Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1244-1184-2014 17 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჯ-ი, ლ. თ-ე, გ. ჩ-ი, გ. ფ-ი, ნ. ჩ-ი, ნ. ე-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჯ-მა, ლ. თ-მ, გ. ჩ-მა, გ. ფ-მა, ნ. ჩ-მა და ნ. ე-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

დასახელებული ნორმის მიხედვით, სარჩელი შეიძლება განუხილველად დარჩეს იმის შემდეგაც, რაც მიიღება წარმოებაში. აღნიშნული დასაშვებია, თუ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი ცნობილი გახდება სარჩელის ან სხვა სახის საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ. კანონის აღნიშნული დანაწესი ვრცელდება საკასაციო საჩივრის მიმართაც. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინება, საქმე №ას-528-502-2013).

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, თუმცა საქმის მასალების შესწავლის დროს საკასაციო სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შეტანისას დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით დადგენილი 21-დღიანი ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი ადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების წინაპირობებს და ეს საფუძვლები ამავე ნორმის პირველ ნაწილშია ჩამოთვლილი, თუმცა მითითებულ ნორმაში არსებული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის და მისი მე-2 ნაწილით განსაზღვრულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებიც, კერძოდ, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პუნქტის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტი მხარეს სწორედ ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ ორგანიზაციას წარმოადგენს, შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილი.

კანონის მითითებული მოთხოვნის თანახმად, აპელანტ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და ჩაბარდა 2014 წლის 27 ოქტომბერს ორგანიზაციის მუშაკ თ.კ-ს (ტომი 2, ს.ფ. 85).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ამდენად, მხარის მიერ საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2014 წლის 27 ოქტომბრის მომდევნო დღიდან – 28 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2014 წლის 17 ნოემბერს. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მხარემ საკასაციო საჩივარი შეიტანა 2014 წლის 24 ნოემბერს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 21-დღიანი ვადა დაარღვია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ბ. ალავიძე