Facebook Twitter

საქმე №ას-1206-1149-2014 17 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ჯ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. ა-ე (მოსარჩელე), ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ა“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ა-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ჯ-ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ის“ მიმართ ქ.ბათუმში, მ. ა-ის ქ.№56-ში მდებარე მრავალსართულიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ას“ 2009 წლის 8 მაისის №42 და №38 ოქმების ბათილად ცნობის შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ მის საკუთრებაში ირიცხება ქ.ბათუმში, მ. ა-ის ქ. №56-ში მდებარე ბინა №36. ბინის ქვეშ მდებარე 8.03 კვ.მ სარდაფით 1994 წლიდან სარგებლობდა კ. ა-ის ბებია - ა. ა-ე, შემდეგ ფლობდა მისი მამა - ო. ა-ე, ხოლო ამჟამად სარდაფით სარგებლობს კ. ა-ე.

მხარის მითითებით, ამავე სახლის №42 ბინის მესაკუთრეა ა. ჯ-ი. მან მოანგრია კ. ა-ის კუთვნილი სარდაფის ის ტიხრები, რომლებიც მას ჰყოფდა სარდაფის სხვა ფართებისგან და კ. ა-ის კუთვნილი სარდაფის კედლის გამომტვრევის გზით კ. ა-ის სარდაფს გაუკეთა 26 მ-ის ქუჩაზე გასასვლელი ღიობი. ა. ჯ-მა კარისა და ჩასასვლელის მოსაწყობად არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, სხვა დოკუმეტებთან ერთად წარადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სარდაფის აზომვითი ნახაზი და ქ. ბათუმში, მ. ა-ის ქ.№56-ში მდებარე მრავალსართულიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ას“ 2013 წლის აპრილის საერთო კრების №38 ოქმი.

საჯარო რეესტრის ამონაწერითა და მითითებული ოქმის საფუძველზე მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ა. ჯ-ის საკუთრებად რეგისტრირებული სარდაფი მოიცავს კ. ა-ის საკუთრებაში არსებულ 8.03 კვ.მ სარდაფსაც. 21.27 კვ.მ სარდაფზე ა. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ას“ 2009 წლის 8 მაისის №42 კრების ოქმი, რომლითაც ა. ჯ-ს მიეცა თანხმობა, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღერიცხა მის საკუთრებაში არსებული სარდაფი თანდართული ნახაზების შესაბამისად. თანდარტული საბუთებით კი, ა. ჯ-ის საკუთრებად მოხაზულია ის 8.03 კვ.მ, რომელიც საჯარო რეესტრში მის საკუთრებად უკვე იყო რეგისტრირებული.

მოსარჩელის მტკიცებით, ა. ჯ-ს სადავო სარდაფზე კარისა და ჩასასვლელის მოწყობისათვის არქიტექტორული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ას“ 2013 წლის აპრილის საერთო კრების №38 ოქმში მითითებულია, რომ ამხანაგობა „ე-ას“ წევრებმა დართეს ნებართვა, ამხანაგობის წევრ ა. ჯ-ს, თავის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებულ 21-27 კვ.მ სარდაფზე მოაწყოს ვიტრაჟი. ოქმში მიეთითა, რომ კრებას ესწრებოდა ამხანაგობის ყველა წევრი (100%), შესაბამისად, კრება უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებზე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2013 წლის აპრილში ბათუმში საერთოდ არ ყოფილა და არც ზემოაღნიშნულ კრებაში მიუღია მონაწილეობა. მისთვის საერთოდ უცნობი იყო ზემოაღნიშნული კრების ჩატარებისა და მასზე გატანილი საკითხების შესახებ. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებას და მისი სარგებლობაში გადაცემისთვის საჭიროა ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობა. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ ოქმში არ დაფიქსირდებოდა იმის შესახებ, რომ სახლის ფასადზე ვიტრაჟის მოწყობას მხარს უჭერდა ამხანაგობის ყველა წევრი, ა. ჯ-ი ვერ შეათანხმებდა ფასადზე ვიტრაჟის მოწყობის პროექტს და ვერ მიიღებდა მშენებლობის ნებართვას. შესაბამისად, მრავალსართულიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ას“ 2013 წლის აპრილის საერთო კრების №38 ოქმი კანონსაწინააღმდეგოა, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

მხარე ასევე მიუთითა, რომ ა. ჯ-ის სარდაფი მოიცავს არა მხოლოდ კ. ა-ის კუთვნილ 8.03 კვ.მ სარდაფს, არამედ 3.84 კვ.მ ფართს გარეშე სამყაროსთან დამაკავშირებელ კორიდორსაც, ანუ ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ ფართსაც. მოცემული ფართის გავლის გარეშე კ. ა-ე კუთვნილ სარდაფს ვერ დაუკავშირდება.

მოსარჩელის განმარტებით, ამხანაგობა „ე-ას“ 2009 წლის 8 მაისის №42 კრების ოქმი არღვევს მის კანონით დაცულ უფლებას 11.87 კვ.მ ფართის ნაწილში. სარდაფის ის ნაწილი, რომლის ა. ჯ-ის საკუთრებაში დარეგისტრირებაზეც განაცხადა თანხმობა ამხანაგობამ 39 წევრის შემადგენლობით, მოიცავდა კ. ა-ის საკუთრებად რეგისტირერებულ 8.03 კვ.მ. ფართის სარდაფს და 3.84 კვ.მ საერთო სარდაფს. შესაბამისად, სადავო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება შეეხო არა მარტო ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებას, არამედ კ. ა-ის ინდივიდუალურ საკუთრებასაც.

ა .ჯ-მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა. მოპასუხის მტკიცებით, მას მოსარჩელის სარდაფი არ მიუსაკუთრებია. სარდაფი თავიდანვე მის მფლობელობასა და სარგებლობაში იყო, შესაბამისად, ამხანაგობამ მიიღო გადაწყვეტილება და საკუთრებაში გადასცა ის ფართი, რომლითაც მხარე მანამდეც სარგებლობდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით კ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ.ბათუმში, მ. ა-ის ქ.№56-ში მდებარე მრავალსართულიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ას“ 2009 წლის 8 მაისის №42 კრების ოქმი ა. ჯ-ისათვის ქ.ბათუმში, მ. ა-ის ქ.№56-ში მდებარე სახლის №36 ბინის ქვეშ არსებული 8.03 კვ.მ სარდაფისა და 3.84 კვ.მ დერეფნის საკუთრებაში დარეგისტრირების თაობაზე თანხმობის მიცემის ნაწილში, ასევე ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობა „ე-ის“ 2013 წლის აპრილის №38 კრების ოქმი ა. ჯ-ისათვის ვიტრაჟის მოწყობაზე ნებართვის გაცემის ნაწილში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ჯ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ა. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. ბათუმში, მ. ა-ის გამზირ №56-ში მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს №36 ბინა, ხოლო ა. ჯ-ის საკუთრებაშია ამავე სახლში განლაგებული №42 ბინა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ას“ კრების სადავო ოქმები დაკავშირებულია სარდაფის კუთვნილებასთან. დასახელებული სარდაფი კონკრეტულად მდებარეობს სახლის იმ ნაწილში, რომელიც განლაგებულია ქ.ბათუმში, მ. ა-ისა გამზირისა და 26 მ-ის ქუჩების კვეთაში. ქ.ბათუმში, მ. ა-ის ქ.56-ში მრავალსართულიანი სახლის ბინათმესაკუთრეებს შექმნილი აქვთ ამხანაგობა „ე-ა“.

სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ ა. ჯ-მა საჯარო რეესტრში წარადგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ას“ 2009 წლის 8 მაისის კრების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ ამხანაგობამ ა. ჯ-ს საკუთრებაში გადასცა 21.27 კვ.მ. სარდაფი (№42 კრების ოქმი). დასახელებული კრების ოქმით ა. ჯ-ი დარეგისტრირდა 21.27 კვ.მ სარდაფის მესაკუთრედ, რის შემდეგ ა. ჯ-მა თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოსთან შეათანხმა სარდაფში კარისა და ჩასასვლელი კიბის მოწყობის მიზნით წარდგენილი პროექტი და მიიღო მშენებლობის ნებართვა, რომლის მიხედვითაც ა. ჯ-ს ამხანაგობის მიერ გადაცემულ სარდაფში უნდა მოეწყო 26 მ-ის ქუჩის მხრიდან სარდაფში შესასვლელი. მან სარდაფში დაიწყო სარემონტო სამუშაოები, მოშალა ტიხრები, სარდაფის კედლის გამომტვრევის გზით სარდაფს გაუკეთა ქუჩაში გასასვლელი ღიობი 26 მ-ის ქუჩის მხრიდან და დაიწყო ვიტრაჟის მოწყობა.

