№ას-101-96-2014 10 თებერვალი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ვ. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ-ე, ზ. ს-ე, ი. მ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ. დ-მ მოპასუხეების - დ. ბ-ის, ზ. ს-ისა და ი. მ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისთვის 2220 ლარის სოლიდარულად დაკისრება, ასევე მათთვის საცხოვრებელი ბინის სავენტილაციო მილების გახსნის დავალდებულება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
1. ვ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. დ. ბ-ს, ზ. (ხ-ა) ს-ს და ი. მ-ს მოსარჩელე ვ. დ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1730 ლარის გადახდა;
3. სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხეებისათვის სავენტილაციო მილების გახსნის დავალების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
1. ვ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. დაკმაყოფილდა დ. ბ-ის, ზ. ს-ისა და ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი;
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
4. ვ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ვ. დ-ს ეკუთვნის ქ.ბათუმში, ფ. მ. ქ.№105-ში მდებარე მრავალბინიან, 5-სართულიან სახლში მე-2 სართულზე არსებული №51 საცხოვრებელი ბინა;
მითითებულ მრავალბინიან სახლზე მანსარდის დაშენებისათვის, სახლში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-ე” 2008 წლის 30 დეკემბერს გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომელიც საქმის განხილვის მომენტისათვის გაუქმებული არ ყოფილა;
მოსარჩელის კუთვნილი ბინის ლოჯიაში დაზიანებები გამოიწვია სახლის მეექვსე სართულის დაშენებამ, რომლის გარეთა მზიდი კედელი დაშენებულია მეხუთე სართულის ლოჯის კარნიზის 0.45 მეტრის ზონაში; იგი უნდა დაშენებულიყო ლოჯის რკინა-ბეტონის სვეტზე მდებარე რკინა-ბეტონის კოჭის ზონაში, რაც უზრუნველყოფდა დატვირთვის და ძაბვების თანაბარ განაწილებას. ხარჯთაღრიცხვით მითითებულ ლოჯიაზე სარემონტო სამუშოების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 2220 ლარს, რომელიც მოიცავდა: დაშლით სამუშაოებს (იატაკიდან დაზიანებული დიქტის დემონტაჟი, კედლიდან დაზიანებული კერამიკული ფილების დემონტაჟი, შიდა კედლებიდან ძველი ბათქაშის ჩამოყრა, პლინტუსების დემოტაჟი, ალუმინის ვიტრაჟის მოწყობა), ახალი ალუმინის ვიტრაჟების მოწყობას (აბაზანაში), იატაკზე დიქტისა და პლინტუსების მოწყობას, ბათქაშის და სამღებრო სამუშაოებს, ასევე – დღგ-ს 18%-ს;
დასახელებული გარემოებების დადგენისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: მხარეთა ახსნა-განმარტებებს; ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ გაცემულ №289/08 მშენებლობის ნებართვას; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2010 წლის 21 ივნისის №2314-08-4 დასკვნას; შპს ,,ა-ის” ხარჯთაღრიცხვას;
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში სადავო იყო ის გარემოება – თუ კონკრეტულად ვინ აწარმოა მანსარდის (მე-6 სართულის) მშენებლობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის კუთვნილი ბინის დაზიანება. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელმაც წარადგინა შემდეგი მტიცებულებები:
ა. საკუთარი 2010 წლის 26 ნოემბრის განცხადება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-ის” თავმჯდომარის სახელზე, რომლის ბოლოშიც არის შემდეგი მინაწერი: ,,ყველა თავისთვის ააშენა მშენებლობა მე-6 სართულზე თავისი ხარჯებით, თვითონ არიან პასუხისმგებელი თავის დაშენებულზე... კერძოდ: გ. ც-ე მცხოვრები 1-ლ სადარბაზოში და მ. ბ-ე ცხოვრობს მე-4 სადარბაზოში და ააშენეს თავის ხარჯზე მე-6 სართული”. სააპელაციო სასამართლომ ეს მტკიცებულება არ გაიზიარა, ორი მიზეზის გამო: 1. მტკიცებულება მკაფიოდ იდენტიფიცირებადი ფორმით (ანუ – სრული სახელითა და გვარით) ვერ მიუთითებდა მოპასუხეებზე, როგორც სადავო მანსარდის ამშენებელ პირებზე; გაურკვეველი იყო, ვინ არის ,,მ. ბ-ე”, რადგან საქმეში მოპასუხედ ჩაბმული იყო დ. ბ-ე; 2. მტკიცებულება შექმნილი იყო დაინტერესებული პირის მიერ, ანუ – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე დაინტერესებული იყო – აერიდებინა შესაძლო მატერიალური პასუხისმგებლობა ამხანაგობისაგან, რადგან იცოდა, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო ამხანაგობაზე და ვ. დ-ც პრეტენზიებს სწორედ ამხანაგობას უყენებდა, მშენებლობიდან გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისათვის;
