Facebook Twitter

საქმე №ას-1263-1203-2014 26 იანვარი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. შ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. უ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო

საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ. შ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. უ-ის მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. შ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. შ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ლ. შ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტ ლ. შ-ას წარმომადგენელს თ. ჩ-ს გაეგზავნა და ჩაბარდა სარჩელში მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა განჩინებით დადგენილ ვადაში მის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული, რის გამოც, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური წინაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. შ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა მის წარმნომადგენელს, თ. ჩ-ს პირადად, თუმცა სასამართლოს თ. ჩ-ის ჩაბარება არ უნდა ჩაეთვალა ჩაბარებად, ვინაიდან იგი არ არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლი ზღუდავდა წარმომადგენლობის უფლებამოსილებას საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში განხილვისას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. შ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

გასაჩივრებული განჩინებით ლ. შ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აღნიშნული მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით აპელანტ ლ. შ-ას სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 დღის ვადაში წარმოედგინა სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა რა ნაწილში ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას; რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; ასევე მითითებას იმ გარემობებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს; აპელანტს ასევე დაევალა თანხობრივად ზუსტად განესაზღვრა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - დავის საგნის ფასი და სახელმწიფო ბაჟის სახით გადაეხადა ამ თანხის 4 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა (იხ. ტ. II. ს.ფ. 3-5).

დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტ ლ. შ-ას მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ორჯერ, მაგრამ ვერ ჩაბარდა სახლში არყოფნის გამო (იხ. ტ. II. ს.ფ. 6-9). აღნიშნული განჩინება ასევე გაეგზავნა და ჩაბარდა ლ. შ-ას წარმომადგენელს, თ. ჩ-ს (იხ. ტ. II. ს.ფ. 10-11), რომელიც მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდა მინდობილობის საფუძველზე (ტომი I, ს.ფ. 29). აღნიშნული მინდობილობა უფლებას ანიჭებდა თ. ჩ-ს, წარმოედგინა და დაეცვა ლ. შ-ას ინტერესები ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში. თუმცა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საქმის საპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში წარმომადგენლის საქმიანობის განსხვავებულ წესს ითვალისწინებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის მიხედვით, პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში. ადვოკატთა ერთიანი სიის გამოქვეყნების წესს ადგენს საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ“, რომლის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიას აქვეყნებს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით. აღნიშნული მონაცემები საჯაროა ყველა დაინტერესებული პირისათვის.

მოცემული ნორმების გამოყენების მიზნით, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე (იხ. www.gba.ge) გამოქვეყნებული ასოციაციის წევრთა ერთიანი სია და დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. შ-ას წარმომადგენელი, თ. ჩ-ი აღნიშნულ სიაში გაწევრიანებული არ არის. შესაბამისად, მას არ ჰქონდა უფლებამოსილება მიეღო მონაწილეობა ლ. შ-ას სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საპროცესო მოქმედებების განხორციელებაში.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს შემდეგს: დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს პირადად აპელანტი ლ. შ-ა, ხოლო აპელანტის წარმომადგენელი საჩივარში საერთოდ არ არის მითითებული. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებიდან არ დგინდება და თვითონ აპელანტიც ადასტურდებს წარმომადგენლის გარეშე სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების განხორციელების ფაქტს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება უნდა უზრუნველეყო თვით აპელანტ ლ. შ-ის და არა თ. ჩ-ის, რამდენადაც ამ უკანასკნელს არ ჰქონდა უფლებამოსილება, მარწმუნებლის ინტერესები დაეცვა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივარი ჰქონდა შეტანილი მარწმუნებლის სახელით. შესაბამისად, მისთვის განჩინების ჩაბარება არ წარმოშობდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ლ. შ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინება და საქმე ლ. შ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

თ. თოდრია