Facebook Twitter

№ას-963-924-2014 12 იანვარი, 2015 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი. ზ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. წ-ა (მოსარჩელე)

მოპასუხე - ლ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. წ-ამ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ი. ზ-ის და ლ. გ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. გ-ისათვის გადასახდელად დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, ი. ზ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით მ. წ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. გ-ისათვის გადასახდელად დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა ი. ზ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ხ-ში მდებარე 1501 კვ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობითურთ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ზ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 მარტის განჩინებით ი. ზ-ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 3250,80 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

განჩინების პასუხად აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით ხარვეზის სრულად შევსებისათვის ვადა 10 დღით გაგრძელდა.

განჩინების პასუხად აპელანტმა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 მაისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადასახდელად განსაზღვრული საპროცესო ვადა 7 დღით გაგრძელდა.

2014 წლის 4 ივნისის განცხადებით ი. ზ-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დავის საგანია უკვე არსებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის აღსრულების მიქცევა იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე, ამდენად, დავის საგნის განსაზღვრისას სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით უნდა იხელმძღვანელოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განჩინებით ი. ზ-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის სრულად შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება ი. ზ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება. დავის საგანია უკვე არსებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის აღსრულების მიქცევა იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე, ამდენად, დავის საგნის ღირებულების განსაზღვრისას სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით უნდა იხელმძღვანელოს. სააპელაციო საჩივარზე უკვე გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟი 160 ლარი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საჩივარი წარმოებაში უნდა მიეღო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი. ზ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის ხარვეზის განჩინების განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პრინციპს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 მარტის განჩინებით ი. ზ-ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 3250,80 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ხარვეზის შევსების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა. აპელანტმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი -160 ლარი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ დავის საგნის ღირებულების განსაზღვრისას სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით უნდა ეხელმძღვანელა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ლ. გ-ეს მ. წ-ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 47250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. სწორედ ამ თანხის ამოღების მიზნით ითხოვს მოსარჩელე ი. ზ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციას. მოსარჩელის ინტერესი ქონებრივი უფლებების აღდგენას უკავშირდება, ვინაიდან ზუსტად ქონების რეალიზაციის განხორციელება წარმოადგენს დაკისრებული თანხის ამოღების საშუალებას, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას საფუძვლად ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა უდევს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი კი ისეთ შემთხვევას შეეხება, როდესაც, თავისი არსიდან გამომდინარე, დავის საგნის ღირებულების კონკრეტული თანხით შეფასება შეუძლებელია, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დავის საგნის ღირებულება დაკისრებული თანხით სწორად განსაზღვრა (იხ, ასევე, სუსგ ას-1576-1575-2011).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა ხარვეზი სასამართლოს მიერ გათვალისწინებულ ვადაში არ შეავსო და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოუთხოვია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად მართებულად დარჩა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ძალაში უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ზ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე