საქმე №ას-1046-1003-2014 16 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ. ბ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ. და ნ. ბ-ები (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2014 წლის 15 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - სესხისა და სარგებლის დაბრუნება, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. და ნ. ბ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ. ბ-ის მიმართ სესხის ძირითადი თანხის - 4 000 ევროს, სარგებლის - 7 680 ევროს, მატერიალური ზიანის - 1 000 ევროსა და მორალური ზიანის - 2 320 ევროს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
2006 წელს მოსარჩელეებმა მოპასუხეს ასესხეს დახმარების სახით სახელმწიფოსაგან მიღებული 6 000 აშშ დოლარი. შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს უნდა გადაეხადა პროცენტი.
2006 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ დასაბრუნებელი სესხის ძირი თანხა განსაზღვრულიყო 4 000 ევროთი, ხოლო სარგებელი - 4%-ით.
მიუხედავად მხარეთა შეთანხმებისა, მოპასუხეს თანხა არ დაუბრუნებია.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის დაბრუნების ნაწილში ცნო და განმარტა, რომ, მხარეთა სიტყვიერი შეთანხმების თანახმად, 2010 წლის დასაწყისიდან მოპასუხეს სარგებელი აღარ უნდა გადაეხადა, ამასთანავე, გ.ბ-მ უსაფუძვლოდ მიიჩნია მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა.
ბათუმის საქალაქო სასმართლოს 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ.ბ-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 4 000 ევროს გადახდა, დანარჩენ ნაწილში თ. და ნ. ბ-ებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის სხდომაზე გ. ბ-ის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, თ. და ნ. ბ-ების შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, თ. და ნ. ბ-ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პროცენტის გადახდევინებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. და ნ. ბ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ბ-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 7 680 ევროს გადახდა, დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების (პროცენტის დაკისრების ნაწილში) გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს საჩივრით მიმართა გ.ბ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ივლისის განჩინებით გ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა 2014 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით:
საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა 2014 წლის 23 მაისს, 15:30 საათზე. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა თ. კ-მ 2014 წლის 13 მაისს განცხადებით მიმართა სასამართლოს საქმის განხილვის გადადების მოთხოვნით, რადგან 2014 წლის 23 მაისს, 17:00 საათზე განსასჯელ ზ. ს-ის ადვოკატის სახით მონაწილეობას იღებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში. სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქმის განხილვა გადაიდო 2014 წლის 10 ივნისს, 14:30 საათზე.
2014 წლის 4 ივნისს თ.კ-მ კვლავ მიმართა განცხადებით სასამართლოს და ითხოვა, საქმის განხილვა გადადებულიყო სხვა დროისათვის, რადგან 2014 წლის 10 ივნისს, 12:00 საათზე, როგორც განსასჯელების - თ. ს-ისა და მ. თ-ის ადვოკატს, მონაწილეობა უნდა მიეღო ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, განცხადებას დაურთო მითითებული გარემოებების დამადასტურებელი სასამართლო უწყება.
სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის სხდომაზე გამოცხადდა აპელანტი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადებულა. აპელანტებმა იშუამდგომლეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. და ნ. ბ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პროცენტის გადახდევინების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და თ. და ნ. ბ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ბ-ს დაეკისრა 7 680 ევროს გადახდა თ. ბ-ისა და ნ. ბ-ის სასარგებლოდ.
თ. კ-მ საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2014 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
გ.ბ-ის წარმომადგენელი თ.კ-ე 2014 წლის 10 ივნისს, 12:00 საათზე მონაწილეობას იღებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, როგორც განსასჯელების: თ. ს-ისა და მ. თ-ის ადვოკატი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც სააპელაციო სასამართლოს სხდომამდე წარედგინა. საქმეზე მომხსენებელი მოსამართლის თანაშემწეს 2014 წლის 10 ივნისს ტელეფონით ეცნობა, რომ იმავე დღეს იყო გ. ბ-ის ნათესავის (სიძის) დაკრძალვა, რის გამოც ვერც მხარე გამოცხადდებოდა სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე (აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მომჩივანმა წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ კ-ს ტერიტორიული ორგანოს 01.06.2014წ. №01-04/19 ცნობა, რომლის თანახმადაც, რ. კ-ე, გ. ბ-ის სიძე, გარდაიცვალა 2014 წლის 5 ივნისს და იგი დაკრძალეს 2014 წლის 10 ივნისს). ამდენად, არსებობდა ობიექტური, საპატიო მიზეზი, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარე ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 230-ე მუხლებით, 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგის განსაზღვრისათვის გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ნორმები. ასეთ დროს, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და აპელანტის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს აპელანტის მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის ხელშემშლელი, დაუძლეველი და საპატიო მიზეზები არ არსებობდა. მართალია, ადვოკატი თ. კ-ე იმავე დღეს მონაწილეობდა სხვა საქმის განხილვაში, თუმცა გ. ბ-ს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საქმის განხილვა იმავე მოტივით ერთხელ უკვე იყო გადადებული. თ.კ-ის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში მხარეს გააჩნდა საკმარისი დრო, უზრუნველეყო სხვა ადვოკატის გამოცხადება ან თავად მისულიყო სხდომაზე და დამოუკიდებლად დაეცვა საკუთარი ინტერესი. ადვოკატის მოუცლელობის გამო საქმის განხილვის დაუსრულებლად გადადება, სასამართლოს შეფასებით, ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების დროული და ეფექტური განხორციელების პრინციპს, უსაფუძვლოდ აჭიანურებს საქმის განხილვას, რითაც ირღვევა აპელანტების კანონიერი ინტერესი.
მხარის გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ დამტკიცებულად ცნო სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თ. და ნ. ბ-ებმა 2006 წელს გ. ბ-ს ასესხეს 6000 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების კონკრეტული ვადა არ განსაზღვრულა. 2008 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ძირითად თანხად ჩაეთვალათ 4000 ევრო, რომელსაც ყოველთვიურად დაერიცხებოდა სარგებელი - ძირითადი თანხის 4 პროცენტი. 2009 წლის სექტემბერში გამსესხებლებმა მოსთხოვეს მსესხებელს - 2010 წლის 1 იანვრამდე დაებრუნებინა ძირითადი თანხა, რის შედეგადაც აღარ მოსთხოვდნენ დარჩენილი თვეების სარგებლის გადახდას, თუმცა მსესხებელმა თანხა ვერ დააბრუნა, რის შემდეგაც 2010 წლის თებერვალში, იმავე პირობებით, გამსესხებლებმა მოსთხოვეს თანხის დაბრუნება 6 თვის ვადაში. გ. ბ-მ ვერც ამ ვადაში შეასრულა ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლების (ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქციის) თანახმად, იურიდიულად მხოლოდ ნაწილობრივ ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას, შესაბამისად, სარჩელი 2009 წლის სექტემბრიდან სარჩელის აღძვრამდე (2013 წლის 26 ნოემბერი - 51 თვე) სარგებლის გადახდევინების თაობაზე დასაბუთებული იყო. ამასთან, აპელანტები ითხოვდნენ სარგებელს (4 000 ევროს 4% = 160 ევროს) 48 თვისათვის (160 ევრო X 48 თვეზე = 7 680 ევროს), რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი მხოლოდ მოთხოვნის ფარგლებში უნდა დაკმაყოფილებულიყო.
მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურებას საერთოდ არ ითვალისწინებს, ხოლო მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით აპელანტებს კონკრეტულად არ მიუთითებიათ ფაქტობრივი გარემოებები.
ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ადვოკატ თ. კ-ის გამოუცხადებლობის მიზეზთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ აღნიშნული გარემოება არ აბრკოლებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. მომჩივანს, თ. კ-ის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
უშუალოდ გ. ბ-ის გამოუცხადებლობის საკითხის შეფასების მიზნით, პალატამ მიუთითა მხარის განმარტებაზე, რომ 2014 წლის 5 ივნისს გარდაცვლილი რ. კ-ე არ იყო მისი ოჯახის წევრი (ახლო ნათესავი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე და განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანება არა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიმე მხარემ დაკარგა დავისადმი ინტერესი, არამედ მას აქვს გარკვეული სანქციის სახე იმ მხარის მიმართ, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს საპროცესო ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, გ. ბ-ის მიმართ კანონიერად იყო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან იგი თავად ან წარმომადგენლის მეშვეობით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე მაშინ, როდესაც ანალოგიური საფუძვლით (ადვოკატის მოუცლელობა) საქმის განხილვა ერთხელ უკვე იყო გადადებული, რაც საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი მოთხოვნები. მართალია, ამავე კოდექსის 387-ე მუხლით სასამართლოს უფლება აქვს, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის დათქმა მხარის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის აკრძალვის თაობაზე.
როგორც პირველი, ისე მეორე სასამართლო სხდომის დაწყებამდე სააპელაციო სასამართლოს უწყების წარდგენის გზით ეცნობა, რომ გ. ბ-ის წარმომადგენელი სხვა სასამართლოში იყო გამოძახებული სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობის მისაღებად და თ. კ-ის გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის საქმეზე, მისი, როგორც დამცველის დაჯარიმებას გამოიწვევდა, რაც ასევე უარყოფითად იმოქმედებდა მის პროფესიულ საქმიანობაზე. სააპელაციო პალატამ, მართალია მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლზე, თუმცა არ უმსჯელია ამ ნორმით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის გათვალისწინებულ წინაპირობებზე.
რაც შეეხება უშუალოდ მხარის გამოცხადების შეუძლებლობას, სასამართლოს წარედგინა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ კ-ს ტერიტორიული ორგანოს მიერ 2014 წლის 1 ივნისს გაცემული N01-04/19 ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ გ. ბ-ის სიძე - რ. კ-ე გარდაიცვალა 2014 წლის 5 ივნისს და დაკრძალეს ამავე წლის 10 ივნისს, ანუ იმ დღეს, როდესაც სააპელაციო სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
მითითებული გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
დაუსაბუთებელია სასამარლოს მსჯელობა, რომ გ.ბ-ს უნდა გაეთვალისწინებინა ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო სასამართლო სხდომის ერთხელ გადადების ფაქტი, რომ მას ჰქონდა საკმარისი დრო სხვა ადვოკატის ასაყვანად. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ სიძის გარდაცვალების გამო მხარეს არ ჰქონდა შესაძლებლობა სხვა ადვოკატის აყვანისათვის, ის ვერ გაითვალისწინებდა, რომ თ.კ-ს სხვა სასამართლოში ექნებოდა პროცესი, გარდა აღნიშნულისა, კასატორს უკვე ჰყავს წარმომადგენელი, მისთვის გადახდილი აქვს გასამრჯელო, ხოლო მოქმედი კანონმდებლობის არც ერთი დანაწესი არ ავალდებულებს მხარეს ასეთი შემთხვევისათვის ახალი დამცველის აყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეისწავლა გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის განჩინებით წინამდებარე საქმეზე დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2014 წლის 13 მაისს, 15:30 საათზე;
სასამართლო სხდომის თაობაზე სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობათ მხარეებს;
2014 წლის 13 მაისს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება, სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების თაობაზე, ასევე სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც, წინასასამართლო სხდომა დაინიშნა 2014 წლის 13 მაისს, 17:00 საათზე;
საქმის განხილვის გადადების შესახებ შუამდგომლობას წერილობით დაეთანხმა აპელანტების წარმომადგენელი;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის სხდომაზე დაკმაყოფილდა თ.კ-ის შუამდგომლობა და იმავე დღეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ როგორც აპელანტების წარმომადგენელს, ისემოწინააღმდეგე მხარეს - გ. ბ-ს სასამართლო სხდომის 2014 წლის 10 ივნისს დანიშვნის თაობაზე;
2014 წლის 4 ივნისს სასამართლოს წერილობითი შუამდგომლობით მიმართა გ.ბ-ის წარმომადგენლმა თ.კ-მ და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება იმ საფუძვლით, რომ 2014 წლის 10 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოშია დაბარებული სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატის სახით, შუამდგომლობას თან ერთვის სასამართლო უწყება;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია და 2014 წლის 10 ივნისის საოქმო განჩინებით არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის ხელშემშლელი, დაუძლეველი და საპატიო მიზეზები არ არსებობდა. სასამართლოს განმარტებით, მართალია, ადვოკატი თ. კ-ე იმავე დღეს მონაწილეობდა სხვა საქმის განხილვაში, თუმცა გ. ბ-ს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საქმის განხილვა იმავე მოტივით ერთხელ უკვე იყო გადადებული, მას გააჩნდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ, თუ თ. კ-ე ვერ ახერხებდა პროცესზე გამოცხადებას, უზრუნველეყო სხვა ადვოკატის გამოცხადება ან თავად მისულიყო სხდომაზე, რათა დამოუკიდებლად დაეცვა საკუთარი ინტერესი. ადვოკატის მოუცლელობის გამო საქმის განხილვის დაუსრულებლად გადადება ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების დროული და ეფექტური განხორციელების პრინციპს, უსაფუძვლოდ აჭიანურებს საქმის განხილვას, რითაც ირღვევა აპელანტების კანონიერი ინტერესი.
ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, ამასთანავე, მითითებული გარემოებები რადგანაც ნაწილობრივ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარს, პალატამ გ. ბ-ის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არ მიიჩნია მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა სასამართლო სხდომის დღეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის სიძის დაკრძალვის თაობაზე. პალატამ გ. ბ-ის განმარტება, რომ გარდაცვლილი არ იყო მისი ოჯახის წევრი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არ მიიჩნია.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა გამოცხადების შეუძლებლობის ფაქტი. ამასთანავე, არასწორად დაავალდებულა მხარე, აეყვანა სხვა ადვოკატი.
საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით, ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს, კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.
იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე; ბ) გამოცხადებული აპელანტი უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. ამ გარემოებათა კუმულატიურად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დადგენის შემდეგ, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა დასაბუთებულია სისხლის სამართლის საქმის განხილვაში თ. კ-ის მონაწილეობით, ამ ფაქტის დამტკიცების მიზნით წარმოდგენილია სასამართლო უწყება.
რაც შეეხება უშუალოდ მხარეს, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, გ. ბ-ის სიძე - რ. კ-ე გარდაიცვალა 2014 წლის 5 ივნისს და დაკრძალეს ამავე წლის 10 ივნისს, რომელიც ემთხვევა სასამართლო სხდომის დღეს.
ამ მტკიცებულების სწორად გაანალიზების მიზნით, უპირველესად საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, სადაც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა საპატიოდ იქნა მიჩნეული რადგანაც სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენელმა უწყების წარდგენის გზით აცნობა სხვა სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე მონაწილეობის თაობაზე. ეს გარემოება საკასაციო პალატამ საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად მიიჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსათვის უპირატესობის მინიჭების შესახებ. უწყების წარდგენით მხარემ მისი ვალდებულება გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს წინასწარ ინფორმირების თაობაზე სათანადოდ განახორციელა, რაც არ უნდა გამხდარიყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მხარისა და წარმომადგენლის ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, მათ შორის არსებული ურთიერთობის განსაკუთრებული ნდობის გათვალისწინებით, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (იხ. სუსგ Nას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი).
საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო პალატამ ადვოკატ თ.კ-ის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის განხილვაში საპატიოდ მიიჩნია და 2014 წლის 13 მაისს სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა. იმისათვის, რათა შემოწმდეს, თუ რამდენად საპატიო იყო წარმომადგენლის ამავე მიზეზით კვლავ გამოუცხადებლობა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შეფასება უნდა მიეცეს რამდენიმე გარემოებას: სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 13 მაისის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა არც აპელანტი და არც მოწინააღმდეგე მხარე, შუამდგომლობა საქმის წარმოების გადადების თაობაზე დააკმაყოფილა;
საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტის თანახმად, 2014 წლის 10 ივნისს სასამართლო სხდომის გადანიშვნის თაობაზე 2014 წლის 13 მაისს ეცნობა უშუალოდ მოწინააღმდეგე მხარეს - გ.ბ-ს, ამდენად, უდავოა, რომ სასამართლოს მიერ სხდომის ახალი თარიღის დანიშვნისას წარმომადგენელს არ მიეცა შესაძლებლობა, მოეხსენებინა სააპელაციო პალატისათვის საკუთარი პოზიცია, ამასთანავე, საქმის მასალებით არ დასტურდება და არც სააპელაციო სასამართლოს დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ახალი სხდომის თარიღის შეტყობის დროისათვის თ.კ-ე სისხლის სამართლის საქმის განხილვაზე არ იყო მიწვეული და მას სისხლის სამართლის საქმეზე შეტყობინება სწორედ მას შემდეგ ჩაბარდა, როდესაც მისთვის უკვე ცნობილი იყო სამოქალაქო საქმის განხილვის დროის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნული კი, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ადასტურებს ადვოკატ თ.კ-ის სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას. აღნიშნული გარემოება, თავისთავად მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას უთანაბრდება. პალატა სავსებით იზიარებს კასატორის იმ არგუმენტსაც, რომ პირი არ არის ვალდებული, იყოლიოს სხვა წარმომადგენელიც, ვინაიდან ამგვარ დათქმას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
რაც შეეხება გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნას, რომ მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული დოკუმენტით გ.ბ-ის გამოცხადების საპატიოობა არ დასტურდება, ასევე ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ. ამ თვალსაზრისით პალატა მიუთითებს აპელანტთა წარმომადგენლის პრეტენზიაზე, რომელიც მან გამოთქვა საჩივრის ზეპირი განხილვის დროს და ამავე სახითაა ეს პრეტენზია ასახული საკასაციო შესაგებელში. ს.კ-ის მითითებით, ცნობა გაცემული 2014 წლის 1 ივნისს და ასახავს ამავე წლის 10 ივნისს, ანუ მისი გაცემის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.
საყურადღებოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, საბუთის სიყალბის ფაქტი მხარეს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, არც მისი საქმიდან ამორიცხვისა თუ ნამდვილობის შემოწმების აუცილებლობა დამდგარა დღის წესრიგში, უფრო მეტიც, აპელანტების წარმომადგენელი არ შედავებია საბუთში გადმოცემულ დასკვნას პირის გარდაცვალებისა და დაკრძალვის ფაქტის თაობაზე, საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლის თანახმად, ნ. და თ. ბ-ები ადასტურებენ, რომ „გარდაცვლილს ოჯახიც ჰქონდა და ჭირისუფალიც ჰყავდა“.
ამდენად, საჩივარზე დართულ ცნობაში ასახული ინფორმაცია - რ.კ-ის 2014 წლის 10 ივნისს დაკრძალვა სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს მაინც ჰქონდა შესაძლებლობა, გამოცხადებულიყო სასმართლო სხდომაზე, რადგანაც მხარემ განმარტა, რომ გარდაცვლილი არ იყო მისი ახლო ნათესავი, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება მას და მიუთითებს 2014 წლის 15 ივლისის სხდომაზე გ.ბ-ის მიერ მიცემულ განმარტებაზე, სადაც მხარემ აღნიშნა, რომ გარდაცვლილი რ. კ-ე მამამისის ბიძაშვილის ქმარი იყო, გარდაცვლილის მეუღლე მისი ახლო ნათესავია („იგი ჩემი დაა, ერთ ოჯახში ვართ გაზრდილი“, იხ. 15.17.14 სხდომის ოქმი 18:02:20 სთ).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი, დადგენილია, თუ რა განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საქმეზე დასტურდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღების გამახვილებას იმ საკითხზეც, რომელიც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის ასევე უტყუარად უნდა არსებობდეს.
როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური წინაპირობის არსებობის უტყუარად დადგენისას (მხარის გამოუცხადებლობა) სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის, იურიდიული თვალსაზრისით თუ რამდენად ასაბუთებს მოთხოვნას კანონის ძალით დადგენილად და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სააპელაციო სასამართლო დაემყარება მომჩივანის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნიშნავს არა სარჩელში მითითებული გარემოებების ავტომატურად დადგენილად მიჩნევას, არამედ იმის შემოწმებას, სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებებით (დადგენილად მიჩნევით) გაბათილდება თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი სადავო ნაწილის დასკვნები, რომლებიც აპელანტის წინააღმდეგაა მიმართული, ანუ სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, მხედველობაში უნდა მიღოს აპელანტის ახსნა-განმარტება (რომელიც შეიძლება არც იყოს მოსარჩელე), ხოლო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით აპელანტის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს (ანუ აპელანტი მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე).
განსახილველ შემთხვევაში, გ.ბ-ის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
თ. და ნ. ბ-ებმა 2006 წელს გ. ბ-ს ასესხეს 6000 აშშ დოლარი;
სესხის დაბრუნების კონკრეტული ვადა არ განსაზღვრულა;
2008 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ძირითად თანხად ჩაეთვალათ 4000 ევრო, რომელსაც დაერიცხებოდა სარგებელი - ყოველთვიურად ძირითადი თანხის 4 პროცენტი;
2009 წლის სექტემბერში გამსესხებლებმა მოსთხოვეს მსესხებელს - 2010 წლის 1 იანვრამდე დაებრუნებინა ძირითადი თანხა, რის შედეგადაც აღარ მოსთხოვდნენ დარჩენილი თვეების სარგებლის გადახდას, თუმცა - მსესხებელმა თანხა ვერ დააბრუნა, რის შემდეგაც 2010 წლის თებერვალში, იმავე პირობებით, გამსესხებლებმა მოსთხოვეს თანხის დაბრუნება 6 თვის ვადაში;
გ. ბ-მ ვერც ამ ვადაში შეძლო ვალდებულების შესრულება.
ამ ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე მითითებულია სარჩელში და არა სააპელაციო საჩივარში. თავის მხრივ, საპროცენტო სარგებლის დაკისრების მოთხოვნაზე უარს საქალაქო სასამართლომ საფუძვლად დაუდო ის ფაქტი, რომ მხარეთა შეთანხმებით პროცენტის გადახდა 2009 წლის ოქტომბრიდან შეწყდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დგინდება სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა თუ არა აპელანტის ახსნა-განმარტებით, რომლებიც მიმართული უნდა ყოფილიყო საქალაქო სასამარლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ამ გარემოებების გაქარწყლებისაკენ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლად და არასწორადვე ჩათვალა, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, რის გამოც სესხის სარგებლის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სესხის სარგებლის დაკისრების ნაწილში, ასევე ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე