Facebook Twitter

საქმე Nას-1300-1238-2014 30 იანვარი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. მ-ე, ვ. თ-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. თ-ა, რ. ბ-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის, პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, რ. მ-ისა და ვ. თ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე, სამოქალაქო საქმეზე – ლ. თ-ასა და რ. ბ-ის სარჩელის გამო, რ. მ-ისა და ვ. თ-ის მიმართ, სესხის, პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების, იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე რ. მ-ისა და ვ. თ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით რ. მ-სა და ვ. თ-ს წარმოდგენილ კერძო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, რომლითაც დაევალათ, 05 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით, 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება ვ. თ-ს გაეგზავნა კერძო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე: ბათუმი, ფ-ის ქ.N4, ბინა N36 და ჩაბარდა პირადად 2015 წლის 08 იანვარს (პ/ნ .............), რაც დასტურდება გზავნილის მიმღების ხელმოწერით, ხოლო რ. მ-ს მის მიერ კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქობულეთი, რ-ის ქN325ა გაგზავნილი განჩინება არ ჩაბარდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ კონვერტზე მითითებული მისამართი არასწორა და აღნიშნულ მისამართზე ადრესატი არ ცხოვრობს. საბოლოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინება ჩაბარდა რ. მ-ის წარმომადგენელ რ. ფ-ს მის მიერ კერძო საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე: 593 ......... სატელეფონო შეტყობინებით 2015 წლის 21 იანვარს (იხ., მინდობილობა - ს.ფ. 102). აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად მიიჩნევა განჩინების კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოთმოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო სამართალურთიერთობის მონაწილე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას განჩინებით დაევალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს დავალებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 5-დღიანი ვადის დენა ვ. თ-სათვის დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2015 წლის 09 იანვარს და ამოიწურა 2015 წლის 13 იანვარს. განჩინებით დადგენილ ვადაში ვ. თ-ს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობისთ მომართავს სასამართლოსათვის, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

რაც შეეხება რ. მ-ს მისთვის ხარვეზი გამოსწორებისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი 05-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 22 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 26 იანვარს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 26 იანვარს, სასამართლოს განცხადებით მომართა რ. ფ-მ, რომელმაც მოითხოვა, საპროცესო ვადის 15 დღით გაგრძელება, იმ საფუძვლით, რომ მისი მარწმუნებლები აპირებენ ისესხონ მიზნობრივი ფულადი თანხა და ამგვარად, გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაუსაბუთებელია. პალატას მიაჩნია, რომ ობიექტური გარემოება, რომელიც კერძო საჩივრის ავტორისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსებას საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. მარტოოდენ განმცხადებლის მითითება კი, სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შეუძლებლობის შესახებ, არ წარმოადგენს საპროცესო ვადის გაგრძელების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილ წინაპირობას. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლები. შესაბამისად, რ. მ-ის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა, მის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. მ-ისა და ვ. თ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზ. ძლიერიშვილი