საქმე №ას-1217-1158-2014 6 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი ვალდებულების შესასრულებლად 25508 ლარისა და პირგასამტეხლოს – 510,16 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2013 წლის 9 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ს-ას“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „ს-ამ“ ვალდებულება იკისრა, 2013 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, კერძოდ, 1 400 კგ ქიმიური ფხვნილი სოდა „ლაიმი“. შპს „ს-ამ“ 2013 წლის 23 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, რაზეც გაფორმდა დროებითი მიღება-ჩაბარების აქტი, თუმცა მოსარჩელემ მოპასუხისათვის პროდუქციის ღირებულების გადახდაზე უარი განაცხადა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონლის ხარისხი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტულ პირობებს, რაც, თავის მხრივ, ამავე ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, გამორიცხავდა ანგარიშსწორების ვალდებულებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ს-ას“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 9 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ს-ას“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №828 ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ს-ამ“ იკისრა ვალდებულება, 2013 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიეწოდებინა 1 400 კგ ქიმიური ფხვნილი სოდა „ლაიმი“.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მისაწოდებელი საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენს 25 508 ლარს და მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, დაკავშირებულს საქონლის მიწოდებასთან, ტრანსპორტირებასთან და შემსყიდველის საკუთრებაში გადაცემასთან, მათ შორის კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
ხელშეკრულების 4.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულება უნდა გადაეხადა ამ საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 კალენდარული დღის ვადაში (საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა), ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე.
ხელშეკრულების მე-10 პუნქტით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი, კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმებულიყო არაუგვიანეს საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 4 კალენდარული დღის ვადაში.
მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, უარი განეცხადებინა საქონლის ან მისი ნაწილის მიღებაზე და მათ ანაზღაურებაზე თუ: იგი უხარისხოა (მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის შეუსაბამო); მიწოდებულია ხელშეკრულებაში ან/და მოთხოვნაში (შეკვეთაში) მითითებულ რაოდენობაზე მეტი ოდენობით (ნამეტის ფარგლებში); მიწოდებულია ხელშეკრულებაში ან/და მოთხოვნაში (შეკვეთაში) მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები ოდენობით; სრული მოცულობით არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელია; კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ხელშეკრულების 11.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ საგარანტიო პერიოდში აღმოჩნდება ნაკლი, მიმწოდებელი ვალდებული იქნება შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან 5 კალენდარულ დღეში განიხილოს (დააკმაყოფილოს ან განაცხადოს მოტივირებული უარი) შემსყიდველის შეტყობინება და შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 10 კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ნაკლი, შეცვალოს დეფექტური ნაწილი/საქონელი, ან დაუბრუნოს შემსყიდველს გადახდილი თანხა.
ხელშეკრულების 15.4 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურების შეთანხმებულ ვადაში მიმწოდებლისათვის გადაუხდელობის შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრება მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაუხდელი თანხის 0.2%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს გადაუხდელი თანხის 2%-ისა. ხელშეკრულების 15.7 პუნქტით, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის გამო დღეების მიხედვით პირგასამტეხლოს დარიცხვა ვერ განხორციელდება ან დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამი იქნება ხელშეკრულების ღირებულების 2%-ზე ნაკლები, მიმწოდებელს დაეკისრება მხოლოდ ფიქსირებული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით.
პალატამ საქმის მასალებით დაადგინა და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარა, რომ შპს „ს-ამ“ 2013 წლის 9 დეკემბრის №828 ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი შემსყიდველ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა შეთანხმებულ ვადაში – 2013 წლის 23 დეკემბერს, რაზეც გაფორმდა საქონლის დროებითი მიღება-ჩაბარების აქტი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი, მიწოდებული საქონლის ღირებულება არ გადაუხდია.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის შპს „ს-ას“ მიერ 2013 წლის 9 დეკემბრის №828 ხელშეკრულების საფუძველზე ნაკლიანი საქონლის მიწოდების ფაქტი.
მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ხარისხი, კერძოდ, აპელანტი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად უთითებს იმ ფაქტზე, რომ შპს „ს-ას“ მიერ მიწოდებული პროდუქცია იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს საქონლის ღირებულების ანაზღაურებაზე.
სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 120-ე მუხლებით. აღნიშნული ნორმა განამტკიცებს მოდავე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის თანაბრად გადანაწილებას, კერძოდ, ორივე მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს წარდგენილი სარჩელისა თუ შესაგებლის საფუძვლიანობა. მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილია და ვალდებული, თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და, შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ შპს „ს-ას“ მიერ 2013 წლის 9 დეკემბრის №828 ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებულ იქნა ნაკლიანი საქონელი. აღნიშნულის საპირისპიროდ, მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების და მისი №1 დანართის შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხისათვის მიწოდებული საქონელი ზუსტ შესაბამისობაშია შეთანხმებით გათვალისწინებული საქონლის დასახელებასთან და ოდენობასთან. ხარისხთან დაკავშირებით სხვა მოთხოვნა მხარეთა შორის არ ყოფილა შეთანხმებული, აღნიშნული კი, საპირისპირო მტკიცებულების არარსებობის პირობებში ადასტურებს, რომ შპს „ს-ამ“ მოპასუხეს მიაწოდა ნივთობრივად უნაკლო საქონელი. საქმეში ასევე წარმოდგენილია მიწოდებული საქონლის ხარისხის სერტიფიკატი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია „Intersurgical-ის“ მიერ წარმოებული ნატრიუმის კირი მყვინთავებისთვის პარტიებად შემოწმებულია NATO-ს სტანდარტთად „STANAG No“ შესაბამისობის დამტკიცების მიზნით. რაც შეეხება აპელანტის მსჯელობას, რომ საქონელი მიჩნეულ უნდა იქნეს ნაკლის მქონედ იმის გამო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიწოდებული საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ მოახერხა მისი გამოცდა და საჭიროებისათვის ვარგისიანობის დადგენა, პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული გარემოება არ ადასტურებს მიწოდებული საქონლის ნაკლოვანებას და არ წარმოადგენს ხელშეკრულებით შეთანხმებულ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, პალატამ განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველის ძირითადი ვალდებულებაა, მიიღოს ნაყიდი საქონელი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ს-ამ“ სრულად და დადგენილ ვადაში შეასრულა ვალდებულება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება გადახდილი არ არის.
სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ვერ დაასაბუთა მოსარჩელის მიერ ნაკლიანი ნივთის მიწოდების ფაქტი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 417-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ დადგენილ ვადაში თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ხელშეკრულების 15.4 და სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, არსებობს პირგასამტეხლოს – 510.16 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე მუხლისა და 316-ე მუხლის საფუძველზე მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება წარმოშობს ანაზღაურების ვალდებულებას მაშინ, როდესაც შესრულება ჯეროვანია, მიწოდებული საქონელი ვარგისია მომხმარებლისათვის და აკმაყოფილებს სახელშეკრულებო პირობებს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საქონლის უხარისხობას და მისი გამოყენების შეუძლებლობას.
თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა უხარისხო საქონელი, რაც გამორიცხავს 316-ე მუხლის გამოყენებას, მეტიც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაკონტროლებელი ორგანოს (ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა) მიერ მომწოდებლის შეტყობინებას უხარისხო საქონლის უკან გატანის თაობაზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა 487-ე მუხლი, როდესაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოწოდებული საქონელი ნივთობრივად უნაკლოდ ჩათვალა და მიუთითა, რომ ვარგისი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. სასამართლომ ყურადღების მიღიმა დატოვა წარდგენილი მტკიცებულება, რომ მოწოდებული ქიმიური ფხვნილის პრაქტიკული გამოყენება, მისი ვარგისიანობის და ხარისხის შემოწმების გარეშე შეუძლებელი იყო, რადგან ამას შეიძლება მოჰყოლოდა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება.
კასატორის მითითებით, უდავოა, რომ შპს „ს-ამ“ ვერ უზრუნველყო, სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლისადა ხელშეკრულების 10.8 პუნქტის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ხელშეკრულების 10.1 და 10.4 მუხლებით გათვალისწინებული პირობები.
მხარის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე ან შესრულების მიღებაზე მსჯელობა დაუშვებელია, როცა საქმეში არ არსებობს მხარეთა შორის ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტი. ამდენად, სამინისტრო ხელშეკრულების 10.5 პუნქტის საფუძველზე უფლებამოსილი იყო, არ მიეღო და ეთქვა უარი მომწოდებლისათვის, როგორც საქონლის მიღება-ჩაბარებაზე ასევე თანხის ანაზღაურებაზეც.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლო და უკანონოა თავდაცვის სამინისტროზე პირგასამტეხლოს სახით 510,16 ლარის დაკისრებაც. ასევე უსაფუძვლოა გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ნაწილშიც. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ სამინისტრომ მიიღო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საქონელი. ხელშეკრულების პირობების თანახმად, საქონელი მიღებულად ჩაითვლება ორი მხარის მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო ასეთი მტკიცებულება კონკრეტულ საქმეში არ მოიპოვება და ბუნებაშიც არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 9 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ს-ას“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №828 ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ს-ამ“ იკისრა ვალდებულება, 2013 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიეწოდებინა 1 400 კგ ქიმიური ფხვნილი სოდა „ლაიმი“.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მისაწოდებელი საქონლის ჯამური ღირებულება შეადგენს 25 508 ლარს და მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, დაკავშირებულს საქონლის მიწოდებასთან, ტრანსპორტირებასთან და შემსყიდველის საკუთრებაში გადაცემასთან, მათ შორის კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
ხელშეკრულების 4.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულება უნდა გადაეხადა ამ საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 კალენდარული დღის ვადაში (საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა), ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე.
ხელშეკრულების მე-10 პუნქტით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი, კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმებულიყო არაუგვიანეს საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 4 კალენდარული დღის ვადაში.
მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, უარი განეცხადებინა საქონლის ან მისი ნაწილის მიღებაზე და მათ ანაზღაურებაზე თუ: იგი უხარისხოა (მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის შეუსაბამო); მიწოდებულია ხელშეკრულებაში ან/და მოთხოვნაში (შეკვეთაში) მითითებულ რაოდენობაზე მეტი ოდენობით (ნამეტის ფარგლებში); მიწოდებულია ხელშეკრულებაში ან/და მოთხოვნაში (შეკვეთაში) მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები ოდენობით; სრული მოცულობით არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელია; კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ხელშეკრულების 11.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ საგარანტიო პერიოდში აღმოჩნდება ნაკლი, მიმწოდებელი ვალდებული იქნება შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან 5 კალენდარულ დღეში განიხილოს (დააკმაყოფილოს ან განაცხადოს მოტივირებული უარი) შემსყიდველის შეტყობინება და შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 10 კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ნაკლი, შეცვალოს დეფექტური ნაწილი/საქონელი, ან დაუბრუნოს შემსყიდველს გადახდილი თანხა.
ხელშეკრულების 15.4 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურების შეთანხმებულ ვადაში მიმწოდებლისათვის გადაუხდელობის შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრება მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაუხდელი თანხის 0.2%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს გადაუხდელი თანხის 2%-ისა. ხელშეკრულების 15.7 პუნქტით, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის გამო დღეების მიხედვით პირგასამტეხლოს დარიცხვა ვერ განხორციელდება ან დარიცხული პირგასამტეხლოს ჯამი იქნება ხელშეკრულების ღირებულების 2%-ზე ნაკლები, მიმწოდებელს დაეკისრება მხოლოდ ფიქსირებული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით.
პალატამ საქმის მასალებით დაადგინა და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარა, რომ შპს „ს-ამ“ 2013 წლის 9 დეკემბრის №828 ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი შემსყიდველ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა შეთანხმებულ ვადაში – 2013 წლის 23 დეკემბერს, რაზეც გაფორმდა საქონლის დროებითი მიღება-ჩაბარების აქტი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი, მიწოდებული საქონლის ღირებულება არ გადაუხდია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 2014 წლის 17 თებერვლის №ას-734-696-2013 განჩინება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ბ. ალავიძე