Facebook Twitter

საქმე №ა-3559-შ-97-2014 23 იანვარი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ლ. ზ-ე

წარმომადგენელი - მ. წ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ბ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის შიონებერგის ადგილობრივი სასამართლოს 2013 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ზ-მ სარჩელით მიმართა გერმანიის შიონებერგის ადგილობრივ სასამართლოს მოპასუხე, მ. ბ-ის მიმართ, განქორწინების მოთხოვნით.

გერმანიის შიონებერგის ადგილობრივი სასამართლოს 2013 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ზ-ის სარჩელი მოპასუხე, მ. ბ-ის მიმართ განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა. 2007 წლის 22 ნოემბერს, რინგკოპინგ/დანია, მმაჩის ბიუროს მიერ დაქორწინებული მეუღლეები (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: 293/2007) განქორწინდნენ.

შუამდგომლობის ავტორის მითითებით აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა და აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

2014 წლის 11 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა ლ. ზ-ის წარმომადგენელმა - მ. წ-მა, რომელმაც მოითხოვა, გერმანიის შიონებერგის ადგილობრივი სასამართლოს 2013 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში ვერ ხერხდება ლ. ზ-ისა და მ. ბ-ის განქორწინების ფაქტის რეგისტრაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ლ. ზ-ის წარმომადგენლის - მ. წ-ის შუამდგომლობა გერმანიის შიონებერგის ადგილობრივი სასამართლოს 2013 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის შიონებერგის ადგილობრივი სასამართლოს 2013 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ზ-ის სარჩელი მოპასუხე, მ. ბ-ის მიმართ განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა. 2007 წლის 22 ნოემბერს, რინგკოპინგ/დანია, მმაჩის ბიუროს მიერ დაქორწინებული მეუღლეები (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: 293/2007) განქორწინდნენ.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, გერმანიის შიონებერგის ადგილობრივი სასამართლოს 2013 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ზ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის შიონებერგის ადგილობრივი სასამართლოს 2013 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის შიონებერგის ადგილობრივი სასამართლოს 2013 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე 2007 წლის 22 ნოემბერს, რინგკოპინგ/დანია, მმაჩის ბიუროს მიერ დაქორწინებული მეუღლეები (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: 293/2007) განქორწინდნენ;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები თ. თოდრია

ნ. ბაქაქური