Facebook Twitter

საქმე №ას-1242-1182-2014 30 იანვარი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ქ-ა, ა. ჯ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ქ-ამ და ა. ჯ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში თ. კ-ის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების – 50 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ მოპასუხე აპირებდა ქ.თბილისში, ფ-ის შესახვევ №7-ში მდებარე მათი კუთვნილი ბინის შეძენას და სთხოვა მოსარჩელეებს, სს „ტ. ბ-ში“ იპოთეკით დაეტვირთათ აღნიშნული უძრავი ქონება, ხოლო მიღებული თანხით თ.კ-ე გადაიხდიდა უძრავი ნივთის ღირებულებას.

მ .ქ-ა და ა. ჯ-ი ენდნენ მოპასუხეს და იპოთეკით დატვირთეს კუთვნილი ბინა მის სასარგებლოდ, რის შემდეგ თ. კ-ს მათთვის არანაირი თანხა არ გადაუხდია. ბანკის დავალიანების დასაფარად მოსარჩელეებს დასჭირდათ ბინის გაყიდვა, ხოლო მოპასუხეს საკუთარი სესხის დასაფარად მოსარჩელეების მიერ გაღებული თანხა სრულად არ დაუბრუნებია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სს „ტ. ბ-ში“ არსებული სესხის სანაცვლად, მან მ.ქ-ას დაუთმო საკუთარი უფლება მშენებარე საცხოვრებელ ბინაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. კ-ს მ. ქ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინებით თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თ. კ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინებით დაევალა 7 დღის ვადაში 2000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის პალატისათვის წარდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეექვსე ნაწილის შესაბამისად, 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინება 2014 წლის 7 ნოემბერს სატელეფონო შეტყობინებით ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ ლ. ჯ-ს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 8 ნოემბერს და ამოიწურა 14 ნოემბერს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მისთვის არ მიუმართავს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. კ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოში მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების ორმაგი სტანდარტი, რადგან რიგ შემთხვევაში სასამართლო აკმაყოფილებს მხარის მოთხოვნას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, ხოლო თ.კ-ის მიმართ სასამართლომ მითითებული შეღავათი არ გაავრცელა მიუხედავად იმისა, რომ მხარემ თავისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად წარადგინა ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ. აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლომ ყოველგვარი მოტივაციის გარეშე არ გაიზიარა. მითითებული ფაქტი ეჭვს იწვევს სასამართლოს მიკერძოებულობაში.

თ.კ-მ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №2/3108-14 განჩინებაზე, რომლითაც სასამართლომ დაადგინა: „კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორს მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია არანაირი ქონება (მოძრავი და უძრავი ნივთები, სამეწარმეო წილები და საბანკო ანგარიშები) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აქვს საგადასახდო ვალდებულებები და ბანკის ვალები. პალატა აღნიშნულ გარემოებას მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად ამ კონკრეტულ მომენტში, რის გამოც გ.დ. უნდა გათავისუფლდეს კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან“

მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი და გაეთვალისწინებინა აპელანტის მდგომარეობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტ თ. კ-ს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 2000 ლარის გადახდა. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე კი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რადგან მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები.

ასევე დადგენილია და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ 2014 წლის 7 ნოემბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა თ. კ-ის წარმომადგენელ ლ. ჯ-ს (ს.ფ. 172), რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში არსებული რწმუნებულებით (137).

საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 8 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 14 ნოემბერს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მისთვის არ მიუმართავს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა თ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი და აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით გაეთავისუფლებინა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

შესაბამისად, აღნიშნული ნორმა შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის გათავისუფლებას, ხოლო თ. კ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, რომელიც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 48-ე მუხლით, კერძოდ, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

ხსენებული ნორმების ანალიზი მეტყველებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გაათავისუფლოს ან მისი გადახდა გადაუვადოს მხარეს, რომელიც დაარწმუნებს მას, საკუთარი მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთის გადახდის ობიექტურ შეუძლებლობაში, რაც დადასტურდება სათანადო მტკიცებულებების წარდგენით.

მოცემულ შემთხვევაში თ. კ-მ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია ან ვერ გადაიხდის თანხას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ.კ-ის სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების საფუძველი ვერ გახდება სააპელაციო საჩივარზე მის მიერ დართული შპს „ე.მ.რ.-ს“ ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, რადგან აღნიშნული საზოგადოება მოცემული დავის მხარეს არ წარმოადგენს, არამედ მოპასუხედ საქმეში ჩაბმულია ფიზიკური პირი – თ. კ-ე, ამდენად, შპს-ს ქონებრივ სირთულეებზე მითითება აპელანტის ეკონომიკური მდგომარეობის დასადასტურებლად ვერ გამოდგება.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სააპელაციო პალატის მიერ მხარისათვის ხარვეზის დადგენისა და აღნიშნულის თაობაზე განჩინების აპელანტისათვის ჩაბარების შემდეგ თ. კ-ს სასამართლოსათვის საერთოდ აღარ მიუმართავს და თავისი პოზიციის დასაბუთება რაიმე სხვა გზით არ უცდია, რაც კიდევ უფრო ამყარებს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას სააპელაციო პალატის 2014 წლის 20 ოქტომბრის №2/3108-14 განჩინებაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული განჩინება გამოტანილია კერძო საჩივრის მიმართ მაშინ, როცა გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა თ.კ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე. ამასთან, დასახელებულ განჩინებაში ასახული სააპელაციო პალატის მსჯელობით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს შეუქმნა რწმენა მის საკუთრებაში რაიმე მოძრავი და უძრავი ქონების არარსებობის შესახებ, დაფიქსირდა მხარის საგადასახადო ვალდებულებები და ბანკის ვალები. აღნიშნული კი, კანონიერად დაედო საფუძვლად მხარის სასამართლო ხარჯების დაფარვისაგან გათავისუფლებას. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, თ.კ-მ მსგავსი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო თ. კ-ის კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ნ. ბაქაქური