№ას-883-845-2014 30 იანვარი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი
მოწინააღმდეგე მხარეები – ი. ყ-ა, ლ. ყ-ა, ლ. მ-ი, რ. ი-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ლ. ყ-ამ, ი. ყ-ამ, ლ. მ-მა და რ. ი-მა მოპასუხე სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ და მოითხოვეს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ყ-ას, ი. ყ-ას, ლ. მ-ისა და რ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით:
1. ი. ყ-ას, ლ. მ-ის და რ. ი-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა;
2. ლ. ყ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
3. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
4. ი. ყ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა:
ა. გაუქმდა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2013 წლის 28 ივნისის №108/კ ბრძანება ი. ყ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ი. ყ-ა აღდგენილ იქნა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის საკადრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (საიდუმლო საქმისმწარმოებლის) პოზიციაზე;
ბ. სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს ი. ყ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 28 ივლისიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად 432 ლარის ანაზღაურება;
5. ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
ა. გაუქმდა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2013 წლის 28 ივნისის №106/კ ბრძანება ლ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ლ. მ-ი აღდგენილ იქნა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის აფთიაქის ფარმაცევტის პოზიციაზე;
ბ. სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს ლ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 28 ივლისიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად 672 ლარის ანაზღაურება;
6. რ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
ა. გაუქმდა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2013 წლის 28 ივნისის №115/კ ბრძანება რ. ი-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და რ. ი-ი აღდგენილ იქნა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მატერიალური ფასეულობების ავტოფარეხის უფროსის პოზიციაზე;
ბ. სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს რ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 28 ივლისიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად 576 ლარის ანაზღაურება;
7. ლ. ყ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
ა. გაუქმდა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დორექტორის 2013 წლის 28 ივნისის №112/კ ბრძანება;
ბ. სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს ლ. ყ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 28 ივლისიდან 2013 წლის 28 ოქტომბრამდე ყოველთვიურად 336 ლარის ანაზღაურება;
გ. ლ. ყ-ას უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის N19 ბრძანებით, ი. ყ-ა 2010 წლის 2 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაინიშნა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო შესყიდვების ჯგუფის შესყიდვების სპეციალისტად;
სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2011 წლის 3 იანვრის N8/ხ ბრძანებით, ი. ყ-ასთან გაფრომდა შრომითი ხელშეკრულება და 2011 წლის 3 იანვრიდან 2 თვის ვადით დაინიშნა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო შესყიდვების ჯგუფის შესყიდვების სპეციალისტად. 2011 წლის 15 თებერვლიდან იგი დაინიშნა სამხედრო ჰოსპიტალში კანცელარიის საიდუმლო საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე 2 თვის გამოსაცდელი ვადით, ხოლო 2013 წლის 15 აპრილიდან – საიდუმლო საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე;
სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2013 წლის 28 ივნისის №108/კ ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებით დამტკიცებული ’’სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დებულების’’ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის 20 ივნისის №4/440 წერილით წარდგენილი სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის საშტატო ნუსხისა და სსიპსაქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 28 ივნისის №90/ო ბრძანების საფუძველზე, ი. ყ-ა გათავისუფლდა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის კანცელარიის საიდუმლო საქმისმწარმოებლის თანამდებობიდან;
სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის ი. ყ-ას ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენდა 540 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები თანხა – 432 ლარს. სამსახურიდან გათავისუფლებისას მასთან განხორციელდა საბოლოო ანგარიშსწორება ერთი თვის ხელფასის ოდენობით, ასევე ანაზღაურდა გამოუყენებელი შვებულების 12 დღის თანხა;
ი. ყ-ას მხრიდან სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობის დროს ადგილი არ ჰქონია შრომის დისციპლინის დარღვევას, მის მიმართ დისციპლინარული ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის 20 ივნისის №4/440 წერილით წარდგენილი სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის საშტატო ნუსხის შესაბამისად, რაც დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ, სამხედრო ჰოსპიტალისათვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისა და ერთგვაროვანი სამუშაოს ერთ სტრუქტურულ ერთეულში დაჯგუფების, აგრეთვე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობებისა და ამ სტრუქტურული ერთეულების დასახელებების მიზნით, 2013 წლის 1 ივლისს სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 28 ივნისის №90/ო ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია;
სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში 2013 წლის 1 ივლისს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა „საქმის წარმოებისა და საკადრო საკითხთა განყოფილება“, კერძოდ, რეორგანიზაციის შედეგად მოხდა რეორგანიზაციამდე არსებული საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის განყოფილებისა და კანცელარის განყოფილების შერწყმა და შეიქმნა „საქმის წარმოებისა და საკადრო საკითხთა განყოფილება“;
საქმეზე წარდგენილი სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის საშტატო განრიგის, 2012 წლის 12 დეკემბრის ხელფასისა და 2013 წლის 20 ივნისის ფონდის ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ საიდუმლო საქმისმწარმოებლის პოზიცია შედიოდა კანცელარიის განყოფილებაში და განისაზღვრებოდა 1 საშტატო ერთეულით 2013 წლიდან აღნიშნული პოზიცია 1 საშტატო ერთეულის სახით შევიდა „საქმის წარმოებისა და საკადრო საკითხთა განყოფილებაში“, ანუ საიდუმლო საქმისმწარმოებლის პოზიცია არ გაუქმებულა და არც საშტატო რიცხოვნობა შემცირებულა;
ამასთან, სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 12 ივლისის წერილის თანახმად დადასტურდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად საიდუმლო საქმის მწარმოებლის საშტატო ერთეული არ გაუქმებულა და ი. ყ-ას მიერ დაკავებული საშტატო ერთეული დაექვემდებარა საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა განყოფილებას;
ლ. ყ-ა 2012 წლის 31 ოქტომბრიდან სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში დაინიშნა ავტომატიზირებული მართვის სამსახურის ოპერატორის თანამდებობაზე 2 თვის გამოსაცდელი ვადით, ხოლო 2012 წლის 15 ნოემბრიდან – კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის გადაუდებელი დახმარების განყოფილების რეგისტრატორის თანამდებობაზე. 2013 წლის 18 მარტის ბრძანებით დაინიშნა იგი კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის გადაუდებელი დახმარების განყოფილების რეგისტრატორის თანამდებობაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად. ლ. ყ-ას დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის თაობაზე პრეტენზია არც წინამდებარე სარჩელის განხილვისას გამოუთქვამს და სადავოდაც არ გაუხდია მოპასუხის მიერ მისი დანიშვნის ბრძანება;
სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2013 წლის 28 ივნისის №112/კ ბრძანებით ლ. ყ-ა გათავისუფლდა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის კანცელარიის საიდუმლო საქმისმწარმოებლის თანამდებობიდან, ,,საქართველოს შრომის კოდექსის” 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დებულების’’ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „’გ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის 20 ივნისის №4/440 წერილით წარდგენილი სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის საშტატო ნუსხისა და სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 28 ივნისის №90/ო ბრძანების საფუძველზე;
სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის ლ. ყ-ას ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენდა 420 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები თანხა 336 ლარს. სამსახურიდან გათავისუფლებისას მასთან განხორციელდა საბოლოო ანგარიშსწორება ერთი თვის ხელფასის ოდენობით, ასევე ანაზღაურდა გამოუყენებელი შვებულების 12 დღის თანხა;
