საქმე №ას-1216-1157-2014 26 იანვარი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. დ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ. რ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ბ. რ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. დ-ისა და ბ. ს-ის მიმართ და მოითხოვა ფულადი ვალდებულების შესრულება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6თებერვლის განჩინებით საქმეში სათანადო მოპასუხედ გ. დ-ის ნაცვლად რ. დ-ი ჩაება.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ბ. რ-ას“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბ. ს-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 39307,32 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, დადგინდა რ. დ-ის კუთვნილი უძრავი ქონების იძულებით რეალიზაცია.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რ. დ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 ივლისის განჩინებით რ. დ-ს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 746,6 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა დაევალა.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით რ. დ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებაზე განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტს ხარვეზის განჩინება 2014 წლის 22 სექტემბერს ჩაბარდა და ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. დ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება. მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ხარვეზი და არასწორად გამოთვალა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რის გამოც, ხარვეზი სრულად ვერ გამოსწორდა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ბანკის წინაშე არსებული დავალიანებას აღიარებს, მხოლოდ ჯარიმის მოხსნას ითხოვდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ რ. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გადასახდელი ბაჟის ოდენობა არასწორად განსაზღვრა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
იმავე კოდექსის 39.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა, ხოლო 40.1(ა) მუხლის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრის ღირებულებიდან გამოითვლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
საქმის მასალები ადასტურებს, რომ რ. დ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ, პროცენტის გადახდის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა და გადაწყვეტილებით გადასახდელად დაკისრებული თანხის, 39307,32 აშშ დოლარის, 28 384,41 აშშ დოლარამდე შემცირება მოითხოვა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულებაა 10922,91 აშშ დოლარი და სახელმწიფო ბაჟის ოდენობაც სწორედ ამ ღირებულებიდან უნდა გამოთვლილიყო. ამ გარემოების გათვალისწინებით, აპელანტს 436,9 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი უნდა გადაეხადა, რაც ხარვეზის დადგენის დროისათვის არსებული სავალუტო კურსით 764,6 ლარს შეადგენდა და სააპელაციო სასამართლომ ხარვეზი მართებულად განსაზღვრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე