Facebook Twitter

საქმე №ას-1173-1118-2014 9 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს.-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჰ.-ი-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების მესაკუთრედ ცნობა, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, აბონენტად აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ჰ.-ი-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.-ი-ისა“ და სს „თ-ის“ მიმართ ქონების მესაკუთრედ ცნობის, მიუღებელი შემოსავლის – 4800 ლარის ანაზღაურებისა და აბონენტად აღდგენის შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ საბჭოთა პერიოდში ერთმანეთის გვერდით აშენდა „ვ. ს. ქ-ა“ და „ვ. ღ. ქ-ა“. ს. ქ-ის ბაზაზე 1996 წელს დაარსდა შპს „ჰ.-ი-ი“, ხოლო ღ. ქ-ა 2007 წლიდან გახდა კერძო სამართლის სუბიექტი.

1998 წელს შპს „ჰ.-ი-მა“ სს „თ-ისაგან“ მიიღო ტექნიკური პირობა და საკუთარი სახსრებით დაამონტაჟა მაღალი ძაბვის კაბელი, ტრანსფორმატორი და შესაბამისი მოწყობილობა – ელექტროდაფა. ამ მოწყობილობით სარგებლობდა ორივე ქარხანა. შემდგომი წლების განმავლობაში აღნიშნული ქარხნები არ მუშაობდა. 2005 წელს სს „თ-მა“ ღვინის ქარხანა დააჯარიმა და იგი იძულებული გახდა, „თ-ში“ აბონენტად დაფიქსირებულიყო. ტექნიკური პირობის ასაღებად წარმოებულ საბუთებში დაფიქსირდა, რომ ტექნიკური საშუალებები წარმოადგენდა შპს „ჰ.-ი-ის“ საკუთრებას. მიუხედავად ამისა, სს „თ-მა“ შპს „ს-ი ...-ს“ შეცდომით გადასცა ახალი ტექნიკური პირობა. შესაბამისად, კაბელი, ტრანსფორმატორი და სხვა მოწყობილობები შპს „ს.-ი-მა“ თავის ბალანსზე აღრიცხა საკუთარ ქონებად.

მოსარჩელის მითითებით, 2013 წელს შპს „ჰ.-ი-მა“ მოინდომა „თ-ის“ აბონენტად აღდგენა, რა დროსაც იგი დაარეგისტრირეს შპს „ს.-ი-ის“ „ქვეაბონენტად“, შესაბამისად, ცნობილი გახდა, რომ შპს „ს.-ი-მა“ უკანონოდ გაავრცელა საკუთრების უფლება სხვის ქონებაზე, ხოლო 2013 წლის 4 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა შპს „ჰ.-ი-ს“. მხარეებს შორის მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ, შპს „ჰ.-ი-მა“ მოითხოვა ზემოაღნიშნულ ელექტრომოწყობილობაზე თავისი საკუთრების უფლების აღიარება. ჩატარებული შეფასების თანახმად, კაბელის და მისი მონტაჟის ღირებულებამ შეადგინა 25000 ლარი, სატრანსფორმატორო შენობის ½-ის ღირებულებამ კი – 5000 ლარი.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო შპს „ს.-ი-მა“ მიუთითა, რომ 2013 წლის 15 თებერვალს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა შპს „ვ.ღ. ქ-ის“ ქონება, შესაბამისად, არის სადავო ქონების მესაკუთრე და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ჰ.-ი-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა და შპს „ჰ.-ი-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ.თბილისში, დ. ლ-ში, ვ. დ-ში არსებული 3X120 ზომის 250 მეტრ ელექტროგადამცემი ხაზის (კაბელის) ძალოვან ტრანსფორმატორზე დაბალი ძაბვის ქსელური დანადგარების მესაკუთრედ, სს „თ-ს“ დაევალა შპს „ჰ.-ი-ის“ აბონენტად აღდგენა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება შპს „ჰ.-ი-ის“ საკუთრების უფლება სადავო მოძრავ ნივთებზე.

შპს „ჰ.-ი-ი“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 1996 წლის 25 ივლისს. იურიდიული მისამართია ქ. თბილისის სამგორის რაიონი, ვ. დ-ა, ს. ქ-ის ტერიტორია, რომლის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა შპს ,,ვ. ღ. ქ-ის“ საკუთრებას.

სასამართლომ დაადგინა, რომ 1998 წლის 15 აგვისტოს შპს „ჰ.-ი-ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა სს „თ-ს“, რომელშიც აღნიშნულია, რომ საზოგადოება „ჰ-ი“ და სახაზინო საწარმო ვ. ღ. ქ-ა განიცდიდა ელექტროენერგიით მომარაგების უკმარისობას. წარმოებას ესაჭიროებოდა სარეზერვო მომარაგება ელექტროენერგიით. განმცხადებელმა მოითხოვა სარეზერვო მომარაგებისათვის ტექნიკური პირობის გაცემა სამგორის სათავე ნაგებობის სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან.

შპს „ჰ.-ი-ის“ დირექტორს სს „თ-მა“ აცნობა, რომ შპს „ჰ.-ი-ისა“ და სახაზინო საწარმო „ვ. ღ. ქ-ის“ წარმოებების ელექტრომომარაგების გაუმჯობესების მიზნით, საჭირო იყო შემდეგი ტექნიკური პირობების შესრულება: აღნიშნული წარმოებების ტერიტორიაზე განთავსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურის სარეზერვო ელექტროკვება უნდა განხორციელებულიყო განშტოებით არსებული 6 კვ საჰაერო ხაზიდან ,,ვარკეთილის“ ქვესადგურის ფიდერი №29 და წყალსადენის ს/ქ №ა-45-ს შორის, შპს „თ.წ.კ-ის“ ადმინისტრაციის თანხმობის საფუძველზე. განშტოების ადგილზე უნდა დამონტაჟებულიყო სახაზო გამთიშველი.

1998 წლის 20 ნოემბერს სს „თ-ს“ და შპს ,,ჰ.-ი-ს“ შორის დაიდო საექსპლუატაციო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით პასუხისმგებლობის საზღვრები ელექტროდანადგარების მომსახურებაზე და მდგომარეობაზე განისაზღვრა ქსელის საბალანსო საკუთრებით, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: ფ.29 ა-45-ის ხაზის განშტოება – წყალსადენი, საჰაერო გამთიშველი, კაბელი 3X120 350მ, ძალოვანი ტრანსფორმატორი, დაბალი ძაბვის ქსელ დანადგარები - შპს „ჰ.-ი-ი“.

1998 წლის 24 ნოემბერს სს „თ-ის“ №187 ბრძანებით ირკვევა, რომ ,,თ-ის მიერ გაცემული 05.10.98 №1-05/2256 ტექ.პირობის თანახმად სამგორის რაიონში დაყენებული უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ ვ დ-ში მდებარე შპს „ჰ.-ი-ის“ არსებული ქვესადგურის სარეზერვო მაღალი ძაბვის საკაბელო ხაზი. მაღალი ძაბვის კაბელის ექსპლუატაციაზე და მის მომსახურებაზე პასუხისმგებელი იყო საწარმოს წარმომადგენელი მ. ჭ-ა“.

სს „თ-ის“ 2013 წლის 24 დეკემბრის ინფორმაციით სასამართლომ დაადგინა, რომ ს/ქ №ა-2065-ის მკვებავი მ/ძ კაბელი არ ირიცხება სს „თ-ის“ ბალანსზე.

ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1998 წელს, წარმოების ელექტრომომარაგების გაუმჯობესების მიზნით, შპს „ჰ.-ი-მა“ დაამონტაჟა საჰაერო გამთიშველი, ძალოვანი ტრანსფორმატორი, დაბალი ძაბვის ქსელდანადგარი და გაიყვანა 350 მეტრი მკვებავი კაბელი, რის საფუძველზეც მითითებული ქონება დაფიქსირდა შპს „ჰ.-ი-ის“ მფლობელობაში (ბალანსზე).

სს „თ-ის“ წარმომადგენლის განმარტებით, 2005 წელს სს „თ-მა“ შპს „ვ. ღ. ქ-ის“ მიმართ შეადგინა აქტი, ვინაიდან არალეგალური ხაზით მოიხმარდა ელექტროენერგიას და არ იყო აბონირებული.

სასამართლომ დაადგინა, რომ სს „თ-ის“ 2005 წლის განკარგულების (ა-2065) საფუძველზე, შპს „ვ. ღ. ქ-ა“ აღირიცხა აბონენტად სს „თ-ში“. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, სს „თ-ის“ ტექ-618 ტექნიკური პირობის თანახმად, რომელიც ითვალისწინებდა ვ. დ-ში განთავსებული შპს „ვ. ღ. ქ-ის“ მიერ მოთხოვნილ ელექტროენერგიას 30 კვტ სიმძლავრით, შპს „ვ. ღ. ქ-ის” სახსრებით შესრულდა განკარგულებაში მითითებული სამუშაოები, სატრანსფორმატორო ქვესადგურს მიენიჭა სააბონენტო ნომერი ა-2065. სადისპეტჩერო სამსახურს დაევალა, ექსპლუატაციაში მიეღო და ძაბვის ქვეშ დაეყენებინა მაღალი ძაბვის საკაბელო მიმართულება განშტოება ქ/ს ,,ორხევი” ფ.20 ს/ქ №ა-45 დან ს/ქ №ა2065 ს/ქვესადგურის, აღრიცხვის კვანძის მოწყობის შემდეგ სადისპეტჩერო ფარზე სათანადო დატანით. სატრანსფორმატორო ქვესადგურის მისი მ/ძ-ის მკვებავი კაბელის და დ/ძ-ის ქსელის უსაფრთხო მუშაობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა აბონენტს.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს „ჰ.-ი-ი“ დარეგისტრირდა შპს „ვ. ღ. ქ-ის“ ქვეაბონენტად. აღნიშნულის შედეგად, შპს „ჰ.-ი-ის“ მფლობელობაში არსებული ქონება - საჰაერო გამთიშველი, ძალოვანი ტრანსფორმატორი, დაბალი ძაბვის ქსელ დანადგარი და 350 მეტრი მკვებავი კაბელი მოექცა შპს „ვ. ღ. ქ-ის“ მფლობელობასა და სარგებლობაში.