საქმეზე წარდგენილი სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის 2012 წლის 12 დეკემბრის და 2013 წლის 20 ივნისის საშტატო განრიგისა და ხელფასის ურთიერთშეჯერების შედეგად სდადგინდა, რომ კრიტიკული და გადააუდებელი მედიცინის დეპარტამენტის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში იყო რეგისტრატორის 4 საშტატო ერთეული ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დეპარტამენტის შემადგენლობაში 2 რეგისტრატორის პოზიცია. 2013 წლის 1 ივლისის რეორგანიზაციის შედეგად რეგისტრატორის 4 საშტატო ერთეული მოექცა მიმღები განყოფილების შემადგენლობაში, ხოლო ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დეპარტამენტის შემადგენლობაში კვლავ 2 რეგისტრატორის პოზიცია იქნა გათვალისწინებული. სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გაცემული ცნობით ლ. ყ-ას ეცნობა, რომ 2013 წლის 1 ივლისს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული დაექვემდებარა მიმღებ განყოფილებას;
რ. ი-ი 2012 წლის 21 თებერვლიდან 2013 წლის 1 ივლისამდე მუშაობდა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სამეურნეო და სამედიცინო-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ავტოფარეხის უფროსად;
სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2013 წლის 28 ივნისის №115/კ ბრძანებით რ. ი-ი გათავისუფლდა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის სამეურნეო და სამედიცინო-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ავტოფარეხის უფროსის თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დებულების’’ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ’’ ქვეპუნქტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის 20 ივნისის №4/440 წერილით წარდგენილი სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 28 ივნისის №90/ო ბრძანება;
გათავისუფლებისას რ. ი-ს აუნაზღაურდა ერთი თვის ხელფასის ოდენობის საკომპენსაციო თანხა;
2013 წლის 1 ივლისს ჩატარებულ რეორგანიზაციამდე რ. ი-ის მიერ დაკავებული პოზიცია – ავტოფარეხის უფროსი, შედიოდა სამეურნეო და სამედიცინო-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის შემადგენლობაში და განისაზრვრებოდა 1 საშტატო ერთეულის სახით. რეორგანიზაციის შედეგად აღნიშნული ოზიცია გათვალისწინებულ იქნა მატერიალური ფასეულობების დაგეგმვისა და მომარაგების განყოფილებაში კვლავ ერთი საშტატო ერთეულის სახით;
ლ. მ-ი 2012 წლის 19 აგვისტოდან მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტალში ფარმაცევტის პოზიციაზე. მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 840 ლარს, დაბეგვრის შემდეგ ხელზე იღებდა 672 ლარს. სამსახურიდან განთავისუფლებისას მასთან განხორციელდა საბოლოო ანგარიშსწორება – ერთი თვის ხელფასის ოდენობით, ასევე ანაზღაურდა გამოუყენებელი საშვებულებო თანხა;
სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2013 წლის 28 ივნისის №106/კ ბრძანებით ლ. მ-ი გათავისუფლდა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის კანცელარიის საიდუმლო საქმისმწარმოებლის თანამდებობიდან, გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებით დამტკიცებულ „სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დებულების’’ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ’’ ქვეპუნქტზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის 20 ივნისის №4/440 წერილით წარდგენილ სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის საშტატო ნუსხისა და სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 28 ივნისის №90/ო ბრძანებაზე;
2013 წლის რეორგანიზაციამდე ფარმაცევტის პოზიცია შედიოდა სააფთიაქო სამსახურის დაქვემდებარებაში 2 საშტატო ერთეულის სხით, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ კვლავ 2 საშტატო ერთეულის სახით დაექვემდებარა აფთიაქის სამსახურს. სამხედრო ჰოსპიტალის 2013 წლის 15 ივლისის წერილით ასევე დასტურდებოდა, რომ ფარმაცევტის პოზიცია რეორგანიზაციის შედეგად არ გაუქმებულა;
საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2013 წლის 1 ივლისის რეორგანიზაციამდე ჰოსპიტალის თანამშრომლების საერთო საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრებოდა 533 საშტატო ერთეულით. სამინისტროს 2013 წლის 20 ივნისის №4/440 წერილით წარდგენილი სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის საშტატო ნუსხის შესაბამისად, ჰოსპიტალის საშტატო ერთეულთა რაოდენობა კვლავ 533-ს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჰოსპიტალში ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას, რაც სამსახურების ცვლილებებში და სხვადასხვა სამსახურებში შტატების ოპტიმიზაციაში გამოიხატა. თითოეული მოსარჩელისათვის ჰოსპიტალის მიერ გაცემული პასუხებით ცალსახა იყო, რომ ჰოსპიტალში არ არსებობდა მათ მიერ დაკავებული პოზიციის ფუნქციების განმსაზღვრელი რაიმე დოკუმენტი. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ რეორგანიზაციის შედეგად იმგვარად შეიცვალა რომელიმე პოზიციისათვის წაყენებული მოთხოვნები, რომ მოსარჩელეები მას ვეღარ აკმაყოფილებდნენ. თავად თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 20 ივნისის №440 წერილით დამტკიცებული სამხედრო ჰოსპიტალის საშტატო ნუსხის თანახმად, რეორგანიზაცია განხორციელდა სსამხედრო ჰოსპიტალისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისა და ერთგვაროვანი სამუშაოს ერთ სტრუქტურულ ერთეულში დაჯგუფების, ასევე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების და ამ სტრუქტურული ერთეულების დასახელებების თანხვედრის მიზნით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალურ ქარტიაზე და განმარტა, რომ ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ეს ნორმა დამსაქმებელს უდავოდ ანიჭებს ხელშეკრულების მოშლის უფლებას, თუმცა სამართალურთიერთობაში მნიშვნელოვანი და ძირეული პრინციპია უფლების მართლზომიერად გამოყენება. დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენება მართლზომიერია იმ ზღვრამდე, სადამდეც ამ უფლების გამოყენება შესაძლებელია დასაქმებულის შრომის უფლების არალეგიტიმური შეზღუდვის გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის შესაგებლებზე, რომლებშიც ერთი მხრივ, მითითებულია, რომ ჰოსპიტალის დირექტორს დებულებით მინიჭებული აქვს თანამშრომლების დანიშვნა-გათავისუფლების უფლება და შრომის კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე შეუძლია ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება, ხოლო მეორე მხრივ, ხელშეკრულების სმოშლის მიზეზად რეორგანიზაციაა დასახელებული.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კვლევის საგანს ბუნებრივია არ წარმოადგენდა საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო ახალი წესით საშტატო ნუსხის ჩამოყალიბება. სასამართლო ასევე ვერ ჩაერეოდა მენეჯერული ფუნქციების განხორციელებისას კადრების შერჩევის თუ გადაადგილების პროცესის შემოწმებაში. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მხრიდან საერთოდ არ გამოთქმულა მოსარჩელეების მიმართ პრეტენზია მათი არაკომპეტენტურობის, უდისციპლინობის, უკეთესი კადრებით ჩანაცვლების საჭიროების თაობაზე. აპელანტები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ ჰოსპიტალში სხვადასხვა პოზიციებზე, მათი შრომითი ურთიერთობა ვადით არ იყო შემოსაზღვრული. უკანასკნელად დაკავებულ პოზიციებზეც ისინი უვადოდ დაინიშნენ (გარდა ლ. ყ-ასი, რომელი დროებით მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა კონკურსამდე ვადით) და მათთან ხელშეკრულების მოშლის ერთადერთ საფუძვლად მოპასუხე რეორგანიზაციას ასახელებდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულების სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთ განმაპირობებელ კანონისმიერ საფუძვლად შტატების შემცირება ან ფუნქციების მატება და, შესაბამისად, რეორგანიზაციამდე დასაქმებული კადრების უკვე არასაკმარისი კვალიფიკაცია შეიძლებოდა მიჩნეულიყო. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა რეორგანიზაციის შედეგად არც შტატების შემცირების ფაქტი და არც ახალი საშტატო ნუსხით განსაზღვრულ შესაბამის პოზიციებზე მოსარჩელეების მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებულ თანამდებობებზე არსებული მოთხოვნებიდან განსხვავებული მოთხოვნების არსებობა. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, რომ მისი მხრიდან შრომითი ხელშეკრულების მოშლის უფლება მართლზომიერად იყო გამოყენებული.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების მოშლა დამსაქმებლის ცალმხრივი ნების გამოხატვაა, რომელსაც დასაქმებულთან არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა მოსდევს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებთან ხელშეკრულების მოშლა ბათილად უნდა ცნობილიყო.
შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობჲთ.
საპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეები (გარდა ლ. ყ-ასი) უნდა აღდგენილიყვნენ სამუშაოდ სამხედრო ჰოსპიტალში იმ თანამდებობებზე, რომლებიც შეესაბამებოდა მათ მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებულ პოზიციებს, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს პოზიციები არსებობდა და მათ რეალურად ფუნქციური ცვლილებები არ განუცდიათ. რაც შეეხებოდა ლ. ყ-ას, მას ჰოსპიტალში ეკავა რეგისტრატორის პოზიცია კონკურსამდე ვადით. მხარეთა განმარტებით უდავო იყო, რომ კონკურსი ჩატარდა 2013 წლის ნოემბერში, შესაბამისად, მასთან ხელშეკრულება უნდა უნდა განხილულიყო ვადიან ხელშეკრულებად დაა ვადის ამოწურვის გამო, მისი თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელი იყო.
