Facebook Twitter

№ას-1203-1145-2014 23 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ქ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა შესასრულებელი ვალდებულების განსაზღვრის ნაწილში

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ. ბ-მა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დ. ქ-ის წინააღმდეგ წარადგინა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების შესრულებულად ცნობა სესხის ძირითადი თანხის სახით 2213 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში და შესაბამისად, 2013 წლის 6 სექტემბერს ნოტარიუს ნ. თ-ის მიერ გაცემული N120925709 სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების შემცირება 787 აშშ დოლარამდე. სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 2010 წლის 20 აგვისტოს გ. ბ-ს, მ. ლ-სა და დ. ქ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 3 თვის ვადით, რომლის შესაბამისად, გ. ბ-მა სესხის სახით აიღო 3000 აშშ დოლარი თვეში 7% სარგებლით. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული თანხიდან გ. ბ-ს გადაეცა 1000 აშშ დოლარი, ხოლო 2000 აშშ დოლარი დაიტოვა ლ. მ-მა იმ პირობით, რომ თვითონ გადაიხდიდა შესაბამის სარგებელს. დ. ქ-ი 13 თვის განმავლობაში ყოველთვიურად იღებდა 210 აშშ დოლარს. მას გ. ბ-სა და ლ. მ-ან სულ მიღებული აქვს 3000 აშშ დოლარისათვის სამი თვის სარგებელი 630 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 2213 აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დ. ქ-ი გ. ბ-ან ითხოვს 5500 აშშ დოლარის გადახდას.

დ. ქ-მა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით: გ. ბ-ი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სამი თვის განმავლობაში იხდიდა სარგებელს თვეში 210 აშშ დოლარი ოდენობით, ხოლო 3 თვის შემდეგ მის მიერ ყოველთვიურად გადახდილი 210 აშშ დოლარი წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს არასრულ ოდენობას სესხის თანხის გადახდის ვადის დარღვევისათვის. შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მართლზომიერად არის ასახული სესხის ძირითადი თანხისა და გადაუხდელი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზედაც სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაყვეტილება, რომლითაც გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შემდეგი სახით: ცვლილება შევიდა ნოტარიუს ნ. თ-ის მიერ 2013 წლის 6 სექტემბერს გაცმულ N130925709 სააღსრულებო ფურცელში იმგვარად, რომ მასში მითითებული 5500 აშშ დოლარის ნაცვლად გ. ბ-ის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობად განისაზღვრა 3000 აშშ დოლარი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

2010 წლის 20 აგვისტოს გ. ბ-ს, მ. ლ-სა და დ. ქ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 3 თვის ვადით, 2010 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების თანახმად, დ. ქ-მა გ. ბ-ს ასესხა 3000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 7% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0,3%-ის ოდენობით. 2010 წლის 20 აგვისტოს ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა მ. ლ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. გურჯაანში, ... ქ. N...-ში (საკადასტრო კოდი ...). იპოთეკა საჯარო რეესტრში 2010 წლის 25 აგვისტოს დარეგისტრირდა;

გ. ბ-ს სრულად აქვს გადახდილი 2010 წლის 20 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალიწინებული სამი თვის სარგებელი - 630 აშშ დოლარი. რაც შეეხება სესხის ძირითად თანხას, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტისთვის გ. ბ-ს დ. ქ-ის ძირითადი თანხა - 3000 აშშ დოლარი არ გადაუხდია;

2010 წლის 20 აგვისტოს ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებული არ ყოფილა. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებას, საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთზე არც მხარეები მიუთითებენ;

2010 წლის 20 დეკემბრიდან 10 თვის განმავლობაში, ანუ 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით, გ. ბ-ი დ. ქ-ს ყოველთვე უხდიდა 210 აშშ დოლარს. ამდენად, ამ პერიოდში ჯამში გადახდილია 2100 აშშ დოლარი;

2013 წლის 6 სექტემბერს ნოტარიუს ნ. თ-ის მიერ გაცემული №130925709 სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობას შეადგენს: სესხის ძირითადი თანხა - 3000 აშშ დოლარი, 24 თვის პირგასამტეხლო - 6680 აშშ დოლარი (ძირითადი თანხის 0,3%, ანუ დღეში 9 აშშ დოლარი). სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იპოთეკარის მოთხოვნა გავრცელდა სესხის ძირ თანხაზე - 3000 აშშ დოლარზე და პირგასამტეხლოს თანხის ნაწილზე - 2500 აშშ დოლარზე, სულ 5500 აშშ დოლარზე, ასევე სააღსრულებო ფურცლის ხარჯზე - 102 ლარზე და განცხადების საფასურზე - 4 ლარზე. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგენილია იპოთეკის საგნის - ქ. გურჯაანში, ... ქუჩა N...-ში მდებარე, მარინე ლაზაშვილის კუთვნილი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ...) რეალიზაცია;

2010 წლის 20 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლის მიერ 10 თვის განმავლობაში გადახდილი თანხა, ჯამში 2100 აშშ დოლარი, წარმოადგენდა პირგასამტეხლოს ანგარიშში გადახდილ თანხას და არა სესხისთვის გათვალისწინებულ პროცენტს. აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა იმ გარემოებათა ანალიზით, რომ სესხის ხელშეკრულება გაფორმებულია 3 თვის ვადით, ხელშეკრულება არ შეიცავს დათქმას მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ თანხის დაბრუნებამდე სარგებლის დარიცხვის გაგრძელების თაობაზე და საქმის მასალებით არ დასტურდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება, ამასთან, ხელშეკრულებით განსაზღვრულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ყოველი გადაცილებული დღისთვის ძირითადი თანხის 0,3% ოდენობით;

პალატამ მიიჩნია, რომ დ. ქ-ის მიერ მოთხოვნილი და ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გ. ბ-ის მიერ უკვე გადახდილ პირგასამტეხლოს ოდენობამდე - 2100 აშშ დოლარამდე. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ წინადებარე სარჩელის საგანს წარმოადგენს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხის - 5500 აშშ დოლარის შემცირება 787 აშშ დოლარამდე. გათვალისწინებით იმისა, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული 5500 აშშ დოლარი მოიცავს როგორც სესხის ძირითად თანხას - 3000 აშშ დოლარს, ისევე პირგასამტეხლოს - 2 500 აშშ დოლარს, სასამართლომ სწორედ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით იმსჯელა პირგასამტეხლოს სახით 2500 აშშ დოლარის დაკისრების საფუძვლიანობის საკითხზე. ვინაიდან დადგინდა, რომ 2010 წლის 20 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლის მიერ გადახდილი თანხა 2100 აშშ დოლარი წარმოადგენდა პირგასამტეხლოს ანგარიშში გადახდილ თანხას, სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ დ. ქ-ის მიერ მოთხოვნილი და ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოცემული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლო პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პალატის შეხედულებით, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში პალატამ გონივრულ ოდენობად მიიჩნია ის თანხა, რაც გ. ბ-მა უკვე აანაზღაურა, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, სააღსრულებო ფურცელში მითითებულ 5 500 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს პირგასამტეხლო 2500 აშშ დოლარი და გ. ბ-ის მიერ გადასახდელ ოდენობად, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 361-ე მუხლების საფუძველზე, განისაზღვროს სესხის ძირითადი თანხა - 3000 აშშ დოლარი, როგორც მის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება.

სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში მითითებული ხარჯების (სააღსრულებო ფურცლის ხარჯი - 102 ლარი, განცხადების საფასური - 4 ლარი) დაკისრების მართლზომიერების საკითხი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ გ. ბ-ის მიერ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ განხორციელებული გადახდები პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესრულებად და არა სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულების შესრულებად. კასატორმა აღნიშნა, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებისა და სხდომის ოქმის მიხედვით, დ. ქ-ი ადასტურებს გ. ბ-ის მიერ სესხისათვის 630 ლარის ოდენობით სარგებლის გადახდის გარდა 2213 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 20 ივნისის N3კ-486-03 გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ: „პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრავს კრედიტორის რისკის ხარისხს... პირგასამტეხლოს გადახდა უნდა მოხდეს სესხის დაუბრუნებელი თანხიდან... კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება აქვს მანამ, სანამ იგი არ დაიკმაყოფილებს მის მოთხოვნას“.

საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, გ. ბ-ის საკასაციო საჩივრისათვის 2014 წლის 19 ნომბერს N... საგადახდო დავალებით ლ. ტ-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 190 ლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 8 დეკემბერს N... საგადახდო დავალების გ. ბ-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 110 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 300 ლარის (190 ლარი + 110 ლარი) 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ გ. ბ-ს (პირადი ნომერი: ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მისი საკასაციო საჩივრისათვის 2014 წლის 19 ნოემბერს N... საგადახდო დავალებით ლოლა ტუსაშვილის მიერ 190 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, ასევე 2014 წლის 8 დეკემბერს N... საგადახდო დავალების გ. ბ-ის მიერ 110 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 70% - ჯამში 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე