Facebook Twitter

საქმე №ას-1113-1060-2014 23 თებერვალი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. ც. ს-ე“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. ც. ს-ს“ მიმართ თანხის - 1 216 104,8 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 21 აგვისტოს №226 ბრძანების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ს. ც. ს-ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ს. ც. ს-ს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცა ქ.ბათუმში, გ-ის ქ№159-ში მდებარე 1 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 165 დასახელების სამედიცინო მანქანა–დანადგარი, ოფისის აღჭურვილობა, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვა ძირითადი საშუალებები, ასევე სასაქონლო მატერიალური მარაგები.

მოპასუხეს ქონება გადაეცა გარკვეული პირობებით, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 3 თვის ვადაში უნდა დაეწყო არანაკლებ 4-სართულიანი მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა, უნდა მოეწყო ამბულატორია, დიაგნოსტიკური ცენტრი და არანაკლებ 15-საწოლიანი ქირურგიული სტაციონარი, ასევე ხელშეკრულება ითვალისწინებდა სხვა პირობებსაც. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში პირობები არ შეასრულა, რის გამოც მასთან დადებული ხელშეკრულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოშალა.

მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს. მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად, მას უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო - 1 216 104.8 ლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულყოფილად შეუსრულებლობა განპირობებული იყო მოსარჩელის ქმედებით, ხელშეკრულების 3.2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულება მზარდი თუ არამზარდი კონსტრუქციის მშენებლობისათვის იყო მზად, ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მოპოვების ვალდებულება მოპასუხემ ასევე შეასრულა, დადებულია შრომითი ხელშეკრულებებიც თანამშრომლებთან, რომლებსაც პარალელურად სხვა სამსახურში დასაქმება ეკრძალებათ, რაც შეეხება ამავე ხელშეკრულების 3.2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს, მოსარჩელემ თავად ითხოვა ამ ვალდებულების შესრულებისაგან თავის შეკავება, ხოლო შემდგომ, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ს. ც. ს-ს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 200 000 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 სექტემბრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ბათუმში, გ-ის ქ№159-ში მდებარე 1 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 2012 წლის 5 სექტემბრამდე წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას.

შპს „ს. ც. ს-ე“ ბათუმის რეგიონალურ ცენტრში მეწარმედ დარეგისტრირდა 2012 წლის 4 აპრილიდან.

2012 წლის 21 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გამოსცა №226 ბრძანება შპს „ს. ც. ს-სათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ. ბრძანების საფუძველზე შპს „ს. ც. ს-ს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად გადაეცა ქ.ბათუმში, გ-ის ქ№159-ში მდებარე 1 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 165 დასახელების სამედიცინო მანქანა–დანადგარი, ოფისის აღჭურვილობა, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვა ძირითადი საშუალებები, ასევე სასაქონლო მატერიალური მარაგები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 21 აგვისტოს №226 ბრძანების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ს. ც. ს-ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.ბათუმში, გ-ის ქ№159-ში მდებარე 1 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, 165 დასახელების სამედიცინო მანქანა-დანადგარების, ოფისის აღჭურვილობის, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა ძირითადი საშუალებების, ასევე სასაქონლო მატერიალური მარაგების მიყიდვის შესახებ.

საპრივატიზაციო პირობებად განისაზღვრა შემდეგი: ა) ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში ნასყიდობის საფასურის გადახდა; ბ) ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან სამი თვის ვადაში არანაკლებ ოთხსართულიანი მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის მშენებლობის დაწყება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვის ვადაში შენობის მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების მშენებლობის დასრულება და არა უგვიანეს 2014 წლის 1 ივლისისათვის მშენებლობის დასრულება და ექსპლოატაციაში შეყვანა; გ) სამედიცინო ცენტრის ექსპლოატაციაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ამბულატორიის, დიაგნოსტიკური ცენტრისა და არანაკლებ 15 საწოლზე ქირურგიული სტაციონარის მოწყობა; დ) მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის ექსპლოატაციაში შესვლიდან 1 თვის ვადაში არანაკლებ 15 წლის ვადით მუდმივად, საქართველოს 50 მოქალაქის დასაქმება და სამედიცინო პროფილის შენარჩუნება; ე) ხელშეკრულების ხელმოწერიდან არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადაში სამედიცინო სერვისისათვის აუცილებელი ლიცენზიების/ნებართვის მოპოვება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და „პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიის მომსახურების კომპონენტის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმება შესაბამის სამსახურებთან; ვ) სამედიცინო სერვისებისათვის აუცილებელი ლიცენზიების/ნებართვის მოპოვებიდან და „პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიის მომსახურების კომპონენტის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში ყველა თანამშრომლის, რომელიც დასაქმებული იყო შპს „ს. მ. რ. ც-ში“ - დასაქმდებოდა შპს „ს. ც. ს-ში“ 2014 წლის 1 ივლისამდე; ზ) ხელშეკრულების ხელმოწერიდან არანაკლებ 15 კალენდარული დღის ვადაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ანგისაში მდებარე 1 101 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემა; თ) აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით 1 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

ხელშეკრულების მეოთხე მუხლი ითვალისწინებდა მხარეთა პასუხისმგებლობას, კერძოდ, 4.1 მუხლით, თუ მყიდველი არ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ მყიდველი გამყიდველს გადაუხდიდა ჯარიმას: ა) ქონების ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.1% -ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში, ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოსაზრებით, მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 2013 წლის 23 იანვრის ბრძანებით 2012 წლის 5 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ცალმხრივად მოშალა.

მოპასუხეს არ შეუსრულებია ხელშეკრულების 3.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა და ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან სამი თვის ვადაში არ დაუწყია ოთხსართულიანი მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა. ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ასევე არ მოუპოვებია სპეციალური ლიცენზია, რის გამოც მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულების 3.2. მუხლის „ე“ ქვეპუნქტის პირობა, ასევე სამედიცინო სერვისებისათვის აუცილებელი ლიცენზიების/ნებართვის მოპოვებიდან და „პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიის მომსახურების კომპონენტის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში არ დაუსაქმებია ყველა ის თანამშრომელი, რომელიც დასაქმებული იყვნენ შპს „ს. მ. რ. ც-ში“, რაც მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევაზე მიუთითებდა. მანვე დაარღვია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 3.2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც მოპასუხე ვალდებული იყო, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არანაკლებ 15 კალენდარული დღისა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ა-ში მდებარე 1 101 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ დარღვეული ხელშეკრულების პირობებში, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

სასამართლოს მითითებით, ნასყიდობის ხელშეკრულებით ქონების საერთო ღირებულება შეადგენდა 577 722 ლარს. პირგასამტეხლოს ოდენობა ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან უნდა გამოთვლილიყო. გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ ხელშეკრულების 3.2 მუხლის „ბ“ პუნქტის შემთხვევაში ვადაგადაცილებული დღეების ათვლა უნდა დაწყებულიყო 2012 წლის 5 დეკემბერიდან ხელშეკრულების მოშლამდე - 2013 წლის 23 იანვრამდე, რაც შეადგენდა 49 დღეს. ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით, გაანგარიშებით პირგასამტეხლო შეადგენდა 141 541.9 ლარს. (ვადაგადაცილებულ დღეებზე ქონების ღირებულების 0.5%-ის დარიცხვით).

ხელშეკრულების 3.2 მუხლის „ე“ პუნქტის შემთხვევაში, ვადაგადაცილებული დღეების ათვლა უნდა დაწყებულიყო 2012 წლის 5 ოქტომბერს და დასრულებულიყო 2013 წლის 23 იანვარს (111 დღე). ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის დარიცხვით პირგასამტეხლო შეადგენდა 320 635.7 ლარს.

ხელშეკრულების 3.2 მუხლის „ვ“ პუნქტის შემთხვევაში, ვადაგადაცილებული დღეების ათვლა უნდა დაწყებულიყო 2012 წლის 11 სექტემბრიდან და უნდა დასრულებულიყო 2013 წლის 23 იანვარს (135 დღე). ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის დარიცხვით პირგასამტეხლო შეადგენდა 389 962.4 ლარს.

ხელშეკრულების 3.2 მუხლის „ზ“ პუნქტის შემთხვევაში ვადაგადაცილებული დღეების ათვლა უნდა დაწყებულიყო 2012 წლის 20 სექტემბრიდან და უნდა დასრულებულიყო 2013 წლის 23 იანვარს (126 დღე). ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის დარიცხვით პირგასამტეხლო შეადგენდა 363 964.9 ლარს, სულ ხელშეკრულების მიხედვით გაანგარიშებული პირგასამტეხოს ოდენობა შეადგენდა 1 216 104.8 ლარს.

სასამართლოს შეფასებით, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა 1 216 104.8 ლარით არასამართლიანი იყო, შეუსაბამოდ დიდი ოდენობის გამო, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობის 200 000 ლარით განსაზღვრა სააპელაციო პალატამ შესასრულებელი ვალდებულებისთვის გონივრულ ოდენობად მიიჩნია.

დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 327-ე მუხლით, 477-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განმარტა, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობა ან მისი არაჯეროვანი შესრულება იწვევს პირგასამტეხლოს მხარისათვის დაკისრებას, თუ ეს გათვალისწინებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. პირგასამტეხლო კი, სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ წერილობითი ფორმით თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 420-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. ამასთანავე, მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, რის გამოც პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლომ გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება 200 000 ლარამდე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრულად დაკმაყოფილებაზე უარი დაასაბუთეს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, თუმცა, კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხა - 1 216 104,8 ლარი შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა არაა. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეები სწორედ ამ ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმდნენ, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მსგავს საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაშიც (იხ.N3კ/1184-0118 იანვარი 2002 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე