№ას-1110-1058-2014 10 თებერვალი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – გ. თ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი _ ალიმენტის ოდენობის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით:
1. გ. თ-ის სარჩელი ალიმენტის შემცირების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
2. გ. თ-ის სარჩელი არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრის ნაწილში დაკმაყოფილდა;
3. გ. თ-ს ნება დაერთო შვილი - .... წლის .... თებერვალს დაბადებული ლ. თ-ი კვირაში ერთხელ შაბათი დღის 11 საათიდან წაიყვანოს და დააბრუნოს დედასთან იმავე კვირის 16 საათზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. თ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით:
1. გ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება;
3. გ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით გ. თ-ისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 200 ლარიდან შემცირდა 150 ლარამდე;
5. გ. თ-ს მ. ბ-ის სასარგებლოდ ... წლის ... თებერვალს დაბადებული ლ. თ-ის სარჩოდ დაეკისრა ალიმენტის ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა 2014 წლის 18 თებერვლიდან ლ. თ-ის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით გ. თ-ს მ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - ... წლის .... თებერვალს დაბადებული ლ. თ-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 200 ლარის ოდენობით, მისი სრულწლოვანობის მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში;
ამ გადაწყვეტილების გამოტანის დროისთვის აპელანტის ხელფასი იყო 750 ლარი;
2013 წლის 14 ნოემბერს, ე.ი. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შემსვლის შემდეგ, გ თ-ს სხვა ქორწინებიდან შეეძინა მეორე შვილი - მ. თ-ი;
გ. თ-ის შემოსავალი ალინეტის დაკისრების შემდეგ არ გაზრდილა, კერძოდ, სს „ს. რ-ის“ მიერ 2013 წლის 23 დეკემბერს გაცემული №401 ცნობის შესაბამისად, გ. თ-ი მუშაობს სამტრედიის სალოკომოტივო დეპოში. მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 750 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები - 600 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ალიმენტის დაკისრების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა გ. თ-ის ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ, მას შეეძინა მეორე შვილი, რომელიც ასევე საჭიროებს მოვლასა და რჩენას, მისი შემოსავალი კი არ შეცვლილა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე იყო საფუძვლიანი.
პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობა არ უნდა შემცირებულიყო ლ. თ-ის ავადმყოფობისა და სხვა დამატებითი ხარჯების საჭიროების გამო.
პალატამ აღნიშნა, რომ დამატებით ხარჯებში გ. თ-ის მონაწილეობა მოცემული დავის საგანს არ წარმოადგენდა, ხოლო ალიმენტის გადამხდელი პირის დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების ვალდებულება არ შეიძლებოდა გამხდარიყო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრის საფუძველი.
შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. თ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და დაკისრებული ალიმენტი უნდა შემცირებულიყო 50 ლარით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ბ-მ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დააკმაყოფილა გ. თ-ის სააპელაციო საჩივარი და შეამცირა ალიმენტის ოდენობა 200-დან 150 ლარამდე;
სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ კასატორი არის სოციალურად დაუცველი, ბავშვი არის ავად და საჭიროებს ოპერაციას;
სასამართლომ ალიმენტი შეუმცირა აპელანტს, მაშინ როდესაც ალიმენტის დანიშვნის დღიდან მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა, კერძოდ, მას აქვს იგივე შემოსავალი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე