საქმე №ას-1150-1096-2014 27 იანვარი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებლები - ი.მ მ. კ-ე, ი.მ ი. ლ-ა, ი.მ ი. უ-ა, შპს „წ-ი“ (დირექტორი - მ. მ-ი)
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ი-ე
განმცხადებელთა მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, აღსრულების შეჩერება
სარჩელში დავის საგანი – ლექსიკონის ორიგინალის ან ასლის გავრცელების აკრძალვა, კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ი-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „წ-ის“, ინდივიდუალური მეწარმე მ. კ-ის, ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ-ასა და ინდივიდუალური მეწარმე ი. უ-ას მიმართ ლექსიკონის ორიგინალის ან ასლის გავრცელების აკრძალვის, ასევე კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მან 2005 წელს გამოსცა ბერძნულ-ქართული ლექსიკონი. მოგვიანებით კი, შეიტყო, რომ მოპასუხეები ახდენდნენ ზემოაღნიშნული ლექსიკონების რეალიზაციას ავტორის თანხმობის გარეშე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელემ მის მიერ მითითებული სადავო გარემოება სათანადო მტკიცებულებით ვერ დაასაბუთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს აეკრძალათ მოსარჩელის მიერ შედგენილი ბერძნულ-ქართული ლექსიკონის ორიგინალის ან ასლების გავრცელება და დაეკისრათ ი. ი-სათვის კომპენსაციის სახით თითოეულს 3000 ლარის ანაზღაურება, რაზეც მოპასუხეებმა წარადგინეს საჩივარი.
ამავე სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით საჩივარს ეთქვა უარი, რაც შპს „წ-მა“, ინდივიდუალურმა მეწარმე მ. კ-მ, ინდივიდუალურმა მეწარმე ი. ლ-ამ და ინდივიდუალურმა მეწარმე ი. უ-ამ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე შპს „წ-ის“, ინდივიდუალური მეწარმე მ. კ-ის, ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ-ასა და ინდივიდუალური მეწარმე ი. უ-ას სახელით კერძო საჩივარი წარადგინა მ. ხ-მ, რომელმაც მოითხოვა, მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 06 ნოემბრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების საფუძველზე კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განჩინებით დადგენილ 03-დღიან ვადაში, კერძო საჩივრის ავტორს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მარწმუნებლების სახელით კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი რწმუნებულებების წარდგენა.
საკასაციო პალატის 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინების შესახებ კერძო საჩივარზე ხელისმომწერ მ. ხ-ს ეცნობა 2014 წლის 6 ნოემბერსვე სატელეფონო შეტყობინების გზით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შპს „წ-ის“, ინდივიდუალური მეწარმე მ. კ-ის, ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ-ასა და ინდივიდუალური მეწარმე ი. უ-ას სახელით მ. ხ-ის მიერ შეტანილი კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად, კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
2015 წლის 27 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ი.მ მ. კ-მ, ი.მ ი. ლ-ამ, ი.მ ი. უ-ამ და შპს „წ-ის“ დირექტორმა მ. მ-მა, რომლებმაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-423-ე მუხლების შესაბამისად მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა.
ამავდროულად, განმცხადებლებმა მოითხოვეს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ი.მ მ. კ-ის, ი.მ ი. ლ-ას, ი.მ ი. უ-ასა და შპს „წ-ის“ წინააღმდეგ მიმდინარე სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 06 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს - მ. ხ-ს, რომელსაც არ ჰქონდა კერძო საჩივრის ავტორების ინტერესების საკასაციო სასამართლოში წარმოდგენის უფლებამოსილება. განმცხადებლების განმარტებით, აღნიშნულის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა მათ წინააღმდეგ დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განცხადების განხილვისათვის საჭირო ვადაში შესაძლოა დასრულდეს გადაწყვეტილებაზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, ამიტომ, განმცხადებლებმა მოითხოვეს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მათ წინააღმდეგ მიმდინარე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო NA15003439 საქმეზე წარმოების შეჩერება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლები მოითხოვენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეზე NA15003439 წარმოების შეჩერებას იმ საფუძვლით, რომ არსებობს საქართველოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 06 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს - მ. ხ-ს, რომელსაც არ ჰქონდა კერძო საჩივრის ავტორების ინტერესების საკასაციო სასამართლოში წარმოდგენის უფლებამოსილება, არ არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე მათი სახელით წარდგენილი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
სამოქალაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ ზოგადად სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა და ამდენად, იგი თავისი არსით ემსახურება მოსარჩელის უფლებების დაცვას. შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შეიძლება შეიტანოს მოსარჩელემ. საპროცესო მოქმედება (ი.მ მ. კ-ის, ი.მ ი. ლ-ას, ი.მ ი. უ-ასა და შპს „წ-ის“ წინააღმდეგ მიმდინარე სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება), რომლის გატარებასაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე წარმოდგენილი განცხადების ფარგლებში მოითხოვენ მხარეები, არ წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისკენ მიმართულ ქმედებას და ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო წარმოება დაწყებულია თავად განმცხადებლების (მოპასუხეები) წინააღმდეგ. შესაბამისად, მათი მოთხოვნა ვერ დარეგულირდება სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით (191-1991 მუხლ.).
ამასთან, სამოქალაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ი“ პუნქტის გამოყენების წინაპირობები, ვინაიდან აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ სპეციალური კანონით რეგულირებული ურთიერთობებიდან გამომდინარე დავებზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა. სსკ-ის 432-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს.
ზემოთმოხმობილი ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ აჩერებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურებს. აღსრულების პროცედურის შეჩერების საკითხის დადებითად გადაწყვეტა დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე, რომლის არსებობის მტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე, ეკისრება თავად განმცხადებელს. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლები ვერ ასაბუთებენ უკვე დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას, რის გამოც, ი.მ მ. კ-ის, ი.მ ი. ლ-ას, ი.მ ი. უ-ას, შპს „წ-ის“ განცხადება მათ წინააღმდეგ მიმდინარე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ NA15003439 სააღსრულებო საქმეზე წარმოების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.მ მ. კ-ის, ი.მ ი. ლ-ას, ი.მ ი. უ-ას, შპს „წ-ის“ განცხადება ი.მ მ. კ-ის, ი.მ ი. ლ-ას, ი.მ ი. უ-ას, შპს „წ-ის“ წინააღმდეგ მიმართული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მათ წინააღმდეგ მიმდინარე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ NA15003439 სააღსრულებო საქმეზე წარმოების შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები თ. თოდრია
ნ. ბაქაქური