Facebook Twitter

საქმე №ას-1240-1180-2014 30 იანვარი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. ტ-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ჯ. ქ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ნ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საქმეზე, – ვ. ტ-ის სარჩელის გამო, გ. ნ-ის მიმართ მხარეთა შორის 2006 წლის 21 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება და ვ. ტ-ის სარჩელს ეთქვა უარი.

ვ. ტ-ის უფლებამონაცვლე დ. ტ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

განმცხადებლის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თავისი 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება დააფუძნა ორ გარემოებაზე: 1) ვ. ტ-ის სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები ემყარებოდა მხოლოდ თვით მოსარჩელის განმარტებებს და არ არსებობდა ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელე მხარემ არც სააპელაციო პალატას წარუდგინა; 2) მოსარჩელე ვ. ტ-ს სასამართლოში არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მ. ს-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის კავშირი მხარეებს შორის დადებულ, ზემოთ ხსენებულ ხელშეკრულებასთან. ამავე გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავდა, რომ ვ. ტ-ს ან/და მ. ს-ს არ მიუმართავს პოლიციისათვის, არ დაწყებულა გამოძიება და არ დადგენილა ვ. ტ-ის სარჩელში მოყვანილი გარემოებები.

დ. ტ-მ მიუთითა, რომ 2011 წლის 14 დეკემბერს ვ. ტ-ის ვაჟიშვილის – დ. ტ-ისა და მისი მეუღლის – მ. ს-ის საჩივრების საფუძველზე, საქართველოს შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით – ვ. ტ-ის საკუთრებაში არსებული, ბათუმში ხ-ს/ქ-ის ქუჩის №4/30-ში მდებარე ბინის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმეს მიენიჭა ნომერი: 1771141211003 ვინაიდან ვ. ტ-ე გარდაცვლილი იყო, ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ 2013 წლის 22 მარტს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო დ. ვ. ძე ტ-ე. გამომძიებლის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც თავის სარჩელში აღწერილი ჰქონდა აწ გარდაცვლილ ვ ტ-ს. ამის შემდეგ, გ. ნ-ის ადვოკატმა დ. ბ-მ და დ. ტ-ის ინტერესების დამცველმა რ. რ-მ მოატყუეს ბათუმის რაიონული პროკურორი ა. ხ-ე, რომ თითქოს დ. ტ-ე მოურიგდა გ. ნ-ს. ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ დადგენილებით შეწყვიტა გამოძიება №1771141211003 საქმეზე.

გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ. ტ-მ დადგენილებაში დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნასყიდობის გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების დადების მიზანი იყო მ. ს-ის მევალეებისათვის გარანტიის შექმნა და ორი წლის განმავლობაში თანხის დაფარვის შემთხვევაში ბინის უკან გამოსყიდვა. დ. ტ-ის არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ მას არ გადასცა პროკურორ ტ-ის დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

დ. ტ-ის მოთხოვნით, მის საქმეს ჩამოცილდა ადვოკატი რ. რ-ე და დ. ტ-ის ინტერესების დაცვა გამოძიებაში გააგრძელა სისხლის სამართლის სპეციალობის სხვა ადვოკატმა დ. ჯ-მ, რომელმაც აჭარის არ პროკურატურაში გაასაჩივრა აღნიშნული დადგენილება და მოითხოვა გამოძიების განახლება შემდეგ გარემოებათა გამო: პროკურორმა ტ-მ გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ნ-მა მოტყუებით, მ. ს-ის დაზარალებულ-მევალეებისათვის ვალების გადახდის ცრუ დაპირებით მოითხოვა 25.000 აშშ დოლარი და ამ თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად გაფორმდა უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ამავე დადგენილებაში პროკურორმა თაღლითობად არ მიიჩნია გ. ნ-ისა და გ. გ-ის ქმედებები, რადგან მათ მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება ცრუ ჩვენებების მიცემის ფაქტზე. ადვოკატმა დ. ჯ-მ გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება გაასაჩივრა არა ფაქტობრივი გარემოებების ეჭვქვეშ დაყენების მოტივით, არამედ ამ გარემოებების არასწორი შეფასების გამო.

აღნიშნული საჩივრების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების პროკურორმა დ. ჭ-მ გააუქმა გასაჩივრებული დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ და №1771141211003 სისხლის სამართლის საქმეზე განაახლა გამოძიება. დადგენილებით სადავოდ არ მიჩნეულა დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები და ხსენებული დადგენილება გაუქმდა ქმედებათა არასწორი შეფასების გამო, ამასთან, პროკურორმა ჭ-მ მიიჩნია, რომ განახლებული გამოძიებით დასადგენი იყო სხვა გარემოებებიც.

განმცხადებლის განმარტებით, გ. ნ-მა, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე დაკითვისას, ასევე, სამოქალაქო საქმის წარმოების დროს თავის შესაგებელში განაცხადა, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ნამდვილად შედგა და მან ვ. ტ-ს გადაუხადა 25.000 აშშ დოლარი. გ. ნ-ისა და მ. ვ-ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების მიხედვით, გ. ნ-ის მეუღლემ მ. ვ-მა ლაგოდეხის რაიონში გაყიდა მიწის ნაკვეთი და აღებული თანხიდან გადაიხადა 25.000 აშშ დოლარი ვ. ტ-ისათვის. დ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომელშიც ცალსახად არის აღნიშნული, რომ 2006 წლის 1 სექტემბრამდე მოქალაქე მ. ვ-ზე ლაგოდეხის რაიონში საკუთრების უფლება არ დარეგისტრირებულა და, შესაბამისად, მას არც უძრავი ქონება გაუსხვისებია.

განმცხადებლის განმარტებით, ბათუმის რაიონული პროკურატურის დადგენილება ჩაბარდა 2014 წლის 17 ივლისს, როდესაც მისთვის გახდა ცნობილი ამ მტკიცებულებების შესახებ, რაც აძლევს საფუძველს მიმართოს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო, რადგან, განმცხადებლის განმარტებით, თუ ეს მტკიცებულებები ექნებოდა 2009 წელს, მაშინ სასამართლო მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას და სავარაუდოდ უცვლელად დატოვებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდა ვ. ტ-ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 21 აგვისტოს ვ. ტ-სა და გ. ნ-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ბათუმში ხ-ს/ქ-ის მდებარე ქ.№4/30 გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით დ. ტ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ვ. ტ-მ მოპასუხე გ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა ვ. ტ-სა და გ. ნ-ს შორის 2006 წლის 21 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. ტ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ვ. ტ-სა და გ. ნ-ს შორის 2006 წლის 21 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ნ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ტ-ის სარჩელი 2006 წლის 21 აგვისტოს მასა და გ. ნ-ს შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. დასახელებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

განმცხადებელმა ითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს ბათუმის რაიონული პროკურატურის 2013 წლის 8 აპრილის დადგენილებას სისხლის სამართლის საქმეზე (სისხლის სამართლის გამოძიება დაწყებული იყო საქმეზე, ქ.ბათუმში, ხ-ს ქ. №4-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მანანა სარალიძის განცხადების საფუძველზე) გამოძიების შეწყვეტის შესახებ. დადგენილების აღწერილობით ნაწილის თანახმად, გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ გ. ნ-ს, ყიდვა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას ვ. ტ-სათვის 25 000 აშშ დოლარი არ გადაუცია.

ამასთანავე დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის 2013 წლის 2 მაისის დადგენილებით გაუქმდა ბათუმის რაიონული პროკურატურის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ და ამავე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება განახლდა.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 423-ე, 424-ე მუხლებით და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი მხარის მიერ წარმოდგენილი ბათუმის რაიონული პროკურატურის 2013 წლის 8 აპრილის დადგენილება (სისხლი სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ), ვერ იქნება მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რადგან ის ბათუმის რაიონული პროკურატურის ზემდგომი ორგანოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის 2013 წლის 2 მაისის დადგენილებით გაუქმდა.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის 2013 წლის 2 მაისის დადგენილებას (შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ), ვერც აღნიშნული დადგენილება მიიჩნევა საქმის წარმოების განახლების საფუძვლად საკმარის მტკიცებულებად, რადგან ის არ არის სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული საბოლოო და შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ. ტ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მისი განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაბუთებულია და გასაჩივრებული განჩინებით მას არასწორად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, პალატამ ჩათვალა, რომ გამოძიებას არ დაუდგენია საქმის ის გარემოებანი, რაზეც ვ. ტ-ე ამყარებდა მოთხოვნას, ხოლო შემდეგ იმავე სასამართლომ არ გაიზიარა გამოძიების მიერ დადგენილი ფაქტები, რადგან მოცემულ საქმეზე არ არსებობს სასამართლოს საბოლოო შემაჯამებელი განაჩენი.

მხარის განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ გამოძიება განაახლა არა იმიტომ, რომ საქმის გარემოებები არ იყო დადგენილი ან მათი დადგენა მოხდა არასწორად, საჭიროდ ჩათვალა მხოლოდ უკვე დადგენილი ფაქტების ირგვლივ დაზუსტება და სხვა ახალი გარემოების გამოძიება.

დ. ტ-მ ჩათვალა, რომ მოცემულ საქმეზე გ. ნ-ის გამამტყუნებელი საბოლოო და შემაჯამებელი სასამართლო განაჩენის არსებობის შემთხვევაში დ. ტ-ს წარმოეშობა სულ სხვა სახის მოთხოვნის წარდგენის უფლება, რაც არ იქნება კავშირში განსახილველი საქმის წარმოების განახლებასთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და მესამე ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

მითითებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე.

კერძო საჩივრის ავტორმა ასეთ გარემოებად მიიჩნია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ ბათუმის რაიონული პროკურატურის 2013 წლის 8 აპრილის დადგენილებით დადგენილი ფაქტები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ დასახელებული დადგენილება გაუქმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის 2013 წლის 2 მაისის დადგენილებით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ, ამდენად, იგი არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესულ საბოლოო დოკუმენტს, რომელიც გასაზიარებელი იქნება სამოქალაქო საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი სამოქალაქო დავაზე წარმოების განახლების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი დადგენა მოხდა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.

მოცემულ შემთხვევაში ასეთი სახის დოკუმენტი დ. ტ-ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რის გამოც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მისი განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ მართებულად არ დაკმაყოფილდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ნ. ბაქაქური