Facebook Twitter

№ა-2948-შ-90-2014 12 იანვარი, 2015 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი - თ. მ-ი

წარმომადგენელი - მ. რ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ა. მ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის ინგოლშტდატის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება (განქორწინების ნაწილში)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ინგოლშტდატის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით თ. მ-სა და ა. მ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა თ. მ-ის წარმომადგენელმა მ. რ-ემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინებით თ. მ-ის წარმომადგენელ მ. რ-ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა მტკიცებულება, რომ გერმანიის ინგოლშტდატის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და მტკიცებულება, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე.

განჩინების პასუხად მ. რ-ემ მიუთითა, რომ მეუღლე გარდაეცვალა, რის გამოც, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოსწორება ვერ შეძლო და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 15 დღით გაგრძელება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. მ-ის წარმომადგენელ მ. რ-ის შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტის ყველა ეტაპზე საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინებით თ. მ-ის წარმომადგენელ მ. რ-ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა მტკიცებულება, რომ გერმანიის ინგოლშტდატის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და მტკიცებულება, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე. იმავე სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა 15 დღით გაგრძელდა. განჩინება მ. რ-ეს 2014 წლის 19 ნოემბერს ჩაბარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 20 ნოემბრიდან დაიწყო და 4 დეკემბერს ამოიწურა. მხარეს ხარვეზის ამ ვადაში არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 71-ე, 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. მ-ის წარმომადგენელ მ. რ-ის შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვ. როინიშვილი