საქმე №ას-1196-1138-2014 6 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „E. D“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ბ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „E. D-ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების – 16040,32 ლარისა და დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის – 13221,40 ლარის (საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის გათვალისწინებით) გადახდის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 1 იანვრიდან მასა და შპს „კბ ი-ს“ შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც დაიწყო მუშაობა შპს „კბ ი-ში“ მთავარი ბუღალტერის თანამდებობაზე. სახელფასო განაკვეთი განისაზღვრა ყოველთვიურად 750 ლარით. ხელფასის დაგვიანების შემთხვევაში ხელშეკრულების მესამე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იქნა დავალიანების თანხის 0.07%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
შპს „კბ ი-მა“ მთავარ ბუღალტერს გადაუხადა მხოლოდ სახელფასო დავალიანების ნაწილი – 5 250 ლარი. დანარჩენ ნაწილში კი, ვალდებულება არ შეუსრულებია.
ამჟამად შპს „კბ ი-მა“ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და რეგისტრირებულია, როგორც შპს „E. D“.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა, რაც გამორიცხავს რაიმე სახის ვალდებულებას ა. ბ-ის მიმართ. აღნიშნული დასტურდება ბუღალტრული დოკუმენტაციითაც.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „E. D-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების გადახდა 16 040.32 ლარის ოდენობით და დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის – 10 577.12 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის გათვალისწინებით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „E. D-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „E. D-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „E. D-ს“ დაეკისრა 12832.26 ლარის და 10577.12 ლარის გადახდა ა. ბ-ის სასარგებლოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 1 იანვრის შრომითი ხელშეკრულებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2013 წლის 26 აგვისტოს გაცემული ცნობებით და სარჩელს თანდართული გაანგარიშებით დაადგინა, რომ 2009 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 13 მაისამდე მოსარჩელე ასრულებდა შპს „KB I-T-ში“ (ამჟამად - შპს „E. D“) მთავარი ბუღალტრის შრომით ფუნქციებს, ყოველთვიურად ხელფასის სახით 750 ლარის გადახდის სანაცვლოდ, რომელიც გაიცემოდა არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა. ამასთან, ხელფასის დაყოვნებისათვის დამსაქმებელს დაეკისრებოდა დაყოვნებული თანხის 0.7%-ის გადახდა დაყოვნების ყოველი დღისათვის.
დამსაქმებელს ხელფასის სახით დასაქმებულისათვის გადახდილი აქვს 5250 ლარი, კერძოდ: ა) 2009 წლის 8 ოქტომბერს – 1500 ლარი; ბ) 2009 წლის 28 დეკემბერს – 750 ლარი; გ) 2010 წლის 26 იანვარს – 750 ლარი; დ) 2010 წლის 28 მაისს – 2250 ლარი. დარჩენილი თანხა – 16040.32 ლარი (ხელზე გასაცემი – 12832.26 ლარი) გადაუხდელია, რის გამოც მისი დაყოვნებისათვის გადასახდელმა თანხამ (მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში) შეადგინა 13221.4 ლარი (ხელზე გასაცემი – 10577.12 ლარი).
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2013 წლის 5 დეკემბრის №005456013 აქტით ექსპერტიზის დასკვნის შეუძლებლობის შესახებ არ გამორიცხულა წერილობითი დოკუმენტის – 2009 წლის 1 იანვრის შრომითი კონტრაქტის ნამდვილობა. ექსპერტიზამ მიუთითა, რომ ამ დოკუმენტის შედგენის თარიღის განსაზღვრა შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი მეთოდიკის არარსებობის გამო, აგრეთვე, დოკუმენტზე დატანილი ბეჭდის საღებავი ნივთიერების ძლიერი გადღაბვნის გამო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქმეში არსებული ე.წ. „გატარებების“ მონაცემები, რადგან ა. ბ-მ ისინი სადავოდ გახადა. გაურკვეველია, ამ დოკუმენტის წარმოშობის წყარო, რის გამოც იგი ვერ იქნება მიჩნეული სანდო და უტყუარ მტკიცებულებად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის (ს.ფ.46-47) და 2013 წლის 16 სექტემბრის განჩინებებისა და სარჩელის თავფურცლების საფუძველე სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ა. ბ-მ, ზემოაღნიშნული სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, პირველად სარჩელი აღძრა 2012 წლის 31 იანვარს. ეს სარჩელი განუხილველად დარჩა (სარჩელის გამოხმობის შედეგად) 2012 წლის 31 მაისს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, რომელიც დაუყოვნებლივ შევიდა კანონიერ ძალაში, მხარეთაგან მის გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო. განსახილველი სარჩელი კი, აღძრულია 2013 წლის 28 ივნისს.
2013 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებიდან სასამართლომ გამოარკვია, რომ ა. ბ-სა და კ. ბ-ას შორის დაიდო ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ, რომლითაც კ. ბ-ამ იკისრა ვალდებულება, დაიცვას დამკვეთის ინტერესები შპს „E. D-თან“ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავაში. ა. ბ-მ კი, იკისრა ვალდებულება, საქმის მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში გადაუხადოს ადვოკატს 1200 ლარი.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული თანხა ადვოკატისათვის ამჟამად გადახდილი არ არის.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამდენად, შრომითი ურთიერთობა თავისთავად წარმოშობს დამსაქმებელის ვალდებულებას, აუნაზღაუროს დასაქმებულს შესრულებული სამუშაო, ანუ, მისცეს მას ხელფასი. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა, მისი გაცემის წესი, აღნიშნული კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს „E. D“ ვალდებული იყო, ა. ბ-ისათვის გადაეხადა ყოველთვიურად 750 ლარი ხელფასის სახით. ეს ვალდებულება შესაბამისი პერიოდულობით, ანუ, დათქმულ ვადაში, უმეტესწილად არ სრულდებოდა და არც ა. ბ-სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოო ანგარიშსწორების სახით, არ შესრულებულა. ამდენად, არსებობს ამ ვალდებულების მოპასუხისათვის (დამსაქმებლისათვის) შესრულების დავალების საფუძველი.
პალატამ მიიჩნია, რომ შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხელფასის დაყოვნების გამო, დამსაქმებელი პასუხს აგებს ამ დაყოვნებისათვის, რაც გამოიხატება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაუცემელი თანხის 0.07%-ის დასაქმებულის სასარგებლოდ გადახდევინებაში. დასაქმებულს, შრომითი ხელშეკრულების თანახმად, შეეძლო, უფრო მეტი (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაუცემელი თანხის 0.7%) თანხის გადახდევინებაც მოეთხოვა, თუმცა მოსარჩელემ თვითონ განსაზღვრა დავის საგნის მოცულობა, რაშიც სასამართლო ვერ ჩაერევა და კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად იმსჯელებს მხოლოდ მოსარჩელის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობაზე.
დასაქმებულზე გასაცემ ხელფასზე საშემოსავლო გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 154-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიუთითა, რომ „E. D-ს“ ეკისრება საგადასახადო აგენტის ფუნქცია ა. ბ-ზე ხელფასის, აგრეთვე, მისი გაცემის დაყოვნებისათვის დამატებით გასაცემი თანხებიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის დაკავების მიზნით. შესაბამისად, მითითებული თანხები ა. ბ-ს უნდა გადაეცეს საშემოსავლო გადასახადის თანხების გამოკლებით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განხილული სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმული არ არის, რადგან 2010 წლის 28 მაისს შესრულებული გადახდით (2250 ლარი), რომლითაც ნაწილობრივ ანაზღაურდა დასაქმებულის წინაშე არსებული ვალდებულება, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა, რადგან ვალდებულმა პირმა უფლებამოსილი პირის წინაშე მთლიანი დავალიანების ნაწილის გადახდით აღიარა დასაქმებულის მოთხოვნის არსებობა დავალიანების დანარჩენი ნაწილისადმი. შესაბამისად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის (რომელიც იმავე კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შეადგენს 3 წელს, როგორც პერიოდულად შესასრულებელ სახელშეკრულებო ვალდებულებაზე) დენა დაიწყო თავიდან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „E. D-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა ხანდაზმულობის ვადის არსი, მისი ათვლისა და შეჩერების წესი.
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, მხარემ აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ითხოვს 2009 წლის იანვრის ხელფასის ანაზღაურებას, რომლის გადახდის ვალდებულება, მის მიერვე წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად, წარმოიშვა მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ანუ 2009 წლის 10 თებერვლამდე, ამდენად, მხარეს სარჩელი უნდა აღეძრა 2012 წლის 10 თებერვლამდე.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ თავდაპირველად სარჩელი შეიტანა 2012 წლის 31 იანვარს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 31 მაისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება და სარჩელი დატოვა განუხილველად. ამ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად მიუთითა სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის განუხილველად დატოვების განჩინების თარიღზე – 2013 წლის 31 მაისზე, რადგან განჩინება მიღებულ იქნა 2012 წლის 31 მაისს, ხოლო განმეორებითი სარჩელი აღიძრა 2013 წლის 28 ივნისს, ანუ სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადის დარღვევით. მართალია, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად ჩათვალა, მაგრამ სარჩელი ხანდაზმულად არ ცნო. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში სარჩელი მაინც ხანდაზმულია, რადგანაც სარჩელის ხანდაზმულობის დენა თავიდან დაიწყო 2010 წლის 28 მაისს, ხოლო სარჩელი აღიძრა 2013 წლის 28 ივნისს სამწლიანი ვადის დარღვევით, ანუ სარჩელი აღძრულია 3 წლისა და 1 თვის შემდეგ.
სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, იყო თუ არა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება 2009 წლის 1 იანვარს შედგენილი. სასამართლომ მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება გაიზიარა და საერთოდ უგულებელყო კასატორის პოზიცია. ამავდროულად, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება შეიძლება არ იყოს იმ დროს შედგენილი, რა თარიღიც არის მასში მითითებული, ამდენად მოსარჩელე მხარემ არ იცოდა ხელშეკრულების გაფორმების დრო.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლო ასევე არასწორად დაეყრდნო მოსარჩელის მიერ შედგენილ გაანგარიშებას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ კასატორს დააკისრა 26 617,44 ლარის გადახდა, სააპელაციო სასამართლომ კი ეს თანხა შეამცირა 23 409.38 ლარამდე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილშიც უნდა დაკისრებოდა მეორე მხარეს.
მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემცირებინა პირგასამტეხლო დაკისრებული ძირითადი თანხიდან გამომდინარე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით შპს „E. D-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „E. D-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 13 მაისამდე მოსარჩელე ასრულებდა შპს „KB I-T-ში“ (ამჟამად – შპს „E. D“) მთავარი ბუღალტრის შრომით ფუნქციებს, ყოველთვიურად ხელფასის სახით 750 ლარის გადახდის სანაცვლოდ, რომელიც გაიცემოდა არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა. ამასთან, ხელფასის დაყოვნებისათვის დამსაქმებელს დაეკისრებოდა დაყოვნებული თანხის 0.7%-ის გადახდა დაყოვნების ყოველი დღისათვის.
დამსაქმებელს ხელფასის სახით დასაქმებულისათვის გადახდილი აქვს 5250 ლარი, კერძოდ: ა) 2009 წლის 8 ოქტომბერს – 1500 ლარი; ბ) 2009 წლის 28 დეკემბერს – 750 ლარი; გ) 2010 წლის 26 იანვარს – 750 ლარი; დ) 2010 წლის 28 მაისს – 2250 ლარი. დარჩენილი თანხა – 16040.32 ლარი (ხელზე გასაცემი – 12832.26 ლარი) გადაუხდელია, რის გამოც მისი დაყოვნებისათვის გადასახდელმა თანხამ (მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში) შეადგინა 13221.4 ლარი (ხელზე გასაცემი – 10577.12 ლარი).
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს „E. D“ ვალდებული იყო, ა. ბ-ისათვის გადაეხადა ყოველთვიურად 750 ლარი ხელფასის სახით. ეს ვალდებულება შესაბამისი პერიოდულობით, ანუ, დათქმულ ვადაში, უმეტესწილად არ სრულდებოდა და არც ა. ბ-სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოო ანგარიშსწორების სახით, არ შესრულებულა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ა. ბ-მ, ზემოაღნიშნული სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, პირველად სარჩელი აღძრა 2012 წლის 31 იანვარს. ეს სარჩელი განუხილველად დარჩა (სარჩელის გამოხმობის შედეგად) 2012 წლის 31 მაისს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, რომელიც დაუყოვნებლივ შევიდა კანონიერ ძალაში, მხარეთაგან მის გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო. განსახილველი სარჩელი კი, აღძრულია 2013 წლის 28 ივნისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 2014 წლის 8 მაისის განჩინება, საქმე №ას-167-157-2014).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „E. D-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 1 დეკემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1170,47 ლარის 70% – 819,329 ლარი და კასატორის მიერ ზედმეტად გადახდილი 0,53 ლარი, სულ – 819,859 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „E. D-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „E. D-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 1 დეკემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 1170,47 ლარის 70% – 819,329 ლარი და კასატორის მიერ ზედმეტად გადახდილი 0,53 ლარი, სულ – 819,859 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ბ. ალავიძე