Facebook Twitter

№ას-837-801-2014 12 იანვარი, 2015 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - დ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ-ე, ა. გ-ე, ა. წ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის, ა. წ-ისა და ა. გ-ის სარჩელი დ. გ-ას მიმართ მიწის ფართის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ თბილისში, ტ-ის ქუჩის შესახვევი №...-ში მდებარე 664 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნახევრის, 332 კვ.მ-ის მესაკუთრედ ცნობაზე უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. გ-ემ, ა. წ-მა და ა. გ-ემ, რომლებმაც დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით გაზარდეს დავის საგანი, კერძოდ, მოითხოვეს ბათილად ცნობილიყო საბურთალოს რაიონის გამგეობის 1998 წლის 18 თებერვლის №..... გადაწყვეტილება, ბათილად ცნობილიყო თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრში მომხდარი №......, რომლითაც კ-აზე იქნა აღრიცხული სადავო მიწის ნაკვეთი, ბათილად ცნობილიყო 1999 წლის 23 მარტს დ. გ-ასა და ი. კ-ას შორის დადებული მიწის ნაკვეთის ჩუქების ხელშეკრულება და ბათილად ცნობილიყო საჯარო რეესტრში განხორციელებული მიწის ნაკვეთის №..... რეგისტრაცია, ასევე მოითხოვეს სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა მესაკუთრეებად ცნობა.

აპელანტების მოთხოვნა 1999 წლის 23 მარტის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და გ. გ-ის, ა. წ-ისა და ა. გ-ის ქალაქ თბილისში, ტ-ის ქუჩა №...-ში მდებარე 664 კვ.მ ფართი მიწის ნაკვეთის ნახევრის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის, ა. გ-ისა და ა. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა, 1999 წლის 23 მარტს ი. კ-ასა და დ. გ-ას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება მიწის ნაკვეთზე _ მდებარე თბილისში, .. სექტორი ს-ო, კვარტალი №.., ნაკვეთი .. _ფართობით 664კვ.მ მდებარე ტ-ის შესახვევი №.._ში სარეგისტრაციო №..... ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი, გ. გ-ე, ა. წ-ი და ა. გ-ე ცნობილ იქნენ მითითებული ფართობის 1/6 –ის მესაკუთრეებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განჩინებით დ. გ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

2013 წლის 9 ივლისს დ. გ-ამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა. მისი მითითებით, დ. გ-ამ 2009 წელს საგამოძიებო ორგანოებს მიმართა დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე. 2013 წლის 12 ივნისის თბილისის რაიონული პროკურატურის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გასვლის გამო. დადგენილებით ირკვევა, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დროს ყალბი დოკუმენტი იყო წარდგენილი. იკვეთება გარემოებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო სასამართლოსათვის ცნობილი, დ. გ-ასათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით დ. გ-ას განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო 1956 წლის 22 ივლისის ხელშეკრულება, რომელშიც მითითებული იყო მოპასუხეებისათვის 16 კვ. მ საცხოვრებელი ფართისა და 160 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მტკიცებულებად არ გამოუყენებია ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ნახაზები, რომელთა გაყალბებაზეც განმცხადებელი მიუთითებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დ. გ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სწორედ გაყალბებული ნახაზები დაედო საფუძვლად იმ ფაქტს, რომ გ. გ-ე, ა. გ-ე და ა. წ-ი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდნენ თითოეული მიწის ნაკვეთის 1/6 წილის მესაკუთრედ, მაშინ, როდესაც 1956 წლის 22 ივლისის ხელშეკრულებით მხარეს შეძენილი ჰქონდა მხოლოდ 160 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მოპასუხეები არ იყვნენ ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელები, ვინაიდან ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში არ იყვნენ დარეგისტრირებული მოსარგებლეებად. საცხოვრებელი სახლი მთლიანად იყო აღრიცხული დ. გ-ას ბებიის სახელზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ დ. გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში სადავოა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების საკითხი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით ითხოვდა და მიუთითებდა, რომ მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარდგენილი რომ ყოფილიყო სასამართლოში, დ. გ-ასათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა. ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ნახაზები. სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, მხარის მიერ წარდგენილი პროკურატურის დადგენილება არის თუ არა იმგვარი მტკიცებულება, რომელიც, სასამართლოსათვის საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო გადაცემული, საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლები არ არსებობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნორმის საფუძველზე, საქმის წარმოების განახლებისათვის მხარემ უნდა წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც ა) საქმის განხილვის დროს წარდგენილი არ ყოფილა, ბ) არსებობდა გადაწყვეტილების მიღების დროისათვის და გ) მხარეს ობიექტურად არ შეეძლო მისი ადრე წარდგენა. ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც შექმნილია საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, თუნდაც გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ სურათს ცვლიდეს, საქმის წარმოების განახლების საფუძველი ვერ გახდება.

საკასაციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლები კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას: პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს და მტკიცებულებებს, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე, ან გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შეიცვალა ვითარება და გამოვლინდა ახალი გარემოებები (იხ. მაგ. სუსგ №ა-1337-ა-5-2013, №ას-992-931-2012).

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილება, რომელსაც მხარე ახალ მტკიცებულებად მიიჩნევს 2013 წელს, ანუ, სადავო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაა მიღებული, შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძველი ვერ გახდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა განცხადებაში მითითებულ გარემოებებზე, მაგრამ არსებითად სწორ დასკვნამდე მივიდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე