საქმე №ას-1248-1188-2014 6 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ. ტ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ტ-ის მიმართ სესხის – 4650 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2011 წლის 1 ივნისს ლ. მ-მ ქ. ტ-ს ასესხა 6000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 280 აშშ დოლარის დარიცხვით. სესხი გაიცა განუსაზღვრელი ვადით, ვალდებულების სრულად შესრულებამდე. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეასრულა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს უკვე გადაუხადა 8840 აშშ დოლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ლ მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ქ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ 2011 წლის 1 ივნისს ქ. ტ-მა ლ. მ-ისგან სესხის სახით მიიღო 6000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებელის – 280 აშშ დოლარის დარიცხვით, სესხი გაიცა განუსაზღვრელი ვადით, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სადავოდ არ გამხდარა, რომ მოპასუხემ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს გადასცა 8840 აშშ დოლარი, საიდანაც მოპასუხის მიერ სესხის ძირითადი თანხის სახით დაბრუნებულია 1350 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტის სახით გადახდილია 7490 აშშ დოლარი.
პალატის განმარტებით, ქ. ტ-ი არ უარყოფს სესხის ძირითადი თანხის სახით – 1350 აშშ დოლარის, ხოლო პროცენტის სახით 7490 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან საბოლოო ჯამში მან გადაიხადა საკმაოდ სოლიდური თანხა, აღნიშნული მიჩნეული უნდა იქნეს როგორც სესხის ძირითადი თანხის, ასევე სარგებლის ანაზღაურებად.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ქ. ტ-ის განმარტება, რომ დავალიანება მის მიერ სესხის პროცენტის სახით 7490 აშშ დოლარის გადახდით სრულად არის დაფარული. სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა მხარეთა შეთანხმება სარგებლიანი სესხის ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ ვალდებულების სრულად შესრულებამდე მოპასუხის მიერ პროცენტის სახით გადახდილი თანხა ვერ ჩაითვლება სესხის ძირითადი თანხის ნაწილში.
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ საბოლოო ჯამში მოპასუხის მიერ სადავო სასესხო ურთიერთობის ფარგლებში საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა წარმოადგენს სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ანაზღაურებად მიჩნევის საფუძველს, ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების დასტურს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა ქ. ტ-ის დავალიანების ოდენობა მოსარჩელის ლ. მ-ის მიმართ, რაც შეადგენს – 4650 აშშ დოლარს.
მოცემული დავის სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 623-ე, 624-ე, 365-ე მუხლებითა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ქ. ტ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება.
კასატორმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოსარჩელეს გადაუხადა 8840 აშშ დოლარი, ხოლო სესხის სახით მიღებული ჰქონდა 6000 აშშ დოლარი, ამდენად, სესხის ძირითადი თანხა სრულად დაიფარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროცენტის სახით გადახდილი თანხაც უნდა შემცირებულიყო და დარჩენილი თანხით უნდა დაფარულიყო პროცენტი, კასატორის მიერ ლ. მ-ისთვის არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, მოსარჩელემ არ გაითვალისწინა, რომ მეტის გადახდას არანაირი ეკონომიური საშუალება მოპასუხეს აღარ გააჩნდა და მიმართა სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით ქ. ტ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ 2011 წლის 1 ივნისს ქ. ტ-მა ლ. მ-ისგან სესხის სახით მიიღო 6000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებელის – 280 აშშ დოლარის დარიცხვით, სესხი გაიცა განუსაზღვრელი ვადით, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია და არც სააპელაციო წესით საქმის განხილვისას სადავოდ არ გამხდარა, რომ მოპასუხემ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს გადასცა 8840 აშშ დოლარი, საიდანაც მოპასუხის მიერ სესხის ძირითადი თანხის სახით დაბრუნებულია 1350 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტის სახით გადახდილია 7490 აშშ დოლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 2004 წლის 27 აპრილის განჩინება, საქმე №ას-913-1527-03).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ქ. ტ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ქ. ტ-ისა და ზ. ჭ-ის მიერ 2014 წლის 22 დეკემბრის №77 საგადახდო დავალებით გადახდილი 445,40 ლარის 70% – 311,78 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ქ. ტ-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ქ. ტ-ისა და ზ. ჭ-ის მიერ 2014 წლის 22 დეკემბრის №77 საგადახდო დავალებით გადახდილი 445,40 ლარის 70% – 311,78 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ბ. ალავიძე