Facebook Twitter

საქმე №ას-1243-1183-2014 21 იანვარი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ც. თ-ი (მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. თ-ი (განმცხადებელი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გ. თ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ. თ-ის წარმომადგენლებმა მ. კ-ემ და ს. ქ-ამ საჩივრით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვეს შპს „დ. და პ-ის“ საქართველოს მუდმივმომქმედი არბიტრაჟის 2009 წლის 29 დეკემბრის #01/12.09 გადაწყვეტილების გაუქმება.

2014 წლის 30 სექტემბერს გ. თ-ის წარმომადგენლებმა მ. კ-ემ და ს. ქ-ამ განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს საქმის დასრულებამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ც. თ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისთვის მდებარე ქ. თბილისი, ბ-ის (ყოფილი ე-ის) ქ. ..., საკადასტრო კოდი: .... ყადაღის დადება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით გ. თ-ის წარმომადგენლების მ. კ-ისა და ს. ქ-ას განცხადება დაკმაყოფილდა: ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ბ-ის ქ. ...-ში, საკადასტრო კოდი: #... მდებარე უძრავი ქონებიდან, მოპასუხე ც. თ-ის წილს - შენობა-ნაგებობები #6, #7, #8, #9. სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებული იყო ვარაუდი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა საჩივარზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან თ-ის საცხოვრებელი ბინის გასხვისების შემთხვევაში, შეუძლებელი გახდებოდა საჩივრის ავტორის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის (საჩივრის) უზრუნველყოფის სახით ყადაღის გამოყენება გამომდინარეობდა საჩივრის მოთხოვნის იურიდიული ინტერესის დაცვის აუცილებლობიდან, გადაწყვეტილების რეალური აღსრულების ხელშეწყობის მიზნით.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ც. თ-მა, მოითხოვა სააპელაციო პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის გაჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით: განჩინებით ყადაღა დაედო თბილისში, ე. ბ-ის ქ. #...-ში მდებარე უძრავ ქონებიდან (საკადასტრო კოდი #...) ც. თ-ის კუთვნილ წილს, შენობა-ნაგებობები #6; #7; #8; #9 და მიეთითა, რომ აღნიშნული ქონება ეკუთვნოდა ც. თ-ს, რაც საჩივრის ავტორის განმარტებით არ შეესაბამება სინამდვილეს. მართალია, ც. თ-ის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარეობს ზემოაღნიშნულ მისამართზე, მაგრამ მისი საკადასტრო კოდია ... და არა განჩინებაში მითითებული, ასევე ც. თ-ის საკუთრებაში არ შედის შენობა-ნაგებობები #6, #7, #8, #9. როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერში, ასევე საკადსატრო გეგმაში მითითებულია, რომ ც. თ-ის საკუთრებაში ირიცხება შენობა-ნაგებობები #1, #2, #3, #4. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ არის განჩინებაში მითითებული სრულიად სხვა საკადასტრო კოდი და სხვა ნუმერაციის შენობების მესაკუთრედ ც. თ-ი, მაშინ როცა მოპასუხეს ამავე მისამართზე ეკუთვნის უძრავი ქონება, მხოლოდ სრულიად სხვა საკადასტრო კოდით და სხვა ნუმერაციის შენობა-ნაგებობები. შესაბამისად, საჩივრის ავტორის აზრით, გაურკვეველია, კონკრეტულად ვის ქონებას დაედო ყადაღა აღნიშნულ მისამართზე. საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელე გ. თ-ს აღნიშნულ მისამართზე საერთოდ არ აქვს ბინა. გ. თ-ის გამოსახლება არ მოხდა იმის გამო, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არიან ნათესავები და არ სურდათ სახლის გამო კონფლიქტში შესვლა. ც. თ-ს არც მაშინ მოუთხოვია გ. თ-ის სახლის დატოვება, როდესაც მათ, როგორც მიწისძვრისგან დაზარალებულებმა მიიღეს სხვა საცხოვრებელი სახლი. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სასამართლოსადმი სხვადასხვა შინაარსის მოთხოვნებით მიმართვა ემსახურება იმ მიზანს, რომ მოსარჩელე გ. თ-ს და მის ოჯახს სურთ სხვის სახლში უფრო დიდხანს დარჩენა. ეს კი შეუძლებელია, ვინაიდან საჩივრის ავტორის განცხადებით, მოსარჩელის მხრიდან მის მარწმუნებელსა და მარწმუნებლის ძმაზე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა გ. თ-ის წარმომადგენლების მ. კ-სა და ს. ქ-ას განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე: გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის #2ბ/4843-14 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტსა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამის გრაფაში დაშვებული უსწორობა და საბოლოოდ აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „ყადაღა დაედოს ქ. თბილისში, ბ-ის ქ. #...-ში, ც. თ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: #..., შენობა-ნაგებობები #1,#2,#3,#4. (იხ. ს.ფ. 87-88). აღნიშნულ განჩინებას სასამართლომ საფუძვლად დაუდო 2012 წლის 26 ნოემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დადგენილია, რომ ც. თ-ის ქონების საკადასტრო კოდია ..., ხოლო შენობა ნაგებობის ნომრებია #1,#2,#3,#4.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განჩნებით დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა ც. თ-ის საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინება და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და ც. თ-ის საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა გ. თ-ის წარმომადგენლების მ. კ-სა და ს. ქ-ას განცხადება და ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ბ-ის ქ. ...-ში, საკადასტრო კოდი: #... მდებარე უძრავი ქონებიდან მოპასუხე ც. თ-ის წილს - შენობა-ნაგებობები #6, #7, #8, #9 (იხ. ს.ფ. 56-58).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ქ. თბილისში, ბ-ის ქ. ...-ში მდებარე უძრავი ქონებიდან შენობა-ნაგებობებზე #6, #7, #8, #9, რომელიც არ შედიოდა ც. თ-ის საკუთრებაში. საჩივრის ავტორი აქვე მიუთითებს საჯარო რეესტრის ამონაწერსა და საკადასატრო გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, ც. თ-ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება საკადასტრო კოდით .... კერძოდ, შენობა-ნაგებობები #1, #2, #3, #4.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებით გასწორდა ამავე სასამართლოს 1 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „ყადაღა დაედოს ქ. თბილისში, ბ-ის ქ. #...-ში, ც. თ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: #..., შენობა-ნაგებობები #1,#2,#3,#4. (იხ. ს.ფ. 87-88). აღნიშნულ განჩინებას სასამართლომ საფუძვლად დაუდო 2012 წლის 26 ნოემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დადგენილია, რომ ც. თ-ის ქონების საკადასტრო კოდია ..., ხოლო შენობა ნაგებობის ნომრებია #1,#2,#3,#4.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან გამოსწორდა ის ხარვეზი, რომელსაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებდა საჩივრის ავტორი, აღარ არსებობს აღნიშნული საფუძვლით ც. თ-ის საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების კანონიერი საფუძველი.

