიმართა აღსრულების ბიუროს. ზ.ნ-ს რომ სცოდნოდა თ.ჯ-ის მიერ მოტყუებით შეთანხების დაუცველობის შესახებ, ლ.კ-სთან გარიგებას აღარ დადებდა. შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სადავო გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2013 წლის 25 ნოემბერს ნოტარიუს ე. შ-ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 1755 აშშ დოლარიდან 351 აშშ დოლარამდე შემცირდა, დანარჩენ ნაწილში კი, სარჩელს ეთქვა უარი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ზ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 11 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განიმარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ხოლო 2014 წლის 31 ივლისის განჩინებით აპელანტს ზემოაღნიშნული საპროცესო ვადა კიდევ 20 დღით გაუგრძელდა და კვლავ ეცნობა ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგები. მხარეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში უნდა წარმოედგინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აპელანტს დაევალა საპროცესო ვადის განუხრელად დაცვით როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ისე ამ ვალდებულების შესრულების შესახებ სასამართლოს დროული ინფორმირება. აღნიშნულთაგან ერთ-ერთის არაჯეროვნად შესრულება საპროცესო ვადის დარღვევას წარმოადგენს.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ 2014 წლის 31 ივლისის განჩინების ასლი აპელანტს 2014 წლის 5 აგვისტოს პირადად ჩაბარდა. შეტყობინების დასტურზე გარკვევით მითითებულია მიმღების სახელი და გვარი, გზავნილის ჩაბარების თარიღი და ადრესატის პირადი ნომერი. ამდენად, აპელანტს ხარვეზის შევსება შეეძლო 2014 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო მხარემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 26 აგვისტოს, მისთვის დადგენილი 20-დღიანი ვადის დარღვევით. სასამართლოს მითითებით, განცხადებას არ ერთვის მისი ფოსტით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება, მეტიც, თავად აპელანტი უთითებს, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა დადგენილ ვადაში, მაგრამ ქვითრის წარმოდგენა სასამართლოში დააგვიანდა ერთი დღით, რაც გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, აპელანტის მამას ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და საავადმყოფოდან გამოეწერა 2014 წლის 25 აგვისტოს. იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების სასამართლოში დაგვიანებით წარდგენა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, აპელანტმა წარმოადგინა ცნობა მ. ნ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 65-ე მუხლებით, 215-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას კანონი არ კრძალავს, მაგრამ უნდა არსებობდეს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობის საპატიო მიზეზი, რომლის დეფინიცია მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილში.
სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად აპელანტმა მიიჩნია მამისათვის სასწრაფო ოპერაციის ჩატარებისა და საავადმყოფოდან მისი 2014 წლის 25 აგვისტოს გამოწერის ფაქტი.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის მიერ წარდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მ. ნ-ე სტაციონარში მოათავსეს 2014 წლის 17 აგვისტოს დიაგნოზით – მწვავე მსხვილნაწლავოვანი სტრანგულაციური გაუვალობა, დოლიქოსიგმა, სიგმოიდური კილინჯის პოლიპი K56.0 და ავადმყოფი სტაციონარიდან გაეწერა არა 25 აგვისტოს, არამედ 2014 წლის 24 აგვისტოს. აქვე აღსანიშნავია, რომ აპელანტს ხარვეზის შესავსებად მიეცა 20 დღე. მას ხარვეზის განჩინება ჩაბარდა 2014 წლის 5 აგვისტოს, ხოლო მამამისი სტაციონარში მოათავსეს 2014 წლის 17 აგვისტოს. შესაბამისად, მას საკმარისი დრო ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და ქვითრის წარმოსადგენად.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტი სარწმუნოდ ვერ ასაბუთებს, თუ რამ შეუშალა ხელი პირადად მას, წარედგინა 2014 წლის 25 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი იმავე დღეს სასამართლოში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ნ-მ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოს მიმართა ვადის დარღვევით და ხარვეზის ვადის გაშვების საპატიო მიზეზის არსებობა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. ნ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ გამოასწორა მის ოჯახში შექმნილი მძიმე მორალური და მატერიალური მდგომარეობის გამო.
სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ აპელანტმა 2014 წლის 25 აგვისტოს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, თუმცა მისი სასამართლოსათვის წარდგენა ვერ მოახერხა, რადგან ხარვეზის შესავსებად მისთვის დადგენილი ვადის განმავლობაში ზ. ნ-ის მამა უმძიმეს მდგომარეობაში მოათავსეს საავადმყოფოში. ამასთან, მხარე ლტოლვილია, განიცდის ფინანსურ სიდუხჭირეს, შესაბამისად, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში მისთვის ფინანსურად, მორალურად და ფსიქოლოგიურად შეუძლებელი გახდა საპროცესო მოქმედების განსაზღვრულ დროში შესრულება. აღსანიშნავია, რომ ზ.ნ-ის მამა ამჟამადაც უმძიმეს მდგომარეობაშია და საჭიროებს დამატებით ოპერაციას. აღნიშნულის გამო, აპელანტმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი სწორედ ასეთი გარემოებების არსებობას ითვალისწინებს, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა.
მხარის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ნორმის ამგვარი განმარტება ლახავს ზ.ნ-ის უფლებებს და უზღუდავს შესაძლებლობას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროკონვენციით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2014 წლის 11 ივლისის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტ ზ. ნ-ს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება და სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოსათვის წარდგენა.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ზ. ნ-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას, რომლითაც დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის მაქსიმალურად შემცირება ან თანხის გადახდისათვის საპროცესო ვადის გაგრძელება.
სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებაზე შესაბამისი მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო, ხოლო შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და მხარეს განესაზღვრა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად 20 დღის ვადა.
ასევე დადგენილია და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის განჩინება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ ზ. ნ-ს 2014 წლის 5 აგვისტოს პირადად, კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან – 2014 წლის 6 აგვისტოდან და ამოიწურა 2014 წლის 25 აგვისტოს, თუმცა აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ზ. ნ-მ ხარვეზის გამოსწორების მიზნით სააპელაციო პალატას მიმართა 2014 წლის 26 აგვისტოს და წარადგინა 2014 წლის 25 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით 160 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. მოგვიანებით მხარემ სასამართლოს წარუდგინა თავისი მამის – მ. ნ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობა, რომლის საფუძველზეც მოითხოვა ხარვეზის ვადის დარღვევის საპატიოდ ჩათვალა და აღნიშნული ვადის აღდგენა.
ამჟამად წარმოდგენილი კერძო საჩივრით ზ. ნ-ე არ ეთანხმება სააპელაციო პალატის განჩინებას საპროცესო ვადის აღდგენაზე უარის თქმისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ის ფაქტი, რომ მხარე იძულებით გადაადგილებული პირია და სადავო ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადის განმავლობაში აპელანტის მამას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად შეაფასა ზ. ნ-ის არგუმენტები, როდესაც უარი უთხრა საპროცესო ვადის აღდგენაზე და განუხილველად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი.
უპირველესად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარის მიერ სასამართლოს მხრიდან დადგენილ ვადაში შესაბამისი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ცალსახად წარმოადგენდა ზ. ნ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას, რადგან აპელანტს არაერთხელ განემარტა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დროულად გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგები. მხარემ კი ხარვეზი სრულად არ შეავსო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტაბილური პრაქტიკის თანახმად (სუსგ 2012 წლის 28 მაისის საქმე №ას-686-645-2012, 2010 წლის 12 აპრილის საქმე №ას-191-182-2010), ზ. ნ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის დროულად გადახდა მის მიერ ხარვეზის შევსებულად მიჩნევის წინაპირობად ვერ ჩაითვლება, რადგან სააპელაციო პალატამ აპელანტს დაავალა არა მხოლოდ თანხის გადახდა, არამედ მისი გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის განსაზღვრულ ვადაში სასამართლოსათვის წარდგენა, რაც მხარეს არ შეუსრულებია.
რაც შეეხება ზ. ნ-ის მოთხოვნას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო ვადის აღდგენასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ იგი სრულიად დასაბუთებულად არ დააკმაყოფილა, კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
მითითებული კანონის დანაწესი ითვალისწინებს საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას, თუ აღნიშნული ვადა დადგენილია სასამართლოს მიერ, ამგვარი შესაძლებლობა არ არის აკრძალული კანონით და საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა გამოიწვია საპატიო მიზეზმა. საპატიო მიზეზად კონკრეტული გარემოების მიჩნევა სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გამშვები მხარე, რომელსაც სურს დარღვეული ვადის აღდგენა, ვალდებულია, სათანადო სარწმუნო მტკიცებულების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოთ მოყვანილი ერთ-ერთი საპატიო გარემოების არსებობა. აღნიშნული მსჯელობის დასაბუთებულობას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესიც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მოცემულ შემთხვევაში ზ. ნ-მ მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში საპატიო მიზეზით გადაუხდელობის დასასაბუთებლად, როგორც ზემოთ აღინიშნა, მიუთითა თავისი მამის – მ. ნ-ის ავადმყოფობაზე, რის გამოც აპელანტისათვის ფინანსურად, მორალურად და ფსიქოლოგიურად შეუძლებელი გახდა საპროცესო მოქმედების დროულად შესრულება.
ზ. ნ-ის მიერ საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად წარმოდგენილი მტკიცებულების – სამედიცინო ცნობის მიხედვით, მ. ნ-ე სტაციონარში მოათავსეს 2014 წლის 17 აგვისტოს დიაგნოზით – მწვავე მსხვილნაწლავოვანი სტრანგულაციური გაუვალობა, დოლიქოსიგმა, სიგმოიდური კილინჯის პოლიპი K56.0 და ავადმყოფი სტაციონარიდან გაეწერა 2014 წლის 24 აგვისტოს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ აპელანტს ხარვეზის შესავსებად ჰქონდა 20 დღე. მას ხარვეზის განჩინება ჩაბარდა 2014 წლის 5 აგვისტოს, ხოლო მამამისი სტაციონარში მოათავსეს 2014 წლის 17 აგვისტოს. შესაბამისად, მას საკმარისი დრო ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და ქვითრის წარმოსადგენად.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინება ლახავს ზ. ნ-ის უფლებებს და უზღუდავს შესაძლებლობას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროკონვენციით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით. მხარის საპროცესო მოვალეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობის თაობაზე კი დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, რაც სასამართლოსათვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ წესს წარმოადგენს. შესაბამისად, მხარის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მხარის კანონიერი უფლებების ხელყოფად ვერ შეფასდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო ზ. ნ-ის კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ნ. ბაქაქური