საქმე №ას-1250-1190-2014 18 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შ. ფ-ე, ე. ა-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანასაკუთრებიდან რეალური წილის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. ფ-მ და ე. ა-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ა-ის მიმართ თანასაკუთრებიდან რეალური წილის გამოყოფის შესახებ.
მოსარჩელეთა განმარტებით, შ. ფ-ე და ე. ა-ე არიან დედა-შვილი. ისინი ცხოვრობენ ქ.ბაღდათში, დ-ის ქ.№3-ში. აღნიშნული უძრავი ქონება მხარეთა თანასაკუთრებაშია. მოსარჩელეების კუთვნილი ოთახები მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროებს გამაგებას, ასევე ისინი გეგმავენ ფართის მიშენებას, რაზეც მოპასუხე წინააღმდეგია. მხარეთა შორის მიწის ნაკვეთზე საკუთრების წილი დაუდგენელია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა თანასაკუთრებაშ არსებული მიწის ფართი დაუზუსტებელია, შესაბამისად, მისი გაყოფა ფართის დაზუსტებამდე შეუძლებელია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შ. ფ-ისა და ე. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ შ. ფ-ე და ო. ა-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1966 წლის 10 სექტემბრიდან. შ. ფ-ე და ე. ა-ე არიან დედა-შვილი. შ. ფ-ის მეუღლე და ე. ა-ის მამა – ო. ა-ე გარდაიცვალა 2006 წლის 15 მაისს.
2008 წლის 4 ივნისს ნოტარიუს ა. ლ-ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ო. ა-ის პირველი რიგის მემკვიდრემ, დედამ - ქ. ა-მ მთლიანად მიიღო სამკვიდრო ქონება.
2008 წლის 11 ივნისის უძრავი ქონების ნაჩუქრობის ხელშეკრულების თანახმად, ქ. ა-მ ნ. ა-ს აჩუქა მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 747.63 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ბაღდათში, დ-ის ქ. №4-ში მდებარე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის №1, №3 ოთახები, №2 ოთახის 1/2 წილი.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, ე. ა-ე ცნობილ იქნა მამის – ო. ა-ის მემკვიდრედ 1/2 ნაწილზე, რაზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2013 წლის 30 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ბაღდათი, დ-ის ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ ...) ნ. ა-ს საკუთრებაში გააჩნია: №1, №3 და №2 ოთახის 1/2 წილი, შ. ფ-ს – №4 ოთახი, ხოლო ე. ა-ს – №2 ოთახის 1/2 ნაწილი. ამავე ამონაწერში მიწის ნაკვეთის გრაფაში მითითებულია დაუზუსტებელი ფართი – 747.63 კვ.მ, ნაკვეთის საკუთრების გრაფაში აღნიშნულია თანასაკუთრება, ხოლო საჯარო რეესტრის ყველა სხვა ამონაწერში აღნიშნულია, რომ ბაღდათში, დ-ის ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ ...) ნ. ა-ს საკუთრებაში გააჩნია: მიწის ნაკვეთი - დაუზუსტებელი 747.63 კვ.მ, №1, №3 და №2 ოთახის 1/2 წილი, შ. ფ-ს ეკუთვნის №4 ოთახი, ხოლო ე. ა-ს – №2 ოთახის 1/2 ნაწილი.
სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 4 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, დაადგინა, რომ ბაღდათში, დ-ის ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ ...) ე. ა-ს, ისევე როგორც ნ. ა-ს თანასაკუთრებაში გააჩნიათ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, დაუზუსტებელი 478,54კვ.მ-ს ½ – ½ ნაწილი.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 2009 წლის 30 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის თანახმად ბაღდათში, დ-ის ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ ...) ნ. ა-ს ეკუთვნის 747.63 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართი, №1, №3 შენობა-ნაგებობა და №2 ოთახის 1/2 წილი, შ. ფ-ს საკუთრებაშია შენობა ნაგებობის №4 ოთახი, ხოლო ე. ა-ს საკუთრებაშია №2 ოთახის 1/2 ნაწილი.
2008 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერშიც მითითებულია იგივე მონაცემები.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეებმა სარჩელით ითხოვეს თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან თითოეული მესაკუთრისათვის 1/3 რეალური წილის გამოყოფა-გამიჯვნა. სახლი, რომელიც მხარეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს განთავსებულია ნ. ა-ის სახელზე რეგისტრირებულ 747,63 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. მოსარჩელეებს დამოუკიდებელ საკუთრებაში გააჩნიათ 478,54კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსარჩელეები რეალური წილის გამოყოფას ითხოვენ შ. ა-ის საკუთრებაში არსებული 747,63 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, თუმცა საქმის მასალებით სადავო მიწის ნაკვეთზე, შ. ფ-ისა და ე. ა-ის თანასაკუთრება არ დასტურდება.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვამელა სამოქალაქო კოდექსის 311-312-ე მუხლებით და მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, საქმის მასალებით სადავო უძრავ ქონებაზე, მიწის ნაკვეთზე, შ. ფ-ისა და ე. ა-ის თანასაკუთრება არ დასტურდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით, საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო უძრავ ქონებაზე, 747,47 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შ. ფ-ისა და ე. ა-ის თანასაკუთრება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შ. ფ-მ და ე. ა-მ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შ. ფ-ისა და ე. ა-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგან ისინი რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 15780 სარეიტინგო ქულით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შ. ფ-ისა და ე. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შ. ფ-ე და ო. ა-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1966 წლის 10 სექტემბრიდან. შ. ფ-ე და ე. ა-ე არიან დედა-შვილი. შ. ფ-ის მეუღლე და ე. ა-ის მამა - ო. ა-ე გარდაიცვალა 2006 წლის 15 მაისს.
2008 წლის 4 ივნისს ნოტარიუს ა. ლ-ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ო. ა-ის პირველი რიგის მემკვიდრემ, დედამ - ქ. ა-მ მთლიანად მიიღო სამკვიდრო ქონება.
2008 წლის 11 ივნისის უძრავი ქონების ნაჩუქრობის ხელშეკრულების თანახმად, ქ. ა-მ ნ. ა-ს აჩუქა მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 747.63 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ბაღდათში, დ-ის ქ. №4-ში მდებარე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის №1, №3 ოთახები, №2 ოთახის 1/2 წილი.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, ე. ა-ე ცნობილ იქნა მამის - ო. ა-ის მემკვიდრედ 1/2 ნაწილზე, რაზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2013 წლის 30 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ბაღდათი, დ-ის ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ ...) ნ. ა-ს საკუთრებაში გააჩნია: №1, №3 და №2 ოთახის 1/2 წილი, შ. ფ-ს – №4 ოთახი, ხოლო ე. ა-ს – №2 ოთახის 1/2 ნაწილი. ამავე ამონაწერში მიწის ნაკვეთის გრაფაში მითითებულია დაუზუსტებელი ფართი – 747.63 კვ.მ, ნაკვეთის საკუთრების გრაფაში აღნიშნულია თანასაკუთრება, ხოლო საჯარო რეესტრის ყველა სხვა ამონაწერში აღნიშნულია, რომ ბაღდათში, დ-ის ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ ...) ნ. ა-ს საკუთრებაში გააჩნია: მიწის ნაკვეთი – დაუზუსტებელი 747.63 კვ.მ, №1, №3 და №2 ოთახის 1/2 წილი, შ. ფ-ს ეკუთვნის №4 ოთახი, ხოლო ე. ა-ს - №2 ოთახის 1/2 ნაწილი.
სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 4 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, დაადგინა, რომ ბაღდათში, დ-ის ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ ...) ე. ა-ს, ისევე როგორც ნ. ა-ს თანასაკუთრებაში გააჩნიათ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, დაუზუსტებელი 478,54კვ.მ-ს ½ – ½ ნაწილი.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 2009 წლის 30 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის თანახმად ბაღდათში, დ-ის ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ ...) ნ. ა-ს ეკუთვნის 747.63 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი ფართი, №1, №3 შენობა-ნაგებობა და №2 ოთახის 1/2 წილი, შ. ფ-ს საკუთრებაშია შენობა ნაგებობის №4 ოთახი, ხოლო ე. ა-ს საკუთრებაშია №2 ოთახის 1/2 ნაწილი.
2008 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერშიც მითითებულია იგივე მონაცემები.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეებმა სარჩელით ითხოვეს თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან თითოეული მესაკუთრისათვის 1/3 რეალური წილის გამოყოფა-გამიჯვნა. სახლი, რომელიც მხარეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს განთავსებულია ნ. ა-ის სახელზე რეგისტრირებულ 747,63 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. მოსარჩელეებს დამოუკიდებელ საკუთრებაში გააჩნიათ 478,54 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსარჩელეები რეალური წილის გამოყოფას ითხოვენ შ. ა-ის საკუთრებაში არსებული 747,63 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, თუმცა საქმის მასალებით სადავო მიწის ნაკვეთზე, შ. ფ-ისა და ე. ა-ის თანასაკუთრება არ დასტურდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, რადგან საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმპციის მიმართ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 2014 წლის 14 ივლისის №ას-187-176-2014 და 2014 წლის 13 მაისის №ას-118-113-2014 განჩინებები).
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ფ-ისა და ე. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ბ. ალავიძე