შპს „ვ. ღ. ქ-ასა“ და შპს „ს.-ი-ს“ შორის 2013 წლის 15 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ს.-ი-მა“ შპს „ვ. ღ. ქ-ისაგან“ 300000 ლარად შეიძინა არასასოფლო სამეურნეო 34040.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ქ.თბილისში, ვარკეთილის მეურნეობაში, შენობა-ნაგებობები №1-დან №10-ს ჩათვლით, საკადასტრო კოდი ..., მათ შორის შპს „ს.-ი-მა“ შეიძინა შპს „ვ. ღ. ქ-ის“ საკუთრებაში არსებული 160 კვს სიმძლავრის ტრანსფორმატორი და სატრანსფორმატორო შენობა-ნაგებობა, რომელიც განთავსებულია შპს „ს.-ი-ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. ძალოვანი ტრანსფორმატორი, დაბალი ძაბვის ქსელდანადგარი და 350 მეტრი მკვებავი კაბელი შპს „ს.-ი-ის“ მფლობელობაშია.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2013 წლის დეკემბრიდან შპს „ს.-ი-მა“ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა შპს „ჰ.-ი-ს“.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლით და მიუთითა, რომ კანონმდებლის ნება მოძრავი ნივთების გასხვისებასთან მიმარებით სრულიად ნათელია, კანონმდებელი არ ანიჭებს ლეგიტიმაციას იმგვარ შენაძენს, თუნდაც იგი კეთილისინდისიერების ფარგლებში იყოს განხორციელებული, რომელიც მესაკუთრეს მოჰპარეს, ან მისი ნების საწინაღმდეგოდ გავიდა მისი მფლობელობიდან. ამდენად, მოძრავ ნივთებთან მიმართებით შემძენის კეთისინდისიერება ვერ გადაფარავს საჯარო წესრიგით განმტკიცებულ ქცევის წესს, რომ ნებისმიერი გასხვისება-განკარგვა უნდა მოხდეს თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, ხოლო მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ნივთის გასვლა მესაკუთრის მფლობელობიდან არ იცავს ნივთის შემძენს სავინდიკაციო სარჩელისა თუ არარა გარიგების შედეგებისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადგინა შპს „ჰ.-ი-ის“ საკუთრების უფლება სადავო მოძრავ ნივთებზე. სადავო ქონებას ფლობს შპს „ს.-ი“ და იგი მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი მფლობელობიდან. სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, კანონმდებელი გამორიცხავს შემძენის კეთილსინდისიერებას ნივთის მესაკუთრის ნების საწინააღმდეგო განკარგვის დროს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი 250 მეტრ ელექტროგადამცემ ხაზზე (კაბელზე), ძალოვან ტრანსფორმატორზე, დაბალი ძაბვის ქსელურ დანადგარებზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ მიუთითა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერის №20 დადგენილების 1.5 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ნებისმიერ პირს, თუ კი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს. დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. დადგენილების 3.1 მუხლის შესაბამისად კი, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 316-ე და 317-ე მუხლის პირველი ნაწილებით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და სს „თ-ს“ შორის არსებობდა ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს „თ-ი“ ელექტროენერგიას აწვდიდა მოსარჩელეს, რომელიც წარმოადგენდა ელექტროენერგიის ქსელის მფლობელს.

სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტზე, რომ 2005 წლის მაისის მდგომარეობით შპს ,,ვ-ი-...“ არ იყო აბონირებული და ელექტროენერგიას მოიხმარდა არალეგალური ხაზით. სს ,,თ-ის“ 2005 წლის №ა-2065 ბრძანების საფუძველზე შპს „ვ-ი-...“ აღირიცხა აბონენტად და დაეკისრა პასუხისმგებლობა სატრანსფორმატორო ქვესადგურის მ/ძ-ის მკვებავი კაბელისა და დ/ძ-ის ქსელის უსაფრთხო მუშაობაზე, ხოლო მოსარჩელე დაფიქსირდა შპს „ს.-ი-ის“ მფლობელობაში არსებული ელექტროენერგიის ქსელის მოსარგებლედ. კერძოდ, სს ,,თ-ის“ 2013 წლის 30 აგვისტოს აქტის შესაბამისად, შპს „ჰ.-ი-ის“ ელექტრომომარაგება უნდა განხორციელებულიყო შპს „ს.-ი-ის“ კუთვნილი სატრანსფორმატორო ქვესადგურ №A2065-დან, შესაბამისი ტექნიკური პირობების მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში პალატამ დაადგინა, რომ ელექტროენერგიის ქსელის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ჰ.-ი-ი“. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მატერიალურ ბაზაზე 2005 წელს სს „თ-მა“ აბონენტად დაარეგისტრირა შპს „ვ. ღ. ქ-ა“ . შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უნდა აღდგეს აბონენტად სს „თ-ში“, როგორც ელექტროენერგიის ქსელის მესაკუთრე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ს.-ი-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორმა განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა-შეფასების გარეშე, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა განპირობებულია არა მხოლოდ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებისა და ასპექტების არამართებული სამართლებრივი კვალიფიკაციით, არამედ სააპელაციო პალატის მიუკერძოებლობით. სააპელაციო სასამართლომ შპს „ჰ.-ი-ი“ სადავო ქონების მესაკუთრედ ისე მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლეოდა ამის შესაძლებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ საკუთრად დაგულვებული ძალოვანი ტრანსოფრმატორის, ელექტროგადამცემი ხაზის, დაბალი ძაბვის ქსელური ქვესადგურის იდენტიფიცირების საშუალება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ იმავე სახეობის ქონებასთან საერთოდ შეუძლებელია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, რამდენად იდენტიფიცირდებოდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ქონება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ძალოვან ტრანსფორმატორთან, ელექტროგადამცემ ხაზთან და დაბალი ძაბვის ქსელურ ქვესადგურთან.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნება 1998 და 2005 წლის მდგომარეობით განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ხორციელდებოდა შპს „ჰ-ისა“ და ვ. ღ. ქ-ის აბონირება და ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, მაგრამ აღნიშნული გარემოებების შემდეგ მდგომარეობა არსებითად შეიცვალა და ზემოხსენებულ პერიოდში შექმნილ გარემოებებს საერთოდ არ აქვს კავშირი შპს „ს.-ი-ის“ საკუთრებაში ამჟამად არსებულ ობიექტებთან, რომლებიც სრულიად სხვა ქონებრივ ობიექტებს წარმოადგენენ.

შესაბამისად, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ შპს „ს.-ი-ის“ საკუთრებაში არსებული ძალოვანი ტრანსფორმატორი, ელექტროგადამცემი ხაზი და დაბალი ძაბვის ქსელური ქვესადგური 1998 წელს შპს „ჰ.-ი-ის“ ბალანსზე და საკუთრებაში იმყოფებოდა.

ზემოაღნიშნულის გარდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი არსებით წინააღმდეგობაშია სააპელაციო სასამართლოს გარკვეულ დასკვნებთან, რომლებიც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილშია მოცემული, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ძალოვანი ტრანსფორმატორი, ელექტროგადამცემი ხაზი, დაბალი ძაბვის ქსელური ქვესადგური ვ. ღ. ქ-ის (მოპასუხის უფლებრივი წინამორბედი) მფლობელობაში მოექცა, ხოლო შპს „ჰ.-ი-ი“ ქვეაბონენტის სტატუსით აღიჭურვა.

ამდენად, იმ პირობებშიც კი, თუ დადგენილად ჩაითვლება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ძალოვანი ტრანსფორმატორი, ელექტროგადამცემი ხაზი და დაბალი ძაბვის ქსელური ქვესადგური ის ობიექტებია, რომლებიც ამჟამად შპს „ს.-ი-ის“ საკუთრებაშია, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი მაინც უკანონო და არაადეკვატურია, რადგან თუ სადავო ნივთები მფლობელობიდან გამოვიდა და შპს „ს.-ი-ს“ გადაეცა, ხოლო აღნიშნულის შედეგად შპს „ჰ.-ი-ს“ ქვეაბონენტის სტატუსი მიენიჭა, ე.ი. ამ უკანასკნელისთვის ცნობილი იყო აღნიშნული ვითარება და იგი დაეთანხმა მას, რის გამოც მოცემულ ეტაპზე მისი სასარჩელო პრეტენზია მოკლებული იყო პერსპექტივას და, შესაბამისად, სასამართლოს არ მოეპოვებოდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მოცემულ საქმესთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის გამოყენებას და დავის საგანთან მის არსებით კავშირს, კასატორმა აღნიშნა, რომ მითითებულ საკანონმდებლო ნორმაზე დაფუძნებული პოზიცია სარჩელის საპასუხოდ მხოლოდ და მხოლოდ იმ ასპექტში იქნა გამოყენებული, თუ თეორიულად გაზიარებული იქნება მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მის მიერ მოთხოვნილი ნივთები სწორედ ის ობიექტებია, რომლებიც მოსარჩელის საკუთრების საგანს წარმოადგენს, მაგრამ რეალურად არსებული ვითარების ფონზე, როდესაც მოპასუხე შპს „ს.-ი-ის“ საკუთრებაში არსებული ძალოვანი ტრანსფორმატორი, ელექტროგადამცემი ხაზი და დაბალი ძაბვის ქსელური ქვესადგური სრულიად სხვა ობიექტებია და არაფერი აქვთ საერთო მოსარჩელის საკუთრებად დაგულვებულ ნივთებთან, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლი საერთოდ არ უნდა გამოეყენებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შპს „ს.-ი-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ს.-ი-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ჰ.-ი-ი“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 1996 წლის 25 ივლისს. იურიდიული მისამართია ქ. თბილისის სამგორის რაიონი, ვ. დ-ა, ს. ქ ტერიტორია, რომლის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა შპს ,,ვ. ღ. ქ-ის“ საკუთრებას.

სასამართლომ დაადგინა, რომ 1998 წლის 15 აგვისტოს შპს „ჰ.-ი-ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა სს „თ-ს“, რომელშიც აღნიშნულია, რომ საზოგადოება „ჰ-ი“ და სახაზინო საწარმო ვ. ღ. ქ-ა განიცდიდა ელექტროენერგიით მომარაგების უკმარისობას. წარმოებას ესაჭიროებოდა სარეზერვო მომარაგება ელექტროენერგიით. განმცხადებელმა მოითხოვა სარეზერვო მომარაგებისათვის ტექნიკური პირობის გაცემა სამგორის სათავე ნაგებობის სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან.

შპს „ჰ.-ი-ის“ დირექტორს სს „თ-მა“ აცნობა, რომ შპს „ჰ.-ი-ისა“ და სახაზინო საწარმო „ვ. ღ. ქ-ის“ წარმოებების ელექტრომომარაგების გაუმჯობესების მიზნით, საჭირო იყო შემდეგი ტექნიკური პირობების შესრულება: აღნიშნული წარმოებების ტერიტორიაზე განთავსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურის სარეზერვო ელექტროკვება უნდა განხორციელებულიყო განშტოებით არსებული 6 კვ საჰაერო ხაზიდან „ვარკეთილის“ ქვესადგურის ფიდერი №29 და წყალსადენის ს/ქ №ა-45-ს შორის, შპს „თ.წ.კ-ის“ ადმინისტრაციის თანხმობის საფუძველზე. განშტოების ადგილზე უნდა დამონტაჟებულიყო სახაზო გამთიშველი.

1998 წლის 20 ნოემბერს სს „თ-ს“ და შპს „ჰ.-ი-ს“ შორის დაიდო საექსპლუატაციო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით პასუხისმგებლობის საზღვრები ელექტროდანადგარების მომსახურებაზე და მდგომარეობაზე განისაზღვრა ქსელის საბალანსო საკუთრებით, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: ფ.29 ა-45-ის ხაზის განშტოება – წყალსადენი, საჰაერო გამთიშველი, კაბელი 3X120 350მ, ძალოვანი ტრანსფორმატორი, დაბალი ძაბვის ქსელ დანადგარები – შპს „ჰ.-ი-ი“.

1998 წლის 24 ნოემბერს სს „თ-ის“ №187 ბრძანებით ირკვევა, რომ „თ-ის მიერ გაცემული 05.10.98 №1-05/2256 ტექ.პირობის თანახმად სამგორის რაიონში დაყენებული უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ ვ დ-ში მდებარე შპს „ჰ.-ი-ის“ არსებული ქვესადგურის სარეზერვო მაღალი ძაბვის საკაბელო ხაზი. მაღალი ძაბვის კაბელის ექსპლუატაციაზე და მის მომსახურებაზე პასუხისმგებელი იყო საწარმოს წარმომადგენელი მ. ჭ-ა“.

სს „თ-ის“ 2013 წლის 24 დეკემბრის ინფორმაციით სასამართლომ დაადგინა, რომ ს/ქ №ა-2065-ის მკვებავი მ/ძ კაბელი არ ირიცხება სს „თ-ის“ ბალანსზე.

ამდენად, საქმის მასალებით სასამართლომ დაადგინა, რომ 1998 წელს, წარმოების ელექტრომომარაგების გაუმჯობესების მიზნით, შპს „ჰ.-ი-მა“ დაამონტაჟა საჰაერო გამთიშველი, ძალოვანი ტრანსფორმატორი, დაბალი ძაბვის ქსელდანადგარი და გაიყვანა 350 მეტრი მკვებავი კაბელი, რის საფუძველზეც მითითებული ქონება დაფიქსირდა შპს „ჰ.-ი-ის“ მფლობელობაში (ბალანსზე).

სასამართლომ მიუთითა სს „თ-ის“ წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ 2005 წელს სს „თ-მა“ შპს „ვ. ღ. ქ-ის“ მიმართ შეადგინა აქტი, ვინაიდან ეს უკანასკნელი არალეგალური ხაზით მოიხმარდა ელექტროენერგიას და არ იყო აბონირებული.

სასამართლომ დაადგინა, რომ სს „თ-ის“ 2005 წლის განკარგულების (ა-2065) საფუძველზე, შპს „ვ. ღ. ქ-ა“ აღირიცხა აბონენტად სს „თ-ში“. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, სს „თ-ის“ ტექ-618 ტექნიკური პირობის თანახმად, რომელიც ითვალისწინებდა ვ. დ-ში განთავსებული შპს „ვ. ღ ქ-ის“ მიერ მოთხოვნილ ელექტროენერგიას 30 კვტ სიმძლავრით, შპს „ვ. ღ. ქ-ის” სახსრებით შესრულდა განკარგულებაში მითითებული სამუშაოები, სატრანსფორმატორო ქვესადგურს მიენიჭა სააბონენტო ნომერი ა-2065. სადისპეტჩერო სამსახურს დაევალა, ექსპლუატაციაში მიეღო და ძაბვის ქვეშ დაეყენებინა მაღალი ძაბვის საკაბელო მიმართულება განშტოება ქ/ს „ორხევი“ ფ.20 ს/ქ №ა-45 დან ს/ქ №ა2065 ს/ქვესადგურის, აღრიცხვის კვანძის მოწყობის შემდეგ სადისპეტჩერო ფარზე სათანადო დატანით. სატრანსფორმატორო ქვესადგურის მისი მ/ძ-ის მკვებავი კაბელის და დ/ძ-ის ქსელის უსაფრთხო მუშაობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა აბონენტს.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს „ჰ.-ი-ი“ დარეგისტრირდა შპს „ვ. ღ. ქ-ის“ ქვეაბონენტად. აღნიშნულის შედეგად, შპს „ჰ.-ი-ის“ მფლობელობაში არსებული ქონება – საჰაერო გამთიშველი, ძალოვანი ტრანსფორმატორი, დაბალი ძაბვის ქსელ დანადგარი და 350 მეტრი მკვებავი კაბელი მოექცა შპს „ვ. ღ. ქ-ის“ მფლობელობასა და სარგებლობაში.

შპს „ვ. ღ. ქ-ასა“ და შპს „ს.-ი-ს“ შორის 2013 წლის 15 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ს.-ი-მა“ შპს „ვ. ღ. ქ-ისაგან“ 300000 ლარად შეიძინა არასასოფლო სამეურნეო 34040.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ქ.თბილისში, ვ. მ-ში, შენობა-ნაგებობები №1-დან №10-ს ჩათვლით, საკადასტრო კოდი ...., მათ შორის შპს „ს.-ი-მა“ შეიძინა შპს „ვ. ღ. ქ-ის“ საკუთრებაში არსებული 160 კვს სიმძლავრის ტრანსფორმატორი და სატრანსფორმატორო შენობა-ნაგებობა, რომელიც განთავსებულია შპს „ს.-ი-ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. ძალოვანი ტრანსფორმატორი, დაბალი ძაბვის ქსელდანადგარი და 350 მეტრი მკვებავი კაბელი შპს „ს.-ი-ის“ მფლობელობაშია.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2013 წლის დეკემბრიდან შპს „ს.-ი-მა“ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა შპს „ჰ.-ი-ს“.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლს, რომელიც განმარტების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ს.-ი-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით პ. კ-ის მიერ 2014 წლის 25 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1050 ლარის 70% – 735 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.-ი-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ს.-ი-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით პ. კ-ის მიერ 2014 წლის 25 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1050 ლარის 70% – 735 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ნ. ბაქაქური