შრომის კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის ხელშეკრულების საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების ბათილობამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი განთავისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკამყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2013 წლის 28 ივნისის №90/ო ბრძანება გამოცემულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დებულების“ მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის 20 ივნისის №4/440 წერილით წარმოდგენილი სამხედრო ჰოსპიტალის საშტატო ნუსხის შესაბამისად, სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისათვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულების, ერთგვაროვანი სამუშაოს ერთ სტრუქტურულ ერთეულში დაჯგუფების, აგრეთვე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობებისა და ამ სტრუქტურული ერთეულების დასახელებების თანხვედრის მიზნით. ზემოაღნიშნული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისა და ერთგვაროვანი სამუშაოს ერთ სტრუქტურულ ერთეულში დაჯგუფება, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობებისა და ამ ერთეულების დასახელებების თანხვედრა სწორად გულისხმობს სამხედრო ჰოსპიტალში არსებული შტატების სტრუქტურულ რეორგანიზაციას. დასახელებებისა და დაქვემდებარებების შეცვლას შედეგად მოჰყვა აგრეთვე, თანამდებობათა ფუნქცია-მოვალეობების ცვლილება, რასაც ცალსახად მოიაზრებს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის 2013 წლის 28 ივნისის ბრძანება;
სასამართლომ გადაწყვეტილებაში გამოიყენა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომელიც სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის მიერ გათავისუფლების ბრძანებების მიღებისას ძალაში არ იყო შესული. ხსენებული ცვლილებები 2013 წლის 5 ივლისიდან ამოქმედდა. ამასთან, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი სასამართლოს ალტერნატივის გამოყენების უფლებას ანიჭებს, სასამართლოს შეუძლია იმავე თანამდებობაზე აღადგინოს პირი, ან იგი უზრუნველყოს ტოლფასი სამუშაოთი, ან კიდევ დამსაქმებელს განუსაზღვროს კომპენსაციის ოდენობა, რომელიც ამ უკანასკნელმა უნდა გადაიხადოს. მიუხედავად ამისა, საქმის განმხილველმა სასამართლომ კანონით დადგენილი ალტერნატივის ნაცვლად დამსაქმებელს ერთად დააკისრა 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ყველა შესაძლო ალტერნატივა, რითაც გაუმართლებლად შელახა მისი უფლება.
სასამართლომ არ გამოიყენა შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლების ის დანაწესები, რომლებიც 2013 წლის 5 ივლისამდე არეგულირებდა შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში მყოფ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის მოშლის საფუძველს. 2013 წლის 5 ივლისის ცვლილებებამდე შრომის კოდექსის 38-ე მუხლი იცნობდა ერთ-ერთი მხარის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობას. ამასთან, თუკი შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინიციატორს დასაქმებული წარმოადგენდა, იგი ვალდებული იყო არანაკლებ 30 კალდენდარული დღით ადრე წერილობით გაეფრთხილებინა დამსაქმებელი და დასაქმებულისათვის არანაირ დამატებით ვალდებულებას არ ითვალისწინებდა, ხოლო თუ შრომითი ხელშეკრულების მოშლა დამსაქმებლის ინიციატივით ხდებოდა, დასაქმებულს მიეცემოდა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება. ამ შემთხვევაშიც კანონი არ ავალდებულებდა დამსაქმებელს დამატებით რაიმე ვალდებულების შესრულებას დასაქმებულის მიმართ, რითაც დაცული იყო ორი თანასწორი მხარის უფლება-მოვალეობებს შორის ბალანსი და სასამართლოები აღნიშნული მუხლის საფუძველზე იღებდნენ გადაწყვეტილებას. თუკი შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველს, ასეთ შემთხვევაზე მოცემული მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდებოდა;
სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული სამხედრო ჰოსპიტალის ძველი და ახალი საშტატო ნუსხა და მათში მითითებული გარემოებები, მოსარჩელეთა თანამდებობების, მათი სამსახურეობრივი დაქვემდებარების, აგრეთვე, სტრუქტურულ ერთეულებში ცვლილებების შესახებ. შედეგად, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ამავე კოდექსის 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში განხორციელდა რეორგანიზაცია, ეს გარემოება მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერ საფუძველს წარმოადგენდა. საკასაციო პალატა კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ამ დაწესებულებაში შტატები არ შემცირებულა, ამასთან, რეორგანიზაციამდე მოსარჩელეთა მიერ დაკავებული თანამდებობებისათვის გათვალისწინებული ფუნქციები რეორგანიზაციის შემდეგ არ შეცვლილა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ამ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსკ-ის 407.2 მუხლი). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებულია ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განცხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ზემოხსენებული სახით რეორგანიზაციის ფაქტი სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია და არც კასატორს წარმოუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია, შესაბამისად, მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი არ არსებობდა.
კასატორის პრეტენზია ეფუძნება ასევე იმ გარემოებას, რომ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა შრომის კოდექსის 38.8 მუხლი, ვინაიდან ეს ნორმა სადავო ურთიერთობის წარმოშობის მომენტში (მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების დროს) ჯერ კიდევ არ იყო შესული ძალაში, იგი ამოქმედდა 2013 წლის 5 ივლისს, მოსარჩელეები კი სამსახურიდან გათავისუფლდნენ 2013 წლის 28 ივნისს. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას მითითებული ნორმის არასწორად გამოყენების თაობაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს გარემოება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამუშაოზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობას ითვალისწინებდა სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი შრომის კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსთან ერთად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე #ას-1391-1312-2012).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე