Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1229-1170-2014 17 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ი“ (მოპასუხე)

2. ქალაქ ბათუმის მერია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქალაქ ბათუმის მერიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ისა“ და შპს „N-G-ის“ მიმართ 92129,38 ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2012 წლის 19 აპრილს ქ.ბათუმის მერიასა და შპს „N-G-ს“ (შპს „ბ-ი“) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №143 ხელშეკრულება. შპს „N-G-იმ“ (შპს „ბ-ი“) ვალდებულება იკისრა, განეხორციელებია ქ.ბათუმში, გ-ს დასახლებაში არსებული საბავშვო ბაღის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. სამუშაოს შესრულების ღირებულება განისაზღვრა 439297.00 ლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა განხორციელდა სს სადაზღვეო კომპანია „ჯ. ჰ-ის“ მიერ 2012 წლის 12 აპრილს გაცემული №FG1583/12 საბანკო გარანტიით და 2012 წლის 20 აპრილს გაცემული №FG1742/12 საბანკო გარანტიით. ქ. ბათუმის მერიამ მხრიდან 2012 წლის 24 აპრილს შპს „ბ-ის“ ანგარიშზე ავანსის სახით ჩარიცხა 131789 ლარი. შპს ბ-მა“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა.

თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 13 ნოემბრის №02/594 ბრძანებით შესყიდვის ხელშეკრულება შეწყდა და მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით, რომელიც შეადგენს 21964.85 ლარს.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მხარეთა შორის გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი. ქ.ბათუმის მერიის მიერ მიღებულ იქნა ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულებამ შეადგინა 99341.01 ლარი.

შპს ,,ბ-ს’’ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ დაერიცხა პირგასამტეხლო, რომელიც ქ. ბათუმის მერიამ გაქვითა ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაოს ღირებულებაში, შესაბამისად, ქ.ბათუმის მერიამ მოპასუხეებისაგან სოლიდარულად მოითხოვა ავანსად გაცემული თანხის – 92192.38 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-მა“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მათ მიერ გაცემული საბანკო გარანტია უზრუნველყოფდა შპს „N-G-ის“ (შპს „ბ-ი“) მიმართ ქ. ბათუმის მერიის მიერ გაცემული ავანსის არამიზნობრივ ხარჯვას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ქ.ბათუმის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ს“ დაეკისრა 32447,99 ლარის გადახდა, ხოლო შპს „N-G-ის“ მიმართ სარჩელს ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში – მოპასუხე სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-მა“, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ქ.ბათუმის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 21965 ლარის, ხოლო შპს „N-G-ის“ 13222,84 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ 2012 წლის 19 აპრილის №143 ხელშეკრულების თანახმად, ქალაქ ბათუმის მერიამ შპს „ბ-ს“ (ამჟამად – „N-G-ს“) დაუკვეთა ქალაქ ბათუმში, გ-ს დასახლებაში არსებული საბავშვო ბაღის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 439297 ლარით და უნდა განხორციელებულიყო 2012 წლის 1 ოქტომბრამდე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ: ა) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში შემსრულებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსრულებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშკრულების ფასის 5 %-ის ოდენობით. ხელშეკრულების 12.2 და 12.3 პუნქტების თანახმად, ამ თანხის გადახდა უზრუნველყოფილ იქნა სს „სადაზღვევო კომპანია ჯ. ჰ-ის“ მიერ გაცემული №FG1583/12 საბანკო გარანტიით.

სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ის“ მიერ 2012 წლის 12 აპრილს გაცემული №FG1583/12 საბანკო გარანტიისა და 2012 წლის 20 აპრილს გაცემული №FG1742/12 საბანკო გარანტიის შესაბამისად, სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ: ა) გარანტორს ქალაქ ბათუმის მერიის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, 30 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაეხადა არაუმეტეს 21965 ლარისა შპს „ბ-ის“ მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევის საფუძველზე. გარანტია მოქმედებდა 2012 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით; ბ) გარანტორს ქალაქ ბათუმის მერიის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, 30 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაეხადა არაუმეტეს 131789 ლარი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ბ-ისათვის“ ავანსად გაცემული თანხის არამიზნობრივი გახარჯვის შემთხვევაში. გარანტია მოქმედებდა 2012 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით;

სს „ს. ბ-სადმი“ 2012 წლის 24 აპრილს გაცემული №012 სადაგახდო დავალების შესაბამისად, 2012 წლის 24 აპრილს შპს „ბ-ის“ ანგარიშზე ქალაქ ბათუმის მერიის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად ჩაირიცხა ავანსის თანხა – 131789 ლარი.

სასამართლოს მითითებით, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 13 ნოემბრის №02/594 ბრძანებიდან ირკვევა, რომ 2012 წლის 13 ნოემბერს ხელშეკრულება შეწყდა, შპს „ბ-ის“ მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო.

2012 წლის 17 დეკემბრის №1 მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, შპს „ბ-ის“ მიერ ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 99341.01 ლარი.

ქალაქ ბათუმის მერის 2012 წლის 14 ნოემბრის №25-04/4776 წერილისა და ამ წერილის ჩაბარების დამდასტურებელი საფოსტო დოკუმენტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მერიამ 2012 წლის 16 ნოემბერს მოსთხოვა სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ს“, შპს „ბ-ის“ მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე, უზრუნველეყო მის მიერ გაცემული საბანკო გარანტიების საფუძველზე განსაზღვრული თანხების – 21965 ლარისა და 131789 ლარის გადახდა ქალაქ ბათუმის მერიისათვის. წერილში არ ყოფილა მითითებული და დასაბუთებული, რომ შპს „ბ-მა“ არამიზნობრივად გახარჯა მისთვის ავანსად ჩაიცხული 131789 ლარი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქალაქ ბათუმის მერიასა და შპს „ბ-ს“ შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსით ირკვევა, რომ მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რადგან სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მენარდემ – შპს „ბ-მა“ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო (ქალაქ ბათუმში, გ-ს დასახლებაში არსებული საბავშვო ბაღის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები) 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ხოლო შემკვეთ ქალაქ ბათუმის მერიას უნდა გადაეხადა მენარდისათვის შეთანხმებული საზღაური – 439297 ლარი. სამუშაოთა შესრულების დაწყებისათვის შემკვეთმა მენარდეს, ავანსის სახით, გადასცა 131789 ლარი. მენარდის მიერ საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეთა შეთანხმებით, გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული ორი მექანიზმი – პირგასამტეხლო და საბანკო გარანტია.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების თანახმად, მხარეებმა შეათანხმეს ორგვარი პირგასამტეხლო: ა) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში ხელშეკრულების ფასის 0.2%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტისათვის ხელშეკრულების ფასის 5 %-ის ანაზღაურება.

საბანკო გარანტიის არსი და ფუნქცია განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის 879-ე-890-ე მუხლებით, რომელთა ანალიზით დგინდება, რომ საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას (სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის პირველი ნაწილი), საბანკო გარანტიით გათვალისწინებული იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია (სკ 887-ე მუხლი); ამავე დროს, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე (სკ 881-ე მუხლი); გარანტი უფლებამოსილია, მხოლოდ მაშინ თქვას უარი ბენეფიციარისათვის გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე, თუ ბენეფიციარის მოთხოვნა წარდგენილია გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ ან ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს (სკ 887-ე მუხლის პირველი ნაწილი).

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-მა“, როგორც გარანტმა, განახორციელა შპს „ბ-ის“ მიერ ხელშეკრულების შესრულების ორგვარი უზრუნველყოფა: ა) 2012 წლის 12 აპრილს გაცემული №FG1583/12 საბანკო გარანტიის თანახმად, უნდა გადაეხადა ქალაქ ბათუმის მერიის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, 30 სამუშაო დღის ვადაში არაუმეტეს 21965 ლარი შპს „ბ-ის“ მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევის საფუძველზე; ბ) 2012 წლის 20 აპრილს გაცემული №FG1742/12 საბანკო გარანტიის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მერიის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, 30 სამუშაო დღის ვადაში აენაზღაურებინა არაუმეტეს 131789 ლარი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ბ-ისათვის“ ავანსად გაცემული თანხის არამიზნობრივი გახარჯვის შემთხვევაში.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბენეფიციარმა – ქალაქ ბათუმის მერიამ 2012 წლის 16 ნოემბერს (გარანტიების მოქმედების ვადაში) გარანტს – შპს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ს“ წარუდგინა დასაბუთებული მოთხოვნა შპს „ბ-ის“ მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევის საფუძველზე 21965 ლარის გადახდის შესახებ. რაც შეეხება ბენეფიციარის მოთხოვნას 131789 ლარის ანაზღაურების თაობაზე, აღნიშნული მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და არ შეესაბამებოდა საბანკო გარანტიის პირობებს, რადგან ბენეფიციარს არ მიუთითებია პრინციპალის მიერ ამ თანხის (ან მისი ნაწილის) არამიზნობრივად გახარჯვის გარემოებაზე.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ს“ წარმოეშვა ქალაქ ბათუმის მერიისათვის 21965 ლარის გადახდის ვალდებულება, რაც მას არ შეუსრულებია, რის გამოც არსებობს საფუძველი, გარანტს სასამართლო გადაწყვეტილებით დაეკისროს ამ ვალდებულების შესრულება ბენეფიციარის სასარგებლოდ. სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის დანაწესი მოპასუხეთა (გარანტისა და პრინციპალის) სოლიდარულ ვალდებულებას გამორიცხავს.

სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ შეთანხმებულ ვადაში მენარდემ სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო (შესრულდა მხოლოდ 99341.01 ლარის ღირებულების სამუშაო), რის გამოც შემკვეთმა 2012 წლის 13 ნოემბერს (2012 წლის 1 ოქტომბრიდან 43 დღის შემდეგ) შეწყვიტა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება. ამ გარემოების გათვალისწინებით, გაჩნდა მენარდისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მერიამ მიიღო მენარდისაგან ფაქტობრივად შესრულებული 99341.01 ლარის ღირებულების სამუშაო, რის შედეგადაც შპს „N-G-ს“ მისთვის ავანსად გადაცემული 131789 ლარიდან დარჩა 32447.99 ლარი, რომლის შემკვეთისათვის დაბრუნებაზეც იგი აცხადებს თანხმობას. გარდა ამისა, შემკვეთმა უნდა მიიღოს შპს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-საგან“ 21965 ლარი პირგასამტეხლოს სახით. თუ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო დაანგარიშდება ხელშეკრულებაში მითითებული განაკვეთით (მთლიანი ფასის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), შპს „N-G-სათვის“ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა შეადგენს 37779.54 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო არის სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გარკვეული სანქცია და იგი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოვალის კაბალურ მდგომარეობაში ჩაყენების, კრედიტორის გამდიდრების საშუალებად. ამდენად, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ხელშეკრულებით შეთანხმებული განაკვეთით დაანგარიშებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, იგი უნდა შემცირდეს იმგვარად, რომ მენარდეს დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელშეკრულების ფასის 0.07%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 13222.84 ლარს (439297 ლარის 0.07%=307.5079 X43 დღეზე=13222.84 ლარს).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თანხის ანაზღაურების ნაწილში სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის საფუძველზე გარანტი მოვალეა, თანხა აანაზღაუროს ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, რაც შეეხება საბანკო გარანტიის ტექსტს, სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ი“ ვალდებული იყო, აენაზღაურებინა ქ.ბათუმის მერიისათვის გარანტიით განსაზღვრული თანხა, თუ „ბ-ი“ ვალდებულებას დაარღვევდა ან ქალაქ ბათუმის მერია დასაბუთებული წერილით მიმართავს სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ს“ თანხის ანაზღაურების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ვალდებულების დარღვევად მიიჩნია შპს „ბ-ის“ მიერ სამუშაოების შესრულების შეჩერება ისე, რომ არ გამოუკვლევია, რა გარემოებების გამო ხდებოდა შეფერხებები.

მხარემ მიუთითა, რომ მერიამ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და შეწყვიტა ხელშეკრულება, შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს შპს „ბ-ის“ მიერ ვალდებულების დარღვევას.

კასატორის განმარტებით, ბათუმის მერიის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ შოპს „ბ-თან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ქალაქ ბათუმის მერიამ შეისყიდა სადავო ტერიტორია ი. კ-ისაგან და ახალი ხელშეკრულება გააფორმა აღნიშნულის შემდეგ.

მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ შპს „ბ-ის“ ხელშეკრულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ამ უკანასკნელის მიზეზით, რაც თავის მხრივ გახდა სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ისათვის“ თანხის დაკისრების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქ.ბათუმის მერიამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-სათვის“ 32447,99 ლარის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 879-ე და 890-ე მუხლები, ასევე არ გამოიყენა ამავე კოდექსის 508-ე მუხლი.

სააპელაციო პალატამ ისე გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქ.ბათუმის მერიის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, რომ აღნიშნული მოთხოვნის დასაბუთებულობაზე არ უმსჯელია.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ბ-მა“ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რაზეც მას დაეკისრა პირგასამტეხლოები როგორც 2012 წლის 19 აპრილის ხელშეკრულების შპს „ბ-ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებისათვის, ასევე შპს „ბ-ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის.

მხარის მოსაზრებით, სავარაუდოდ, სააპელაციო პალატას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული პირველი სასარჩელო მოთხოვნა – სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ისათვის“ 32447,99 ლარის გადახდა გამორჩა, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 508-ე მუხლით გათვალისწინებულ ორმხრივ რესტიტუციას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით – სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ის“, ხოლო 22 დეკემბრის განჩინებით ქალაქ ქუთაისის მერიას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი ქალაქ ბათუმის მერია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნენ მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ 2012 წლის 19 აპრილის №143 ხელშეკრულების თანახმად, ქალაქ ბათუმის მერიამ შპს „ბ-ს“ (ამჟამად – „N-G-ს“) დაუკვეთა ქალაქ ბათუმში, გ-ს დასახლებაში არსებული საბავშვო ბაღის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 439297 ლარით და უნდა განხორციელებულიყო 2012 წლის 1 ოქტომბრამდე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ: ა) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში შემსრულებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსრულებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშკრულების ფასის 5 %-ის ოდენობით. ხელშეკრულების 12.2 და 12.3 პუნქტების თანახმად, ამ თანხის გადახდა უზრუნველყოფილ იქნა სს „სადაზღვევო კომპანია ჯ. ჰ-ის“ მიერ გაცემული №FG1583/12 საბანკო გარანტიით.

სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ის“ მიერ 2012 წლის 12 აპრილს გაცემული №FG1583/12 საბანკო გარანტიისა და 2012 წლის 20 აპრილს გაცემული №FG1742/12 საბანკო გარანტიის შესაბამისად, სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ: ა) გარანტორს ქალაქ ბათუმის მერიის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, 30 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაეხადა არაუმეტეს 21965 ლარისა შპს „ბ-ის“ მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევის საფუძველზე. გარანტია მოქმედებდა 2012 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით; ბ) გარანტორს ქალაქ ბათუმის მერიის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, 30 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაეხადა არაუმეტეს 131789 ლარი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ბ-ისათვის“ ავანსად გაცემული თანხის არამიზნობრივი გახარჯვის შემთხვევაში. გარანტია მოქმედებდა 2012 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით;

სს „ს. ბ-ისადმი“ 2012 წლის 24 აპრილს გაცემული №012 სადაგახდო დავალების შესაბამისად, 2012 წლის 24 აპრილს შპს „ბ-ის“ ანგარიშზე ქალაქ ბათუმის მერიის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად ჩაირიცხა ავანსის თანხა – 131789 ლარი.

სასამართლოს მითითებით, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 13 ნოემბრის №02/594 ბრძანებიდან ირკვევა, რომ 2012 წლის 13 ნოემბერს ხელშეკრულება შეწყდა, შპს „ბ-ის“ მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო.

2012 წლის 17 დეკემბრის №1 მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, შპს „ბ-ის“ მიერ ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 99341.01 ლარი.

ქალაქ ბათუმის მერის 2012 წლის 14 ნოემბრის №25-04/4776 წერილისა და ამ წერილის ჩაბარების დამდასტურებელი საფოსტო დოკუმენტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მერიამ 2012 წლის 16 ნოემბერს მოსთხოვა სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ს“, შპს „ბ-ის“ მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე, უზრუნველეყო მის მიერ გაცემული საბანკო გარანტიების საფუძველზე განსაზღვრული თანხების – 21965 ლარისა და 131789 ლარის გადახდა ქალაქ ბათუმის მერიისათვის. წერილში არ ყოფილა მითითებული და დასაბუთებული, რომ შპს „ბ-მა“ არამიზნობრივად გახარჯა მისთვის ავანსად ჩაიცხული 131789 ლარი.

სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ ქალაქ ბათუმის მერიასა და შპს „ბ-ს“ შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსით ირკვევა, რომ მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რადგან სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მენარდემ – შპს „ბ-მა“ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო (ქალაქ ბათუმში, გ-ს დასახლებაში არსებული საბავშვო ბაღის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები) 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ხოლო შემკვეთ ქალაქ ბათუმის მერიას უნდა გადაეხადა მენარდისათვის შეთანხმებული საზღაური – 439297 ლარი. სამუშაოთა შესრულების დაწყებისათვის შემკვეთმა მენარდეს, ავანსის სახით, გადასცა 131789 ლარი. მენარდის მიერ საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეთა შეთანხმებით, გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული ორი მექანიზმი – პირგასამტეხლო და საბანკო გარანტია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რადგან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება).

სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.

სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, მართალია, კანონი ადგენს მხარეთა თავისუფლებას, განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

მოცემულ შემთხვევაში კასატორს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 1098,25 ლარი, თუმცა 2014 წლის 17 დეკემბერს №31529 საგადახდო დავალებით გადაიხადა 1099 ლარი, – 0,75 ლარით მეტი, რაც მხარეს უნდა დაუბრუნდეს. ამავდროულად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 17 დეკემბერს №31529 საგადახდო დავალებით გადახდილი 1098,25 ლარის 70% – 768,775 ლარი. სულ კასატორს უნდა დაუბრუნდეს 769,525 (768,775+0,75) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ისა“ და ქალაქ ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს სადაზღვევო კომპანია „ჯ. ჰ-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 17 დეკემბერს №31529 საგადახდო დავალებით გადახდილი 1099 ლარიდან 769,525 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ბ. ალავიძე