Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1254-1194-2014 16 თებერვალი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „ს-ო“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე. ჯ-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ელექტროენერგიის გადაცემის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს გაერთიანებულმა ენერგეტიკულმა სისტემა „ს-ომ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ე. ჯ-ას“ მიმართ მხარეთა შორის 2007 წლის 30 მარტს დადებული ელექტროენერგიის გადაცემის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების 231 457,88 ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 30 მარტს სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა ს-ოსა“ და სს „ე. ჯ-ას“ შორის გაფორმდა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. მოპასუხეს ელექტროენერგია მიეწოდებოდა სხვადასხვა პუნქტებში, მათ შორის ქვესადგურ „დიდ ზესტაფონში“, სს „ხ.1-ში“ და სს „ხ.2-ში“. მხარეთა შორის ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები.

2007 წლის ივნისიდან 2013 წლის 30 აპრილის ჩათვალით სს „ე. ჯ-ას“ არ აუნაზღაურებია 128 587 711,7 კვტ.სთ ელექტროენერგიის ღირებულება – 231 457,88 ლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ხოლო 2007 წლის ივნისიდან 2010 წლის მაისის ჩათვლით – ხანდაზმულიც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სს „ე. ჯ-ა“ ელექტროენერგიას იღებს სს „ხ.1-დან“ და სს „ხ.2-დან“. სს „ხ.1-ის“ და სს „ხ.2-ის“ კვანძში არსებული მიწოდების წერტილები, საიდანაც სს „ე. ჯ-ა“ იღებს ელექტროენერგიას, არ წარმოადგენს არც სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „ს-ოს“ და არც შპს „ს. ს. ე-ის“ საკუთრებასა და მართვაში არსებულ მიწოდების წერტილს.

პალატამ განმარტა, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოება დადგენილია პირველ ინსტანციაში საქმის არსებითად განხილვის შედეგად. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების, როგორც ფაქტობრივი უსწორობის მიმართ სააპელაციო წესით პრეტენზია არ წარდგენილა. აპელანტმა სადავოდ გახადა მითითებული ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასება. აპელანტის განმარტებით, „პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება (პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება 3.1.3) არასწორია, ვინაიდან სს „ე. ჯ-ას“ არ აქვს გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება სს „ხ.1-თან“ და სს „ხ.2-თან“, შესაბამისად, მას არ აქვს უფლება მიიღოს ამ უკანასკნელთა მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია“.

მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში, სახელშეკრულებო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე, უფლება-მოვალეობათა მატარებლები ხელშეკრულების მხარეები არიან, შესაბამისად, აღნიშნულ არგუმენტზე დაყრდნობით სს „ე. ჯ-ას“ წინააღმდეგ შედავების უფლება სს „ხ.1-სა“ და სს „ხ.2-ს“ აქვთ, ვინაიდან სწორედ ისინი გამოიმუშავებენ იმ ელექტროენერგიას, რომელსაც სს „ე. ჯ-ა“ იღებს. მიწოდებული პროდუქტისა, თუ მისი გადაცემის საფასურის მოთხოვნაზე უფლებამოსილი სუბიექტი პროდუქტის მიმწოდებელია.

საქმის მასალებით სასამართლომ დაადგინა, რომ სს „ე. ჯ-ა“ იღებს „ხრამჰესის“ გამომუშავებულ დენს. ამ მხრივ, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არც სააპელაციო საჩივრიდან და არც მხარეთა ახსნა-განმარტებიდან არ იკვეთება, თუ სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „ს-ოს“ რა უფლება ირღვევა იმ ფაქტით, რომ სს „ე. ჯ-ა“ სს „ხ.1-სა“ და სს „ხ.2-ის“ კვანძში არსებული მიწოდების წერტილებიდან იღებს თავად „ხრამჰესის“ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას. აქვე სასამართლომ გაითვალისწინა, რომ სამოქალაქო კოდექსით უზრუნველყოფილი სახელშეკრულებო თავისუფლება, ნორმატიულად გაწერილ ფარგლებში, შეიძლება შეიზღუდოს სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

