Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1290-1228-2014 23 იანვარი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ი.-ი კ.-ე, ი. კ.-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.-ი გ.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.-ი გ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.-ი კ.-ისა და ი. კ.-ას მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის საკუთრებას წარმოადგენდა შპს „დ. ...-ის“ 50% წილი, შპს „ბ.-ში“ კი – 37,62%. 2005-2007 წლებში მოპასუხეებმა იძულების წესით, სიმბოლურ ფასად დაათმობინეს ზემოაღნიშნული წილები.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ შპს „დ. ...-ის“ წილი შეიძინეს კანონიერად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, ხოლო შპს „ბ.-ში“ წილის მესაკუთრენი არ ყოფილან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ი.-ი გ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი.-ი კ.-ეს ი.-ი გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 724 877 აშშ დოლარის, ი. კ.-ას კი, – 1 724 877 აშშ დოლარის გადახდა, ი.-ი კ.-ეს მოსარჩელე ი.-ი გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 724 877 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2005 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მოპასუხე ი. კ.-ას მოსარჩელე ი.-ი გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 724 877 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2005 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ი.-ი გ.-ის სარჩელი შპს „ბ.-ს“ წილის ნასყიდობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ი.-ი გ.-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

განმცხადებლის მითითებით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ აპელანტებმა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისი აღსრულებისაგან თავის დაღწევის მიზნით, შესაძლოა, გაასხვისონ მათ საკუთრებაში არსებული ქონება, რაც შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ, მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, თუმცა ის ვერ მოახდენს გადაწყვეტილების აღსრულების ეფექტურ უზრუნველყოფას, ვინაიდან ყადაღა დაედო მხოლოდ ი. კ.-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას – 394 კვ.მ-ს და მის წილს შპს „გ.-ი მ. პ.-ში“. განმცხადებლის ინფორმაციით, საზოგადოებას არანაირი აქტივი არ გააჩნია და წილის ღირებულება მიზერულია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ოდენობა კი, თითოეულ მოპასუხეზე შეადგენს 3 320 000 აშშ დოლარს. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული ქონების ღირებულება აშკარად შეუსაბამობაშია გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ოდენობასთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ი.-ი გ.-ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. კ.-ას (პ/ნ 01006001259) აეკრძალა შპს „ლ. დ.-ში“ (ს/კ ...) მისი კუთვნილი 50%-იანი წილის გასხვისება და დაგირავება; ი.-ი კ.-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა ქალაქ თბილისში, მ.-ის ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონებაში, საკადასტრო კოდი: ... (ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი ... კვ.მ ნაკვეთის წინა ნომერი ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, №2, №3, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი ..., საცხოვრებელი ფართი ...00, დამხმარე ფართი ...00) მისი კუთვნილი 45/145 წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ი.-ი კ.-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა ქალაქ თბილისში, მ.-ის ქუჩა №...-ის მიმდებარედ მდებარე უძრავ ქონებაში საკადასტრო კოდი: ... (ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი ... კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი ...), მისი კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ი.-ი კ.-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა ქალაქ თბილისში, ... ა.-ის ხ.-ი მე-14 კმ. უძრავ ქონებაში საკადასტრო კოდი: ...(ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი ... კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №...) მისი კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ი.-ი კ.-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა ქალაქ თბილისში, დ. ა.-ის გამზირი №50-ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი: ... (ნაკვეთის საკუთრების ტიპი საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი ...00 კვ.მ ნაკვეთის წინა ნომერი 13, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი ...00 კვ.მ) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ი.-ი კ.-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე ბ.-ის რაიონში, დაბა ბ.-ში, საკადასტრო კოდი: ... (ნაკვეთის საკუთრების ტიპი საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო (სათიბი), დაზუსტებული ფართობი ..00 კვ.მ) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ი.-ი კ.-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე ბ.-ის რაიონში, დაბა ბ.-ში, საკადასტრო კოდი: ...(ნაკვეთის საკუთრების ტიპი საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო (სათიბი), დაზუსტებული ფართობი ...00) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ი.-ი კ.-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე ქალაქ თბილისში, ყ.-ის გამზირი №..., საკადასტრო კოდი: ..., სართული 13, ბ. ..., ფართი ...00 კვ.მ, ტერასა ...00 კვ.მ (ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი ...კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი ..., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №1, №2, №3, №4, №5) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ი.-ი კ.-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე ბ.-ის რაიონში, დაბა ბ.-ში, საკადასტრო კოდი: ...(ნაკვეთის საკუთრების ტიპი საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო (სათიბი), დაზუსტებული ფართობი ...00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი ...) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ი.-ი კ.-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა უძრავ ქონებაში, მდებარე ქალაქ თბილისში, დაბა წ.-ში, რ.-ის ... შესახვევი, №.., საკადასტრო კოდი: ... (ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი ...00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი ..., შენობა-ნაგებობების საერთო ფართი ... კვ.მ, საცხოვრებელი ფართი ...) კუთვნილი 1/2 ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ი.-ი კ.-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა შპს „გ.-ში“ (ს/კ ...) კუთვნილი 100% წილის გასხვისება და დაგირავება; ი.-ი კ.-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა შპს „ლ. ჯ.-ში“ (ს/კ ...) კუთვნილი 50%-იანი წილის გასხვისება და დაგირავება; ი.-ი კ.-ეს (პ/ნ ...) აეკრძალა შპს „... ჯ.-ში“ (ს/კ ...) კუთვნილი 50%-იანი წილის გასხვისება და დაგირავება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 271-ე მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ი.-ი გ.-ის განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, მოპასუხეების მიერ კუთვნილი უძრავი ქონებისა და წილების შესაძლო გასხვისების თაობაზე, სასამართლოს უქმნის დასაბუთებულ ვარაუდს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების გარეშე მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების გაძნელების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება. იგი წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში.

სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება უშუალოდ უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების – საკუთრების უფლების შეზღუდვას. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

მხარეთა შორის ინტერესთა ბალანსის შეფასებისა და უზრუნველყოფის ღონისძიების შერჩევის მიზნით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია მხოლოდ ერთ-ერთი მოპასუხის, ი. კ.-ს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის მოცულობის გათვალისწინებით, იმაზე მითითებით, რომ 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით გამოყენებული ღონისძიება არასაკმარისია მისთვის სასარგებლოდ საქმის დასრულების შემთხვევაში გადაწყვეტილების რეალური აღსრულებისათვის, განმცხადებელი (მოსარჩელე) მოითხოვს ყადაღის დადებას ამავე მოპასუხის კუთვნილ 50%-იან წილზე შპს „ლ. დ.-ში“, ხოლო მეორე მოპასუხის, ი.-ი კ.-ის მიმართ ი.-ი გ.-ი ითხოვს როგორც უძრავ ქონებებზე, ისე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში არსებულ წილებზე უზრუნველმყოფი ღონისძიების გამოყენებას. 2014 წლის 28 ოქტომბრის განცხადებაზე თანდართული ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დასტურდება მოპასუხეთა საკუთრების უფლება აღნიშნულ ქონებებზე, ამასთან, ამავე ამონაწერებით ირკვევა, რომ ი.-ი კ.-ის საკუთრებაში არსებულ ქონებებზე გამოყენებულია საგადასახადო გირავნობა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება განცხადებაში მითითებულ ყველა ქონების მიმართ მიზანშეწონილად მიიჩნია.

სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40.1 და 631 მუხლებით და მიუთითა, რომ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, (უძრავ ნივთებთან მიმართებით იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის), მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, თხოვების აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას.

სარჩელის უზრუნველყოფის საჯარო მიზნის (რაც გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას გულისხმობს) და იმავდროულად, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნის ფარგლებში, ნაცვლად მის მიერ მოთხოვნილი ღონისძიებისა (ყადაღისა), გამოყენებულ უნდა იქნას სარჩელის უზრუნველყოფის ისეთი სახის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეებს აეკრძალება განმცხადებლის მიერ მითითებული ქონების გასხვისება და დაგირავება (იპოთეკით დატვირთვა).

სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ღონისძიება საკმარისია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისათვის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანეს ი.-ი კ.-ემ და ი. კ.-ამ, მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა შემდეგი დასაბუთებით:

საჩივრის ავტორის მითითებით, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მიანიშნებდა აღნიშნული ქონების გასხვისების ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთვის საფრთხეზე. გადაწყვეტილებები და განჩინებები კი იურიდიულად უნდა იყოს დასაბუთებული და ეყრდნობოდეს შესაბამის მტკიცებულებებს, რაც სადავო განჩინებაში არ მოიძებნება.

2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით ი.-ი გ.-ის მოთხოვნა უკვე იყო უზრუნველყოფილი ი. კ.-ას უძრავ ნივთზე და საწარმოს წილზე ყადაღის გამოყენებით. ამდენად, დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენების საფუძველი მოცემულ საქმეზე არ არსებობდა.

მხარემ მიიჩნია, რომ ქონების ღირებულება, რომელზეც გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება, გაცილებით აღემატება იმ თანხას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილებით დაეკისრა ი.-ი კ.-ეს და ი. კ.-ას. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებებს შორის. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური, დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების შემთხვევაში საჭიროა უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის მიზნით ი.-ი გ.-ს დაეკისროს მოპასუხეებისათვის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის – 6 640 000 აშშ დოლარის 10%-ის 664 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის უზრუნველყოფის გარანტია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ი. კ.-ასა და ი.-ი კ.-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 197-ე მუხლების თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება საჩივარში მითითებული გარემოება, რომ ვინაიდან განმცხადებელს მოპასუხეების მიერ კუთვნილი ქონების გასხვისების განზრახვის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა.

პალატამ განმარტა, რომ განმცხადებელს, რომელიც სასამართლოს მიმართავს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, ევალება მიუთითოს ისეთ გარემოებებზე, რომელიც სასამართლოს შეუქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ უზრუნველმყოფი ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეიძლება გართულდეს მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულება, ხოლო ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას კანონი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნის წარმდგენ პირს არ ავალდებულებს (სსსკ-ის 191-ე მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ ი.-ი გ.-ის მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებული გარემოება მოპასუხეების მიერ კუთვნილი ქონების შესაძლო გასხვისების შესახებ, ქმნიდა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების გარეშე მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების გაძნელების დასაბუთებულ ვარაუდს, რის გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა.

სააპელაციო პალატამ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია საჩივრის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით ი.-ი გ.-ის მოთხოვნა უკვე იყო უზრუნველყოფილი ი. კ.-ას უძრავი ნივთით და საწარმოს წილზე ყადაღის გამოყენებით, დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

პალატა დაეთანხმა საჩივრის ავტორთა მითითებას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებებს შორის და საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რამდენადაც ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფის მიზნის მისაღწევად.

სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული იყო მხოლოდ ერთ-ერთი მოპასუხის – ი. კ.-ს მიმართ. აღსანიშნავია, რომ განმცხადებელმა, ამავე მოპასუხის კუთვნილ წილზე შპს-ში და მეორე მოპასუხის – ი.-ი კ.-ის უძრავ ქონებასა და წილებზე სხვადასხვა საზოგადოებაში ყადაღის დადება მოითხოვა გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის მოცულობის გათვალისწინებითა და იმაზე მითითებით, რომ 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით გამოყენებული ღონისძიება არასაკმარისია მის სასარგებლოდ საქმის დასრულების შემთხვევაში გადაწყვეტილების რეალური აღსრულებისათვის.

გასაჩივრებული განჩინების მიღებისას, სწორედ მხარეთა შორის ინტერესთა ბალანსის დაცვისა და უზრუნველყოფის ღონისძიების შერჩევის მიზნით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა დავის საგნის მოცულობაზე, სასარჩელო მოთხოვნაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ი.-ი კ.-ის საკუთრებაში არსებულ ქონებებზე გამოყენებულია საგადასახადო გირავნობა, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება განცხადებაში მითითებულ ყველა ქონების მიმართ. ამასთან, მოპასუხის საკუთრების უფლების გაუმართლებლად შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, ნაცვლად განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიებისა – ყადაღისა, სასამართლომ საკმარისად ჩათვალა ქონების გასხვისებისა და იპოთეკით (გირავნობით) დატვირთვის მოპასუხეთათვის აკრძალვის გამოყენება.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის არგუმენტი უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლების არაადეკვატურობაზე სასარჩელო მოთხოვნის მოცულობასთან მიმართებით, რადგან საჩივრის ავტორთა მიერ წარმოდგენილი არ არის ქონების ღირებულების განსაზღვრის ან რაიმე სახის ისეთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული ღონისძიებების სასარჩელო მოთხოვნასთან შეუსაბამობას.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობს ასევე გამოყენებული საპროცესო მოქმედების – სარჩელის უზრუნველყოფის შედეგად მოპასუხისათვის სავარაუდო ზიანის უზრუნველყოფის გარანტირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ გათვალისწინებული საპასუხო უზრუნველყოფა არის მოპასუხის ინტერესების სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს გაუმართლებელი ღონისძიებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. სასამართლო უფლებამოსილია, სარჩელის უზრუნველყოფის გარანტირება მოახდინოს როგორც თავისი ინიციატივით, ასევე მოპასუხე მხარის განცხადების საფუძველზე. ამასთან, ორივე შემთხვევაში, მისი გამოყენება დამოკიდებულია მოსალოდნელ, შესაძლო ზიანის წარმოშობის საფრთხესთან. ასეთი საფრთხის ვარაუდს უნდა ქმნიდეს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რამაც შესაძლოა მხარეს ზიანი მიაყენოს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის გარანტიის წარმოდგენის მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს განმცხადებლის მიერ კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას და შესაბამის დასაბუთებას გარანტიის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ. მხოლოდ ის გარემოება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით იზღუდება მოპასუხის უფლებამოსილება და მითითება ზარალის ოდენობაზე, არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსარჩელისათვის მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის მოთხოვნის საფუძველს. მხარემ, რომელიც ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას, უნდა მიუთითოს იმ მოსალოდნელ ზიანზე, რაც შეიძლება რეალურად მოჰყვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას და, შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს თავისი მოსაზრება. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითების ვალდებულება, რომელიც ადასტურებს მოსარჩელისაგან შესაბამისი გარანტიის წარდგენის აუცილებლობის ვარაუდს, ეკისრება განმცხადებელს, რასაც მოცემულ შემთხვევაში მხარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ ასაბუთებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.-ი კ.-ისა და ი. კ.-ას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ი.-ი გ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი.-ი კ.-ეს ი.-ი გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 724 877 აშშ დოლარის, ი. კ.-ას კი, – 1 724 877 აშშ დოლარის გადახდა, ი.-ი კ.-ეს მოსარჩელე ი.-ი გ.-ის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 1 724 877 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2005 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მოპასუხე ი. კ.-ას კი, – 1 724 877 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა 2005 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ი.-ი გ.-ის სარჩელი შპს „ბ.-ს“ წილის ნასყიდობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ მოცემული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრისა და 12 დეკემბრის განჩინებების დასაბუთებას, რომელთა თანახმად დაკმაყოფილდა ი.-ი გ.-ის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

ამდენად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ი.-ი გ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სრულიად საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დასტურდება მოპასუხეთა საკუთრების უფლება იმ ქონების მიმართ, რომელზეც გავრცელდა უზრუნველყოფის ღონისძიება. ამავდროულად, ი.-ი კ.-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გამოყენებულია საგადასახადო გირავნობა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას საჩივრის იმ არგუმენტის დაუსაბუთებლად ცნობის თაობაზე, რომლითაც მხარე მიუთითებდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით ი.-ი გ.-ის მოთხოვნა უკვე იყო უზრუნველყოფილი ი. კ.-ას უძრავი ნივთით და საწარმოს წილზე ყადაღის გამოყენებით, შესაბამისად, დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული იყო მხოლოდ ერთ-ერთი მოპასუხის – ი. კ.-ს მიმართ. სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ განმცხადებელმა შპს-ში ამავე მოპასუხის კუთვნილ წილზე და მეორე მოპასუხის – ი.-ი კ.-ის უძრავ ქონებასა და წილებზე სხვადასხვა საზოგადოებაში ყადაღის დადება მოითხოვა გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის მოცულობის გათვალისწინებით და იმაზე მითითებით, რომ 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით გამოყენებული ღონისძიება არასაკმარისია მის სასარგებლოდ საქმის დასრულების შემთხვევაში გადაწყვეტილების რეალური აღსრულებისათვის.

ამდენად, სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა შექმნილი ვითარება, მხედველობაში მიიღო დავის საგნის მოცულობა, ის ფაქტი, რომ ი.-ი კ.-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გამოყენებულია საგადასახადო გირავნობა და მიზანშეწონილად მიიჩნია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება განცხადებაში მითითებული ქონების სრული ჩამონათვალის მიმართ. ამასთან, მოპასუხის საკუთრების უფლების გაუმართლებლად შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, ნაცვლად განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიებისა – ყადაღისა, სასამართლომ საკმარისად ჩათვალა ქონების გასხვისებისა და იპოთეკით (გირავნობით) დატვირთვის მოპასუხეთათვის აკრძალვის გამოყენება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორთა არგუმენტს, რომ ქონების ღირებულება, რომელზეც გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება, გაცილებით აღემატება იმ თანხას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილებით დაეკისრა ი.-ი კ.-ეს და ი. კ.-ას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

აღნიშნული ნორმა ადგენს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს და კონკრეტული ფაქტის არსებობის სარწმუნოდ დადასტურებას ავალებს იმ მხარეს, რომელმაც იგი თავისი პოზიციის დასადასტურებლად დაასახელა.

განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება სადავო ქონების ღირებულების დასადასტურებლად, რაც მათი მტკიცების ტვირთს განეკუთვნებოდა.

დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორთა პრეტენზია მის მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზეც. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას, თუმცა ამისათვის სასამართლო უნდა დარწმუნდეს ასეთი ზარალის წარმოშობის რეალურობაში.

მხარემ კი, ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა გარემოებები უდევს საფუძვლად მის ზემოხსენებულ მოთხოვნას და რით დასტურდება მისთვის მოსალოდნელი ზიანის მიყენების ალბათობა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის თანახმად, მის მოვალეობას წარმოადგენდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.-ი კ.-ისა და ი. კ.-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრისა და 12 დეკემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ნ. ბაქაქური