ვიტრაჟის მოწყობის ნებართვის მიღებისათვის ა. ჯ-მა ქ. ბათუმის მერიაში წარადგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ას“ 2013 წლის აპრილის საერთო კრების №38 ოქმი, სადაც მითითებულია, რომ ამხანაგობა „ე-ას“ წევრებმა ნება დართეს ა. ჯ-ს, თავის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებულ 21,27 კვ.მ სარდაფზე მოეწყო ვიტრაჟი.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, მე-5 მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ ქ. ბათუმში, მ. ა-ის ქ. №56-ში მრავალსართულიანი სახლის ბინათ მესაკუთრეებს შექმნილი აქვთ ამხანაგობა „ე-ა“.

კ. ა-ს და ა. ჯ-ს დასახელებულ მისამართზე საკუთრებაში გააჩნიათ უძრავი ქონებები. შესაბამისად, ისინი ამხანაგობის წევრები არიან. მათ შეუძლიათ თანაბრად მიიღონ მონაწილეობა ამხანაგობის საქმიანობაში. ამხანაგობას უფლება აქვს, განკარგოს მხოლოდ ის ქონება, რაც არ წარმოადგენს ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებას და არის ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრება.

ქ. ბათუმში, მ. ა-ის ქ.№56-ში მრავალსართულიანი სახლს გააჩნია სარდაფები, რომლებიც თავდაპირველად მხოლოდ ამხანაგობის საკუთრებას წარმოადგენდა. ამხანაგობამ დაიწყო სარდაფების ამხანაგობის წევრების საკუთრებაში გადაცემა.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 2008 წლის 5 აგვისტოს №14 აგვისტოს საერთო კრების ოქმით სარდაფი საკუთრებაში გადასცა კ. ა-ს. იმავე ამხანაგობამ 2009 წლის 8 მაისის №42 კრების ოქმით, 21.27 კვ.მ სარდაფი გადასცა ა. ჯ-ს. აქედან ა. ჯ-ისათვის გადაცემული ფართის ნაწილი 8.03 კვ.მ ის ფართია, რომელიც საერთო კრების 2008 წლის 5 აგვისტოს №14 ოქმით გადაეცა კ. ა-ს, ხოლო 3.11 კვ.მ წარმოადგენს კ. ა-ის სარდაფის შესასვლელ დერეფანს.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ისეთი ძირითად საკითხებს, როგორიცაა ამხანაგობის საერთო ქონების მართვა და განკარგვა, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილება, კრების მოწვევისა და ჩატრების საკითხი, გადაწვეტილების მიღებისა და სხვა მსგავს საკითხებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამხანაგობის კრების ოქმის კანონიერების საკითხი უნდა შემოწმდეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამოყენებით.

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ საკუთრების უფლებას იცავს კანონი. საკუთრების უფლების დაცვის გარანტიებს ქმნის ქვეყნის უზენაესი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია. არავის არ აქვს უფლება, შეზღუდოს მესაკუთრე შესაბამისი კანონიერი საფუძვლის გარეშე. ასევე მესაკუთრის გარდა, სხვა პირს არ აქვს უფლება მესაკუთრის ნებართვის გარეშე სარგებლობდეს ფლობდეს და განკარგავდეს ქონებას. მხოლოდ მესაკუთრეს აქვს უფლება თავისი შეხედულებით გადაწყვიტოს საკუთრების ბედი. ისარგებლოს, ან განკარგოს ისე, როგორც ამას ჩათვლის საჭიროდ. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო სარდაფის მესაკუთრეა, როგორც კ. ა-ე, ისე ა. ჯ-ი. ორივე მათგანმა საკუთრების უფლება მოიპოვა ამხანაგობის კრების ოქმის გადაწყვეტილებით. ორივე მხარე სადავოდ ხდის ერთმანეთის საკუთრების უფლებას.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „კ“ პუნქტის საფუძვეზე სასამართლომ მიიჩნია, რომ უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მისი საფუძვლები, მათ შორის, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით“. როგორც კანონით, ისე ინსტრუქციით სარეგისტრაციო დოკუმენტი არის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების წარმომშობი სამართლებრივი აქტი.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის და მერვე მუხლის ანალიზით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. დაინტერესებულმა პირმა საჯარო რეესტრში უნდა წარადგინოს უფლების დამდგენი საბუთი და მოითხოვოს მის მიერ წარდგენილი უფლების დამდგენი საბუთის საფუძველზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ კ. ა-მ 8.03 კვ.მ ფართის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრში წარადგინა ამხანაგობის საერთო კრების 2008 წლის 5 აგვისტოს №14 ოქმი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2008 წლის 6 ოქტომბერს. თავის მხრივ, ა. ა-მ 21.27 კვ.მ ფართის საკუთრებაში რეგისტრაციისათვის წარადგინა ამავე ამხანაგობის 2009 წლის 8 მაისის კრების ოქმი. საკუთრებად კი, ქონება დაირეგისტრირა 2009 წლის 7 ოქტომბერს.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილი, 312-ე მუხლის პირველი ნაწილი და განმარტა, რომ საკუთრების უფლება წარმოიშობა უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრირებულ მონაცემებს აქვს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია და ითვლება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის სუბიექტი, ვინც მესაკუთრედაა რეგისტრირებული. მისი მესაკუთრედ რეგისტრაცია ნამდვილია მანამ, სანამ არ დადგინდება რეგისტრირებული მონცემების უსწორობა. მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, მ. ა-ის ქ. №56-ში მდებარე მრავალსართულიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ას“ 2009 წლის 8 მაისის კრების ოქმით, ა. ჯ-ს საკუთრებაში გადეცა 21.27 კვ.მ სარდაფი, რომელიც ასევე მოიცავდა 8.03 კვ.მ იმ სარდაფის ფართს, რომელიც მანამდე კ. ა-ის საკუთრებად იყო რეგისტრიებული. ასევე 3.11 კვ.მ დერეფანს, რომლითაც მოსარჩელე უკავშირდებოდა თავის სარდაფს. დასახელებული გარემოება დადგინდა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული, ქ. ბათუმში, მ. ა-ის ქ.56-ში მდებარე მრავალსართულიანი სახლის სარდაფის ნახაზებით, კ. ა-ის საკუთრებაში არსებული სარდაფის ნახაზით, ა. ჯ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული სარდაფის ნახაზითა და „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2013 წლის 17 სექტემბრის №004171813 დასკვნით.

აღნიშნული მტკიცებულებების ანალიზით სასამართლომ დაასკვნა, რომ სარდაფის ნაწილი, რომელიც ამხანაგობამ ა. ჯ-ს გადასცა, წარმოადგენდა ამხანაგობის საკუთრებას და შეიძლებოდა მისი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით ამხანაგობის მიერ ა. ჯ-ისათვის საკუთრებაში გადაცემა. 8.03 კვ.მ ფართი კი, წარმოადგენდა კ. ა-ის საკუთრებას და მისი გასხვისების უფლება ამხანაგობას არ ჰქონდა. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, ამ ქონების გასხვისების ნამდვილობისათვის აუცილებელი იყო მესაკუთრის, ანუ კ. ა-ის ნების გამოვლენა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ა. ჯ-მა სადავოდ გახადა კ. ა-ის საკუთრების უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ 8.03 კვ.მ ფართის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო კ. ა-ის საკუთრებად. დასახელებული ფართის ადგილმდებარეობა განისაზღვრება შპს „ი-ის“ აზომვითი ნახაზით. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ შპს „ი-ის“ აზომვითი ნახაზით კ. ა-ის საკუთრებად დარეგისტრირდა ის ფართი, რომელიც შემდეგში ა. ჯ-მა დაირეგისტრირა. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის მიხედვით, კ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნამდვილია მანამ, სანამ არ დადგინდება მისი ცდომილება. მისი საკუთრების უფლება სადავოდ არ გამხდარა. დადგენილა, რომ კ. ა-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია არასწორი მონცემებით. შესაბამისად, მისი საკუთრების უფლება განიხილება როგორც უტყუარი და ნამდვილი. შესაბამისად, ამხანაგობამ განკარგა არა თავისი, არამედ კ. ა-ის საკუთრება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სარდაფის ის ფართი, რომელიც ა. ჯ-ს საკუთრებაში საკუთრებაში გადასცა ამხანაგობამ 39 წევრის შემადგენლობით, მოიცავდა კ. ა-ის საკუთრებად რეგისტრირებულ 8.03 კვ.მ. ფართის სარდაფსაც. შესაბამისად, ამხანაგობის ზოგიერთ წევრს შორის დადებული გარიგება, ანუ ქ. ბათუმში, მ. ა-ის გამზირი №56-ში მდებარე მრავალსართულიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ას“ 2009 წლის 8 მაისის №42 კრებაზე შეეხო არა მარტო ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებას, არამედ კ. ა-ის ინდივიდუალურ საკუთრებასაც.

სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კანონს. კანონსაწინააღმდეგოდ დადებული გარიგება იწვევს მისი შედეგების გაბათილებას. მტკიცებულებათა ანალიზით დადგინდა, რომ ამხანაგობამ ა. ჯ-ზე გაასხვისა კ. ა-ის საკუთრება. ამხანაგობა 2009 წლის 8 მაისისათვის არ იყო გასხვისებული 8.03 კვ.მ სარდაფის მესაკუთრე. შესაბამისად, მას არც ამ ფართის გასხვისების უფლება არ ჰქონდა. ამხანაგობა „ე-ას“ 2009 წლის 8 მაისის №42 კრების ოქმი ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით დადგენილ წესს, ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დადგენილ წესს და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ჯ-ს საკუთრებაში გადაეცა ამხანაგობის საერთო საკუთრების ნაწილი, კერძოდ, 3.84 კვ.მ ფართი. მხარეები არ დავობენ იმ ფაქტზე, რომ მოცემული ფართი ამხანაგობის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, რაც ასევე დასტურდება ტექბიუროს არქივში დაცული სარდაფების ნახაზებით.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეშვიდე ნაწილის „ვ“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მესამე პირებთან ურთიერთობაში ამხანაგობის სახელით გამოდის ამხანაგობის თავმჯდომარე. თავმჯდომარე უზრუნველყოფს, ამხანაგობის მიზნების შესაბამისად, მის მართვას. მას უფლება აქვს, ამხანაგობის სახელით მხარედ გამოვიდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გასხვისებისას, გაქირავებისას, იჯარით გაცემისას, დაგირავებისას, აგრეთვე სერვიტუტისა თუ სხვაგვარი უფლებით სხვა პირებისათვის გადაცემისას, მაგრამ ამხანაგობის ძირითად საკითხებზე თავმჯდომარე ამხანაგობის მართვას ახორციელებს ამხანაგობის წევრებთან შეთანხმებით. ამხანაგობის წევრები კი, გადაწყვეტილებას იღებენ საერთო კრებაზე, მათ შორის ამხანაგობის ქონების გასხვისებისათვის კანონის 26-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ვ“ პუნქტით კრების გადაწყვეტილებაა საჭირო. დასახელებულ შემთხვევაშიც იმისათვის, რომ ა. ჯ-ს შეეძინა ამხანაგობის საერთო საკუთრების სარდაფის ნაწილი, საჭირო იყო, ამხანაგობას გამოეხატა ნება ქონების მასზე გადაცემის შესახებ.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეოთხე ნაწილით კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით.

კრების მოწვევისა და ჩატარების პროცესში სავალდებულოა ამხანაგობის წევრთა ინფორმირება განსახილველი საკითხების შესახებ. ინფორმირების მიზანია მხარეთა სათანადო მომზადება ამხანაგობის წინაშე დასმულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. ასეთი ინფორმირება დასაშვებია მხოლოდ წერილობითი ფორმით. დასახელებული კრების შემთხვევაშიც ამხანაგობის წევრები ინფორმირებულნი უნდა ყოფილიყვნენ დღის წესრიგის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ დღის წესრიგთან დაკავშირებით ამხანაგობის წევრთა ინფორმირება დასაშვებია საჯარო შეტყობინებითაც, კერძოდ, დღის წესრიგისა და კრების თარიღისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს თვალსაჩინო ადგილას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა უნდა ამტკიცონ ის გარემოება, რომ ამხანაგობის წევრები გაფრთხილებული იყვნენ დღის წესრიგის, კრების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ. მათ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ამიტომ სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება და მიიჩნია, რომ კრების დღის წესრიგის თაობაზე ამხანაგობის წევრები არ ყოფილან ინფორმირებული და ისინი კრებაზე კანონით დადგენილი წესით მიწვეული არ იყვნენ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ოქმის შედგენის დროს დაირღვა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი, კერძოდ, ამხანაგობის მიერ 3.84 კვ.მ დერეფნის გასხვისება წარმოადგენს საერთო ქონების ისეთ განვითარებას, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და არსებით გავლენას ახდენს სხვა მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე. სადავო ფართი საერთო საკუთრებიდან იქცა ინდივიდუალურ საკუთრებად, რამაც გავლენა მოახდინა კ. ა-ის ინტერესებზე. დასახელებული დერეფნის სარგებლობის გარეშე, კ. ა-ე ვერ შეძლებს მის საკუთრებაში არსებულ სარდაფში შეღწევას და სარგებლობას.

პალატის მითითებით, საქმეში არ წარმოდგენილა მტკიცებულებები დერეფნის ა. ჯ-ისათვის გადაცემის საკითხის განხილვაში კ. ა-ის მოწვევისა და ინფორმირების შესახებ. დგინდება, რომ მისთვის არ უცნობებიათ კრების ჩატარებისა და დღის წესრიგის საკითხის შესახებ და არც კრებაში მონაწილეობის მისაღებად მიუწვევიათ. კ. ა-ის კრებაზე მოწვევა სავალდებულო იყო „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 10-ე მუხლის პირობიდან გამომდინარე, ვინაიდან ამხანაგობის მიერ სადავო 3.84 კვ.მ დერეფნის განკარგვამ გავლენა იქონია კ. ა-ზე. აღნიშნული კი გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ა ჯ-ის მიერ ვიტრაჟის მოწყობა უნდა განხორციელებულიყო ქ. ბათუმში მ. ა-ის ქ. 56-ში მდებარე მრავალსართულიანი სახლის ფასადზე. საერთო საკუთრებაში არსებულ ფასადზე ვიტრაჟის მოწყობას და სარდაფში შესასვლელის გაკეთებას სჭირდება ამხანაგობის წევრთა გადაწყვეტილება. ვიტრაჟის მოწყობისა და სარდაფში შესასვლელის მოწყობა ისეთი საკითხია, რომელსაც სჭირდება ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობა. კრების ოქმში აღნიშნულია, რომ მასში მონაწილეობდა ამხანაგობის ყველა წევრი, მაგრამ დადგინდა, რომ კ. ა-ე კრებაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არ ყოფილა. მას არ მიუღია მონაწილეობა მოცემულ კრებაში და არ არსებობს მისი თანხმობა კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დასახელებული კრების ოქმი ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის დანაწესს. თანხმობა გაიცა იმ სარდაფში შესასვლელის გაკეთებაზე, რომელიც წარმოადგენს კ. ა-ის საკუთრებას. მართალია, შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციების გაჭრას და ვიტრაჟის მოწყობას სჭირდება ამხანაგობის თანხმობა, მაგრამ ჩასასვლელი და კიბის მოწყობა გადაწყდა უშუალოდ იმ სარდაფში, რომელიც წარმოადგენდა კ. ა-ის საკუთრებას.

სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ა. ჯ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ამხანაგობის საერთო კრების ისეთი ოქმით, რომელიც შეიცავს გარიგების ბათილობის საფუძვლებს. შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნას, რომ ვიტრაჟის მოწყობის თანხმობის გაცემით ხელყოფილ იქნა კ. ა-ის საკუთრების უფლება. ა. ჯ-მა შესასვლელი მოაწყო მოსარჩელის სარდაფში. მსგავსი მოქმედების განხორციელებას აუცილებლად სჭირდება კ. ა-ის თანხმობა. ფაქტობრივად, ამხანაგობამ გადაწყვიტა ის საკითხი, რომლის გადაწყვეტის უფლებამოსილება შედიოდა კ. ა-ის კომპეტენციაში. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე 2013 წლის აპრილის თვის №38 კრების ოქმი შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებულ გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. ჯ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ა. ჯ-ს 2007 წლიდან საკუთრებაში გააჩნია ქ.ბათუმში, მ. ა-ის ქ. №56-ში მდებარე №36 ბინა, რომელიც მან მიიღო 2007 წლის 22 თებერვალს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მჩუქებელმა ო. ა-მ უძრავი ქონება აჩუქა თავის ვაჟიშვილ კ. ა-ს, ხოლო ო. ა-მ, თავის მხრივ, მიიღო ქონება მემკვიდრეობით დედის – ა. ა-ისგან. ამ უკანასკნელმა ბინა შეიძინა დ. პ-ასაგან, ხოლო დ. პ-ამ – 1993 წლის სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე. ზემოაღნიშნული სამოქალაქო ბრუნვების დროს არც ერთ მესაკუთრეს თავის დროზე სადავო 8,03 კვ.მ სარდაფი საკუთრებაში არ გადასცემია.

მხარემ მიუთითა, რომ საქმეზე ჩატარებული ადგილზე დათვალიერებისას ამხანაგობის თავმჯდომარე თ.კ-ის განმარტებითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ არსებობს კ. ა-ისათვის სარდაფის გადაცემის თაობაზე 2008 წლის 5 აგვისტოს ამხანაგობის გადაწყვეტილების №14 ოქმის ბათილობის აბსოლუტური საფუძველი, რადგან თ. კ-ის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების დროს მას მიუთითეს იმ სარდაფზე, რომელიც წლების მანძილზე იყო საცხოვრებელი №36 ბინის მესაკუთრის სარგებლობაში და ვერ იქნებოდა სწორედ ის სარდაფი, რომელიც კეთილმოწყობილ იქნა თავად ა. ჯ-ის მიერ. ამ კრების ოქმის არსებობის შესახებ ა. ჯ-ისათვის ცნობილი გახდა მას შემდგომ, როცა ჩაბარდა, კ. ა-ის განცხადების გამო, სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება, რაც გასაჩივრდა ა. ჯ-ის მიერ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ისე, რომ კრებაზე ა. ჯ-ი მიწვეულა და არც რაიმეზე ხელი არ მოუწერია.

კასატორმა არ გაიზიარა სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელის, როგორც სადავო ფართის მესაკუთრის არგუმენტები უფრო მყარია, ვიდრე სარდაფის მფლობელი ა. ჯ-ის პოზიცია.

სააპელაციო პალატამ არა გაითვალისწინა ა.ჯ-ის მიმართ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევის ფაქტი.

კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მისი პოზიცია, რომ ამხანაგობა „ე-ის“ 2009 წლის 8 მაისის №42 და 2013 წლის აპრილის №38 კრების ოქმებით ფაქტობრივად მოწესრიგდა ურთიერთობა ამხანაგობას, ა. ჯ-სა და სახელმწიფოს შორის, რადგან მხარეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა არასაცხოვრებელი ფართი და მისცა სარდაფზე ვიტრაჟის მოწყობის უფლება.

მხარემ მიუთითა, რომ „ე-ას“ არ მიუღია გადაწყვეტილება 2009 წლის 8 მაისის კ. ა-ის საკუთრებაში არსებულ სარდაფზე, არამედ ა. ჯ-ს მის სარგებლობაში არსებულ ფართზე მისცა ვიტრაჟის მოწყობის უფლება.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა განესხვავებინა საკუთრების უფლების შექმნა და საკუთრების უფლების არსებობა, რომელიც წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როცა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი კეთილსინდისიერად ფლობს და სარგებლობს აღნიშნულით. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა კიდეც, რომ ა. ჯ-ი 1974 წლიდან ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში და მას სარგებლობაში გააჩნია 21,27 კვ.მ სარდაფი.

კასატორმა მიიჩნია, რომ 2008 წლის 5 აგვისტოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ის“ გადაწყვეტილება წარმოადგენდა გარიგებას, ამდენად, სასამართლოს იგი უნდა შეეფასებინა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, ნებისმიერი ხელშეკრულების არსებობა მისი შესრულების უტყუარი მტკიცებულება არ არის. შესაბამისად, გარიგება ამხანაგობასა და კ. ა-ს შორის ა. ჯ-ის კუთვნილ 8,03 კვ.მ სარდაფზე არ შემდგარა და ვერც შედგებოდა, რადგან ამხანაგობასთან ფაქტობრივად წარდგენილი იქნა სულ სხვა ნივთი – სარდაფი.

კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნული მსჯელობა ეფუძნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის №ას-1162-1091-2012 და 2013 წლის 4 თებერვლის №ას-1610-1511-2012 განჩინებებს.

მხარის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაიზიარა მისი პოზიცია, რომ სადავო ფართის სარდაფისა და საძინებლის მომიჯნავეობა წარმოშობს გარკვეულ ვარაუდს, რომ კ. ა-ე სარდაფით არ სარგებლობდა და არც ფლობდა მას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.ბათუმში, მ. ა-ის გამზირ №56-ში მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს №36 ბინა, ხოლო ა. ჯ-ის საკუთრებაშია ამავე სახლში განლაგებული №42 ბინა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ას“ კრების სადავო ოქმები დაკავშირებულია სარდაფის კუთვნილებასთან. დასახელებული სარდაფი კონკრეტულად მდებარეობს სახლის იმ ნაწილში, რომელიც განლაგებულია ქ.ბათუმში, მ. ა-ისა გამზირისა და 26 მ-ის ქუჩების კვეთაში. ქ.ბათუმში, მ. ა-ის ქ.56-ში მრავალსართულიანი სახლის ბინათმესაკუთრეებს შექმნილი აქვთ ამხანაგობა „ე-ა“.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 5 აგვისტოს №14 აგვისტოს საერთო კრების ოქმით სარდაფი საკუთრებაში გადასცა კ. ა-ს. იმავე ამხანაგობამ 2009 წლის 8 მაისის №42 კრების ოქმით, 21.27 კვ.მ სარდაფი გადასცა ა. ჯ-ს. აქედან ა. ჯ-ისათვის გადაცემული ფართის ნაწილი 8.03 კვ.მ ის ფართია, რომელიც საერთო კრების 2008 წლის 5 აგვისტოს №14 ოქმით გადაეცა კ. ა-ს, ხოლო 3.11 კვ.მ წარმოადგენს კ ა-ის სარდაფის შესასვლელ დერეფანს.

სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში არ წარმოდგენილა მტკიცებულებები დერეფნის ა. ჯ-ისათვის გადაცემის საკითხის განხილვაში კ. ა-ის მოწვევისა და ინფორმირების შესახებ. დგინდება, რომ მისთვის არ უცნობებიათ კრების ჩატარებისა და დღის წესრიგის საკითხის შესახებ და არც კრებაში მონაწილეობის მისაღებად მიუწვევიათ.

სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ ა. ჯ-მა საჯარო რეესტრში წარადგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ას“ 2009 წლის 8 მაისის კრების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ ამხანაგობამ ა. ჯ-ს საკუთრებაში გადასცა 21.27 კვ.მ სარდაფი (№42 კრების ოქმი). დასახელებული კრების ოქმით ა. ჯ-ი დარეგისტრირდა 21.27 კვ.მ სარდაფის მესაკუთრედ, რის შემდეგ ა. ჯ-მა თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოსთან შეათანხმა სარდაფში კარისა და ჩასასვლელი კიბის მოწყობის მიზნით წარდგენილი პროექტი და მიიღო მშენებლობის ნებართვა, რომლის მიხედვითაც ა. ჯ-ს ამხანაგობის მიერ გადაცემულ სარდაფში უნდა მოეწყო 26 მ-ის ქუჩის მხრიდან სარდაფში შესასვლელი. მან სარდაფში დაიწყო სარემონტო სამუშაოები, მოშალა ტიხრები, სარდაფის კედლის გამომტვრევის გზით სარდაფს გაუკეთა ქუჩაში გასასვლელი ღიობი 26 მ-ის ქუჩის მხრიდან და დაიწყო ვიტრაჟის მოწყობა.

ვიტრაჟის მოწყობის ნებართვის მიღებისათვის ა. ჯ-მა ქ. ბათუმის მერიაში წარადგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ე-ას“ 2013 წლის აპრილის საერთო კრების №38 ოქმი, სადაც მითითებულია, რომ ამხანაგობა „ე-ას“ წევრებმა ნება დართეს ა. ჯ-ს, თავის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებულ 21,27 კვ.მ სარდაფზე მოეწყო ვიტრაჟი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ვინაიდან მსგავსი კატეგორიის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 2011 წლის 26 დეკემბრის №ას-1380-1397-2011 განჩინება).

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა. ჯ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 11 დეკემბრის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 315,06 ლარის 70% – 220,54 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ა. ჯ-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 11 დეკემბრის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 315,06 ლარის 70% – 220,54 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ბ. ალავიძე