სასამართლო მიუთითა, რომ საქმის არსებითად კვლევის შედეგად აპელანტმა ვერ დაასახელა ნორმატიული დებულება, რომელიც მოპასუხის სახელშეკრულებო თავისუფლებას ე.წ. „ბოჭვის რეჟიში“ აქცევს და უკრძალავს ელექტროენერგიის მოხმარებას (მიღებას) იმ მიწოდების წერტილებიდან, რომლებიც სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „ს-ოსა“ და შპს „ს. ს. ე-ის“ საკუთრება-მართვაში არ იმყოფება. მეტიც, სასამართლომ ამ მიმართებით განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის მომსახურების შესახებ“ 2007 წლის 30 მარტის ხელშეკრულებაზე. მითითებული ხელშეკრულების 5.3. პუნქტის მიხედვით, იმ ელექტროენერგიაზე (სიმძლავრეზე), რომელსაც მიმღები მოიხმარს იმ მიწოდების წერტილებიდან, რომლებიც არ იმყოფება მიმწოდებლის ან ელექტროსისტემის საკუთრებასა და მართვაში, მიმღები ელექტროენერგიის გადაცემის ღირებულებას არ უხდის მიმწოდებელს.

ამდენად, მხარეები სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში იმთავითვე შეთანხმდნენ, რომ სს „ე. ჯ-ას“ ელექტროენერგია (სიმძლავრე) შეეძლო მიეღო იმ მიწოდების წერტილებიდან, რომლებიც არ იმყოფება სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „ს-ოს“ ან შპს „ს. ს. ე-ის“ საკუთრებასა და მართვაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იმ მიწოდების წერტილებიდან მოიხმარდა, რომელიც მათ საკუთრებასა ან მართვაში არ იმყოფებოდა, სს „ე. ჯ-ა“ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ღირებულებას სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „ს-ოს“ არ გადაუხდიდა.

ამდენად, სადავო ფაქტობრივი გარემოების კვლევის შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სს „.ე ჯ-ას“ მიერ „ხრამჰესში“ გამომუშავებული ელექტროენერგიის მიღებით არც სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „ს-ოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება ირღვევა და არც რაიმე ნორმატიულად გაწერილი წესი, შესაბამისად, სს „ე. ჯ-ას“ ქმედების მართლწინააღმდეგობა აღნიშნულ ნაწილში არ დასტურდება.

სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ სს „ე. ჯ-ას“ მიერ „ხრამჰესიდან“ შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულების გარეშე ელექტროენერგიის მიღება მართლზომიერ (კანონშესაბამის, ხელშეკრულების შესაბამის) ქმედებას რომც არ წარმოადგენდეს, აღნიშნული ქმედების აღკვეთის მოთხოვნაზე უფლებამოსილი სუბიექტი სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „ს-ო“ არ არის.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 412-ე მუხლებით და განმარტა, რომ პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, თუ არსებობს ქმედების მართლწინააღმდეგობა, გამოხატული კანონის ან ხელშეკრულების დარღვევაში, ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელი მიკუთვნებითი ხასიათისაა და მიყენებული ზიანის (დაკარგული, მიუღებელი შემოსავლის) ანაზღაურებას ისახავს მიზნად. არ არსებობს არც ქმედების მართლწინააღმდეგობა, გამოხატული კანონის ან ხელშეკრულების რომელიმე დებულების დარღვევაში და, შესაბამისად, არც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დამდგარი ზიანი. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში პალატამ აღარ იმსჯელა ბრალის გამომრიცხავი გარემოებების არსებობის ფაქტზე, რაც მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების შესაბამისად, ზიანის მიმყენებლის ვალდებულებაა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქვესადგურ „დიდი ზესტაფონის“ მეშვეობით სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „ს-ოს“ მიერ გადაცემულ ელექტროენერგიას სს „ე. ჯ-ა“ იღებს ეგხ „თ. 1-ის“ და „თ. 2-ის“ საშუალებით. აღნიშნულ წერტილებში მიღებულ ელექტროენერგიის ნაწილს სს „ე. ჯ-ა“ საკუთარი გადამცემი ხაზების საშუალებით აწვდის კვალიფიციურ სუბიექტს – „ჭ.-ს“. სს „ე. ჯ-სთვის“ მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობის აღრიცხვა ხდება ქვესადგურ „დიდ ზესტაფონში“ განთავსებული მრიცხველების საშუალებით. თავის მხრივ, კვალიფიციური საწარმოსთვის – „ჭ.-ისთვის“ მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა დგინდება სს „ე. ჯ-ას“ და „ჭ.-ს“ შორის მიწოდების წერტილში არსებული მრიცხველით. აღნიშნული მრიცხველის მიერ განსაზღვრული ელექტროენერგიის ღირებულებას „ჭ.-ი“ უხდის სს გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „ს-ოს“, ხოლო ქვესადგურ „დიდ ზესტაფონში“ გადაცემულ ელექტროენერგიის ღირებულებას და „ჭ.-ისთვის“ გადაცემულ ელეტროენერგიის ღირებულებას შორის არსებულ სხვაობას ანაზღაურებს სს „ე. ჯ-ა“.

პალატის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით აპელანტის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ „ქვესადგურ დიდი ზესტაფონიდან გამომავალი ერთ-ერთი გადამცემი ხაზის – „თ. 1-ით“ გატარებული ელექტროენერგიის მომხმარებელი არის მხოლოდ სს „ე .ჯ-ა“, ვიდრე აღნიშნული ხაზით არ ხდება მიერთება „თ. 3-თან“ და ამ მონაკვეთებს შორის მიწოდებული ელექტროენერგიის გადაცემის ღირებულების ანაზღაურება მხოლოდ მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს“.

სასამართლომ მიუთითა, რომ 2007 წლის 30 მარტის ხელშეკრულების 5.7 პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ მიმწოდებელი არ მოითხოვს, ხოლო მიმღები არ იქნება ვალდებული, გადაიხადოს გადაცემის მომსახურეობის ღირებულება იმ ელექტროენერგიაზე (სიმძლავრეზე), რომელიც მიეწოდა მიმღების განაწილების (მომსახურების) არეალში მყოფ კვალიფიციურ მომხმარებელს, ან/და იმ საცალო მომხმარებელს, რომელიც ელექტროენერგიას შეისყიდის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურიდან. გარდა ამისა, მიმწოდებელი ვალდებულია, მიაწოდოს მიმღებს სრული ინფორმაცია ამდაგვარ მომხმარებლებზე დარიცხული გადაცემის მომსახურეობის ღირებულების შესახებ.

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როდესაც ადგილი აქვს კვალიფიციური საწარმოს მიერ გადაცემის ქსელით გადაცემული ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელის მეშვეობით მიღებას (მოხმარებას), ასეთ შემთხვევაში, გადაცემის მომსახურების საფასურს ქსელის მფლობელი განაწილების ლიცენზიატი იხდის გადაცემის ქსელიდან მიწოდების პუნქტებში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობებსა და კვალიფიციური საწარმოს მიერ გადაცემის ქსელის გამოყენებით მიღებული ელექტროენერგიის სხვაობიდან, ხოლო კვალიფიციური საწარმო გადაცემის მომსახურებას იხდის გადაცემის ქსელის გამოყენებით მის კუთვნილ ქსელში მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის სრული მოცულობიდან.

პალატამ სააპელაციო საჩივრის მითითებული არგუმენტი გამოიკვლია თავად მხარეთა ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით და მიიჩნია, რომ ამ საკითხთან მიმართებითაც სააპელაციო პრეტენზია სამართლებრივი ხასიათისაა, ვინაიდან ფაქტი სადავოდ გამხდარი არ არის, შესაბამისად, პალატამ შეამოწმა აღნიშნული სამართალურთიერთობის მარეგულირებელი სახელშეკრულებო ნორმისა და ასევე ნორმატიული დებულების შინაარსი და დაადგინა, რომ მოცემულ სამართალურთიერთობაში „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების 28-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონტექსტში ქსელის მფლობელი განაწილების ლიცენზიატი სს „ე. ჯ-აა“, ხოლო კვალიფიციური საწარმო – „ჭ.-ი“. შესაბამისად, სს „ე. ჯ-ა“ არ არის ვალდებული, გადაიხადოს გადაცემის მომსახურეობის ღირებულება იმ ელექტროენერგიის მიწოდებაზე, რომელიც მიეწოდა განაწილების (მომსახურების) არეალში მყოფ კვალიფიციურ მომხმარებელს, მოცემულ შემთხვევაში, – „ჭ.-ს“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სარჩელი მიკუთვნებითი ხასიათისაა და სს „ე. ჯ-ას“ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „ს-ოსათვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ისახავს მიზნად. სს გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „ს-ოს“ სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის კი მომსახურების ღირებულება სრულად აქვს მიღებული. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ სს „ე. ჯ-ას“ ქმედება მართლსაწინააღმდეგო არ არის და შეესაბამება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების 28-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაწესს, არ არსებობს ასევე ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით. განსახილველ შემთხვევაში კი, სარჩელის საგანს წარმოადგენს არა მიღებული ელექტროენერგიისა და გადაცემის მომსახურების საფასურის გაანგარიშების წესის განსაზღვრა, არამედ არსებული წესის შესაბამისად, დაკარგული შემოსავლის სახით, დამდგარი ზიანის ანაზღაურება, რომლის არც ერთი კანონით გათვალისწინებული კომპონენტის არსებობა არ დგინდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის მიერ გასაჩივრებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა შპს „ს. ს. ე-ის“ საქმეში მესამე პირად ჩართვაზე. აპელანტის განმარტებით, წარმოდგენილ საქმეში შპს „ს. ს. ე-ის“ მესამე პირად ჩართვის მიზანშეწონილობას განაპირობებს ის გარემოება, რომ შპს „ს. ს. ე-ას“ საქმისათვის მნიშვნელოვანი განმარტების მიცემა შეეძლო, რაც ამავე საქმეზე არსებითად სხვა გადაწყვეტილების მიღებას შეუწყობდა ხელს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ განმარტა, რომ მესამე პირად საქმეში ჩართვას განაპირობებს არა მესამე პირად ჩასართავი სუბიექტის პროცესში ამა თუ იმ მხარის სასარგებლო ახსნა-განმარტების მიღება, არამედ ის ფაქტი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ განმარტა და ვერ დაუსაბუთა სასამართლოს, შპს „ს. ს. ე-ის“ რა სახის უფლება-მოვალეობებზე შეიძლება მოახდინოს გავლენა წარმოდგენილ საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ ერთ-ერთი მხარის მიმართ. ნიშანდობლივია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავა არ ეხება სადისპეჩერო მართვას, რაც შპს „ს. ს. ე-ის“, როგორც საქართველოში დისპეტჩერიზაციის ერთადერთი ლიცენზიანტის, უფლებამოსილებას წარმოადგენს. სადისპეჩერო მართვა ეხება ყველა მრიცხველს. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, თუ რომელ მრიცხველში რამდენმა დენმა გაიარა. სადავო არის თანხის დათვლის პრინციპი, რაც გაწერილია ხელშეკრულებით, რომლის მხარესაც შპს „ს. ს. ე-ა“ არ წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 ივლისის განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს გაერთიანებულმა ენერგეტიკულმა სისტემა „ს-ომ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების 4.1-4.2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება წინააღმდეგობრივია, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან.

სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი. სს „ხ.1-ისა“ და სს „ხ.2-ის“ კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზებიდან (ქსელი) სს „ე. ჯ-ა“ მოიხმარს იმ ელექტროენერგიას, რომელიც ამ ხაზებში მიიტანა (გადაცემის მომსახურება გაუწია) სს გეს „ს-ომ“ და წარმოადგენს არა ჰესების მიერ გამომუშავებულ სიმძლავრეს, არამედ სხვა სუბიექტების საკუთრებას. „თ. 1-ის“ მონაკვეთზე ერთადერთ მომხმარებელს წარმოადგენს სს „ე. ჯ-ა“ და აქ მოხმარებულ ელექტროენეგიას ვერ მოიხმარდა სხვა კვალიფიციური საწარმო (ჭ.-ი).

კასატორის მითითებით, სს „ე. ჯ-ას“ ასევე მიეწოდება ელექტროენერგია ქვესადგურ „დიდ ზესტაფონში“. ამავე ქვესადგურიდან გამომავალი ერთ-ერთი ხაზით – „თ. 1-ით“ გატარებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მომხმარებელი არის მხოლოდ სს „ე. ჯ-ა“, ვიდრე აღნიშნული ხაზით არ ხდება მიერთება „თ. 3-თან“. ამ მონაკვეთებს შორის მიწოდებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის ღირებულების ანაზღაურება მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულებას წარმოადგენს.

ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე 394-ე მუხლის „ე„ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობები. ამასთან, გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „ს-ოს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სს „ე. ჯ-ა“ ელექტროენერგიას იღებს სს „ხ.1-დან“ და სს „ხ.2-დან“. სს „ხ.1-ის“ და სს „ხ.2-ის“ კვანძში არსებული მიწოდების წერტილები, საიდანაც სს „ე. ჯ-ა“ იღებს ელექტროენერგიას, არ წარმოადგენს არც სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „ს-ოს“ და არც შპს „ს. ს. ე-ის“ საკუთრებასა და მართვაში არსებულ მიწოდების წერტილს.

2007 წლის 30 მარტის ხელშეკრულების 5.3. პუნქტის მიხედვით, იმ ელექტროენერგიაზე (სიმძლავრეზე), რომელსაც მიმღები მოიხმარს იმ მიწოდების წერტილებიდან, რომლებიც არ იმყოფება მიმწოდებლის ან ელექტროსისტემის საკუთრებასა და მართვაში, მიმღები ელექტროენერგიის გადაცემის ღირებულებას არ უხდის მიმწოდებელს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში იმთავითვე შეთანხმდნენ, რომ სს „ე. ჯ-ას“ ელექტროენერგია (სიმძლავრე) შეეძლო მიეღო იმ მიწოდების წერტილებიდან, რომლებიც არ იმყოფება სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „ს-ოს“ ან შპს „ს. ს. ე-ის“ საკუთრებასა და მართვაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იმ მიწოდების წერტილებიდან მოიხმარდა, რომელიც მათ საკუთრებასა ან მართვაში არ იმყოფებოდა, სს „ე. ჯ-ა“ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ღირებულებას სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „ს-ოს“ არ გადაუხდიდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქვესადგურ „დიდი ზესტაფონის“ მეშვეობით სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „ს-ოს“ მიერ გადაცემულ ელექტროენერგიას სს „ე .ჯ-ა“ იღებს ეგხ „თ. 1-ის“ და „თ. 2-ის“ საშუალებით. აღნიშნულ წერტილებში მიღებულ ელექტროენერგიის ნაწილს სს „ე. ჯ-ა“ საკუთარი გადამცემი ხაზების საშუალებით აწვდის კვალიფიციურ სუბიექტს – „ჭ.-ს“. სს „ე. ჯ-სთვის“ მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობის აღრიცხვა ხდება ქვესადგურ „დიდ ზესტაფონში“ განთავსებული მრიცხველების საშუალებით. თავის მხრივ, კვალიფიციური საწარმოსთვის – „ჭ.-ისთვის“ მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა დგინდება სს „ე. ჯ-ას“ და „ჭ.-ს“ შორის მიწოდების წერტილში არსებული მრიცხველით. აღნიშნული მრიცხველის მიერ განსაზღვრული ელექტროენერგიის ღირებულებას „ჭ.-ი“ უხდის სს გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „ს-ოს“, ხოლო ქვესადგურ „დიდ ზესტაფონში“ გადაცემულ ელექტროენერგიის ღირებულებას და „ჭ.-ისთვის“ გადაცემულ ელეტროენერგიის ღირებულებას შორის არსებულ სხვაობას ანაზღაურებს სს „ე. ჯ-ა“.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2007 წლის 30 მარტის ხელშეკრულების 5.7 პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ მიმწოდებელი არ მოითხოვს, ხოლო მიმღები არ იქნება ვალდებული, გადაიხადოს გადაცემის მომსახურეობის ღირებულება იმ ელექტროენერგიაზე (სიმძლავრეზე), რომელიც მიეწოდა მიმღების განაწილების (მომსახურების) არეალში მყოფ კვალიფიციურ მომხმარებელს, ან/და იმ საცალო მომხმარებელს, რომელიც ელექტროენერგიას შეისყიდის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურიდან. გარდა ამისა, მიმწოდებელი ვალდებულია, მიაწოდოს მიმღებს სრული ინფორმაცია ამდაგვარ მომხმარებლებზე დარიცხული გადაცემის მომსახურეობის ღირებულების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „ს-ოს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 26 ნოემბერს №9107 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „ს-ოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „ს-ოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 26 ნოემბერს №9107 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

ბ. ალავიძე