საქმე №ას-1252-1192-2014 18 თებერვალი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. წ. კ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სააბონენტო დავალიანების დაფარვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს. წ. კ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ სააბონენტო დავალიანების – 167667 ლარის დაფარვის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლიდან დღემდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის №2 საპყრობილე წარმოადგენს კომპანიის აბონენტს. იგი ყოველთვიურად იხდიდა დავალიანებას, 2011 წლის აგვისტოს გარდა, როცა მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 161 667 ლარი. აბონენტმა სადავოდ გახადა მრიცხველის ჩვენება იმ საფუძვლით, რომ იგი ბევრად აღემატებოდა წინა თვის ხარჯებს. 2011 წლის 13 სექტემბერს წყლის მრიცხველი, რომელზეც სადავო ჩვენება აისახა, მოიხსნა და ჩაბარდა მოპასუხე მხარეს, მაგრამ მისი გამართულობა ტექნიკურად ვერ შემოწმდა საქართველოში. მოპასუხისათვის შეთავაზებული იქნა მრიცხველის საზღვარგარეთ გატანა, რაზეც სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა განცხადა, რომ იგი დაიკარგა ერთ-ერთი სტიქიური უბედურების დროს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის 2011 წლის აგვისტოს მრიცხველის ჩვენების აქტი, კომპიუტერული საგადასახადო-ანგარიშფაქტურა და ქვითარი, რითაც დადასტურდება დავალიანების არსებობა. მოცემულ პერიოდში წ. კ-ამ გაუმართაობის მოტივით არაერთხელ შეცვალა წყლის მრიცხველი. სადავო პერიოდის წინა თვეში ხარჯმა შეადგინა 52153 ლარი, ამდენად, საეჭვოა აგვისტოს ხარჯის 3-ჯერ და მეტად გაზრდა, რის გამოც მრიცხველი მოიხსნა. ამდენად, არც ერთი მტკიცებულებით მოპასუხის მიერ 161 667 ლარის ღირებულების წყლის მოხმარება არ დასტურდება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „.ს წ. კ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის №2 საპყრობილე, როგორც მყიდველი შპს „ს. წ. კ-დან“ ყიდულობს წყალს და იხდის შესაბამის საფასურს.
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გააჩნია შპს „ს. წ. კ-ის“ დავალიანება 167 667 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2011 წლის 13 სექტემბერს, აბონენტის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის №2 საპყრობილეს განცხადების საფუძველზე მოიხსნა მრიცხველი, რომელზეც აღრიცხული იყო დავალიანება 161 667 ლარის ოდენობით, აღნიშნული მრიცხველი შეიფუთა, დაილუქა, შემოწმდა, დაილუქა კვანძი და მოხსნილი მრიცხველი შესანახად გადაეცა აბონენტს, რომელსაც ასევე დაევალა მრიცხველის სათანადოდ შენახვა. 2011 წლის 13 სექტემბერს მოხსნილი მრიცხველი დაიკარგა და მას ლაბორატორიული შემოწმება ვერ ჩაუტარდა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი პუნქტით, კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიუთითა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ მესამე მუხლის პირველი ნაწილით, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
განსახილველ შემთხვევაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის №2 საპყრობილე, როგორც მყიდველი შპს „ს. წ. კ-დან“ ყიდულობს წყალს და იხდის შესაბამის საფასურს.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. ამავე მუხლის მესამე ნაწილით მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად. ქვითარი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 13 სექტემბერს მოხსნილ მრიცხველზე აღრიცხული იყო დავალიანება 161 667 ლარის ოდენობით, რაც დადასტურებულია მოპასუხე მხარის წარმომადგენლის ხელმოწერით განაწესზე, თუმცა მოპასუხემ ხელი არ მოაწერა შესაბამის ანგარიშ-ფაქტურაზე და ასევე არ გადაიხადა 2011 წლის აგვისტოს თვის ხარჯი, მიუხედავად იმისა, რომ მას დავალიანების არსებობის შესახებ ეცნობა შესაბამისი ქვითრით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების მე-11-ე მუხლის თანახმად, სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები. ამავე მუხლის მერვე პუქტით, სასმელი წყლის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით. ამავე მუხლის მე-14 პუნქტით, სასმელი წყლის მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს ახალი მრიცხველი მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის №2 საპყრობილის მიერ დავალიანების გადახდა არ მოხდა იმ საფუძვლით, რომ მრიცხველი არ მუშაობდა გამართულად. მოსარჩელის მიერ იგი მოიხსნა, ვიზუალური დათვალიერებით ცდომილება არ დადგენილა, ხოლო სხვა სახის შემოწმება მრიცხველს არ ჩატარებია, მისი დაკარგვის გამო, რომლის შენახვაზეც პასუხისმგებლობა და ვალდებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის №2 საპყრობილეს ეკისრებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს გააჩნია წყლის საფასურის დავალიანება 161667 ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებად არასწორად მიიჩნია წყალმომარაგების კომპანიის ე.წ. „ბილინგის“ ბაზის ამონაწერი. აღნიშნულ დოკუმენტს იურიდიული ძალა არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები და „ბილინგის“ ჩანაწერები, რითაც დაარღვია კანონის მოთხოვნა.
მხარის განმარტებით, მითითებულ „ბილინგში“ სადავო 2011 წლის აგვისტოში მიწოდებული წყლის გაანგარიშება დაფიქსირებულია 1 აგვისტოთი, რაც ყოვლად დაუშვებელია, ხოლო კორექტირებული თანხა იმავე აგვისტოზე 45 000 ლარის ფარგლებში წარმოდგენილია 30 აგვისტოს თარიღით. აღნიშნულ გარემოებათა გამო, სასამართლოს ე.წ. „ბილინგის“ მონაცემები მტკიცებულებად არ უნდა გამოეყენებინა, მით უმეტეს აღნიშნული დოკუმენტი განკუთვნილი იყო შიდა სამუშაოათვის. მისი არსებობა კანონითა და ქვენორმატიული აქტებით დეკლარირებული არ არის.
კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლომ მტკიცებულებად არასწორად ჩათვალა კომპანიის მიერ წარდგენილი ქვითარი 161 667 ლარის მოთხოვნაზე მაშინ, როდესაც ქვითრის მონაცემების საფუძველი – მრიცხველის წაკითხვის ორმხრივი აქტი არ არსებობდა. მითითებული ქვითარი იყო ერთადერთი დოკუმენტი, რომელშიც კომპანია ამართლებდა თავის მოთხოვნას.
საქმის განხილვისას მხარემ სასამართლოს წარუდგინა 2011 წლის 4 აგვისტოთი დათარიღებული აქტი №015444, სადაც მითითებულია, რომ კომპანიის მუშაკებმა მრიცხველი დააფიქსირეს არამუშა, დაზიანებულ მდგომარეობაში. სასამართლომ უარი განაცხადა ამ დოკუმენტის მიღებაზე, თუმცა იგივე დოკუმენტი კასატორმა წარადგინა საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 9 სექტემბრის №007409 და №024863 აქტებთან ერთად და ერთვის საქმეს.
მიუხედავად ყოველივე აღნიშნულისა, კასატორი არ უარყოფდა წყლის მოხარების ფაქტს, თუმცა სასამართლოს წინაშე მოითხოვა „სემეკის“ №32 დადგენილების მე-11 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაკისრებოდა გადასახდელი თანხა საშუალო არითმეტიკულის გამოთვლით, რაც დაახლოებით 85 ათას ლარს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა უკანონოდ არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის №2 საპყრობილე, როგორც მყიდველი შპს „ს. წ. კ-დან“ ყიდულობს წყალს და იხდის შესაბამის საფასურს.
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გააჩნია შპს „ს. წ. კ-ის“ დავალიანება 167 667 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2011 წლის 13 სექტემბერს, აბონენტის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის №2 საპყრობილეს განცხადების საფუძველზე მოიხსნა მრიცხველი, რომელზეც აღრიცხული იყო დავალიანება 161 667 ლარის ოდენობით, აღნიშნული მრიცხველი შეიფუთა, დაილუქა, შემოწმდა, დაილუქა კვანძი და მოხსნილი მრიცხველი შესანახად გადაეცა აბონენტს, რომელსაც ასევე დაევალა მრიცხველის სათანადოდ შენახვა. 2011 წლის 13 სექტემბერს მოხსნილი მრიცხველი დაიკარგა და მას ლაბორატორიული შემოწმება ვერ ჩაუტარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
ბ. ალავიძე