№ა-3307-შ-95-2014 26 იანვარი, 2015 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - ნ. ქ-ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ბ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ისრაელის რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 07/10/2007 წლის გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 04/11/2007 წლის შესწორებული გადაწყვეტილება
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ისრაელის რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 07/10/2007 წლის გადაწყვეტილებით შეწყდა ნ. ქ-ბ-ისა და ნ. ბ-ს ქორწინება.
იმავე სასამართლომ 04/11/2007 წელს გამოიტანა შესწორებული გადაწყვეტილება, ვინაიდან 07/10/2007 წლის გადაწყვეტილებაში მოპასუხის გვარი შეცდომით იყო მითითებული.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. ქ-ბ-მა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ცნობის მოთხოვნით.
განცხადებაზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და საქმე განხილულია მხარეთა დასწრების გარეშე. განქორწინება განხორციელა ორივე მხარის თანხმობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ისრაელის რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 07/10/2007 წლის გადაწყვეტილებით შეწყდა ნ. ქ-ბ-ისა და ნ. ბ-ს ქორწინება.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ისრაელის რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 07/10/2007 წლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ქ-ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ისრაელის რიშონ ლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 07/10/2007 წლის გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 04/11/2007 წლის შესწორებული გადაწყვეტილება, რომელთა საფუძველზეც ცნობის შეწყდა ნ. ქ-ბ-ისა და ნ. ბ-ს ქორწინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე