№ას-843-807-2014 12 იანვარი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ. ჯ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა. თ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მოძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. თ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მ. ჯ-ას წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხის მფლობელობაში არსებული გობელენის „ლ. ბ-ი“ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ა. თ-ას სარცელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე საკუთრებაში გადაეცა მ. ჯ-ას მფლობელობაში არსებული გობელენი „ლ. ბ-ი“.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივლისის განჩინებით მ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან აპელანტი კანონით დადგენილ ვადაში საქალაქო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად არ გამოცხადდა, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაიწყო და 11 ივლისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, 14 ივლისსაა შეტანილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დარღვეული არ ყოფილა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა. მისი მითიტებით, დასაბუტებული გადაწყვეტილება მზად არ იყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გარდა ამისა, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა 30-ე, არამედ 31-ე დღიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 29 მაისს გამოცხადდა, მოპასუხის წარმომადგენლისათვის ცნობილი იყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, შესაბამისად, გასაჩივრების მსურველი მხარე არა უადრეს 18 ივნისისა და არა უგვიანეს 28 ივნისისა უნდა გამოცხადებულიყო დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აპელანტი ამ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოცხადდა. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში მზად არ იყო, საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინებით განმარტებულია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ამავე კოდექსის მე-60 მუხლის დანაწესის გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი აწესრიგებს ამავე კოდექსის სხვადასხვა ინსტიტუტებით გათვალისწინებული საპროცესო ვადის დენის დასაწყისის მომენტს და, შესაბამისად, ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით დადგენილ ვადებზეც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დათქმა იმის შესახებ, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს,“ მიგვითითებს პრეზუმფციაზე, რომლის თანახმად კანონი ადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღეს დაინტერესებული მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებისათვის. აღნიშნული ფაქტი უკავშირდება საპროცესო მოქმედების შესრულების ზუსტ კალენდარულ თარიღს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის ათვლის საპროცესო წესი მოცემულია ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით.
აღნიშნული განმარტების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან, არამედ მომდევნო დღიდან - 29 ივნისიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.2 მუხლის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ბოლო დღე 12 ივლისი შაბათი იყო, შესაბამისად, საპროცესო ვადა 14 ივლისს ამოიწურა და მ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი ვადაშია შეტანილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევითაა დადგენილი.
ვინაიდან მ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად არასწორად იქნა დატოვებული, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს, ამასთან სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჯ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივლისის განჩინება და საქმე მ. ჯ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე