Facebook Twitter

საქმე №ას-1235-1176-2014 24 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თ. თოდრია, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. გ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე თ. გ.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, 28.06.2013წ.-ის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება 42,28მ2 საცხოვრებელი ფართისა და 823 მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემის ნაწილში. მოსარჩელის მითითებით იგი ცხოვრობს კ.-ს რაიონის სოფელ ბ.-ში მეუღლეთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. სადავო უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოსარჩელისა და მოსარჩელის დედის (ნ. გ.-ი) სახელზე. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საცხოვრებელი ფართისა და მიწის ნაკვეთის სადავო ნაწილი გადაეცა მოპასუხე თ. გ.-ს, რომელიც მძიმე შეურაცხოფას აყენებს მოსარჩელეს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში, რომელიც მისი მშობლების აშენებულია ცხოვრობს დედასთან (ნ. გ.-თან) და მოსარჩელესთან ერთად. საცხოვრებელ სახლს აქვს სხვადასახვა შესასვლელი, მოპასუხის განმარტებით, მას არც მძიმე შეურაცხოფა მიუყენებია მოსარჩელისთვის და არც დიდი უმადურობა გამოუჩენია მის მიმართ.

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ.-ის სარჩელი თ. გ.-ის მიმართ 2013 წლის 28 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც უცლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით.

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 28.06.2013წ.-ს ერთი მხრივ, ნ. გ.-სა და მ. გ.-ს და მეორე მხრივ, თ. გ.-ს შორის გაფორმდა სანოტარო აქტი - უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ნ. და მ. გ.-ებმა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აჩუქეს თ. გ.-ს, კერძოდ, 1647,00მ2 მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №...) და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლიდან მიწის ნაკვეთი მთლიანად გადაეცა თ. გ.-ს, ხოლო საცხოვრებელი სახლიდან 20მ2 დაიტოვა მ. გ.-მა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე თ. გ.-ი საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების, კერძოდ, 104,56მ2 საცხოვრებელი ფართისა და 1647,00მ2 მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. მ. გ.-ი და თ. გ.-ი არიან და-ძმა. მ. გ.-ი სადავო ხელშეკრულების დადებამდე და მის შემდეგაც ცხოვრობს კ.-ს რაიონის, სოფელ ბ.-ში, მის კუთვნილ საცხოვრებელ ფართში. დამსაჩუქრებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი საქმის მასალებით არ დადასტურდა, რადგან გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა სხვა მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები, სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებზე აღბეჭდილი იყო მხოლოდ გარკვეული საგნები/ნივთები, თუმცა არ ირკვეოდა თუ ვის ეკუთვნოდა ისინი და ვინ განალაგა არსებულ ადგილზე. გორის რაიონულ სასამართლოში მოწმის სტატუსით დაკითხული გიორგი გ.-ის განმარტებით ირკვეოდა, რომ აღნიშნული ნივთები სახლიდან გამოიტანეს ოთახების დალაგების მიზნით. არც ნ. გ.-ის ჩვენებით, რომელიც არის მოდავე მხარეთა დედა და მუდმივად ცხოვრობს სადავო სახლში, დადასტურდა თემურაზ გ.-ის მხრიდან მ. გ.-ის მისამართით გამოთქმული სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხოფის მიყენების, ასევე, სახლიდან გაგდების მცდელობის ფაქტი.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ და განმარტა, რომ ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად მიიჩნევა, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. ასეთად კი 529-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიჩნევს მძიმე შეურაცხყოფასა და დიდ უმადურობას. სამოქალაქო საქმეთა პალატის ამ განმარტებიდან გამომდინარე, კანონმდებელი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ დადასტურდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. გ.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

საკასაციო საჩივრის ძირითადი დასაბუთება აგებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 28.06.2013წ.-ს ერთი მხრივ, ნ. გ.-სა და მ. გ.-ს და მეორე მხრივ, თ. გ.-ს შორის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შედეგად მჩუქებელს საკუთრებაში დარჩა 20მ2 საცხოვრებელი ფართი - მიწური, რომელშიც ცხოვრობს ოჯახთან ერთად. შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებით მჩუქებელმა საარსებო წყარო მოუსპო თავის ოჯახს. კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლზე, რომლის თანახმად პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს.

ამასთან, კასატორი მიუთითებს თ. გ.-ის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, რაც გამოიხატა სახლიდან მისი კუთვნილი ნივთების გამოყრასა და სახლიდან გაგდების მცდელობაში. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა გორის რაიონულ სასამართლოში მოწმის სტატუსით დაკითხული გიორგი გ.-ისა და ნ. გ.-ის ჩვენებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მ. გ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ.-ი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ 28.06.2013წ.-ს ერთი მხრივ, ნ. გ.-სა და მ. გ.-ს და მეორე მხრივ, თ. გ.-ს შორის გაფორმდა სანოტარო აქტი - უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ნ. და მ. გ.-ებმა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აჩუქეს თ. გ.-ს, კერძოდ, 1647,00მ2 მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №67.03.31.233) და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლიდან მიწის ნაკვეთი მთლიანად გადაეცა თ. გ.-ს, ხოლო საცხოვრებელი სახლიდან 20მ2 დაიტოვა მ. გ.-მა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე თ. გ.-ი საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების, კერძოდ, 104,56მ2 საცხოვრებელი ფართისა და 1647,00მ2 მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. მ. გ.-ი და თ. გ.-ი არიან და-ძმა. მ. გ.-ი სადავო ხელშეკრულების დადებამდე და მის შემდეგაც ცხოვრობს კ.-ს რაიონის, სოფელ ბ.-ში, მის კუთვნილ საცხოვრებელ ფართში. დამსაჩუქრებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი საქმის მასალებით არ დადასტურდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით, რომელიც არეგულირებს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივ ასპექტებს და ადგენს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. აღნიშნული ნორმა უფლებას ანიჭებს გამჩუქებელს ჩუქების გაუქმება მოითხოვოს, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ასეთად კი, კანონმდებელი აწესებს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მხრიდან გამოჩენილ შურაცხყოფას ან დიდ უმადურობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 03.12.2012წ.-ის განჩინება, საქმე Nას-1452-1370-2012; ასევე, სუს 16.07.2012წ.-ის განჩინება, საქმე Nას-984-924-2012), რომელშიც მკაფიოდაა ჩამოყალიბებული 529-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მოსარჩელისა და მისი ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესების თაობაზე (იხ., საკასაციო საჩივარი), აღნიშნული ვერ გახდება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი, რადგან ჩუქების დანიშნულებას წარმოადგენს დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა და შესაბამისად, მჩუქებლის ქონების შემცირება, რაც გამჩუქებლის ნების გამოვლენითა და დასაჩუქრებულის თანხმობით ხორციელდება. ამიტომ, აღნიშნული შედეგი იმთავითვე ნათელია გამჩუქებლისათვის, რომელიც ნივთს საკუთრებაში გადასცემს სხვა პირს უსასყიდლოდ. ამდენად, მოსარჩელის ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესებაზე, როგორც ჩუქების გაუქმების სამართლებრივ საფუძველზე მითითება არ ცვლის მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებს სამართლებრივ შეფასებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს მ. გ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 19 დეკემბერს №1 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ბ. ალავიძე