რაც შეეხება საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სასამართლოს დაუსაბუთებლად გაუჩნდა ვარაუდი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ, რადგან მოსარჩელემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მითითებას შემდეგი გარემოებების გამო:

მოსარჩელე ითხოვს არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც საფუძვლად დაედო მოპასუხის საკუთრების უფლების წარმოშობას სადავო ქონებაზე. ამავე დროს, მოსარჩელე აცხადებს, რომ იგი არის სადავო ქონების ნაწილის მართლზომიერი მფლობელი, რადგან ქონება მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების გზით. ამრიგად, დავის საგანია უძრავი ქონება, რომლის მართლზომიერი მფლობელობის შესახებ უთითებს მოსარჩელე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებები საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლოს წარმოეშვას დასაბუთებული ვარაუდი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. აღნიშნული ინსტიტუტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა წინასწარი და დროებითი ხასიათის ღონისძიებაა და ხდება დარღვეული ან სადავო უფლების შესახებ სასამართლოს არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამიტომ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვისას სასამართლო აფასებს არა საქმის გარემოებებს იმ თვალსაზრისით, უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა სარჩელი, არამედ სასამართლო აფასებს, არსებობს თუ არა ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო შესაძლოა გართულდეს ან ვერ განხორცილედეს საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს აღნიშნული თვალსაზრისითაც ც. თ-ის საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ც. თ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

თ. თოდრია