Facebook Twitter

საქმე №ას-1238-1178-2014 30 იანვარი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ა-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – განქორწინება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. დ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ა-ის მიმართ განქორწინებისა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2008 წლის 23 აპრილიდან მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ ორი შვილი – ... წლის ... სექტემბერს დაბადებული ა. ა-ე და ... წლის ... აგვისტოს დაბადებული აჩ. ა-ე.

ამჟამად მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა და მათი თანაცხოვრება შეუძლებელია.

მოპასუხემ სარჩელი განქორწინების ნაწილში ცნო, ხოლო შვილების დედისათვის გადაცემაზე უარი განაცხადა, რადგან ბავშვები ცხოვრობენ მამასთან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა და მცირეწლოვანი შვილების – ... წლის ... სექტემბერს დაბადებული ა. ა-ისა და ... წლის ... აგვისტოს დაბადებული აჩ. ა-ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, რაც მოპასუხემ ბავშვების დედისათვის მიკუთვნების ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი იყო ხარვეზიანი, რის გამოც აპელანტს დაევალა 7 დღეში სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის ქვითრის დედნის სასამართლოსათვის წარმოდგენა. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა სააპელაციო პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით კიდევ 10 დღით გაგრძელდა. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2014 წლის 9 ოქტომბერს ჩაბარდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტს ხარვეზის შესავსებად ვადა ჰქონდა 2014 წლის 20 ოქტომბრამდე, თუმცა რ. ა-ს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც აღნიშნულის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 374-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. ა-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ მას დაუდგინა ხარვეზი და დაავალა სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდა. მხარემ მოითხოვა ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და აპელანტს მიეცა დამატებით 10 დღე, რისი ბოლო ვადა იყო 2014 წლის 20 ოქტომბერი. აღნიშნულ ვადაში მხარემ ხარვეზი ვერ შეავსო, რადგან რ. ა-ე გაემგზავრა თურქეთში სამუშაოდ და საჭირო ვადაში ვერ დაბრუნდა საქართველოში.

მხარემ აღნიშნა, რომ 2014 წლის 18 ოქტომბერს, ვადის დაცვით აპელანტის წარმომადგენელმა ფოსტით გაუგზავნა სასამართლოს შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის კიდევ 5 დღით გაგრძელების თაობაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა 2014 წლის 21 ოქტომბერს. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ისე, რომ სასამართლოსათვის ზემოაღნიშნული შუამდგომლობის შესახებ ცნობილი არ იყო.

რ. ა-მ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავა შეეხება არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბავშვების დედამ მხოლოდ ორჯერ მოინახულა შვილები, რომლებიც მამასთან ცხოვრობენ და არ სურთ მოსარჩელესთან ურთიერთობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტ რ. ა-ს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდა.

რ. ა-ის წარმომადგენელმა ნ. დ-მ, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში არსებული რწმუნებულებით (ს.ფ. 101), განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის 15 დღით გაგრძელება, ვინაიდან რ.ა-ე იმყოფებოდა სამუშაოდ თურქეთის რესპუბლიკაში და თანხის გადახდას შეძლებდა ზემოაღნიშნულ ვადაში დაბრუნების შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ნ.დ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მხარეს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა დამატებით 10 დღით გაუგრძელდა. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა რ.ა-ის წარმომადგენელ ნ.დ-ს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ შესაბამისი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინება ამავე წლის 9 ოქტომბერს კანონის ზემოთ მითითებული მოთხოვნების დაცვით ჩაბარდა რ. ა-ის წარმომადგენელ ნ. დ-ის თანამშრომელს ადვოკატურაში ადრესატისათვის გადასაცემად, რაც დადასტურებულია აღნიშნული პირის ხელმოწერითა და პირადი ნომრის მითითებით.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან – 2014 წლის 10 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2014 წლის 19 ოქტომბერს.

2014 წლის 18 ოქტომბერს ნ. დ-მ ფოსტის მეშვეობით განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის კიდევ 5 დღით გაგრძელება, რადგან რ. ა-ე სამუშაოდ გაემგზავრა თურქეთში და დროულად დაბრუნება ვერ შეძლო, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი ვერ გადაიხადა. მითითებული გზავნილი სააპელაციო პალატას გადაეცა 2014 წლის 24 ოქტომბერს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატას მხარის მითითებულ შუამდგომლობაზე არ უმსჯელია, რაც საპროცესო დარღვევას წარმოადგენს, თუმცა საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული დარღვევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მითითებულ საპროცესო დარღვევას შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება არ მოჰყოლია.

სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და აღნიშნულის გამო, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აპელანტს იმთავითვე სრულიად გონივრული ვადა – 7 დღე მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად. შემდეგ კი, მხარის მოთხოვნისამებრ, აღნიშნული საპროცესო ვადა დამატებით 10 დღით გაგრძელდა მიუხედავად იმისა, რომ ნ. დ-ის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა, რ. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ ყოფნის გამო, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ ყოფილა.

განმეორებით შუამდგომლობის წარდგენისა და საპროცესო ვადის კიდევ 5 დღით გაგრძელების მოთხოვნისას ნ. დ-მ მიუთითა კვლავ რ.ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნის ფაქტზე, რაც სათანადო მტკიცებულებით არც ამ შემთხვევაში დადასტურებულა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

აღნიშნული ნორმა ადგენს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს და კონკრეტული ფაქტის არსებობის სარწმუნოდ დადასტურებას ავალებს იმ მხარეს, რომელმაც იგი თავისი პოზიციის დასადასტურებლად დაასახელა.

ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ რ. ა-ის წარმომადგენელ ნ. დ-ის 2014 წლის 18 ოქტომბრის შუამდგომლობის შეფასების შემთხვევაშიც, აღნიშნული ვერ გამოიწვევდა აპელანტისათვის ხელსაყრელ სამართლებრივ შედეგს – საპროცესო ვადის გაგრძელებას, რადგან მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარადგინა და ვერ დაადასტურა, რომ რ ა-მ რეალურად საპატიო მიზეზით (სამუშაოდ საზღვარგარეთ ყოფნის ან სხვა გარემოების გამო) დროულად ვერ შეასრულა სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა. კერძო საჩივრის ავტორმა კი, ასეთი გარემოების არსებობა ვერ დაადასტურა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ნ. ბაქაქური