საქმე №ას-1210-1152-2014 18 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ჯ. ს-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. ე. ს-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს. ე. ს-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ს-ის მიმართ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის – 23046 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „ს. ე. ს-ი“ ახორციელებს სოფელ ლ-ში მდებარე ჯ ს-ის კუთვნილი სათბურის გაზმომარაგებას. 2012 წლის დეკემბერსა და 2013 წლის იანვარში მოპასუხის მიერ მოხმარებულია 23 046 ლარის ბუნებრივი აირი, რაც აღირიცხა მის ინდივიდუალურ მრიცხველზე. მოპასუხემ ამ პერიოდის დავალიანების გადახდაზე უარი განაცხადა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ოდენობის ბუნებრივი აირი არ დაუხარჯავს. ამასთან, ჯ.ს-ი ბუნებრივი აირის მრიცხველის დამონტაჟებას არ დასწრებია და არც მრიცხველის დამონტაჟების შესახებ აქტზე ხელი არ მოუწერია.
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. ე. ს-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14250 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ჯ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ. ს-ის საკუთრებაა მცხეთის რაიონის სოფელ ლ-ში მდებარე 12750 კვ.მ არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (კოდი ...), რომელზეც განთავსებულია სათბური. 2012-2013 წლებში ჯ. ს-ს კუთვნილ სათბურში მოჰყავდა პომიდვრის მოსავალი.
ჯ. ს-ს ამ სათბურში, პროექტის მიხედვით, დამონტაჟებული აქვს ორი საქვაბე, რომელთა სიმძლავრე, თოთოეულის – საათში შეადგენს 32 მ3. თითო ქვაბს სრული დატვირთვით მუშაობისას დღე-ღამეში შეუძლია მოიხმაროს 768 მ3 ბუნებრივი გაზი. ორივეს ერთად 1536 მ3, რისი ღირებულებაა 1152 ლარი, ხოლო თვის განმავლობაში – 31 560 ლარი.
2012 წლის 1 თებერვლიდან ჯ. ს-ს კუთვნილ სათბურში შპს „ს. ე. ს-ის“ მიერ მიეწოდება ბუნებრივი გაზი, რომელსაც მოიხმარს არასაყოფაცხოვრებო მიზნით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ჯ. ს-ს, კუთვნილ სათბურში არასაყოფაცხოვრებო მიზნით, ბუნებრივი გაზის მოხმარება არ შეუწყვეტია 2012 წლის დეკემბერსა და 2013 წლის იანვარში.
მოცემულ საქმეზე განაწილების ლიცენზიატი, მოსარჩელე – შპს „ს. ე. ს-ი“ ითხოვდა 2012 წლის დეკემბერსა და 2013 წლის იანვარში ჯ. ს-ის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულებას 23 046,00 ლარის ოდენობით. ბუნებრივი გაზის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, მოპასუხე – ჯ. ს-ი არ დაეთანხმა სარჩელს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მრიცხველს არასწორად ჰქონდა აღრიცხული მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 27 აგვისტოს დასკვნის“ თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი გერმანული ფორმა Elster GmbH მიერ წარმოებული დიაფრაგმული მრიცხველების BK G-25MT ტიპის გაზის მრიცხველი ქარხნული ნორმით 28666046 მუშა მდგომარეობაშია და მუშაობს გამართულად. რაც შეეხება აღრიცხვას თუ არა დახარჯულ ბუნებრივ აირს სწორად (ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული სიზუსტით), ეს დაკავშირებულია მრიცხველის დამოწმების პროცედურასთან, რისი განხორციელებაც ექსპერტიზის ბიუროში შეუძლებელია შესაბამისი სერტიფიცირებული სტენდის არარსებობის გამო. აღნიშნული დამოწმება შეიძლება ჩატარდეს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში.
სააპელაციო პალატის მითითებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა დამატებითი ექსპერტიზა სსიპ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში და გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი საკითხი: სწორად აღრიცხავს თუ არა მოხმარებული გაზის რაოდენობას (ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული სიზუსტით, საპასპორტო მონაცემების შესაბამისად) ჯ. ს-ის სათბურში არსებული გამოსაკვლევად წარმოდგენილი გაზის G-25T ტიპის N28666046 მრიცხველი. ცდომილების შემთხვევაში როგორ უნდა განისაზღვროს მოხმარებული გაზის რაოდენობა. აღნიშნული სააგენტოს 2013 წლის 5 ნოემბრის წერილის თანახმად, სააგენტოს არ გააჩნია ისეთი ტექნიკური დანადგარი, რომლითაც უნდა ჩატარდეს ტექნიკური ექსპერტიზა დიაფრაგმული BK G-25MT ტიპის გაზის მრიცხველზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-12 მუხლის 31-ე პუნქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები.
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის“ თანახმად, მრიცხველის აღრიცხვიანობის სისწორის დადგენაში იგულისხმებოდა არა მარტო მრიცხველის გამართულად მუშაობა –მთვლელ მექანიზმზე მექანიკური დაზიანების კვალის არარსებობა, არამედ მისი მუშაობის დროს მოხმარებული გაზის რაოდენობის აღრიცხვა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული სიზუსტით. შესაბამისად, მრიცხველის აღრიცხვიანობის სისწორე გულისხმობდა დახარჯული გაზის რაოდენობის აღრიცხვას, მრიცხველის ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, დადგენილ საპასპორტო მონაცემებთან შესაბამისობაში.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“, რომლის თანახმად, საპასპორტო მონაცემების შესაბამისად გაზის დანახარჯის აღრიცხვა შესაძლებელია დადგინდეს მრიცხველის დამოწმების შედეგად. კერძოდ, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-12 მუხლის მე-8-9 პუნქტების მიხედვით, ბუნებრივი გაზის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით, ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ.
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-12 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა და ცდომილების კოეფიციენტით დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.
ამდენად, „ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების“ მიხედვით, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა შესაძლოა განხორციელებულიყო საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კი აღრიცხვიანობის სისწორის შემოწმება გულისხმობდა მრიცხველის დამოწმების შედეგად საპასპორტო მონაცემების შესაბამისად აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენას.
საქმის მასალების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ჩათვალა და მხარეები არ დავობენ, რომ კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოში ჯ. ს-ის მრიცხველის დამოწმება, მისი (მრიცხველის) აღრიცხვიანობის სისწორის შემოწმება იყო შეუძლებელი. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი არ იყო მრიცხველის აღრიცხვიანობის სიზუსტის შესახებ მტკიცებულება. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სადავო პერიოდში მრიცხველზე დაფიქსირებული ჩვენება საგრძნობლად აღემატებოდა წინა წლის ამავე პერიოდში მსგავს კლიმატური პირობებში სათბურში დახარჯული გაზის რაოდენობას.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა რაიონული სასამართლოს დასკვნას, რომ ჯ ს-ის მიერ სადავო ორ თვეში დახარჯული ბუნებრივი გაზის რაოდენობა უნდა განსაზღვრულიყო „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით“, რომლის თანახმად, თუ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის განსაზღვრა შეუძლებელია (ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ბუნებრივი გაზის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ 3 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით).
ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ მართებულად დაადგინა ის გარემოება, რომ ჯ. ს-ის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა უნდა განსაზღვრულიყო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით“, რომლის მიხედვით, ჯ. ს-ის სათბურში თვეში დახარჯული ბუნებრივი გაზის რაოდენობა შეადგენდა 9500 მ3-ს (7125 ლარს). შესაბამისად, სადავო ორი თვის განმავლობაში ჯ. ს-ის სათბურში დახარჯული ბუნებრივი გაზის რაოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 19000 მ3-ით, რომლის ღირებულება იყო 14250 ლარი.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნა არ ეწინააღმდეგება ჯ. ს-ის მიერ წარმოდგენილ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სათბურის თბური გაანგარიშების შესახებ დასკვნას.
სააპელაციო პალატის მითითებით, დავის სამართლებრივი დასაბუთებისას საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა იყო ბუნებრივი გაზის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელემ (გამყიდველმა) მოპასუხეს (მყიდველს) მიაწოდა ბუნებრივი გაზი, შესაბამისად, ჯ. ს-ს წარმოეშვა ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება, თუმცა კანონით დადგენილი წესით ვერ მოხერხდა ჯ. ს-ის მრიცხველის დამოწმება იმის დასადგენად, სწორად აღრიცხავდა თუ არა იგი მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობას, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა და ღირებულება მართებულად განსაზღვრა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის“ საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯ. ს-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ჯ ს-ის მიერ სადავო ორ თვეში დახარჯული ბუნებრივი გაზის რაოდენობა უნდა განსაზღვრულიყო „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით“. აღნიშნული დანაწესი სადავო ურთიერთობას არ ეხებოდა. სადავო შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ამავე წესების მე-12 მუხლი, რომელიც მოიცავს გაზის მრიცხველის შემოწმებასა და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავის დარეგულირების წესებს.
მხარის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მომწოდებელმა არ შეასრულა მრიცხველის დამოწმებისა და აღრიცხვიანობის სიზუსტის შემოწმების შესახებ ვალდებულება და ის გარემოება, რომ კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოში შეუძლებელია ჯ. ს-ის სათბურში დამონტაჟებული მრიცხველის დამოწმება მოწინააღმდეგე მხარეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისა და მტკიცების ტვირთისაგან. ჯ.ს-თან სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებისას მოწინააღმდეგე მხარეს უნდა ეცნობებინა კასატორისათვის, რომ მრიცხველზე ორმაგი ხარჯვის აღრიცხვისას მას მოუწევდა ორმაგი თანხის გადახდა და საქართველოს პირობებში ვერ შეამოწმებდა მრიცხველის მონაცემთა სიზუსტეს.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს და სათანადოდ არ დადგენილა ჯ. ს-ის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ზუსტი ოდენობა, რაც მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით ვერ უზრუნველყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ჯ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ჯ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ. ს-ის საკუთრებაა მცხეთის რაიონის სოფელ ლ-ში მდებარე 12750 კვ.მ არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (კოდი ...), რომელზეც განთავსებულია სათბური. 2012-2013 წლებში ჯ. ს-ს კუთვნილ სათბურში მოჰყავდა პომიდვრის მოსავალი.
ჯ. ს-ს ამ სათბურში, პროექტის მიხედვით, დამონტაჟებული აქვს ორი საქვაბე, რომელთა სიმძლავრე, თოთოეულის – საათში შეადგენს 32 მ3. თითო ქვაბს სრული დატვირთვით მუშაობისას დღე-ღამეში შეუძლია მოიხმაროს 768 მ3 ბუნებრივი გაზი. ორივეს ერთად 1536 მ3, რისი ღირებულებაა 1152 ლარი, ხოლო თვის განმავლობაში – 31 560 ლარი.
2012 წლის 1 თებერვლიდან ჯ. ს-ს კუთვნილ სათბურში შპს „ს. ე. ს-ს“ მიეწოდება ბუნებრივი გაზი, რომელსაც მოიხმარს არასაყოფაცხოვრებო მიზნით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ჯ. ს-ს, კუთვნილ სათბურში არასაყოფაცხოვრებო მიზნით, ბუნებრივი გაზის მოხმარება არ შეუწყვეტია 2012 წლის დეკემბერსა და 2013 წლის იანვარში.
მოცემულ საქმეზე განაწილების ლიცენზიატი, მოსარჩელე – შპს „ს. ე. ს-ი“ ითხოვდა 2012 წლის დეკემბერსა და 2013 წლის იანვარში ჯ. ს-ის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულებას 23 046,00 ლარის ოდენობით. ბუნებრივი გაზის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, მოპასუხე – ჯ. ს-ი არ დაეთანხმა სარჩელს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მრიცხველს არასწორად ჰქონდა აღრიცხული მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ჯ. ს-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 11 დეკემბერს №15 საგადახდო დავალებით გადახდილი 712,50 ლარის 70% – 498,75 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ჯ. ს-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 11 დეკემბერს №15 საგადახდო დავალებით გადახდილი 712,50 ლარის 70% – 498,75 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ბ. ალავიძე