Facebook Twitter

საქმე №ას-1246-1186-2014 30 იანვარი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „კ. ო-ი“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი – გ. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ. ო-ის“ მიმართ ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მუშაობდა შპს „კ. ო-ში“, საიდანაც 2013 წლის 29 აპრილს შეატყობინეს, რომ 2013 წლის 1 ივნისიდან შეუწყდა მოპასუხესთან შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნული შეტყობინება უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო ნ. ა-ს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ყოველთვიურად ხელზე ასაღები თანხა 5000 ლარი 2013 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „კ. ო-ის“ 2013 წლის 29 აპრილის შეტყობინება (ბრძანება) ნ. ა-ის მიმართ 2013 წლის 1 ივნისიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად ხელზე ასაღები თანხის – 5000 ლარის ოდენობით 2013 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს შეუძლია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით მიიღოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დასატოვებლად უნდა არსებობდეს შემდეგი პირობები: არ გამოცხადდა აპელანტი (მისი წარმომადგენელი); აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 4 ნოემბერს, 10.00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი – შპს „კ. ო-ის“ წარმომადგენელი. საქმის მასალების თანახმად, სასამართლო უწყება აპელანტს ჩაბარდა 2014 წლის 9 ოქტომბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის დაცვით. პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სასამართლოსათვის არ უცნობებია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „კ. ო-ის“ წარმომადგენელმა გ. ჭ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის 2014 წლის 4 ნოემბერს დანიშნულ სხდომაზე აპელანტი ვერ გამოცხადდა მიუხედავად იმისა, რომ მას კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სასამართლო უწყება სხდომის დანიშვნის შესახებ. მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, სხდომის დღეს შპს-ს წარმომადგენელს სასწრაფო და აუცილებელი სამსახურებრივი მივლინებით მოუწია გამგზავრება, რის გამოც ვერ მოახერხა ამ ინფორმაციის სასამართლოსათვის მიწოდება და სასამართლო პროცესზე სხვა წარმომადგენლის მონაწილეობის უზრუნველყოფა.

მხარემ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო აპელანტის გამოუცხადებლობით, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი და გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს.

წარმოდგენილი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. ა-მა და მიუთითა, რომ შპს „კ. ო-მა“ კერძო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2014 წლის 2 დეკემბერს, რის გამოც მისი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „კ. ო-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და თავად მხარეც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2014 წლის 4 ნოემბერს, 10.00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი – შპს „კ. ო-ის“ წარმომადგენელი. საქმის მასალების თანახმად, სასამართლო უწყება აპელანტს ჩაბარდა 2014 წლის 9 ოქტომბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის დაცვით (ს.ფ. 19, ტომი 2). პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სასამართლოსათვის არ უცნობებია.

დაუსაბუთებელია შპს „კ. ო-ის“ წარმომადგენლის არგუმენტი სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე. აღნიშნულს მხარე იმით ასაბუთებს, რომ სხდომის დღეს შპს-ს წარმომადგენელს სასწრაფო და აუცილებელი სამსახურებრივი მივლინებით მოუწია გამგზავრება, რის გამოც ვერ მოახერხა ამ ინფორმაციის სასამართლოსათვის მიწოდება და სასამართლო პროცესზე სხვა წარმომადგენლის მონაწილეობის უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ ზემოთ მითითებული გარემოება სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით არ დაუდასტურებია მაშინ, როდესაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

ამასთან, განსახილველ დავაში აპელანტი წარმოადგენს იურიდიულ პირს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას. შესაბამისად, შპს-ს ხელმძღვანელობისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო კონკრეტული თანამშრომლების მივლინებაში ყოფნის შესახებ და უზრუნველეყო სასამართლო პროცესში თავისი წარმომადგენლობა სხვა პირით ან კანონით დადგენილი წესით მოეთხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება. აღნიშნული საპროცესო მოვალეობა მხარეს არ შეუსრულებია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ შპს „კ. ო-ი“ 2014 წლის 4 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით და მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად.

რაც შეეხება ნ. ა-ის განცხადებას, რომლითაც მან მიიჩნია, რომ შპს „კ. ო-ის“ კერძო საჩივარი შეტანილ იქნა კანონით დადგენილი 12-დღიანი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა აღნიშნული ფაქტი სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შპს „კ. ო-ის“ კერძო საჩივარს ერთვის „TNT-ს“ მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მხარემ გზავნილი ფოსტას ჩააბარა 2014 წლის 1 დეკემბერს და იგი რეგისტრაციაში გატარდა მომდევნო დღეს – 2014 წლის 2 დეკემბერს. აღნიშნული დოკუმენტის გამაბათილებელ რაიმე გარემოებაზე ნ.ა-ს არ მიუთითებია.

განმცხადებელმა წარმოადგინა შპს „ჯ. ე-ის“ მიერ გაცემული 2014 წლის 25 დეკემბრის ცნობა იმის თაობაზე, რომ შპს „კ. ო-მა“ აღნიშნულ ორგანიზაციას სააპელაციო სასამართლოსათვის მასალების გაგზავნის მოთხოვნით მიმართა 2014 წლის 2 დეკემბერს, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, კერძო საჩივარზე დართული ცნობის შესაბამისად, კერძო საჩივარი გაიგზავნა შპს „TNT-ს“ მეშვეობით და შპს „ჯ. ე-ის“ მონაცემებს მოცემულ საქმესთან კავშირი არ გააჩნია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „კ. ო-ს“ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია, რის გამოც სააპელაციო პალატის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ. ო-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ნ. ბაქაქური