Facebook Twitter

საქმე №ას-1219-1160-2014 19 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. პ.-ვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ნ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმა

დავის საგანი – სესხისა და სარგებლის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ნ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. პ.-ვილის მიმართ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხისა და პროცენტის ანაზღაურების მოთხოვნით.

ამავდროულად, მოსარჩელემ მოითხოვა დ. პ.-ვილის ვლადიმერ პ.-ვილის დანაშთი სამკვიდრო ქონების მდებარე, თბილისი, თ.ის დ., მე-... კვარტალი, კორპუსი ...., ბინა N... (ს/კ: .....) მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოპასუხე თავს არიდებდა ფაქტობრივი ფლობით მიღებულ სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით.

მოპასუხემ სარჩელი ცნო მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ნაწილში, თუმცა განმარტა, რომ მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა შესრულებით, კერძოდ მიუთითა, რომ მან სრულად გადაიხადა, როგორც სესხის ძირითადი თანხა 1900 აშშ დოლარი, ასევე სარგებელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ნ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ლ. ნ.-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

აპელანტმა სადავო გახადა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსესხებელის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის გადახდის ვადებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელი (პროცენტი) მსესხებელმა უკანასკნელად გადაიხადა 2010 წლის დეკემბრის თვეში.

ამავდროულად, აპელანტი არ დაეთანხმა სასამართლოს შეფასებას სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ სარჩელი არ იყო ხანდაზმული. და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არასწორად იყო გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე და 144-ე მუხლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ნ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმ გარემოებებზე მითითებით, რომ 2009 წლის 12 სექტემბერს ლ. ნ.-ესა და დ. პ.-ვილს შორის გაფორმდა ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ლ. ნ.-ემ დ. პ.-ვილს სესხის სახით თავდაპირველად გადასცა 1400 აშშ დოლარი, ხოლო 2009 წლის დეკემბერში კი, 500 აშშ დოლარი. მთლიანობაში სესხის სახით გაიცა 1900 აშშ დოლარი. მხარეები ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ სარგებელზეც, რომლის ოდენობა შეადგენდა ძირითადი თანხის 10 პროცენტს, რაც ყოველთვიურად წარმოშობდა კრედიტორის სასარგებლოდ 200 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სესხის სახით გადაცემული თანხის დაბრუნების ვადაზე მხარეები არ შეთანხმებულან.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლით, რომლის დანაწესით, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას და განმარტა, რომ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განუსაზღვრელი ვადით დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა და ვალის დაბრუნება მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. როგორც საქმის მასალებით იქნა დადგენილი კრედიტორმა (ლ.ნ.-ემ) მოვალის (დ.პ.-ვილის) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და უძრავი ნივთის (მდებარე: თბილისში, თ.ის დ., მე-.. კვ., კორპ.N.. ბინა N.., ს/კ:..) მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს 07.11.2013წ.-ს და სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად ის გარემოება მიუთითა, რომ მოვალეს სესხზე დარიცხული სარგებელი - ყოველთვიური 200 აშშ დოლარი, გადახდილი ჰქონდა 2010 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, ხოლო 2011 წლის იანვრის თვეში მან მოვალეს მოსთხოვა როგორც ძირითადი თანხის ისე, გადაუხდელი სარგებლის უკან დაბრუნება, რაც მოვალის მხრიდან არ შესრულდა. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტის თარიღად სასამართლომ მიიჩნია 2011 წლის იანვარი ანუ, ის დრო, როდესაც კრედიტორმა მოსთხოვა მოვალეს ვალის უკან დაბრუნება და ამ დროიდან წარმოეშვა მას სესხის ძირითადი თანხის (1900 აშშ დოლარი) უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება. რაც შეეხება სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულებას, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან აღნიშნული ვალდებულების არსებობა დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ამიტომ 2011 წლის იანვრიდან მოვალე უკვე არ იყო ვალდებული ყოველთვიურად ეხადა სარგებელის სახით, 200 აშშ დოლარი.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია 2011 წლის სექტემბრის თვეში ხელშეკრულების შეწყვეტისა და ვალის დაბრუნების შესახებ, ვინაიდან ამ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მოპასუხე ახსნა-განმარტების გარდა სხვა მტკიცებულებებზე არ უთითებდა.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 131-ე და 129-ე მუხლებით და მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად, დაასკვნა, რომ ლ. ნ.-ის სარჩელი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების შესახებ, არ იყო ხანდაზმული, კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შეწყდა 2011 წლის იანვარში. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობის ვადის დენაც დაიწყო ამავე პერიოდიდან. კრედიტორმა (ლ. ნ.-ე) კი, სასამართლოს სარჩელით მიმართა 2013 წლის 07 ნოემბერს, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დაცვით.

ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ლ. ნ.-ის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში, რომელიც შეეხებოდა ვლადიმერ პ.-ვილის დანაშთი სამკვიდრო ქონების მდებარე, თბილისში, თ.ის დ., მე-.. კვ., კორპ.N.., ბინა N.., ს/კ:..) მემკვიდრედ და მესაკუთრედ დ. პ.-ვილის ცნობას, თბილისის საქალაქო სასამართლოს ნამსჯელი არ ჰქონდა, საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, როგორც სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების, ასევე, უძრავი ნივთის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში საკასაციო საჩივარი წარადგინა დ. პ.-ვილმა, რომელმაც მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ლ. ნ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია არსებითი საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ პუნქტი. კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობის დრო და იგი დაუკავშირა 2011 წლის იანვარს, მაშინ როდესაც თავად კრედიტორმა/გამსესხებელმა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე (მოისმინეთ აუდიო ჩანაწერი 16:06-დან 16:11სთ.-მდე) დაადასტურა როგორც მოთხოვნის წარმოშობის, ასევე ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტი, როდესაც განმარტა, რომ მოვალე/მსესხებელი სარგებელს იხდიდა ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად, თუკი, 2009 წლის 03 დეკემბრისათვის სესხის თანხამ შეადგინა 1900 აშშ დოლარი და სარგებელს მოვალე/მსესხებელი იხდიდა 6 თვის განმავლობაში, გამოდის რომ მან გადაიხადა 2010 წლის მაისის სარგებელი. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი, თავის მხრივ უნდა ჩაითვალოს 2010 წლის ივნისი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით დ. პ.-ვილის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ დ. პ.-ვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ფაქტობრივი გარემოებები, რომ 12.09.2009წ.-ს ლ. ნ.-ესა და დ. პ.-ვილს შორის გაფორმდა ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ლ. ნ.-ემ დ. პ.-ვილს სესხის სახით, თავდაპირველად გადასცა 1400 აშშ დოლარი, ხოლო 2009 წლის დეკემბერში კი, 500 აშშ დოლარი. მთლიანობაში სესხის სახით გაიცა 1900 აშშ დოლარი.

მხარეები ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ სარგებელზეც, რომლის ოდენობა შეადგენდა ძირითადი თანხის 10 პროცენტს, რაც ყოველთვიურად წარმოშობდა კრედიტორის სასარგებლოდ 200 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას.

ასევე დადგენილია, რომ სესხის სახით გადაცემული თანხის დაბრუნების ვადაზე მხარეები არ შეთანხმებულან.

კრედიტორმა (ლ. ნ.-ემ) მოვალის (დ. პ.-ვილის) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და უძრავი ნივთის (მდებარე: თბილისში, თ.ის დ., მე-..კვ., კორპ.N.., ბინა N.., ს/კ:..) მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს 07.11.2013წ.-ს.

სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებები მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს და წინამდებარე საქმის გადაწყვეტისას ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულო ძალის მქონეა.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტის თარიღია 2011 წლის იანვარი ანუ, ის დრო, როდესაც კრედიტორმა მოსთხოვა მოვალეს ვალის უკან დაბრუნება და ამ დროიდან წარმოეშვა მას სესხის ძირითადი თანხის (1900 აშშ დოლარი) უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობის ვადის დენაც, სასამართლოს მოსაზრებით, დაიწყო ამავე პერიოდიდან. კრედიტორმა (ლ. ნ.-ე) კი, სასამართლოს სარჩელით მიმართა 07.11.2013წ.-ს, ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა, კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლების წარმოშობა თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაუკავშირა 2011 წლის იანვარს, ვინაიდან თავად კრედიტორის/გამსესხებლის მიერ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიცემული აღიარებით/განმარტებით (თბილისის სააპელაციო სასამარტლოს 29/09/2014წ.-ის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:06-16:11სთ.-მდე) დადასტურდა, როგორც მოთხოვნის წარმოშობის დრო ისე, ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტიც, სახელდობრ, მსესხებლის/კრედიტორის განმარტებით, მოვალე/მსესხებელი სარგებელს იხდიდა ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად, თუკი, 2009 წლის 03 დეკემბრისათვის სესხის თანხამ შეადგინა 1900 აშშ დოლარი და სარგებელს მოვალე/მსესხებელი იხდიდა ექვსი თვის განმავლობაში, გამოდის რომ მან სარგებელი გადაიხადა 2010 წლის მაისის ჩათვლით. მოთხოვნის წარმოშობის დროდ კი, მიჩნეული უნდა იქნეს 2010 წლის ივნისი.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის არგუმენტს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, წარმოდგენილია დასაბუთებული შედავება (საკასაციო პრეტენზია), კერძოდ, საქმის მასალებით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.09.2014წ.-ის სხდომის ოქმით დადასტურებულია, რომ კრედიტორი/გამსესხებელი პრეტენზიას აცხადებდა მხოლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე, ხოლო პროცენტზე პრეტენზია არ ჰქონდა. მისივე განმარტებით, სესხის ხელშეკრულების გაფორმებიდან ანუ, 2009 წლის დეკემბრიდან მხოლოდ 6-7 თვის განმავლობაში იხდიდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს მოვალე/მსესხებელი, რომლის ოდენობა შეადგენდა ძირითადი თანხის 10 პროცენტს. ამ პერიოდის შემდეგ, მოვალეს მისთვის სარგებელი არ გადაუხდია, ხოლო თავის მხრივ, კრედიტორი/გამსესხებელი კი, სთხოვდა ძირითადი ვალის უკან დაბრუნებას, ხოლო სარგებელზე პრეტენზიას არ აცხადებდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მოქმედი მატერიალური ნორმები კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას ზღუდავს გარკვეული ვადი. ამ ვადის გასვლის შემდეგ მართალია კრედიტორი უფლებამოსლია კვლავაც მოითხოვოს მოვალისაგან შესრულება, თუმცა კრედიტორის მოთხოვნის შესრულება დამოკიდებულია მოვალის ნებაზე, რომელიც ხელშემკვრელ მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით ანიჭებს მოვალეს შესრულებაზე უარის თქმის უფლებას. დრო, რომლის განმავლობაში კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს მისი სასარგელო მოქმედების შესრულება წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადას, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. ამ ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების მატერიალურ და საპროცესო სამართლებრივ შესაძლებლობას (სკ-ის 128-ე მუხ.).

ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, კრედიტორს/გამსესხებელს შეეძლო ნებისმიერ დროს მიეთხოვა ვალის დაბრუნება მოვალისაგან. ანუ, მსესხებლისაგან დამოუკიდებლად განესაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა (სკ-ის 626-ე მუხ.) და ამ უფლებით კრედიტორმა/გამსესხებელმა ისარგებლა სესხის თანხის მოვალისათვის სრულად გადაცემიდან - 2009 წლის დეკემბრიდან 6 თვის გასვლისთანავე და 2010 წლის ივნისში მოსთხოვა მოვალეს/მსესხებელს ძირითადი თანხის დაბრუნება, ხოლო სარგებელი კი სადავოდ არ გაუხდია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ. ნ.-ემ ხელშეკრულება შეწყვიტა სესხის თანხის სრულად გადაცემიდან - 2009 წლის დეკემბრიდან 6 თვის გასვლისთანავე ანუ, 2010 წლის ივნისში და ამ დროიდან მოსთხოვა მოვალეს/მსესხებელს ძირითადი თანხის დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით გასაჩივრებული გადაწვეტილების დასკვნა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებაში, არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით საქმის მასალების სწორი შეფასებიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ნაწილში, მხარემ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით უნდა შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის მხარეთა ახსნა-განმარტება და იმსჯელოს მოთხოვნის წარმოშობის დროზე და შეაფასოს სარჩელის ხანდაზმულობა სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო ამის შემდგომ უნდა შეამოწმოს სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობა.

რაც შეეხება სარგებელს, რომლის ოდენობა ყოველთვიურად შეადგენდა ძირითადი თანხის 10 პროცენტს, მისი დაბრუნება მოსარჩელეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29/09/2014წ.-ის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:06-16:11სთ.-მდე). შესაბამისად, აღნიშნული საკითხი საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს.

ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ლ. ნ.-ის მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში, რომელიც შეეხებოდა ვლადიმერ პ.-ვილის დანაშთი სამკვიდრო ქონების მდებარე, თბილისში, თ.ის დ., მე-.. კვ., კორპ.N..., ბინა N.., ს/კ:..) მემკვიდრედ და მესაკუთრედ დ. პ.-ვილის ცნობას, საკასაციო პრეტენზია წამოყენებული არ არის, ამ ნაწილში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. პ.-ვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ბ. ალავიძე