Facebook Twitter

№ა-3985-შ-104-2013 12 იანვარი, 2015 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი - შპს სადაზღვევო კომპანია „ბ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ-ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ქ. მინსკის სამრეწველო სასამართლოს 2013 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. მინსკის სამრეწველო სასამართლოს 2013 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ფ-ს“ შპს „ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 41201,81 აშშ დოლარის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „ბ-მა“ აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში. მოწინააღმდეგ მხარეს, შპს „ფ-ს“ გაეგზავნა განჩინების ასლი, შუამდგომლობა და თანდართული მასალები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

იმავე კანონის 57-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში. მოწინააღმდეგ მხარეს, შპს „ფ-ს“ გაეგზავნა განჩინების ასლი, შუამდგომლობა და თანდართული მასალები შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ ორივე მისამართზე: ქ. თბილისი, კ-ის ქ. N.. და თბილისი, წ-ის ქ. N... საქართველოს უზენაესი სასამართლოს კურიერის მიერ შედგენილი აქტებით დასტურდება, რომ ორივე ამ მისამართზე სხვა ორგანიზაციები მდებარეობს შპს „ფ-ი“ კი გადასულია სხვა მისამართზე.

პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი არასწორია, შპს „ბ-ის“ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით.

ვინაიდან სასამართლოსათვის ცნობილი არ არის შპს „ფ-ის“ მისამართი ან სხვა საკონტაქტო მონაცემები, შუამდგომლობის ავტორისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით ვერ ხერხდება, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარისათვის განჩინების ჩაბარება საჯარო შეტყობინების ვერ-გვერდზე განთავსების გზით უნდა განხორციელდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე. 58-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 71-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს სადაზღვევო კომპანია „ბ-ი“ შუამდგომლობა ქ. მინსკის სამრეწველო სასამართლოს 2013 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება, მოპასუხე შპს „ფ-სათვის“ ჩაბარების მიზნით, გავრცელდეს საჯაროდ და განთავსდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე www.supremecourt.ge;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე