საქმე №ას-3-3-2015 16 იანვარი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ი, ა. გ-ე, ნ. თ-ე, ა. ჩ-ა, შპს „გ-ი“(მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პარტნიორთა კრების ოქმისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ-ის, ა. გ-ის, ნ. თ-ის, ა. ჩ-ასა და შპს „გ-ის“ მიმართ პარტნიორთა კრების ოქმისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-მა, ა. გ-მ, ნ. თ-მ, ა. ჩ-ამ და შპს „გ-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის საოქმო განჩინებით ნ. გ-ე შეიცვალა უფლებამონაცვლით და მის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნენ მ. გ-ი, ა. გ-ე, ნ. თ-ე და ა. ჩ-ა.
სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე ნ. გ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2014 წლის 10 ნოემბერს მოპასუხეების წარმომადგენელმა გ. ზ-მა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა არასათანადო მოსარჩელის ნ. გ-ის სათანადო მოსარჩელეებით მ. გ-ით, ა. გ-ით, ნ. თ-ით და ა. ჩ-თი შეცვლა. აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა.თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის იმავე სხდომაზე მიღებული სხვა საოქმო განჩინებით მოსარჩელე ნ. გ-ე შეიცვალა უფლებამონაცვლეებით და მის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნენ მ. გ-ი, ა. გ-ე, ნ. თ-ე და ა. ჩ-ა (იხ. ტ.2, ს.ფ.64-65). დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დასაბუთებული განჩინება. ასევე დადგენილია, რომ დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა ნ. გ-ე, რომელსაც განემარტა განჩინების გასაჩივრების წესი, კერძოდ ის, რომ განჩინების გასაჩივრება შეიძლებოდა 12 დღის ვადაში მისი გამოცხადების მომენტიდან (იხ. ტომი 2, ს.ფ. 57-65). ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის დასაბუთებული საოქმო განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი – . გ-ე. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო სასამართლო სხდომაზე დასაბუთებული განჩინების გამოცხადების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2014 წლის 3 დეკემბრიდან და ამოიწურა 2014 წლის 15 დეკემბერს. კერძო საჩივარზე დართული კონვერტით დასტურდება, რომ ის საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2014 წლის 16 დეკემბერს (იხ. ტ.2,ს.ფ.73-74), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში ნ. გ-მ დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ გ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის საოქმო განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ნინო ბაქაქური