Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1198-1140-2014 16 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, დავალიანების შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ბ-ის მიმართ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმებისა და დავალიანების 7008,95 აშშ დოლარით შემცირების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 8 ივნისს მხარეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ზ. ბ-ის საკუთრებაში არსებული ქ.ქუთაისში, ს. პ. ქ.№4-ში მდებარე №36 ბინა.

მოსარჩელემ მოპასუხისაგან სესხის სახით აიღო 16 660.10 აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება დაიდო ერთი წლის ვადით, 2012 წლის 31 აგვისტოს გამსესხებელმა ვადაზე ადრე, სათანადო საფუძვლის გარეშე ნოტარიუს ე.გ-ისაგან უკანონოდ მიიღო სააღსრულებო ფურცელი 18998.00 აშშ დოლარის მოთხოვნით და აღსრულების საშუალებით განხორციელებული მუქარით მსესხებელი აიძულა, ხელახალ კაბალური პირობებით შედგენილ ხელშეკრულებაზე უკანონოდ მოეწერა ხელი.

ახალი სესხის ხელშეკრულების თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უსაფუძვლოდ გაზარდა სესხის რაოდენობა 16814.01 აშშ დოლარით, წლიური 39,6% სარგებლით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკა უძრავ ქონებაზე დარჩა. კრედიტორი თანახმა იყო, ზ. ბ-ს ვალი გადაეხადა ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ და მიუხედავად იმისა, რომ მოვალე ასრულებდა ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებას, მისი ქონების ხელში ჩაგდების მოტივით, 2013 წლის 26 აგვისტოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში კვლავ უკანონოდ შეიტანა იგივე, 2012 წლის 31 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცელი ამჟამად 18 860.02 აშშ დოლარის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ზ. ბ-მ 7008.95 აშშ დოლარი (და არა 6406.95 აშშ დოლარი) გადაიხადა 2012 წლის 11 ივლისიდან 2013 წლის 26 აპრილის ჩათვლით №446 და №446/ბ საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს, ასევე, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის სახით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 8 ივნისის №446ა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-მა“ ზ. ბ-ს განუსაზღვრა საკრედიტო ლიმიტი – 25000 აშშ დოლარი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა სესხის გაცემა, მხარეთა შორის შემდგომში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების (რომელიც დადებისთანავე იქცეოდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად) საფუძველზე.

ხელშეკრულების 2.3 და 3.2 პუნქტებით დადგინდა, რომ საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდებოდა სესხის თანხის სრულად დაფარვამდე.

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, გადახდილი თანხებიდან ვალდებულება იფარებოდა შემდეგი თანმიმდევრობით: ა) პირგასამტეხლო; ბ) საპროცენტო სარგებელი; გ) საკომისიო; დ) სესხის ძირითადი თანხა; ე) სხვა გადასახდელები.

2012 წლის 8 ივნისის სანოტარო წესით (რეგისტრაციის №...) დამოწმებული №446 იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ზ. ბ-ის კუთვნილი უძრავი ნივთით უზრუნველყოფილ იქნა, 2012 წლის 8 ივნისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-ის“ მოთხოვნები ზ. ბ-ის მიმართ. ამასთან, კრედიტორს მიეცა უფლება, მოვალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოეთხოვა ნოტარიუსისაგან სააღსრულებო ფურცლის გაცემა, იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზნით.

2012 წლის 8 ივნისის №446ა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 2012 წლის 11 ივნისს დადებული №446 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2012 წლის 11 ივნისს ზ. ბ-მ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-ისაგან“ სესხად მიიღო 16660.19 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით, წლიური 39.6% სარგებლის დარიცხვის პირობით. ვადაგადაცილებაზე დაწესდა პირგასამტეხლოც: პირველ დღეზე – სესხის საწყისი თანხის 1% – 166.6 აშშ დოლარი, ყოველ მომდევნო დღეზე კი, გრაფიკით გადასახდელი თანხის 0.15%. დამტკიცდა სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის თანახმადაც ზ. ბ-ს, ყოველი თვის 11 რიცხვში (პირველი გადახდა – 2012 წლის 11 ივლისს) უნდა ეხადა 549.79 აშშ დოლარი.

გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 7.1.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობები დარღვეულად ჩაითვლებოდა, თუ მსესხებელი ვერ შეასრულებდა მხარეთა შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას/პირობას და ასეთი დარღვევა გაგრძელდებოდა 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

სს „თ. ბ-ის“ სალაროს შემოსავლის ორდერებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. ბ-მ 2012 წელს შეასრულა შემდეგი გადახდები: ა) 13 აგვისტოს – 470 აშშ დოლარი; ბ) 14 აგვისტოს – 200 აშშ დოლარი; გ) 1 სექტემბერს – 420 აშშ დოლარი. ამდენად, ზ. ბ-მ დაარღვია სესხის დაფარვის შეთანხმებული გრაფიკი, არ განახორციელა პირველი გადახდა 2012 წლის 11 ივლისს და ეს დარღვევა გაგრძელდა 10 სამუშაო დღეზე მეტ დროს.

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-ის“ 2012 წლის 9 აგვისტოს შეტყობინებით კრედიტორმა მოუწოდა მოვალეს, დადგენილი წესით შეესრულებინა ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავდა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.

სასამართლოს მითითებით, 2012 წლის 31 აგვისტოს №... სანოტარო აქტით მტკიცდება, რომ ნოტარიუსმა ე. გ-მა 2012 წლის 31 აგვისტოს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც ზ. ბ-ის დავალიანება შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-ის“ მიმართ ზემოაღნიშნული საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შეადგენდა 18998 აშშ დოლარს (ძირითადი თანხა – 16660.1 აშშ დოლარი, 2337.88 აშშ დოლარი – პროცენტი და პირგასამტეხლო). რეალიზაციას დაექვემდებარა იპოთეკის საგანი – ქალაქ ქუთაისში, ს. პ-ის №4-ში მდებარე №36 ბინა №... საკადასტრო კოდით.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა ახსნა-განმარტებებზე, რომელთა შესაბამისად სააღსრულებო ფურცელი კრედიტორმა წარადგინა აღსასრულებლად, თუმცა ზ. ბ-ის 2012 წლის 1 სექტემბრის წერილობითი თხოვნის საფუძველზე გამსესხებელმა მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელესთან საკრედიტო ურთიერთობის აღდგენის თაობაზე და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე სააღსრულებო ფურცელი გამოთხოვილ იქნა შეუსრულებელი სახით.

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-ის“ 2012 წლის 25 სექტემბრის შეტყობინებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2012 წლის 1 სექტემბრის შემდეგ მსესხებელმა კვლავ და არაერთგზის დაარღვია ვალდებულება. კრედიტორმა ისევ მოუწოდა მოვალეს, დადგენილი წესით შეესრულებინა ვალდებულება, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც 2012 წლის 24 ოქტომბერს, კრედიტორმა განაახლა სააღსრულებო საქმის წარმოება.

ზ. ბ-ის 2013 წლის 8 იანვრისა და 30 იანვრის განცხადებებით, აგრეთვე, მხარეთა შორის 2012 წლის 8 ივნისის №446ა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 30 იანვარს დადებული №446/ბ საკრედიტო ხელშეკრულებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 30 იანვარს ზ. ბ-მ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-ისაგან“ სესხად მიიღო 16814.01 აშშ დოლარი სამი წლის ვადით, წლიური 39.6% სარგებლის დარიცხვის პირობით. ვადაგადაცილებაზე დაწესდა პირგასამტეხლოც: პირველ დღეზე – სესხის საწყისი თანხის 1% – 168.14 აშშ დოლარი, ყოველ მომდევნო დღეზე – გრაფიკით გადასახდელი თანხის 0.15%. დამტკიცდა სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის თანახმადაც ზ. ბ-ს, ყოველი თვის 28 რიცხვში (პირველი გადახდა – 2013 წლის 28 თებერვალს) უნდა ეხადა 803.81 აშშ დოლარი.

კვლავ ძალაში დარჩა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 7.1.2 პუნქტი, რომლის თანახმად, ხელშეკრულების პირობები დარღვეულად ჩაითვლებოდა, თუ მსესხებელი ვერ შეასრულებდა მხარეთა შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას/პირობას და ასეთი დარღვევა გაგრძელდებოდა 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სს „თ. ბ-ის“ სალაროს შემოსავლის ორდერებზე, აგრეთვე, კრედიტორის მიერ წარმოდგენილი „სესხის გადახდების ამონაწერებზე“ და დაადგინა, რომ ზ. ბ-მ 2013 წელს შეასრულა შემდეგი გადახდები: ა) 27 თებერვალს – 600 აშშ დოლარი; ბ) 28 თებერვალს – 204 აშშ დოლარი; გ) 29 მარტს – 804 აშშ დოლარი; დ) 26 აპრილს – 202 აშშ დოლარი. ამდენად, ზ. ბ-მ ისევ დაარღვია სესხის დაფარვის შეთანხმებული გრაფიკი, 2013 წლის აპრილიდან აღარ განუხორციელებია სათანადო გადახდები, დათქმულ ვადაში და ეს დარღვევა გაგრძელდა 10 სამუშაო დღეზე მეტ დროს.

მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და ზემოთ აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა, რომ საერთო ჯამში ზ. ბ-ს 2012-2013 წლებში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-ისათვის“ გადახდილი აქვს 7008.95 აშშ დოლარი, საიდანაც 547.61 აშშ დოლარი ჩაითვალა სესხის ძირითად თანხად, 4923.34 აშშ დოლარი – პროცენტად, 1538 აშშ დოლარი კი – პირგასამტეხლოდ.

კერძო აღმასრულებელ რ. ს-ის 2013 წლის 6 ივნისის №... „წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ“ სააპელაციო პალატამ ასევ დაადგინა, რომ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-მა“ ხელახლა წარადგინა აღსასრულებლად 2012 წლის 31 აგვისტოს სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოითხოვა, ზ. ბ-ს გადახდეს 18860.02 აშშ დოლარი. ეს თანხა ნაკლებია სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ თანხაზე (18998 აშშ დოლარზე). მოთხოვნილი თანხიდან 16280.72 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1221.74 აშშ დოლარი – 2013 წლის 29 მარტიდან 2013 წლის 6 ივნისამდე დარიცხული პროცენტი, 380.90 აშშ დოლარი – 2013 წლის 29 მარტიდან 2013 წლის 6 ივნისამდე პირგასამტეხლო, 976.84 აშშ დოლარი – აღსრულებაზე გასვლის წინ ერთჯერადად დარიცხული ჯარიმა (№446/ბ საკრედიტო ხელშეკრულების 2.1.8 მუხლის „გ“ პუნქტი).

სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე მუხლების ნორმათა საფუძველზე სწორად მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებობდა სესხის სარგებლიანი (პროცენტიანი) ხელშეკრულება, რომლის პირობებიც განისაზღვრა მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად. ამდენად, მის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები ზ. ბ-ს უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც არ განხორციელებულა. მხარეთა მიერ, კანონით დადგენილი ფორმით (წერილობით), შეთანხმებული იყო პირგასამტეხლოს გადახდევინებაც ვალდებულების დარღვევისათვის.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოვალეს სწორად დაერიცხა გადასახდელად პროცენტებისა და პირგასამტეხლოს თანხები, ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით და ვადაგადაცილების დროის გათვალისწინებით. ზ. ბ-ის მიერ საერთო ჯამში გადახდილი 7008.95 აშშ დოლარით სააღსრულებო ფურცელში აღნიშნული თანხის შემცირების საფუძველი არ არსებობს, რადგან ზ. ბ-ის მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებული გადახდები გათვალისწინებულ იქნა კრედიტორის მიერ, მათ შორის 2013 წლის 30 იანვრის №446ბ საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას და მის საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების საბოლოო ოდენობის დადგენისას. ამასთან, პირგასამტეხლოს შემცირებისათვის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობდა, 2013 წლის 29 მარტიდან 2013 წლის 6 ივნისამდე პერიოდისათვის 16280.72 აშშ დოლარის თანხასთან მიმართებით 380.9 აშშ დოლარი, აგრეთვე, საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული განაკვეთები სასამართლომ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ არ მიიჩნია.

სასამართლოს მითითებით, აპელანტმა ეჭვქვეშ დააყენა სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი, აგრეთვე, მისი გამცემი ნოტარიუსის უფლებამოსილება.

2012 წლის 31 აგვისტოს სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2012 წლის 8 ივნისის №446 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო 2012 წლის 8 ივნისის №446ა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ყველა მოთხოვნა, 25000 აშშ დოლარის ფარგლებში. ნოტარიუსი კი, იპოთეკის ხელშეკრულების ტექსტის, სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის, „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილი იყო, გაეცა სააღსრულებო ფურცელი, ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნების (სულ – 18998 აშშ დოლარის) დაფარვისათვის იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე.

აპელანტმა მიუთითა, რომ კრედიტორმა უარი განაცხადა აღსრულებაზე, რის გამოც განმეორებით იმავე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყება იყო დაუშვებელი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აპელანტს ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამდენად, გაზიარებულ უნდა იქნეს მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ სააღსრულებო ფურცელი გამოთხოვილ იქნა შეუსრულებელი სახით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე, რის გამოც დაიშვებოდა აღსასრულებლად მისი ხელახლა წარდგენა. ამ გარემოებას ასევე ადასტურებს ისიც, რომ კერძო აღმასრულებელმა რ ს-მ 2013 წლის ივნისში დაუბრკოლებლად მიიღო სააღსრულებო ფურცელი წარმოებაში და დაიწყო შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. ბ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით, სასამართლომ დაარღვია ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეში არსებული ხელშეკრულებები.

პირველ ხელშეკრულებაზე კრედიტორმა შეწყვიტა სააღსრულებო წარმოება, შესაბამისად, სასამართლომ პირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დავალიანებად არასწორად ჩათვალა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებელია სააღსრულებო წარმოება განმეორებით. ამდენად, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები.

კასატორმა განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ კრედიტის გადახდა. ამიტომ, ვალდებულების დარღვევა არ დასტურდება და სააღსრულებო ფურცლის გაცემა არასწორია. სასამართლომ არ შეაფასა კასატორის მიერ გადახდილი თანხების ქვითრები.

სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და შეემცირებინა პირგასამტეხლო.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიკვლია, ჰქონდა თუ არა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლება და რომელ ხელშეკრულებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

არასწორია სასამართლოს მითითება, რომ კასატორის მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებული გადახდები გათვალისწინებული იყო 2013 წლის 30 იანვრის ხელშეკრულებით. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ამიტომ, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რის გამოც გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით.

კასატორმა მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლის კრედიტორის მიერ გამოთხოვა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტას ნიშნავს, რადგან ამ მოქმედებით კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე. ამდენად, კერძო აღმასრულებელს არ ჰქონდა უფლება, ხელახლა მიეღო წარმოებაში სააღსრულებო ფურცელი და დაეწყო სააღსრულებო მოქმედებები. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“და „ე1“ ქვეპუნქტები.

მხარემ განმარტა, რომ 2012 წლის 8 ივნისის ხელშეკრულების 2.3 3.2 და 4.1 პუნქტები ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე და 388-ე მუხლებს. კასატორს არ დაურღვევია სესხის დაფარვის გრაფიკი. სასამართლომ არ შეაფასა კასატორის მიერ ყველა გადახდილი თანხა ორივე ხელშეკრულების გათვალისწინებით.

კასატორის განმარტებით, მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა არ დაურღვევია, რადგან ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ ამოწურულა. ამასთან, მხარეთა შორის დადებული მეორე ხელშეკრულების ვადა მცირეა, რის გამოც პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის შესაბამისად, ნოტარიუს გ-ს არ ჰქონდა უფლება, გაეცა სააღსრულებო ფურცელი.

მხარის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ კრედიტორის მიერ მოთხოვნილი თანხები, რომელიც მითითებულია განჩინების ფაქტობრივად დასაბუთებაში არარეალურია, ეწინააღმდეგება კასატორის მიერ გადახდილ თანხებსა და სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე და 388-ე მუხლებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ზ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 8 ივნისის №446ა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-მა“ ზ. ბ-ს განუსაზღვრა საკრედიტო ლიმიტი – 25000 აშშ დოლარი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა სესხის გაცემა, მხარეთა შორის შემდგომში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების (რომელიც დადებისთანავე იქცეოდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად) საფუძველზე.

ხელშეკრულების 2.3 და 3.2 პუნქტებით დადგინდა, რომ საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდებოდა სესხის თანხის სრულად დაფარვამდე.

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, გადახდილი თანხებიდან ვალდებულება იფარებოდა შემდეგი თანმიმდევრობით: ა) პირგასამტეხლო; ბ) საპროცენტო სარგებელი; გ) საკომისიო; დ) სესხის ძირითადი თანხა; ე) სხვა გადასახდელები.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ზ. ბ-ის კუთვნილი უძრავი ნივთით უზრუნველყოფილ იქნა, 2012 წლის 8 ივნისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-ის“ მოთხოვნები ზ. ბ-ის მიმართ. ამასთან, კრედიტორს მიეცა უფლება, მოვალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოეთხოვა ნოტარიუსისაგან სააღსრულებო ფურცლის გაცემა, იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიზნით.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2012 წლის 11 ივნისს ზ. ბ-მ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-ისაგან“ სესხად მიიღო 16660.19 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით, წლიური 39.6% სარგებლის დარიცხვის პირობით. ვადაგადაცილებაზე დაწესდა პირგასამტეხლოც: პირველ დღეზე – სესხის საწყისი თანხის 1% – 166.6 აშშ დოლარი, ყოველ მომდევნო დღეზე კი, გრაფიკით გადასახდელი თანხის 0.15%. დამტკიცდა სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის თანახმადაც ზ. ბ-ს, ყოველი თვის 11 რიცხვში (პირველი გადახდა – 2012 წლის 11 ივლისს) უნდა ეხადა 549.79 აშშ დოლარი.

გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 7.1.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობები დარღვეულად ჩაითვლებოდა, თუ მსესხებელი ვერ შეასრულებდა მხარეთა შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას/პირობას და ასეთი დარღვევა გაგრძელდებოდა 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

სს „თ. ბ-ის“ სალაროს შემოსავლის ორდერებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. ბ-მ 2012 წელს შეასრულა შემდეგი გადახდები: ა) 13 აგვისტოს – 470 აშშ დოლარი; ბ) 14 აგვისტოს – 200 აშშ დოლარი; გ) 1 სექტემბერს – 420 აშშ დოლარი. ამდენად, ზაქრო ბიწაძემ დაარღვია სესხის დაფარვის შეთანხმებული გრაფიკი, არ განახორციელა პირველი გადახდა 2012 წლის 11 ივლისს და ეს დარღვევა გაგრძელდა 10 სამუშაო დღეზე მეტ დროს.

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-ის“ 2012 წლის 9 აგვისტოს შეტყობინებით კრედიტორმა მოუწოდა მოვალეს, დადგენილი წესით შეესრულებინა ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავდა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.

სასამართლოს მითითებით, 2012 წლის 31 აგვისტოს №... სანოტარო აქტით მტკიცდება, რომ ნოტარიუსმა ე. გ-მა 2012 წლის 31 აგვისტოს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც ზ. ბ-ის დავალიანება შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-ის“ მიმართ ზემოაღნიშნული საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შეადგენდა 18998 აშშ დოლარს (ძირითადი თანხა – 16660.1 აშშ დოლარი, 2337.88 აშშ დოლარი – პროცენტი და პირგასამტეხლო). რეალიზაციას დაექვემდებარა იპოთეკის საგანი – ქალაქ ქუთაისში, ს. პ-ის №4-ში მდებარე №36 ბინა №... საკადასტრო კოდით.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა ახსნა-განმარტებებზე, რომელთა შესაბამისად სააღსრულებო ფურცელი კრედიტორმა წარადგინა აღსასრულებლად, თუმცა ზ. ბ-ის 2012 წლის 1 სექტემბრის წერილობითი თხოვნის საფუძველზე გამსესხებელმა მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელესთან საკრედიტო ურთიერთობის აღდგენის თაობაზე და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე სააღსრულებო ფურცელი გამოთხოვილ იქნა შეუსრულებელი სახით.

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-ის“ 2012 წლის 25 სექტემბრის შეტყობინებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2012 წლის 1 სექტემბრის შემდეგ მსესხებელმა კვლავ და არაერთგზის დაარღვია ვალდებულება. კრედიტორმა ისევ მოუწოდა მოვალეს, დადგენილი წესით შეესრულებინა ვალდებულება, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც 2012 წლის 24 ოქტომბერს, კრედიტორმა განაახლა სააღსრულებო საქმის წარმოება.

ზ. ბ-ის 2013 წლის 8 იანვრისა და 30 იანვრის განცხადებებით, აგრეთვე, მხარეთა შორის 2012 წლის 8 ივნისის №446ა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 30 იანვარს დადებული №446/ბ საკრედიტო ხელშეკრულებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 30 იანვარს ზ. ბ-მ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-ისაგან“ სესხად მიიღო 16814.01 აშშ დოლარი სამი წლის ვადით, წლიური 39.6% სარგებლის დარიცხვის პირობით. ვადაგადაცილებაზე დაწესდა პირგასამტეხლოც: პირველ დღეზე – სესხის საწყისი თანხის 1% – 168.14 აშშ დოლარი, ყოველ მომდევნო დღეზე – გრაფიკით გადასახდელი თანხის 0.15%. დამტკიცდა სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის თანახმადაც ზ. ბ-ს, ყოველი თვის 28 რიცხვში (პირველი გადახდა – 2013 წლის 28 თებერვალს) უნდა ეხადა 803.81 აშშ დოლარი.

კვლავ ძალაში დარჩა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 7.1.2 პუნქტი, რომლის თანახმად, ხელშეკრულების პირობები დარღვეულად ჩაითვლებოდა, თუ მსესხებელი ვერ შეასრულებდა მხარეთა შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას/პირობას და ასეთი დარღვევა გაგრძელდებოდა 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სს „თ. ბ-ის“ სალაროს შემოსავლის ორდერებზე, აგრეთვე, კრედიტორის მიერ წარმოდგენილი „სესხის გადახდების ამონაწერებზე“ და დაადგინა, რომ ზ. ბ-მ 2013 წელს შეასრულა შემდეგი გადახდები: ა) 27 თებერვალს – 600 აშშ დოლარი; ბ) 28 თებერვალს – 204 აშშ დოლარი; გ) 29 მარტს – 804 აშშ დოლარი; დ) 26 აპრილს – 202 აშშ დოლარი. ამდენად, ზ. ბ-მ ისევ დაარღვია სესხის დაფარვის შეთანხმებული გრაფიკი, 2013 წლის აპრილიდან აღარ განუხორციელებია სათანადო გადახდები, დათქმულ ვადაში და ეს დარღვევა გაგრძელდა 10 სამუშაო დღეზე მეტ დროს.

მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და ზემოთ აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა, რომ საერთო ჯამში ზ. ბ-ს 2012-2013 წლებში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-ისათვის“ გადახდილი აქვს 7008.95 აშშ დოლარი, საიდანაც 547.61 აშშ დოლარი ჩაითვალა სესხის ძირითად თანხად, 4923.34 აშშ დოლარი – პროცენტად, 1538 აშშ დოლარი კი – პირგასამტეხლოდ.

კერძო აღმასრულებელ რ. ს-ის 2013 წლის 6 ივნისის №... „წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ“ სააპელაციო პალატამ ასევ დაადგინა, რომ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „G-l-მა“ ხელახლა წარადგინა აღსასრულებლად 2012 წლის 31 აგვისტოს სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოითხოვა, ზ. ბ-ს გადახდეს 18860.02 აშშ დოლარი. ეს თანხა ნაკლებია სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ თანხაზე (18998 აშშ დოლარზე). მოთხოვნილი თანხიდან 16280.72 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1221.74 აშშ დოლარი – 2013 წლის 29 მარტიდან 2013 წლის 6 ივნისამდე დარიცხული პროცენტი, 380.90 აშშ დოლარი – 2013 წლის 29 მარტიდან 2013 წლის 6 ივნისამდე პირგასამტეხლო, 976.84 აშშ დოლარი – აღსრულებაზე გასვლის წინ ერთჯერადად დარიცხული ჯარიმა (№446/ბ საკრედიტო ხელშეკრულების 2.1.8 მუხლის „გ“ პუნქტი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება).

ზემოაღნიშნული დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა მოცემულ პრაქტიკას არ ეწინააღმდეგება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ზ. ბ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 3 დეკემბერს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი 653 ლარის 70% – 457,1 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ზ. ბ-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 3 დეკემბერს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი 653 ლარის 70% – 457,1 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ბ. ალავიძე