საქმე №ა-3816-შ-105-2014 23 იანვარი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - შ. ჭ.
წარმომადგენელი - ლ. კ.
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ო.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის №1 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 08 ოქტომბრის განაჩენი
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ო.-მა სარჩელით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის, ბაქირქოის №1 საოჯახო სასამართლოს მოპასუხე, შ. ჭ.-ს მიმართ, განქორწინების მოთხოვნით.
თურქეთის რესპუბლიკის, ბაქირქოის №1 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 08 ოქტომბრის განაჩენით ი. ო.-ის სარჩელი მოპასუხე, შ. ჭ.-ს მიმართ განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა. თურქეთის სამოქალაქო კოდექსის N166/3 მუხლის თანახმად, განქორწინდნენ მოსარჩელე ი. ო. რეგისტრირებული: შანლიურფას გუბერნია, ვირანშეჰირის ოლქი, სოფელი/უბანი ელგუნი, ტომი N.., სექცია N.., მამის სახელი: ჰ., დედის სახელი: ფ., დაბადებული:..წ. და მოსარჩელე საქართველოს მოქალაქე შ. ჭ.-, რეგისტრირებული ამავე ადგილას. მხარეთა ერთობლივი შვილის – მ. ჰ.-ის მეურვის უფლებამოსილება გადაეცა მოპასუხე დედას; ბავშვს დაენიშნა ალიმენტი ყოველთვიურად 300 თურქული ლირა. ამავე განაჩენით მოპასუხეს დაუდგინდა შვილთან ურთიერთობის დღეები.
შუამდგომლობაზე დართული მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული განაჩენი ძალაში შევიდა 2014 წლის 08 იანვრიდან და აღსრულებულია თურქეთის ტერიტორიაზე.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული განაჩენით დადასტურებულია, რომ საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და ღია სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით. დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული 2014 წლის 08 იანვრიდან და აღსრულებულია თურქეთის ტერიტორიაზე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
2014 წლის 09 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა შ. ჭ.-ს წარმომადგენელმა - ლ. კ.-მ, რომელმაც მოითხოვა, თურქეთის რესპუბლიკის, ბაქირქოის №1 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 08 ოქტომბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. 2014 წლის 30 დეკემბერს წარმოდგენილი განცხადებით შ. ჭ.-ს წარმომადგენელმა - ლ. კ.-მ დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ სურს თურქეთის რესპუბლიკის, ბაქირქოის №1 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 08 ოქტომბრის განაჩენის ფაქტის დადასტრება მხოლოდ მხარეთა განქორწინების ნაწილში. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში ვერ ხერხდება შ. ჭ.-სა და ი. ო.-ის განქორწინების ფაქტის რეგისტრაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შ. ჭ.-ს წარმომადგენლის - ლ. კ.-ს შუამდგომლობა მხარეთა განქორწინების ნაწილში, თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის №1 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 08 ოქტომბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თურქეთის რესპუბლიკის, ბაქირქოის №1 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 08 ოქტომბრის განაჩენით ი. ო.-ის სარჩელი მოპასუხე, შ. ჭ.-ს მიმართ, განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა. თურქეთის სამოქალაქო კოდექსის N166/3 მუხლის თანახმად, განქორწინდნენ მოსარჩელე ი. ო. რეგისტრირებული: შანლიურფას გუბერნია, ვირანშეჰირის ოლქი, სოფელი/უბანი ელგუნი, ტომი N.., სექცია N.., მამის სახელი: ჰ., დედის სახელი: ფ., დაბადებული:..წ. და მოსარჩელე საქართველოს მოქალაქე შ. ჭ.-, რეგისტრირებული ამავე ადგილას. შუამდგომლობაზე დართული მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული განაჩენი ძალაში შევიდა 2014 წლის 08 იანვრიდან.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული განაჩენით დადასტურებულია, რომ საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და ღია სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით. დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული 2014 წლის 08 იანვრიდან და აღსრულებულია თურქეთის ტერიტორიაზე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის, ბაქირქოის №1 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 08 ოქტომბრის განაჩენი ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ჭ.-ს შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის №1 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 08 ოქტომბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის №1 საოჯახო სასამართლოს 2013 წლის 08 ოქტომბრის განაჩენი, რომლის საფუძველზე განქორწინდნენ ი. ო.რეგისტრირებული: შანლიურფას გუბერნია, ვირანშეჰირის ოლქი, სოფელი/უბანი ელგუნი, ტომი N.., სექცია N.., მამის სახელი: ჰ., დედის სახელი: ფ., დაბადებულ:..წ. და საქართველოს მოქალაქე შ. ჭ.-, რეგისტრირებული ამავე ადგილას;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები თ. თოდრია
ნ. ბაქაქური