ბ. მოწმის – გ. ც-ის ჩვენება, რომელმაც ასევე ვერ მიუთითა კონკრეტულად მოპასუხეებზე, როგორც სადავო მანსარდის ამშენებელ პირებზე.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების მოვალეობა ვერ შეასრულა: მან ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ იმაზე, რომ მანსარდა (მე-6 სართული) სახლს, შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციით (პროექტი, მშენებლობის ნებართვა) დადგენილი პარამეტრების დარღვევით, დააშენეს სწორედ მოპასუხე ფიზიკურმა პირებმა. უფრო მეტიც, საქმეზე წარდგენილი არ იყო მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ზ. ს-ს საერთოდ ეკუთვნოდა სადავო მანსარდის რაიმე ნაწილი.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეში სარჩელი ეფუძნებოდა დელიქტურ ვალდებულებას: მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხეების უკანონო ქმედებით მას მიადგა ზიანი, რომელიც უნდა ანაზღაურებოდა.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ მოპასუხეებს დაკისრებოდათ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, მოსარჩელე ვალდებული იყო – დაემტკიცებინა, რომ სწორედ მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით მიადგა ზიანი მოსარჩელეს. მოსარჩელემ ეს ვალდებულება ვერ შეასრულა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება, რომელიც გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, დაეფუძნა იმას, რომ მოსარჩელე ვ. დ-მ კატეგორიული უარი განაცხადა სააპელაციო სასამართლოს შეთავაზებაზე – სათანადო მოპასუხედ საქმეში ჩაბმულიყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა-ი”.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ამხანაგობის სათანადო მოპასუხედ მიჩნევის თაობაზე დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიუთითა – საქმე განეხილა დ. ბ-ის, ზ. ს-ისა და ი. მ-ის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის ფარგლებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, რაც საფუძვლად ედება საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ განჩინებას, სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა რა ვ. დ-ის კატეგორიული მოთხოვნა – საქმე განხილულიყო მხოლოდ მის მიერ მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური პირების მონაწილეობით, აგრეთვე, საკასაციო სასამართლოს აღნიშნული მითითება, საქმე განიხილა დასახელებული ფიზიკური პირების წინააღმდეგ აღძრული სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციით (პროექტი, მშენებლობის ნებართვა) დადგენილი პარამეტრების დარღვევით მანსარდის (მე-6 სართულის) მოპასუხე ფიზიკური პირების მიერ აშენება, სარჩელი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. დ-მ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა-ის“ თავმჯდომარის სახელზე შედგენილი 2010 წლის 26 ნოემბრის განცხადება, რაც იმით დაასაბუთა, რომ მტკიცებულება მკაფიოდ იდენტიფიცირებული ფორმით (ანუ სრული სახელითა და გვარით) ვერ მიუთითებს მოპასუხეებზე, როგორც მანსარდის ამშენებელ პირებზე, გაურკვეველია ვინ არის „მ.ბ-ე“, რადგან საქმეში მოპასუხედ ჩაბმულია დ. ბ-ე. კასატორის მოსაზრებით, საკითხის ამგვარად შეფასება არასწორია;
არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მტკიცებულებათა გაუზიარებლობის მეორე მიზეზთან დაკავშირებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თითქოს ზემომითითებული მტკიცებულება შექმნილია დაინტერესებული პირის მიერ, ანუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე დაინტერესებული იყო აერიდებინა შესაძლო მატერიალური პასუხისმგებლობა ამხანაგობისაგან, რადგან მან იცოდა, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო ამხანაგობაზე და ვ. დ-ც მშენებლობიდან გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისათვის პრეტენზიებს სწორედ სწორედ ამხანაგობას უყენებდა. კასატორისათვის გაუგებარია, ამხანაგობის თუ რომელი თავმჯდომარის მიერ შექმნილ მტკიცებულებას გულისხმობს სააპელაციო სასამართლო. ამხანაგობის ყოფილმა თავმჯდომარემ, აწ გარდაცვლილმა გ.ძ-მ ვ. დ-ის განცხადების ბოლოს მიაწერა, რომ მე-6 სართულზე მანსარდა ყველამ თავიანთი ხარჯითა და ძალებით დააშენა და ისინი თავად არიან პასუხისმგებელი დაშენებულზე;
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეზე არ არის წარდგენილი სადავო მანსარდის რაიმე ნაწილის ზ. ს-ის კუთვნილებაში არსებობის ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. მართალია, სარჩელის შეტანისას საჯარო რეესტრმა ვ. დ-ს მისცა მანსარდის სხვა მოპასუხეების სახელზე რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერი, მაგრამ მოსარჩელემ იცოდა და მას ამხანაგობის თავმჯდომარემაც განუმარტა, რომ ზ. ს-მ მე-5 სართულზე თავის საკუთრებაში არსებული ერთოთახიანი ბინის მე-6 სართულზე მიიღო სხვენი და ააშენა მანსარდი. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრმა არ გასცა აღნიშნულის შესახებ ამონაწერი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვლადიმერ დოლიძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე