Facebook Twitter

№ა-2137-შ-61-2014 12 იანვარი, 2015 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ს. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - დ. ბ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - უკრაინის ქ. კიროვგრადის კიროვის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უკრაინის ქ. კიროვგრადის კიროვის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. ბ-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანი შვილების ...... წელს დაბადებული ვ. დ-ის ძე ბ-ისა და ...... წელს დაბადებული ქ. დ-ის ასული ბ-ის შენახვისათვის თვეში 300 გრივნი თითოეულზე, მაგრამ არანაკლებ შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის 30%-ისა ვ. ბ-ის სრულწლოვანების მიღწევამდე. ვ. ბ-ის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ალიმენტი ანაზღაურდება ...... წელს დაბადებული ქ. დ-ის ასული ბ-ის შენახვისათვის თვეში 300 გრივნი მაგრამ არანაკლებ შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის 30%-ისა ქ. ბ-ის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე - 2017 წლის 21 თებერვლამდე. ალიმენტი დაკისრებულია 23.03.2006 წლიდან.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს. ბ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 11 მარტს, არ აღსრულებულა უკრაინის ტერიტორიაზე, ამასთან, სასამართლოს ცნობით, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხისათვის საქმის განხილვის თაობაზე გაფრთხილების ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

იმავე კანონის 57-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, ს. ბ-ის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება მოპასუხე დ. ბ-ს გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე - საქართველო, ქ. ზესტაფონი. გზავნილი სასამართლოს დაუბრუნდა აღნიშვნით, რომ მისამართი არასრულია.

პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი არასწორია, ს. ბ-ის შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე, 58-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 71-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ბ-ის შუამდგომლობა უკრაინის ქ. კიროვგრადის კიროვის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე