საქმე №ას-1225-1166-2014 17 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ო. მ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. ი. ც-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. მ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა. ი. ც-ის“ მიმართ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების – 90 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 1 იანვრიდან ა ც-ის დირექტორის 2012 წლის 3 იანვრის №65 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა პროგრამის დირექტორად. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მის შრომით ანაზღაურებას წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 6%. 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ი. ც-ი მოემსახურა დაახლოებით 2 810 პაციენტს. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 2 332 305 ლარს. მოსარჩელეს მიღებული აქვს კუთვნილი ანაზრაურების მხოლოდ მცირედი ნაწილი – 40 000 ლარი, დარჩენილი თანხა კი მოპასუხეს არ გადაუხდია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დაწესებულების მიერ მოსარჩელე მხარისათვის ანაზღაურების ვალდებულების დადგომისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს თავად დაწესებულების მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სააგენტოსაგან ანაზღაურების მიღება. სააგენტოს მიერ დაწესებულებისთვის გადახდილი თანხიდან დაწესებულებას მოსარჩელისთვის სრულად აქვს გადახდილი შესაბამისი პროპორციული ოდენობით ხელფასი. ამჟამად სააგენტოს დაწესებულებისთვის გადახდილი აქვს 833,465.50 ლარი, რომლის 6%-იც შეადგენს 50, 007.93 ლარს, რაც მოსარჩელემ მიიღო. საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაკავების შედეგად, მოსარჩელე მხარეს ხელზე გადაეცა 40 006, 35 ლარი, რასაც თავად აცხადებს და მოპასუხე მხარეც სადავოდ არ ხდის.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ო. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ო. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ა. ი. ც-ი“ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე ახორციელებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეფერალურ პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მომსახურებისათვის ც-ს ანაზღაურება უნდა მიეღო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსაგან.
ცენტრის დირექტორის 2012 წლის 3 იანვრის ბრძანებით პროგრამის ფარგლებში შემავალი პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მიზნით, პროგრამის დირექტორად დაინიშნა ცენტრის ზოგადი ქირურგი – ო. მ-ა. ბრძანების მე-2 პუნქტით აღნიშნული მოვალეობის შესრულებისათვის აპელანტის ხელფასი განისაზღვრა პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხის 6%-ით. გარდა ამისა, აპელანტი ცენტრის პაციენტებს, მათ შორის, ამ პროგრამით უწევდა სამედიცინო მომსახურებას და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას. როგორც ქირურგს, ო. მ-ას შრომის ანაზღაურება სრულად აქვს მიღებული.
სასამართლომ დაადგინა, რომ პროგრამის დირექტორის სამუშაოს შესრულებისათვის აპელანტს ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 50 007,93 ლარი, ხელზე ასაღები თანხა – 40,006.35 ლარი, ხოლო ზემოხსენებული პროგრამის განხორციელებისათვის ცენტრს სსიპ მომსახურების სააგენტოსაგან მიღებული აქვს 833 653,7 ლარი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და სამოქალაქო კოდექსის მუხლი 317-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის თანხის გადახდის დაკისრება მხოლოდ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მოთხოვნის დამადასტურებელ სხვა ფაქტებზე მოსარჩელეს არ მიუთითებია. ამიტომ, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შემოაწმოს აპელანტის მოთხოვნა სარჩელში მითითებულისაგან განსხვავებული საფუძვლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ ცენტრის დირექტორის 2012 წლის 3 იანვრის ბრძანებით გამოარკვია, რომ აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ, ანაზღაურება უნდა მიეღო ცენტრისათვის პროგრამის ფარგლებში გადახდილი და არა გადასახდელი თანხიდან. სხვაგვარი შეთანხმების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია და არც მიუთითებია მასზე.
შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის, 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეები უფლებამოსილი იყვნენ, დაედოთ ხელშეკრულება ზემოხსენებული პირობით, ეს პირობა ნამდვილია და მისი სხვაგვარად გაგება და განმარტება არაგონივრულია. ლოგიკურადაც, პროცენტის მიღება შესაძლებელია სწორედ გარკვეული თანხიდან და არა გაწეული მომსახურებიდან. ამიტომ, გაწეული მომსახურებიდან აპელანტისათვის გადასახდელი პროცენტის თაობაზე მხარეები ვერც შეთანხმდებოდნენ. მით უმეტეს, რომ ამ ანაზღაურების მიღება, უშუალოდ, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეზე დამოკიდებული არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თავად აპელანტიც სარჩელით მოთხოვნილ პროცენტს ანგარიშობს სააგენტოს მიერ ცენტრისათვის გადასახდელი თანხიდან, ამდენად, იგი თავადაც ადასტურებს, რომ მისი შრომის ანაზღაურება სწორედ ამ თანხასთან იყო დაკავშირებული და რაც ყველაზე მთავარია, ამ ხელშეკრულების საფუძველზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით აპელანტს 50 007,93 ლარი მიღებული აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ ხელშეკრულების პირობებს იგი ეთანხმებოდა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ პროგრამის ფარგლებში ცენტის მიერ მიღებული ანაზღაურების ოდენობა სასამართლომ დაადგინა მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტების საფუძველზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პალატამ მიუთითა, რომ თავისი პოზიციის დასამტკიცებლად მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა აუდიტორ გ. ლ-ას დასკვნა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირი, რომელსაც აქვს სპეციალური ცოდნა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, არის ექსპერტი. „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუდიტორი არის სერტიფიცირებული პირი, რომელიც არის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რეგისტრირებულია აუდიტორთა რეესტრში და ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას. აღნიშნული ნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა შესაბამისად, აუდიტორი ექსპერტია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ აუდიტორ გ. ლ-ას დასკვნა არის ექსპერტის დასკვნა, რომლის ჩატარებაც და სასამართლოში წარდგენაც უზრუნველყო მოპასუხემ. შესაბამისად, თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა, ხოლო მოსარჩელემ ამ მტკიცებულებით დადასტურებელი ფაქტების გაქარწყლება ვერ შეძლო. ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ რეფერალური პროგრამის ფარგლებში ცენტრმა მიიღო 833 653,7 ლარი, ამ თანხის 6% კი მას აპელანტისთვის გადახდილი აქვს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ო. მ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, დადგენილად მიიჩნია და გადაწყვეტილება დაასაბუთა იმ გარემოებებით, რაც სააპელაციო საჩივრის საგანი არ ყოფილა, თუმცა მიუთითა, რომ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და სამართლებრივ შეფასებებს.
კასატორი არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ აუდიტის დასკვნის მტკიცებულებად აღიარებას და მიუთითებს, რომ რეალურად სასამართლოს აღნიშნული სააუდიტორო დასკვნა, როგორც მტკიცებულება არ გამოუყენებია და არც შეფასება მიუცია მისთვის გადმორიცხული თანხის ოდენობის დასადგენად და მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებას დაეყრდნო.
მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმის თაობაზე, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, ვალდებული იყო თუ არა მოპასუხე გადაეხადა მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება. გაუგებარია, რა პროცენტებზე საუბრობს სააპელაციო პალატა და საიდან დგინდება, რომ ანაზღაურება უნდა მოხდეს მხოლოდ გადახდილი თანხით, ან ვის ნებაზეა დამოკიდებული თანხის გადარიცხვა.
კასატორის განმარტებით, დირექტორის მოვალეობის გარდა, იგი ასევე შრომით ურთიერთობაში იყო მოპასუხესთან, როგორც ქირურგი და სრულად აქვს მიღებული ანაზღაურება, რის გამოც მისთვის გაუგებარია, თუ საავადმყოფოს თანხა სრულად არ ჩარიცხვია, საიდან იქნა გადახდილი ქირურგისა და სხვა ექიმების ანაზღაურება.
შრომის კოდექსის 2.1 მუხლის საფუძველზე მხარემ მიიჩნია, რომ შრომითი ანაზღაურების გაცემა არ არის დამოკიდებული რაიმე პირობაზე. ანაზღაურება უნდა განსაზღვრულიყო პაციენტთა ოდენობის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს მოცეულობის გათვალისწინებით.
მხარის მოსაზრებით, სადავო ბრძანებაში მითითება „გადახდილი თანხის ოდენობაზე“ არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ კასატორის ანაზღაურებას მიიღებდა მხოლოდ მაშინ, თუ მესამე პირი ჩარიცხავდა თანხას, არამედ აღნიშნული დათქმა გულისხმობდა, რომ შესრულებული სამუშაო იქნებოდა ანაზღაურებული მოპასუხის მხრიდან, რომელსაც, შესაძლოა, თავის მხრივ, მოთხოვნის უფლება ჰქონდა მესამე პირისაგან, ოღონდ ეს არ იყო სამომავლო და უცნობი პირობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ო. მ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, „სახელმწიფო ბაჟის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ო. მ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ა. ი. ც-ი“ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე ახორციელებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეფერალურ პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მომსახურებისათვის ცენტრს ანაზღაურება უნდა მიეღო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსაგან.
ცენტრის დირექტორის 2012 წლის 3 იანვრის ბრძანებით პროგრამის ფარგლებში შემავალი პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მიზნით, პროგრამის დირექტორად დაინიშნა ცენტრის ზოგადი ქირურგი – ო. მ-ა. ბრძანების მე-2 პუნქტით აღნიშნული მოვალეობის შესრულებისათვის აპელანტის ხელფასი განისაზღვრა პროგრამის ფარგლებში გადახდილი თანხის 6%-ით. გარდა ამისა, აპელანტი ცენტრის პაციენტებს, მათ შორის, ამ პროგრამით უწევდა სამედიცინო მომსახურებას და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას. როგორც ქირურგს, ო. მ-ას შრომის ანაზღაურება სრულად აქვს მიღებული.
სასამართლომ დაადგინა, რომ პროგრამის დირექტორის სამუშაოს შესრულებისათვის აპელანტს ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 50 007,93 ლარი, ხელზე ასაღები თანხა – 40,006.35 ლარი, ხოლო ზემოხსენებული პროგრამის განხორციელებისათვის ცენტრს სსიპ მომსახურების სააგენტოსაგან მიღებული აქვს 833 653,7 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. მ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ბ. ალავიძე