საქმე №ას-1249-1189-2014 21 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს რ.ს-ო(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ. მ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ნოემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „რ. ს-ომ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ. მ-ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით შპს „რ. ს-ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „რ. ს-ომ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ნოემბრის საოქმო განჩინებით შპს „ჯ. მ-ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. შპს „რ. ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი აპელანტ „რ. ს-ოს“ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე შპს „რ. ს-ოს“ წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ იგი სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, კერძოდ, იყო შეუძლოდ და მისი მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. შპს „რ. ს-ოს“ წარმომადგენელმა საჩივარს დაურთო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული სამედიცინო ბარათი, სადაც აღწერილია პაციენტის ავადმყოფობის ფაქტი და მისი კლინიკური მდგომარეობა. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში სხდომა დანიშნული იყო დილის 11 საათზე, კომპანია ვერ შეძლებდა დამატებითი წარმომადგენლის ჩაბმას საქმის განხილვაში დროის უქონლობის გამო. კერძო საჩივრის ავტორიs წარმომადგენელი ასევე მიუთითებს იმ ფაქტზეც, რომ იგი ცდილობდა მოსამართლის თანაშემწესთან ტელეფონით დაკავშირებას ზემოაღნიშნული მიზეზების არსებობის თაობაზე ინფომირების მიზნით, თუმცა ვერ შეძლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „რ. ს-ოს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აპელანტის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის შემდეგ გარემოებებს:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა აპელანტ „რ. ს-ოს“ წარმომადგენელი ა. ბ-ა, გამოცხადდა შესვენება 2014 წლის 12 ნოემბერს 11:00 საათამდე (იხ. ტ. II. ს.ფ. 24-28). შესაბამისად, აპელანტისთვის ცნობილი იყო 12 ნოემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე.
2014 წლის 12 ნოემბერს 11:00 საათზე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, შპს „ჯ. მ-ის“ წარმომადგენელი, ხოლო აპელანტის გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოს რაიმე ინფორმაცია არ გადასცემია (იხ. ტ. II. ს.ფ. 32-36).
გამოცხადებულმა მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც გასაჩივრებული განჩინებით დაკმაყოფილდა.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ სასამართლო სხდომაზე მისი წარმომადგენლის ა. ბ-ას გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავადმყოფობით, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა სასამართლოში გამოცხადებას ან შუამდგომლობის წარდგენას.
კერძო საჩივრის ავტორის ამ არგუმენტის შეფასების მიზნით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს, თუმცა ამ მუხლის ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, ერთდროულად უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა:
1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და
2. აღნიშნული გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას.
მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი არის იურიდიული პირი - შპს „რ. ს-ო“, რომლის ინტერესებს სასამართლოში იცავს უფლებამოსილი წარმომადგენელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ აღნიშნული წარმომადგენლის ავადმყოფობის გამო პროცესზე შპს „რ. ს-ოს“ გამოუცხადებლობა სასამართლომ საპატიოდ მიიჩნიოს, კომპანიამ უნდა დაადასტუროს, რომ წარმომადგენელის ავადმყოფობა (განსაკუთრებული ობიექტური გარემოება) კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა შპს „რ. ს-ოს“ პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარმომადგენლის ავადმყოფობას სასამართლო დადასტურებულ ობიექტურ გარემოებად მიიჩნევს და ჩათვლის, რომ ეს ავადმყოფობა შეუძლებელს ხდიდა წარმომადგენლის პროცესზე გამოცხადებას, აღნიშნული თავისთავად შეუძლებელს არ ხდის პროცესზე კომპანიის გამოცხადებას. დასადგენია, ჰქონდა თუ არა კომპანიას შესაძლებლობა უზრუნველეყო გამოცხადება სასამართლო სხდომაზე სხვა უფლებამოსილი წარმომდგენლის მეშვეობით. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ აღნიშნული შეუძლებელი იყო დროის სიმცირის გამო, რამდენადაც სასამართლო სხდომა დანიშნული იყო დილის 11 საათზე, თუმცა იგი არ უთითებს და არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება როდის შეიტყო წარმომადგენლის ავადმყოფობის შესახებ და რა კონკრეტული გარემოებების გამო გახდა მისთვის შეუძლებელი არსებულ დროში სასამართლო სხდომაზე სხვა წარმომადგენლის მივლინება. თავისთავად ის ფაქტი, რომ სხდომა დანიშნული იყო დილის 11 საათზე, მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო მასზე გამოცხადების შეუძლებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
ისეთ პირობებშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებს, რომ შპს „რ. ს-ოს“ არ ჰქონდა საკმარისი დრო სასამართლო პროცესზე გამოსაცხადებლად, კომპანიამ უნდა მიუთითოს, რატომ იყო შეუძლებელი აღნიშნულის შესახებ სასამართლოს ინფორმირება.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მისი წარმომადგენელი ცდილობდა მოსამართლის თანაშემწესთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ, მაგრამ აღნიშნული მითითება სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამავე დროს, კერძო საჩივრის ავტორი საერთოდ არ უთითებს, რატომ იყო შეუძლებელი უშუალოდ კომპანიისთვის სასამართლოსთან დაკავშირება სხვა უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებს. კერძო საჩივრის ავტორი კი ვერ ადასტურებს, რომ მისი წარმომადგენლის ავადმყოფობამ კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელი გახადა კომპანიის პროცესზე გამოცხადება ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოს ინფორმირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად, აპელანტ შპს „რ. ს-ოს“ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
შპს „რ. ს-ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ნოემბრის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ. თოდრია