№ას-1135-1081-2014 6 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ქ. მ-ის მეურვე ჯ. ტ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ., გ. და ო. მ-ები, ლ. კ-ე, ხ. პ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 სექტემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. მ-მა (მეურვე ჯ. ტ-ი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ., გ. და ო. მ-ების, ლ. კ-ისა და ხ. პ-ის მიმართ და მოითხოვა 2009 წლის 11 მარტს ე. მ-ის კუთვნილ სამკვიდრო ქონებაზე – ქარელის რაიონის სოფელ დ-სა და ქ.თბილისში, ა-ის ქ.№9ა-ში არსებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის სახელზე გაცემული №2-55 სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, 2012 წლის 30 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ¾ ნაწილში ბათილად ცნობა და ქარელის რაიონის სოფელ დ-ში მდებარე ქონების ¾-ის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა, ამავე ქონების ¼-ზე ლ. კ-ის საკუთრების გაუქმება ქონების ღირებულების – 800 ლარის ¼-ის – 200 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ასევე, მოსარჩელემ მოითხოვა, ბათილად ცნობილიყო 2012 წლის 28 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ¼ წილიდან 3/16 წილში და ქ. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულიყო ქ.თბილისში, ა-ის ქ.№9ა-ში მდებარე უძრავი ქონების 3/16 წილი, ასევე, მოსარჩელე ცნობილიყო ქ.თბილისში, ა-ის ქ.№9ა-ში მდებარე უძრავი ქონების 1/6 წილის მესაკუთრედ და ნასყიდობის ფასის – 2000 ლარის 1/16 ნაწილის – 500 ლარის გადახდის სანაცვლოდ, აღნიშნულ უძრავ ნივთზე გაუქმებულიყო ხ. პ-ის საკუთრების უფლება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 11 მარტს ნოტარიუს ც. დ-ის მიერ გაცემული №2-55 სამკვიდრო მოწმობა ½ ნაწილში და ქ. მ-ი ცნობილ იქნა ე. მ-ის ქონების ½ ნაწილის მემკვიდრედ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ, ხოლო დანარჩენ ნაწილში – მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ქ. მ-ი ცნობილ იქნა ე. მ-ის დანაშთი ქონების – ქ.თბილისში, ა-ის ქ.9ა-ში მდებარე უძრავი ქონების ¼-ის ½ ნაწილის მესაკუთრედ, ბათილად იქნა ცნობილი ც. დ-ის მიერ 2009 წლის 11 მარტს გაცემული №2-55 სამკვიდრო მოწმობა ქარელის რაიონის, სოფელ დ-ში (საკადასტრო კოდი: ......) მდებარე სამკვიდრო ქონების ¾ ნაწილში, ქ. მ-ის მეურვე ჯ. ტ-ს, უარი ეთქვა 2012 წლის 30 ნოემბერსა და 2012 წლის 28 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და მოწინააღმდეგე მხარეთა სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ქონების სანაცვლოდ თანხის გადახდაზე, მ., გ. და ო. მ-ების, ლ. კ-ისა და ხ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2014 წლის 30 ივლისს ლ. კ-მ განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებით დადგენილი უზრუნველყოფის ღონისძიების – ყადაღის გაუქმება ქარელის რაიონის სოფელ დ-ში მდებარე მის კუთვნილ ქონებაზე. საქმე განცხადების გამო გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ლ. კ-ის შუამდგომლობა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული ყადაღა ლ. კ-ის (პ.ნ .........) კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქარელის რაიონის სოფელ დ-ში, საკადასტრო კოდი ..............
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ქ. მ-ის მეურვე ჯ. ტ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრულია ადმინისტრაციული დავა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, კერძოდ, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირი ლ. კ-ე, ადმინისტრაციული აქტის, საჯარო რეესტრის ჩანაწერის საკადასტრო კოდი ............ (გაცემის თარიღი 18.03.2009 წელი. მის: ქარელის რაიონი, სოფელი დ-ი) არარად ცნობისა და საჯარო რეესტრის 2012 წლის 06 დეკემბრის №892012126940 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც ქ. მ-ის საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. კ-ის სახელზე, რაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ქ. მ-ის მეურვე ჯ. ტ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა ქ. მ-ის მეურვე ჯ. ტ-ის საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარცელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ქ. მ-ი ცნობილ იქნა ე. მ-ის დანაშთი ქონების – ქ.თბილისში, ა-ის ქ.9ა-ში მდებარე უძრავი ქონების ¼-ის ½ ნაწილის მესაკუთრედ, ბათილად იქნა ცნობილი ც. დ-ის მიერ 2009 წლის 11 მარტს გაცემული №2-55 სამკვიდრო მოწმობა ქარელის რაიონის, სოფელ დ-ში (საკადასტრო კოდი: ...............) მდებარე სამკვიდრო ქონების ¾ ნაწილში, ქ. მ-ის მეურვე ჯ. ტ-ს, უარი ეთქვა 2012 წლის 30 ნოემბერსა და 2012 წლის 28 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და მოწინააღმდეგე მხარეთა სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ქონების სანაცვლოდ თანხის გადახდაზე, რაც ცხადყოფს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემებრის განჩინებით, სამოქალქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერად გაუქმდა ქარელის რაიონის სოფელ დ-ში მდებარე, ლ. კ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება – ყადაღა.
საჩივრის ავტორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის განჩინების გაუქმებას, რომლითაც დაკმაყოფილდა ლ. კ-ის შუამდგომლობა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, ითხოვს იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის- ლ კ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრული აქვს ადმინისტრაციული დავა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, კერძოდ, საჯარო რეესტრის ჩანაწერის საკადასტრო კოდი ........... (გაცემის თარიღი 18.03.2009 წელი. მის: ქარელის რაიონი, სოფელი დ-ი) არარად ცნობისა და საჯარო რეესტრის 2012 წლის 6 დეკემბრის №892012126940 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც ქ. მ-ის საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. კ-ის სახელზე. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუკი მანამდე უძრავი ქონება გასხვისდება ან გაჩუქდება მესამე პირზე, გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება ან სამეურვეო პირის, ქ. მ-ის შელახული ქონებრივი უფლებების დაცვა.
საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის მითითებულ მოსაზრებას ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად და აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას მასზე, რომ, ყოველი ახალი სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, თუნდაც, იმავე მხარეებს შორის, სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, ვინაიდან განსხვავებულია სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები, რაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე სასამართლოს მიერ მხედველობაში მისაღები და შესაფასებელია. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდეგ კი, უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე კვლავ აპირებს ან უკვე აღძრული აქვს მოპასუხის წინააღმდეგ ახალი სარჩელი ან კიდევ აღძრულია ადმინისტრაციული სამართლის საქმე მოპასუხის მიმართ, ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ სამართლებრივ წესრიგს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დანიშნულებასა და მისი გამოყენების მიზანშეწონილობის ფარგლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. მ-ის მეურვე ჯ. ტ-ის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. მ-ის მეურვე ჯ. ტ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური