¹ბს-757-344(კ-05) 13 ივლისი, 2005, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბ. კობერიძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004 წლის 9 დეკემბერს მ. მ-ემ, ა. ვ-ემ და კ. ს-ემ თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე _ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სარჩელი აღძრეს და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 61-ე მუხლით დადგენილი ნორმის ბათილობა და იმავე ბრძანებულების 62-ე მუხლთან შესაბამისობაში მოყვანა მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითეს:
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” ¹493 ბრძანებულებით დადგინა სამხედრო მოსამსახურეთა ახალი მაღალი თანამდებობრივი სარგოები და წელთა ნამსახურობის პროცენტები, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მათი სოციალური პირობები.
მოსარჩელეთა განმარტებით, ბრძანებულების 62-ე მუხლის თანახმად, სადავო ბრძანებულება ამოქმედდა 2004 წლის 15 ნოემბრიდან, ხოლო იმავე ბრძანებულების 61-ე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეთათვის წინამდებარე ბრძანებულებით დადგენილი ფულადი სარგოების შესაბამისად შეიარაღებული ძალების სამხედრო პენსიონერთა პენსიების გადაანგარიშება 2006 წლის იანვრიდან უნდა განხორციელებულიყო, რაც მოსარჩელეებმა უკანონოდ მიიჩნიეს და განმარტეს, რომ აღნიშნული საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 33-ე მუხლების დარღვევას წარმოადგენდა.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვეტერანებს ამ კანონით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებები და შეღავათები ჰქონდათ მინიჭებული, რომელთა გაუქმება ან გაუარესება დაუშვებელი იყო.
მოსარჩელეთა განმარტებით, ზემოთ მითითებული კანონის მე-10 მუხლის თანახმად, პენსიის გაანგარიშება ხდებოდა სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შეცვლა, გადაანგარიშება, ინდექსაციის გათვალისწინებით საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის, პირობებისა და ნორმების შესაბამისად. მათი პენსიების გაანგარიშება-დადგენა თავის დროზე “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მოხდა. მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით დადგინდა რა სამხედრო მოსამსახურეთა მაღალი თანამდებობრივი სარგოები, “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად, პენსიის მომატების უფლება საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების ხელმოწერის მომენტიდან წარმოეშვათ. ვინაიდან “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებასთან შედარებით უპიტარესი იურიდიული ძალა ჰქონდა, ხოლო იმავე კანონის 26-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი ნორმატიული აქტის გამოყენებისას დაადგენს, რომ სხვადასხვა ნორმატიული აქტის ნორმები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, იგი ვალდებულია, გამოიყენოს ნორმატიული აქტი, რომელსაც აქვს უპირატესი იურიდიული ძალა, მოცემულ შემთხვევაში “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონი.
ამდენად, მოსარჩელეებმა სადავო ბრძანებულების 61-ე მუხლი უკანონოდ მიიჩნიეს და მისი ბათილად ცნობა მოითხოვეს.
მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ უსაფუძვლო იყო “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტზე მითითება, ვინაიდან სადავო ბრძანებულებით მოხდა არა ადრე დაწესებული შეღავათების, უპირატესობების, უფლებების და დახმარების გაუქმება ან გაუარესება, არამედ პირიქით, ჩამოყალიბდა სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის ახალი სისტემა, რომელიც გამოიხატა ფულადი ანაზღაურების ზრდასა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობებში.
მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონი ზოგადად განსაზღვრავდა პენსიის დანიშვნისა და გადაანგარიშების წესსა და პირობებს და ადგენდა, რომ პენსიათა გადასინჯვა ხდებოდა ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. პრეზიდენტის ბრძანებულება კი განეკუთვნებოდა საქართველოს ნორმატიული აქტების რიცხვს და შესაბამისად, ზემოაღნიშნული კანონის მიხედვით პენსიების გადასინჯვის საფუძვლის წამოქმნისას უფლებამოსილი იყო, განესაზღვრა პენსიების გადასინჯვის წესი. ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, პრეზიდენტი უფლებამოსილია, დაადგინოს სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოების განაკვეთები.
მოპასუხის განმარტებით, “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, პენსიების გადასინჯვის ერთ-ერთ საფუძველს სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატება წარმოადგენდა. ამავე მუხლით დადგენილი იყო, რომ პენსიათა გადასინჯვა ხდებოდა ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. შესაბამისად, პრეზიდენტის სადავო ¹493 ბრძანებულება ადგენდა მომატებულ ფულად სარგოებს, რაც პენსიების გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენდა და იმავდროულად განსაზღვრავდა პენსიების გადაანგარიშების წესსაც. ამდენად, შეირაღებული ძალების პენსიონერთა პენსიების გადასინჯვის საფუძველს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ¹493 ბრძანებულება წარმოადგენდა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოების ნუსხას ადგენდა და იმავდროულად შეირაღებული ძალების პენსიონერთა პენსიების გადასინჯვის წესს განსაზღვრავდა, კერძოდ, ადგენდა, რომ შეირაღებული ძალების პენიონერთა პენსიების გადაანგარიშება, ბრძანებულებითვე დადგენილი ფულადი სარგოების შესაბამისად, 2006 წლის 1 იანვრიდან უნდა განხორციელებულიყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ის, ა. ვ-ის და კ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელეთა განმარტება იმის თაობაზე, რომ სადავო ბრძანებულების 61-ე მუხლით დარღვეული იყო “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლი და, რომ აღნიშნული კანონით შეიარაღებული ძალების სამხედრო პენსიონერებს პენსიებზე ახალი სარგო ეკუთვნოდათ პრეზიდენტის ¹493 ბრძანებულების ხელმოწერის დღიდან და არა 2006 წლის 1 იანვრიდან.
სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის “კ” პუნქტით უფლებამოსილია, გამოსცეს ბრძანებულება და განკარგულება, ხოლო “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ბრძანებულება. სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრული პრეზიდენტის მიერ ბრძანებულების გამოცემის უფლებამოსილების საკითხი, მართალია, მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მაგრამ მათ სადავოდ გახადეს ამ ბრძანებულების ამოქმედების დრო შეირაღებული ძალების სამხედრო პენსიების მიმართ პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით.
სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს ამ აქტის ცალკეული თავის ან მუხლის ძალაში შესვლის განსაკუთრებული თარიღი. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებაში კანონის ეს მოთხოვნა დაცულია. პრეზიდენტმა თავის ბრძანებულებაში განსაზღვრა იმ პირთა წრე (შეიარაღებული ძალების სამხედრო პენსიონერები), რომელთა მიმართაც ბრძანებულება უნდა ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
ამდენად, სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულება “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება მ. მ-ის წარმომადგენელმა ბ. გ-ემ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივარი კ. ს-ისა და ა. ვ-ის ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 13 ივლისის განჩინებით დარჩა განუხილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორი ითხოვს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 61-ე მუხლით დადგენილი ნორმის ბათილად ცნობას, რომლის თანახმადაც, სამხედრო მოსამსახურეთათვის წინამდებარე ბრძანებულებით დადგენილი ფულადი სარგოების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების სამხედრო პენსიონერთა პენსიების გადაანგარიშება უნდა განხორციელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონი ზოგადად განსაზღვრავს პენსიის დანიშვნისა და გადაანგარიშების წესსა და პირობებს და ადგენს პენსიათა გადასინჯვას ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. პრეზიდენტის ბრძანებულება კი განეკუთვნებოდა საქართველოს ნორმატიული აქტების რიცხვს და ზემოაღნიშნული კანონის მიხედვით პენსიების გადასინჯვის საფუძვლის წამოქმნისას უფლებამოსილია, განსაზღვროს პენსიების გადასინჯვის წესი.
საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, პენსიების გადასინჯვის ერთ-ერთ საფუძველს სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატება წარმოადგენს. ამავე მუხლით დადგენილია, რომ პენსიათა გადასინჯვა ხდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. შესაბამისად, პრეზიდენტის სადავო ¹493 ბრძანებულება ადგენს მომატებულ ფულად სარგოებს, რაც პენსიების გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს და იმავდროულად განსაზღვრავს პენსიების გადაანგარიშების წესსაც. ამდენად, შეირაღებული ძალების პენსიონერთა პენსიების გადასინჯვის საფუძველს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ¹493 ბრძანებულება წარმოადგენს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოების ნუსხას ადგენს და იმავდროულად შეირაღებული ძალების პენსიონერთა პენსიების გადასინჯვის წესს განსაზღვრავს, კერძოდ, ადგენს, რომ შეირაღებული ძალების პენიონერთა პენსიების გადაანგარიშება ბრძანებულებითვე დადგენილი ფულადი სარგოების შესაბამისად, 2006 წლის 1 იანვრიდან უნდა განხორციელდეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მსჯელობას, რომ “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს ამ აქტის ცალკეული თავის ან მუხლის ძალაში შესვლის განსაკუთრებული თარიღი. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებაში კანონის ეს მოთხოვნა დაცულია. პრეზიდენტმა თავის ბრძანებულებაში განსაზღვრა იმ პირთა წრე, კერძოდ, შეიარაღებული ძალების სამხედრო პენსიონერები, რომელთა მიმართაც ბრძანებულება 2006 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტით ადმინისტრაციულ-სამართვლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი და, შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.