საქმე №ა-3167-ა-12-2013 29 იანვარი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - შპს „რ. კ-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. მ-ო“, მ. ღ-ი, ე. ა-ა, ლ. ჩ-ე, გ. ე-ე, მ. ა-ი, გ. გ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „რ. კ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. მ-სა“ და მისი პარტნიორების: მ. ღ-ის, ე. ა-ას, ლ. ჩ-ის, გ. ე-ის, მ. ა-ისა და გ. გ-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განჩინებით შპს „რ. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „რ. კ-ამ“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შპს „რ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
საკასაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ კასატორის წარმომადგენელი გ. ს-ე ესწრებოდა სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას;
განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2013 წლის 15 ივლისი, ხოლო 30-ე დღე – ამავე წლის 25 ივლისი;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განჩინება შპს „რ. კ-ის“ დირექტორმა პ. პ-ამ ჩაიბარა 30-დღიანი ვადის დარღვევით – 2013 წლის 26 ივლისს;
საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2591 მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 25 ივლისს – სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს და დასრულდა 2013 წლის 14 აგვისტოს;
საკასაციო საჩივრით დასტურდებოდა, რომ ის სასამართლოში 2013 წლის 15 აგვისტოს იქნა წარდგენილი, რაც საფუძვლად დაედო მის განუხილველად დატოვებას.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „რ. კ-ის“ წარმომადგენელმა გ. ს-მ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
განმცხადებლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე საქმეზე საკასაციო საჩივარი გაეგზავნა შპს „ე. თ-ს“ საკურიერო სამსახურის მიერ 2013 წლის 13 აგვისტოს, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დროისათვის საკასაციო სასამართლოსათვის ცნობილი არ ყოფილა, განმცხადებლისათვის ასევე უცნობი იყო საკურიერო სამსახურის მიერ საკასაციო საჩივრის 2013 წლის 15 აგვისტოს ჩაბარების ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კასატორი ამ ფაქტზე საკასაციო საჩივარშივე მიუთითებდა.
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე სატელეფონო შეტყობინების ჩაბარების შემდგომ განმცხადებელმა წერილობით მიმართა შპს „ე. თ-ს“, რომელმაც აცნობა განმცხადებელს 2013 წლის 13 აგვისტოს კორესპოდენციის მისთვის ჩაბარებისა და კურიერის მიერ ამ კორესპოდენციის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 15 აგვისტოს ჩაბარების თაობაზე. ამ გარემოების დასადასტურებლად განმცხადებელმა წარმოადგინა „ე. თ-ს“ ქვითარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების მიერ გაცემული სარეგისტრაციო ბარათი, ასევე ადვოკატ გ.ს-ის მიმართვა და საფოსტო განყოფილების წერილობითი პასუხი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შპს „რ. კ-ის“ განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განცხადების განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შპს „რ. კ-ის“ განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე განცხადების მოთხოვნის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე: განსახილველ შემთხვევაში, შპს „რ. კ-ის“ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის ფაქტი. ამ მხრივ, საკასაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კასატორის წარმომადგენელი ინფორმირებული იყო სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე და ესწრებოდა კიდევაც 2013 წლის 25 ივნისის სხდომას;
განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2013 წლის 15 ივლისი, ხოლო 30-ე დღე – ამავე წლის 25 ივლისი;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განჩინება შპს „რ. კ-იის“ დირექტორმა პ. პ-ამ ჩაიბარა 30-დღიანი ვადის დარღვევით – 2013 წლის 26 ივლისს;
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2591 მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 25 ივლისს – სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს და დასრულდა 2013 წლის 14 აგვისტოს;
საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო 2013 წლის 15 აგვისტოს.
განმცხადებელი მოითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტის ეტაპზე როგორც, საკასაციო სასამართლოსათვის, ისე თავად კასატორისათვის უცნობი იყო სს „ე. თ-ს“ მიერ შპს „რ. კ-ის“ საკასაციო საჩივრის 2013 წლის 15 აგვისტოს წარდგენის ფაქტი. კერძოდ, კასატორმა საპროცესო ვადის დაცვით, 2013 წლის 13 აგვისტოს ფოსტას ჩააბარა საკასაციო საჩივარი, ხოლო კურიერმა იგი სასამართლოში მოგვიანებით, 2013 წლის 15 აგვისტოს წარადგინა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შპს „რ კ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიღების საკითხის განხილვის ეტაპზე იქნა განუხილველად დატოვებული, პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წარმოება უნდა განახლდეს შპს „რ. კ-ის“ საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობის გარკვევის ეტაპზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „რ. კ-ის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინება შპს „რ. კ-ის“ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და განახლდეს საქმის წარმოება საკასაციო საჩივარის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად წარმოებაში მიღების ეტაპიდან.
3. განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე